დღეს გახდება ცნობილი, გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად, დღეს გახდება ცნობილი.

წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:45 საათზე არის დანიშნული, რომელიც მხარეთა მონაწილეობით დისტანციურად წარიმართება. სხდომას დაესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, ჩოგბურთელი უდანაშაულოა და სასამართლოსგანაც შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

„გუშინ დაიწყო წინასასამართლო სხდომა, რომელიც დღეისთვის გადაიდო, ვინაიდან დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამის გამო პროცესი გადაიდო, ანუ სასამართლომ დრო აიღო იმისთვის, რომ ჩვენი შუამდგომლობა განიხილოს. დღეს ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას შემდეგ გადაწყდება არსებითად განხილვის საკითხი. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცებულებებში, რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში აქვს წარმოდგენილი, ახალი არაფერია გარდა იმისა, რაც თავიდან იყო. ყველა მტკიცებულება უდაოდ ადასტურებს იმას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა.

ბასილაშვილი სასამართლო სხდომაში მონაწილეობას გუშინაც იღებდა და ის ყველა სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მოლოდინს რაც შეეხება, როცა ადამიანმა იცის, რომ უდანაშაულოა, რა თქმა უნდა, მოლოდინიც შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა