ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020

“ეტყობოდა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება აქვს გავლილი და სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის” - როგორ განვითარდა მოვლენები ზუგდიდში

როდის იქნება მზად ვაქცინა - უახლესი ინფორმაცია სპეციალისტებისგან: “2022 წლისთვის შესაძლოა აღარ იყოს საჭირო ნიღბები...”

პირველად! - საშუალო ხელფასმა შემცირება დაიწყო და წინ უარესი შედეგი გველოდება

* * *

“ეტყობოდა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება აქვს გავლილი და სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის” - როგორ განვითარდა მოვლენები ზუგდიდში

“თავდამსხმელი საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული, როგორც სამხედრო ექსპერტი შემიძლია გითხრათ, ეტყობა რომ იარაღს კარგად ფლობს და ჩანს, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ბოლოდროინდელი გამოცდილებაც გააჩნია, მე რომ მომცე იარაღი და გამიშვა, ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმას, სადაც დღის ბოლო თავდამსხმელმა 3 მძევალის გარდა ყველა გაათავისუფლა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა. ოთხშაბათს შეიარაღებულმა პირმა ბანკში 19 პირი მძევლად აიყვანა, ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. გადაკეტილია ბანკის მიმდებარე ქუჩები, ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. მაისაია მიიჩნევს, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებებში გადაიზარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეტყობოდა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება აქვს გავლილი და სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის” - როგორ განვითარდა მოვლენები ზუგდიდში.

“სიტუაცია საკმაოდ მძაფრია იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეტაკებები გამოიწვია, მეორე მომენტი ისაა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კონფლიქტის ზონაა, რამდენიმე მეტრში ოკუპანტები დგანან, მათი ოპერატიული სპეცსამსახურები საკმაოდ ინტენსიურად აკვირდებიან და არაა გამორიცხული, რომ თავდამსხმელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოინდომოს. მთავარი ისაა, რომ თავდამსხმელი საკმაოდ კარგადაა შეიარაღებული, როგორც სამხედრო ექსპერტს შემიძლია გითხრათ, ეტყობა, რომ იარაღს კარგად ფლობს და ჩანს, რომ მას საბრძოლო მოქმედებების ბოლოდროინდელი გამოცდილებაც გააჩნია, მე რომ მომცე იარაღი და გამიშვა, ასეთი თავდაჯერებული ვერ ვიქნები. ჩანს, რომ უნარები საკმაოდ მაღალი აქვს, ეტყობა, რომ ყუმბარის ტყორცნა საკმაოდ კარგად იცის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ასევე ეტყობა, რომ სპეცდანიშნულების მომზადება კარგად აქვს გავლილი, მან სპეციფიკური იარაღის ხმარებაც იცის, ანუ ავტომატური იარაღი ქვემოთ აქვს მიბმული, კარგი ფსიქოლოგიური მომზადება აქვს გავლილი, მას სამხედრო ფორმა და სპეციალური სამხედრო ჟილეტი აცვია, რომელიც რამდენიმე მჭიდის, საბრძოლო ხელყუმბარის ჩასადებია და რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტის სახითაც იყენებენ. მას ბალაკლავა სწორად აცვია, როგორც ჩანს ადამიანს სპეცმომზადება აქვს გავლილი, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს გავლილი, მე ასეთი აზრი მრჩება, რომ ეს უბრალო სამხედრო მოსამსახურე არაა. გამოსავალი რაშია არ ვიცი, ესეც გასარკვევია ეს ადამიანი მარტოა თუ არა. თუ მასთან სხვა ადამიანიცაა, რომელიც მასკირებას კარგად აკეთებს, ეს პოზიციას კიდევ უფრო უძლიერებს, შესაძლოა ერთი პერიმეტრს აკვირდებოდეს და მეორე მძევლებთან იყოს, როგორც ჩანს ალბათ მისი გეგმა ასეთია, რომ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაიჭრას, ან ტყის მასივში მოხვდეს და გაუჩინარდეს. გამოსავალი იმაშია, რომ ეხლა ბურთი და მოედანი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მოედანზეა”, - დასძენს მაისაია.

როდის იქნება მზად ვაქცინა - უახლესი ინფორმაცია სპეციალისტებისგან: “2022 წლისთვის შესაძლოა აღარ იყოს საჭირო ნიღბები...”

“საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს, ინფიცირებულთა რიცხვი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება, კრიტიკულად მაღალია, გარდაცვლილთა დინამიკა კი საათობრივად იზრდება. ამ მხრივ ურთულესია სიტუაციაა მსოფლიოს რიგ ქვეყნებშიც, თუმცა, ამ ეტაპისთვის, პირბადის ტარების, დისტანციის დაცვისა და ხელების ხშირი დაბანვის გარდა, ვირუსისგან თავდაცვის სხვა საშუალებები არ არსებობს. როდის იქნება კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად, ვაქცინის შექმნას უფრო მეტი დრო სჭირდება თუ მედიკამენტს, ამის შესახებ “რეზონანსთან” ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ შესაძლოა, ვაქცინა გაზაფხულისთვის მზად იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის იქნება მზად ვაქცინა - უახლესი ინფორმაცია სპეციალისტებისგან / “2022 წლისთვის შესაძლოა აღარ იყოს საჭირო ნიღბები ხალხისთვის და ოჯახური შეკრებებისა და წვეულებების გამართვა შესაძლებელი გახდება”.

“არის მოლოდინი, რომ ვაქცინა იმ წლის დასაწყისისთვის იქნება, თუმცა, მოლოდინები მანამდეც იყო, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთმა ვაქცინამ ვერ გაამართლა, ყველა ეტაპი ვერ გაიარა. ამ თემაზე წინასწარ საუბარი ცოტა გამიჭირდება, თუმცა, მოლოდინი არსებობს. შეიძლება, გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მიდის მუშაობა. ახლა იმის თქმა, პირველად ვაქცინას რომელი ქვეყანა შექნის და დაასწრებს, ძალიან რთულია. ბევრი ქვეყანა და ფარმაცევტული კომპანიაა მობილიზებული, რომლებიც ცდილობენ ვაქცინის შექმნას. ჩემი აზრით, ვაქცინის შექმნა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე - მედიკამენტის. ვაქცინა საჭიროა, რომ პანდემია შევაჩეროთ და ინფიცირებულთა რაოდენობა შევამციროთ. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ვაქცინის წარმოება შეჩერდა, ამიტომ ზუსტი პასუხი, თუ როდის იქნება ვაქცინა, არ არსებობს. იმ ქვეყნების კომპანიებიც კი, რომლებიც აწარმოებენ, თავს იკავებენ კონკრეტული ვადის დასახელებისგან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ბიბისის” ინფორმაციით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა შობისთვის მზად იქნას. გაერთიანებული სამეფოს ვაქცინის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ კეით ბინგემმა განაცხადა, რომ კოვიდის ვაქცინა შობისთვის შესაძლებელია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნას ხელმისაწვდომი. ვაქცინის რაოდენობა შეზღუდული იქნება, მთავრობა გადაწყვეტს, ვინ და როდის უნდა მიიღოს იგი. კეით ბინგემმა თქვა, რომ ვაქცინა არ იქნება “ვერცხლის ტყვია”, იგი ვერ დაეხმარება ადამიანებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყველა ინფექციისგან დაიცავს. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მოიძებნება ვაქცინა, რომელიც დაიცავს ზოგიერთ ადამიანს ინფექციისგან და შეუძლია, შეამციროს სიმპტომების სიმძიმე. ალბათ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ საჭირო იქნება რევაქცინაცია და საეჭვოა, რომ ერთხელ აცრა საკმარისი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეკითხვაზე “ბიბიბის” ეთერში - რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის ვაქცინასთან? - კეით ბინგემმა განაცხადა, რომ თავიდაპირველად შეიქმნება ვაქცინის შეზღუდული მარაგი და ყველა ვერ მიიღებს მას. საჭირო იქნება მთავრობის, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შერეული კომიტეტის (ჟჩVI) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვინ აიცრას და როდის უნდა მოხდეს ვაქცინაცია, ხოლო თავად კომიტეტის განმარტებით, ვაქცინა პრიორიტეტულად უნდა განაწილდეს და პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა იყოს მედპერსონალისა და მოხუცებისთვის. ამჟამად მსოფლიოში ასობით ვაქცინის კვლევა ტარდება, მათ შორის ექვსი ვაქცინა მუშავდება დიდ ბრიტანეთში. დღემდე ყველაზე მეტი პროგრესი ოქსფორდის ვაქცინამ განიცადა. კეით ბინგემმა თქმით, მნიშვნელოვანია მოლოდინის მართვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შეცვალოს ვაქცინამ. “ეს არ იქნება “ვერცხლის ტყვიის” ვაქცინები და ყველანი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ 1-ელ იანვარს. ჩვენ, ალბათ, დაგვჭირდება ერთზე მეტი ვაქცინა მოსახლეობისთვის. ბინგემის განცხადებით, ძნელია ზუსტი თარიღის დადგენა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ნორმალური ცხოვრება - განსაკუთრებით იმის გარეშე, თუ არ გვეცოდინება, რა ტიპის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რამდენი დოზა იქნება საჭირო, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ის და რომელ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება, საუკეთესოდ იმუშაოს”, - დასძენს გამოცემა.

“არსებობს რეალური დრო, როდის შეგვიძლია, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას? რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ მოხდება, ჩვენ არ ვიცით ზუსტი თარიღი, მაგრამ ვიცით, რომ მოხდება, თუმცა, მალე არა”, - დაასკვნის ბინგემი, რომლის აზრით, ვაქცინაზე მუშაობა თავიდან უნდა დაიწყოს, თუკი მომავალში ვირუსი საკმარის მუტაციას განიცდის. იგი იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის აღარ იქნება საჭირო ნიღბები ხალხისთვის და უფრო დარწმუნებულია, რომ 2022 წელს ოჯახური შეკრებებისა და წვეულებების გამართვა შეგვეძლება... დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას სურს, რომ “რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს კოვიდ-19 ვაქცინაზე წვდომა, ხოლო შოტლანდიის მთავრობამ თქვა, რომ “სამუშაო კარგად არის შესრულებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ მზად ვართ კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად, თუ ის მალე შეიქმნება...” - წერს სტატიის ავტორი.

პირველად! - საშუალო ხელფასმა შემცირება დაიწყო და წინ უარესი შედეგი გველოდება

“კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში გაცემული ხელფასების მოცულობა შემცირდა. ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. სპეციალისტების მოლოდინი იმაზე მძიმეა, ვიდრე დღეს არსებული მდგომარეობაა. საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ასე ხდებოდა მანამ, ვიდრე ქვეყანაში ეპიდემია დაიწყებოდა. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასის ოდენობამ 1419 ლარი შეადგინა, 2020 წლის იმავე პერიოდში კი მისი მოცულობა შემცირდა და 1352 ლარამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო 2018 წლის დონემდე ჩამოვიდა. თუკი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება, საშუალო ხელფასის ოდენობა კიდევ დაიკლებს და საშუალო მაჩვენებელი რამდენიმე წლით უკან დაიხევს, რისი აღდგენაც, რა თქმა უნდა, დიდ რესურსსა და დროს მოითხოვს...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პირველად: საშუალო ხელფასმა შემცირება დაიწყო და წინ უარესი შედეგი გველოდება / ახლა ქვეყანა 2018 წლის მაჩვენებელზეა და კიდევ 4-5 წლით უკან დაიხევს.

“აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, 2020 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებშიც შემცირდება ხელფასის მოცულობა. სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 221.9 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 37 მილიონი ლარით, ანუ 14.4%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება, თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. გადასახადის 37 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 186 მილიონ ლარამდე შემცირებას ნიშნავს. საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასა და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ადასტურებს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა საშუალო ხელფასის მოცულობა შეამცირა და, მატების ნაცვლად, მივიღეთ კლებადი მაჩვენებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბოლო წლებში, როგორც წესი, საშუალო ხელფასის ნომინალური ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ანუ ხელფასი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე _ ეკონომიკის აბსოლიტური მაჩვენებელი, ახლა კი, როცა ეს აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირდა, გარკვეულწილად გავლენა მოახდინა საშუალო ხელფასის დინამიკაზე და, მატების ნაცვლად, მოკლევადიან პერიოდში მივიღეთ შემცირება, რაც დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მოსალოდნელია ეკონომიკის შედარებით სტაბილიზაცია. წლის ბოლოსთვის ეკონომიკის ვარდნის მასშტაბები იქნება მინიმალური, მაგრამ ჩვენ კუდები მოგვყვება მარტისა და აპრილის თვეებიდან, როცა საკმაოდ დიდი ვარდნა იყო (-16.5%) და მისი კომპენსაცია, რა თქმა უნდა, წელს ვერ მოხდება, ამიტომ ჩვენ გავალთ -5,-5.5%-ის ფარგლებში. გაზაფხულზე იყო მოულოდნელობის ეფექტი, რამაც დააზარალა ეკონომიკის მაჩვენებლები, ვიდრე რეალურად პანდემიის შემოტევამ. ახლა ეპიდემიოლოგიურად უფრო რთული ვითარებაა, მაგრამ ხალხმა გააცნობიერა და ისწავლა საკუთარი თავისა და ბიზნესის დაცვა პანდემიის ნეგატიური გავლენისაგან. ამიტომ მაქსიმალურად ხდება მეთოდების გამოყენება, რომ ზარალი იყოს მინიმალური“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“ჯამურად, 2020 წლის ცხრა თვეში, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.6 მილიონი ლარით ნაკლებია, ეს კი ნიშნავს, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 670 მილიონი ლარით ნაკლები ხელფასი გაიცა. საშემოსავლო გადასახადის ეს რაოდენობა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 99%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვიური 200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იწურება, უმუშევრად დარჩენილი ხალხი მთავრობისგან, დიდი ალბათობით, ისევ მიიღებს. ეს სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დატოვა, ანდა მათი შრომის ანაზღაურება მკვეთრად შეამცირა. თუკი ეკონომიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება, სტატისტიკური მაჩვენებლები ბევრად გაუარესდება. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში რთულია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება”, - დასძენს გამოცემა.

“ზოგადად, საშუალო ხელფასის დათვლის მეთოდოლოგია არ მომწონს, რადგან არ აჩვენებს მედიანურ ხელფასს, მაგრამ რაღაც წარმოდგენას გვაძლევს. საშუალო ხელფასის კლება იმის მანიშნებელია, რომ საშუალო და დაბალ შემოსავლიან ადამიანებს ხელფასი შეუმცირდათ. მოსახლეობის უმეტესეობას ხელფასი, დაახლოებით, 600 ლარი აქვს. წინ მესამე და მეოთხე კვარტლებია და, სამწუხაროდ, პესიმისტური მოლოდინი მაქვს. ამ მდგომარეობაში ძნელია რაიმე ოპტიმისტური გათვლების გაკეთება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დანაკარგი, რომელიც მივიღეთ, ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ეკონომიკის შემცირებისა და ვარდნის ფსკერისთვის არ მიგვიღწევია. ბევრ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, ერთადერთი ჩინეთი როგორღაც ახერხებს ამ მდგომარეობაში ეკონომიკური ზრდის მიღწევას. საქართველოში კი, ეკონომიკური ვარდა გრძელდება და, სამწუხაროდ, მომავალ წელსაც იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიოსას მერაბ ჯანიაშვილი.

“2021 წელსაც არ იქნება ის აყვავება, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ. წარმოუდგენელია, რომ მომავალ წელს, თუნდაც ტურიზმი აღდგეს. ეს, უბრალოდ, ვერ მოხდება, თუნდაც ვაქცინა ხვალვე გამოიგონონ. ეს 200-ლარიანი დახმარება რამდენად საკმარისია, არ ვიცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მცირედი შეღავათი ნამდვილად არის და უმუშევართა დიდ ნაწილს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ეკონომიკური კრიზისი რომ არ ყოფილიყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს ისედაც სჭირდებოდა მსგავსი ტიპის დახმარება. 3-მილიონიან ქვეყანაში ერთი მილიონი ადამიანი სოციალურ დახმარებას ითხოვდა და ამ მდგომარეობამ ვითარება უფრო გაართულა”, - დაასკვნის ჯანიაშვილი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით