ISFED-ის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ზეწოლის, მუქარის და საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები რჩება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარის და საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები რჩება.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, ტენდენციური სახით იკვეთება, რომ ზეწოლა-მუქარა ძირითადად ხორციელდება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომ ისინი ჩამოშორდნენ საარჩევნო კამპანიას.

„ISFED-მა გამოავლინა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი; კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი; მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელს საქართველოში. ყველაზე სერიოზულ პრობლემას რაოდენობიდან გამომდინარე წარმოადგენს ზეწოლა, მუქარის ფაქტები. ამ შემთხვევაში ტენდენციური სახით იკვეთება, რომ ზეწოლა, მუქარა ხდება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომ ისინი ჩამოშორდნენ საარჩევნო კამპანიას. ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ მოქალაქეებს აქვთ გარკვეული დისკომფორტი და ეშინიათ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით გამართულ შეხვედრებში ოპოზიციურ პარტიებთან, მათ ეშინიათ, რომ ამის შედეგად აღარ მიიღებენ სოციალურ დახმარებას თუ სხვა სარგებელს. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კონტროლს აქვს ადგილი, ძირითადად რაც მერიის მხრიდან ხორციელდება. მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ამომრჩეველთა მოსყიდვის 10 ფაქტი და აქედან 4 ფაქტი განხორციელებულია ოპოზიციის მხრიდან, დანარჩენი მმართველი პარტიის მხრიდან.

ორგანიზაციამ რეკომენდაციებით მიმართა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიონ მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები, დროულად და ობიექტურად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ასევე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი და პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები, საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

გარდა ამისა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ანგარიშში წარმოადგინა რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიების მიმართაც, სადაც აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე; პარტიებმა თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

ISFED-ის ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო