ირაკლი კვარაცხელია - თავდამსხმელი 40 წლამდეა, ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი, ჟურნალისტებთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. კვარაცხელიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს. ამასთან, კვარაცხელია მადლობას უხდის ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსს ავთანდილ გალდავას.

მისი თქმით, პოლიციას სრული ინფორმაცია მიაწოდა თავდასხმის შესახებ და მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მივიდეს გამოკითხვაზე.

"სროლის ხმა გავიგე და როდესაც გავერკვიე რა ხდებოდა, დავინახე, რომ ეს ადამიანი ბანკში შედიოდა, შემდეგ რამდენადაც პოლიციაში ამბობდნენ, ეს ადამიანი "საქართველოს ბანკთან" მიიყვანა აბსოლუტურად შემთხვევითმა გამვლელმა. ანუ მანქანა გააჩერა და ბანკამდე გაყვა. რაც შეეხება გასროლას, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონი ორჯერ იყო გასროლის ხმა გარეთ. როცა შიგნით შემოვიდა, მაშინ კი ორჯერ განახორციელა გასროლა - შიგნიდან გარეთ იმ ადამიანის მიმართულებით, რომელსაც ხელში კამერა ეჭირა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქედან ცოცხალი გამოვსულიყავით. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელზეც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ თუ ხელყუმბარა აფეთქდებოდა, ცოცხალი ვერც ერთი გადავრჩებოდით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გარედან მისთვის არავის ესროლა,რაც ავტომატურად ჩვენს სიკვდილსაც ნიშნავდა. თავდამსხმელმა თავდაპირველად სხვას უთხრა, რომ "ტვ პირველს" დაუკავშირდითო, როცა ეს რამდენიმე ადამიანმა ვერ მოახერხა, მერე ჩემამდეც მოვიდა."ტვ პირველს" მე მივწერე და დავურეკე, თუმცა არავინ მიპასუხა, რადგან "ტვ პირველმა“ არ გვიპასუხა გვითხრა, "მთავარ არხს" დაურეკეთო, აქაც რომ არ გვიპასუხეს, მერე გადავედით "ფორმულაზე". "ფორმულაზე" გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ მალე გადმოგვირეკავდნენ, ამასობაში "მთავარმა არხმაც" გადმორეკა და შესაბამისად, მათთან მოხდა პირველი კონტაქტი.

თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისო თქმით, თავდამსხმელს სამართალდამცავებთან მოლაპარაკება სხვა მძევლის ტელეფონის საშუალებით ჰქონდა.

"ჩანთა მოუტანეს, რომელიც ჩვენ თვალწინ გახსნა. ჩანთაში ხუთი შეკვრა იყო, მაგრამ რა იყო ეს, არ ვიცი. თვითონვე ნახა, რომ ხუთი შეკვრა იყო რაღაც, მაგრამ სათითაოდ არ დაუთვლია", - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება უკვე ბანკიდან მძევლებთან ერთად გავლის ფაქტს, როგორც კვარაცხელია იხსენებს, ორმა ადამიანმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ ქალბატონების წაყვანას აპირებდა თავდამსხმელი, თვითონ გაყვებოდნენ ქალების ნაცვლად.ხოლო მესამე პირი თავდამსხმელმა თავად აირჩია.

"რაც შეეხება პოლიციის უფროსს ავთანდილ გალდავას, თავიდანვე ისე იყვნენ შეთანხმებული,რომ დანარჩენი მძევლების სანაცვლოდ დარჩებოდა. თვითონ ის პოლიციელი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ძალიან ადეკვატური იყო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, "საქართველოს ბანკში" მისული იყო ბარათის ასაღებად, რომელიც გასულ კვირას შეუკვეთა . მისი თქმით, ბარათის აღებას ელოდებოდა და სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევა.

"ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ან ფეხმძიმედ იყო ძალიან მალე გაათავისუფლა. ასევე მომლაპარაკებელი პოლიციელის თხოვნით კიდევ რამდენიმე ქალი გაათავისუფლა. ბოლოს კი დავრჩით 20 ადამიანი. შეარჩია ადგილი, სადაც უნდა დავლოდებოდით მოლაპარაკების დასრულებას. ამ 20-დან 12 თუ 13 პირი დავრჩით, საიდანაც უკვე ბანკიდან წასვლისას 3 დაიტოვა. გარდა ამისა, პირადად ავთანდილ გალდავას შეთავაზება იყო, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, რაც ჩემი აზრით, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას ამისათვის", - განაცხადა კვარაცხელიამ.

იხილეთ ვიდეო:"ხუმრობდა კიდეც" - რაზე ესუბრებოდა მძარცველი მძევლებს - ირაკლი კვარაცხელია დეტალებს ჰყვება

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ