ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა

წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ფსიქოლოგიურ ფონზე, პოლიტიკურ ძალთა ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ როგორ აღიქვამს საზოგადოება პოლიტიკურ განწყობათა პოლარიზებულობას და არსებობს თუ არა საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები, „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, მალე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღე დადგება. ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არცთუ ისე სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონია.

ფაქტია ისიც, რომ ვითარებას ამწვავებს პოლიტიკურ ძალთა შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირება. ამჯერად დაპირისპირება ხდება არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ თავად ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაც. თუ რაში არ თანხმდებიან ან რატომ არიან პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მიმართ კონფრონტაციაში, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ფსიქოლოგიურ ფონს?

- არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა.

ერთის მხრივ, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავები, საგამოძიებო სამსახურები მუშაობდნენ და კარგია, რომ მშვიდობიანად დასრულდა და შემდეგ დაიწყო დამნაშავის ძიება. მეორე მხრივ, კერძო, კონკრეტული პირი აცხადებს და აკონკრეტებს დამნაშავის გადაადგილების მარშრუტს. ესეც იყო სიურრეალისტური სიუჟეტი.

ზუგდიდის ბანკში მომხდარმა შემთხვევამ პარლამენტარობის დაუოკებელი სურვილის მქონე ისეთი პოლიტიკოსები გამოფინა ასპარეზზე, რომ არა ეს საარჩევნო პროცედურები, სატელევიზიო ჩართვები და მისთანანი, არავის გაახსენდებოდა მათი გვარ-სახელები და მით უმეტეს მათი სახეები.

ზუგდიდის ბანკში მომხდარმა შემთხვევამ პარლამენტარობის დაუოკებელი სურვილის მქონე ისეთი პოლიტიკოსები გამოფინა ასპარეზზე, რომ არა ეს საარჩევნო პროცედურები, სატელევიზიო ჩართვები და მისთანანი, არავის გაახსენდებოდა მათი გვარ-სახელები და მით უმეტეს მათი სახეები

- როცა კორონავირუსი წლის დასაწყისში „ახალი ხილი“ იყო, ბატონმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „ეკონომიკა პანდემიის მძევალია.“ ახლა შეიძლება თამამად თქმა, რომ პოლიტიკა და არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში პანდემიის მძევალია.

თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას ახდენს პანდემია ქართულ პოლიტიკაზე?

- პანდემიამ მთელი რიგი პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია მოახდინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების, როგორც ექიმების და ასევე ხელისუფლების მხრიდან ღონისძიებების გატარებაზე დაუნდობელი ქილიკი და მათი საქმიანობის გაუფასურების დიდი მცდელობაც გვანახა.

პანდემიამ მთელი რიგი პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია მოახდინა

რაც შეეხება ეკონომიკის თემას პასუხი ერთია, - როცა დედა მომაკვდავი შვილის სარეცელთან ზის, მაშინ ის მხოლოდ ერთზე ფიქრობს და ზრუნავს და ეს ერთი იმ წუთსა და წამში მხოლოდ სიცოცხლეა. ცოცხალი ადამიანი ქმნის ეკონომიკას.

- საარჩევნო კამპანიების ფონზე აშკარაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე საინფორმაციო ომები. ამგვარი დიდი თუ პატარა ომები ძირითადად ტელეეთერებში ვითარდება.

სახელისუფლებო მედია ქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ლამის მთელი ქვეყანა „კომუნიზმის ხარაჩოებზე“ დგას. ოპოზიციური მედია კი აპოკალიფსურ სურათს ხატავს.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე გაცნობიერებულად და გააზრებულად ამყოფებს საზოგადოებას თუ შეიძლება ასე ითქვას, ინფორმაციულ ტერორში.

გააჩნია, ტელემაყურებელს რომელი მენიუ ურჩევნია - „კომუნიზმის ხარაჩოებზე“ დგომის ილუზია თუ აპოკალიფსული სურათებისაგან გამოწვეული განცდები, რომელიც ადამიანებს არაადეკვატური ქმედებებისკენ უბიძგებს.

არადა, სამწუხაროდ, არც ერთი ასახავს რეალობას და არც მეორე. მეტიც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების უმრავლესობაც არ ტოვებს ადეკვატურობის შთაბეჭდილებას.

რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საარჩევნოდ თავის შესაძლებლობებს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოვლენა, სიტუაცია მეტაფიზიკურად კი არ დავინახოთ, არამედ ის დავინახოთ მის დინამიკაში.

დაავადების მიმართ რომ იყო საქმიანი დამოკიდებულება, ეს ნამდვილად ჩანდა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ამ დამოკიდებულების მიმართ მისი ინტერპრეტაციები. ფაქტის სახელდების მიცემის თვალსაზრისით ინტერპრეტატორზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

გააჩნია ფაქტის შემფასებელი რას დაარქმევს ამა თუ იმ ფაქტს. ხშირად შემფასებელი თავის თავზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე მეორე ადამიანზე, ან მეორე ადამიანის ქმედებაზე. ერთია ფაქტი და მეორეა ვინ რას არქმევს ამ ფაქტს.

თუ ინდივიდი ფაქტსა თუ მოვლენას ვერ არქმევს ზუსტ სახელს, ეს შემფასებელზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის. თუ არქმევს ზუსტად, ესეც შემფასებელზე მეტს გვეუბნება.

თუ ინდივიდი ფაქტსა თუ მოვლენას ვერ არქმევს ზუსტ სახელს, ეს შემფასებელზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის. თუ არქმევს, ზუსტად ესეც შემფასებელზე მეტს გვეუბნება

ფილოსოფიაში უკვე დიდი ხანია ცნობილია რომ ყოველი უკიდურესობა თავის თავში თავისსავე უარყოფას ქმნის. ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ტელევიზიას და ასევე ინტერნეტსივრცეს, ანონიმური ძალაუფლების სრული ბერკეტები უპყრია ხელთ.

გაიხსენეთ პოლ ვერილიოს ყოვლისმომცველი ნაშრომი „ინფორმაციული ბომბი“, ან ჟან ბოდრიარის ცნობილი გამონათქვამი - ჩვენ ვცხოვრობთ მედიის მიერ შექმნილ სინამდვილეში.

ან ჯორჯ ორუელის „1984“, ერთი დიდი ტელეეკრანის წინ - როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც, მსხდომი ადამიანების ბედი. მათ აზროვნებაზე, ცნობიერებაზე ძალადობის ტექნიკა და ტექნოლოგიები, ინფორმაციის გადამუშავების, კონტროლისა და ფალსიფიცირების პროცედურები და ასე შემდეგ.

ამას ისიც უნდა დავამატოთ, რომ სიცრუის მორევში სიმათლე არც ისე ადვილი გასარჩევია. ეს დამოკიდებულია თვით აღმქმელის კრიტიკულ ცნობიერებაზე. ასევე იმაზედაც, თუ რა გამოცდილება აქვს არა მხოლოდ კაცობრიობას, არამედ ჩვენსავე უახლოეს ისტორიაში ჩვენ, ქართველებს.

მხედველობაში მაქვს ის, თუ როგორ ხდება ყველაფრისათვის სახელის ფალსიფიცირება. ძველი ბერძნები ამბობდნენ მოვლენებსა და საგნებს დავარქვათ თავიანთი სახელები. სამწუხაროდ, პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ყველაფრისათვის სახელის დარქმევას, ჩვენ ძალიან, ძალიან დიდი ხანია დავშორდით.

სამწუხაროდ, პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს ყველაფრისათვის სახელის დარქმევას, ჩვენ ძალიან, ძალიან დიდი ხანია დავშორდით

მით უმეტეს, ბოლო პერიოდში ყველაფერს გადააჭარბა და წინ გაუსწრო თანამედროვე მედიამ თავისი ე.წ. ფეიკებით.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - როგორ აფასებენ თავის შესაძლებლობებს არჩევნებში მონაწილე პარტიები?

- ქვეყანაში არსებული ვითარება რომ ობიექტურად აღიქვა, იგი შენი განცდისა და ფიქრის საგანი უნდა იყოს. ამას ამავდროულად შესაბამისი ცოდნა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა სჭირდება.

არადა, ფსიქოლოგია ამბობს - ადამიანთა უმრავლესობის ქცევა ეფუძნება არა შინაგან ფასეულობებსა და შინაგან არჩევანს, არამედ ყოველდღიურობასა და ყოფითობას დაქვემდებარებულ ინტერესებს.

ადამიანთა უმრავლესობის ქცევა ეფუძნება არა შინაგან ფასეულობებსა და შინაგან არჩევანს, არამედ ყოველდღიურობასა და ყოფითობას დაქვემდებარებულ ინტერესებს

რაც შეეხება თუ რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ პოლიტიკოსები თავის შესაძლებლობებს, ეს კარგად ჩანს მათ გამოსვლებში, საუბრებში და რაც მთავარია მათივე ქცევებში.

ხმის გამაძლიერებლებით ქუჩებში, ეზოებში მოწოდება რომ მავანსა და მავანს მივცეთ ხმა, ან ავტომობილებითა და საყვირებით, დროშებით ისტერიული ქროლვა იმითაა გამოწვეული, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობების მიმართ თავადვე გააჩნიათ უნდობლობა. ამგვარი ქმედება მათივე დაურწმუნებლობის პირდაპირი ნიშანია. მაგრამ იგივე ადამიანები ამ გზით ცდილობენ მოიპოვონ მათ მიმართ ინტერესი. რეალურად ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას ისტერიულ ფონზე სურს გარკვეული მიზნის მიღწევა. ვიმეორებ - ეს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ შინაგანი დაურწმუნებლობის პირდაპირი ნიშანია.

რეალურად ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას ისტერიულ ფონზე სურს გარკვეული მიზნის მიღწევა. ვიმეორებ, ეს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ შინაგანი დაურწმუნებლობის პირდაპირი ნიშანია

ამგვარი ქცევა ამომრჩევლის მიმართ სრული უპატივცემულობის სრული გამოვლინებაცაა. მე რიგით მოქალაქეს უნდა მენდო. მე მომანდო, რომ მე თავად მაქვს ძალა, ყოველგვარი ძალადობისა და ისტერიულობის გარეშე თავად გავაკეთო არჩევანი. რასაც ახლა ვადევნებთ თვალს ეს არის ამომრჩევლის მიმართ უდიდესი უპატივცემულობა.

- ახალი არაფერი ხდება - ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპოზიცია კი ხელისუფლებაში მოსვლას. ვის რა შანსები აქვს, სოციოლოგიური კვლევებიდანაც საკმაოდ კარგად ჩანს.

თუმცა, ცხადია, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე საზოგადოებრივ განწყობებში ცვლილებები მოხდება, მაგრამ რამდენად დიდი, ამას მხოლოდ არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.

2020 არჩევნები იმითაც განსხვავდება წინა არჩევნებისაგან, რომ ახლა მსოფლიოში და ჩვენთანაც პანდემიის შიში საკმაოდ მაღალია. დაავადებულთა რიცხვის ზრდის ფონზე ეს გასაკვირი სულაც არაა. მაგრამ, ვხედავთ, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც არიან „შიშების“ წყაროები.

ხელისუფლება ცდილობს კიდევ ერთხელ გამოიყენოს „სააკაშვილის დაბრუნების“ შიში სათავისოდ. ვხედავთ, რომ ეს შიში ბევრზე უკვე აღარ მოქმედებს. ოპოზიცია კი საზოგადოებას იმით აშინებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ქვეყანა თუ არ დაინგრევა, ვერ განვითარდება და უძრაობის მორევში ჩაეფლობა.

შიშით პოლიტიკური პროცესის მართვა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის არახალია. თქვენი დაკვირვებით, ჩვენს საზოგადოებას რისი შიში უფრო აქვს - პანდემიის, „მიშას დაბრუნების“ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის?

- ერთ კატეგორიას ერთის შიში აქვს, მეორეს მეორის და მესამეს კიდევ მესამის. სხვას კიდევ ბევრი სხვა რამის, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. როგორც იტყვიან, საზოგადოება ჭრელია.

მაგრამ იმავდროულად, და ესაა ძალიან საინტერესო, ამ სამივე შიშის დაძლევის მექანიზმები არსებობს და გვაქვს.

პანდემიის შიშს სიფრთხილე დაძლევს. ანუ იმ რეკომედაციების შესრულება, რომლებსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა. ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები, მედიკოსები და სპეციალისტები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. ეს გვიტოვებს გარკვეული უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას, რადგან ამ პრობლემაზე სპეციალისტები მუშაობენ. ამასაც უნდა დანახვა. ესეც რეალობაა.

უკვე ისიც ცნობილია, რომ ამ ვირუსებს აქვთ თავისი ძლევამოსილების გარკვეული შესუსტების ტენდენცია.

თავიდან ექიმებისა და ხელისუფლების მიმართ იყო კეთილგანწყობა, ვინაიდან ისინი ადეკვატურად მოქმედებდნენ და ყველაფერს სწორად რეაგირებდნენ.

- ეს რომ ასე იყო არავინ დავობს, მაგრამ ახლა ვირუსის გავრცელების სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ მისი გავრცელება უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი ვითარებას აკონტროლებს.

აშკარაა, რომ ეს პროცესი რთული სამართავია, გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის აღიარებას...

- ამაზე მახსენდება სკოლაში ერთი ამრევი ბავშვის ქცევა, რომელიც თავის დამკვიდრებას მასწავლებლისთვის გაკვეთილის ჩატარებაში ხელის შეშლით ცდილობს და მისი ქცევა თანაკლასელების მხრიდან ხშირად მოწონებული ხდება. ამგვარი ტენდენცია ამ საკითხებთან დაკავშირებით აშკარად შეინიშნება.

- იმ მოსწავლის როლში ახლა ვინაა?

- იმ მოსწავლის როლშია ყველა ის, ვინც პანდემიასთან ბრძოლის პროცესებს ხელს შეუშლის.

რაც შეეხება ვინ მოვა და ვინ დარჩება ხელისუფლებაში, ამ შიშებისაგან განთავისუფლება მხოლოდ შინაგან ღირებულებებზე და თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული ამომრჩევლის ხმამ უნდა შეძლოს.

ვინ მოვა და ვინ დარჩება ხელისუფლებაში, - ამ შიშებისაგან გათავისუფლება მხოლოდ შინაგან ღირებულებებზე და თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული ამომრჩევლის ხმამ უნდა შეძლოს

- ხელისუფლება ოპოზიციის „ნაცმოძრაობის“ ფრთას არჩევნების შემდეგ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მზადებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ლიდერები ზოგი აშკარად, ზოგიც შეფარვით გამოთქვამენ აზრს, რომ არჩევნების შემდეგ არაა გამორიცხული პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

ხალხი ხელისუფლების მიმართ ბევრი რამის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას, გაბრაზებულიც კია, მაგრამ რამდენადაა ეს განწყობები რევოლუციური, ძნელი სათქმელია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის ტალღა წალეკავს „ქართულ ოცნებას“. რამდენად იძლევა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ფსიქოლოგიური პორტრეტი იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნების შემდეგ პროცესები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს?

- რევოლუცია? გააჩნია ვის და რას დასჭირდება იგი.

- ვის-ში და რაში რას გულისხმობთ?

- ამაზე მეტს ვერ ვიტყვი მრავალ მიზეზთა გამო. მე როცა სიტყვა რევოლუცია ვიხმარე, კითხვის ნიშანიც დავსვი. ახლაც გავიმეორებ - გააჩნია ვის და რაში დასჭირდება რევოლუცია.

ადამიანთა სიმრავლის მასად გადაქცევის ტექნოლოგიები ძალიან ძლიერი და მძლავრია. ქვეყანას კი რევოლუცია არ სჭირდება. არც ადამიანებს აქვთ ამის შინაგანი განწყობილება.

ადამიანთა სიმრავლის მასად გადაქცევის ტექნოლოგიები ძალიან ძლიერი და მძლავრია. ქვეყანას კი რევოლუცია არ სჭირდება. არც ადამიანებს აქვთ ამის შინაგანი განწყობილება

მაგრამ, თუ მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვას“, პატარა და სათნო გოგონა სოფიოს გავიხსენებთ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, პატარა სოფიოს ხელში ჩაუდებენ თუ არა ქვას. ეს კი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ ვის და რას დასჭირდება რევოლუცია.

თუ სათნო სოფიოს ხელში ქვას ჩაუდებენ, ისიც ისვრის მას. მაგრამ, შემდეგ თუ იგი თავის შინაგან ხმას მიუდგებს ყურს, ისიც დაიტანჯება იმით, რომ სხვებს ესროლა ქვა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო