გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს

ჩვენი გაერთიანება, „ერთად არჩევნებისათვის“, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია

სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების სხვა სუბიექტებთან ერთად.

დემოკრატიისა და დემოკრატიული პროცესების განუყოფელ ნაწილს სამართლიანობის პრინციპის არსებობა წარმოადგენს. სწორედ იგი უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლის გარეშეც დემოკრატია ვერ შედგება. სახელმწიფოს მართვის დემოკრატიულ სისტემაში, სამართლიანობა და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, პოლიტიკურ გარდაქმნებთან, მშვიდობიან მოლაპარაკებებთან და დემოკრატიის განმტკიცებასთან ერთად.

არჩევნები - კომპლექსური დემოკრატიული პროცესის შედეგია, რომლის განხორციელებისათვის მრავალი მონაწილეა საჭირო: საარჩევნო ადმინისტრაცია, სახელმწიფო სტრუქტურები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური სუბიექტები, მას-მედია და ა.შ. არჩევნების დროს, მძაფრი სოციალურ-პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, არჩევნების სამართლიანობა არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც მოცემულობა. არჩევნები იმთავითვე მოიაზრებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების კონკურენციასა და ოპონირებას, გამარჯვებული და დამარცხებული მხარეების დაპირისპირებას; შესაბამისად, ყოველთვის არსებობს საშიშროება იმისა, რომ გამარჯვება, რომელიმე მხარის მიერ, მიღწეულ იქნება არაპატიოსანი, არასამართლიანი მეთოდებით, რაც, როგორც ზევით აღინიშნა, ზიანს აყენებს დემოკრატიულობის პრინციპებს. ეს საშიშროება ემუქრება არა მხოლოდ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებს, რომელთა რიგს საქართველო განეკუთვნება, არამედ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებსაც კი, რადგან ეს, ზოგადად, არჩევნების თანმხლები ფაქტორია.

ჩვენი აზრით, სამართლიანობა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა არ წარმოადგენს მხოლოდ რომელიმე ცალკე აღებული სტრუქტურის ან/და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას, მათ შორის იმ სტრუქტურისაც, რომელსაც არჩევნების ჩატარების ვალდებულება აკისრია - ამ შემთხვევაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს, მნიშვნელოვანწილად, სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს. შემუშავებულია საერთაშორისო მექანიზმებები, რომელთა ამოქმედება იძლევა საშუალებას გაკონტროლდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია - საარჩევნო პროცესებზე სადამკვირვებლო მისიის განხორციელების შესაძლებლობა დაინტერესებული სუბიექტებისათვის: სამოქალაქო საზოგადოება და მისი შემადგენელი ნაწილი - არასამთავრობო სექტორი, მედია-საშუალებები, სახელმწიფო სტრუქტურები და პოლიტიკური პარტიები.

ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების პროცესზე დაკვირვება და, ზოგადად, სადამკვირვებლო მისია, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო სექტორის და, მათ შორის, ჩვენს მიერ (არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ) - არჩევნების პროცესში სამართლიანობის უზრუნველყოფის მთავარი გარანტია.

ჩვენი აზრით, არჩევნებზე დაკვირვების მისიის განხორციელება წარმოადგენს არჩევნებში გამარჯვებით დაინტერესებული მხარეების (პოლიტიკური პარტიები, სახელისუფლო სტრუქტურები) შემაკავებელ და გამაწონასწორებელ მექანიზმს, რომელიც, ამავდროულად, იძლევა არსებული პრობლემების ჯერ გამოვლენისა და, შემდგომ, აღმოფხვრის შესაძლებლობას. სადამკვირვებლო მისიის განხორციელება, ასევე გვაძლევს საშუალებას დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო პროცესის მონაწილეები ნამდვილად აცნობიერებენ თავის ანგარიშვალდებულებას სამოქალაქო საზოგადოების წინაშე.

მიმდინარე საარჩევნო პროცესში გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ ჩართულობის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, ნებსით თუ უნებლიეთ, ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას ან კანონით მინიჭებული ვალდებულების შეუსრულებლობას, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს, სადამკვირვებლო მისიის შესრულების სახით, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ამ როლის ჯეროვნად შესრულება ზრდის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხს, განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესისისადმი და მასში მონაწილე სუბიექტებისადმი და, იძლევა, ასევე, გარანტიას იმისას, რომ წინასაარჩევნო და/ან არჩევნების პროცესი წარიმართება სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

როგორც ზემოთ აღინიშნა, გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო პროცესში, რაც გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ თუ რა განხორციელდა და რა კეთდება ქვეყანაში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და ცესკოს მიერ საარჩევნო სისტემისა და მთლიანობაში, საარჩევნო პროცესის სრულყოფისა და მაღალი ხარისხის დემოკრატიულ სტანდარტებთან მიახლოებისათვის, რაც ნებისმიერი განვითარებული თუ განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყნის უზენაეს მიზანს წარმოადგენს.

წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და დაკვირვების შედეგად, ჩვენს მიერ, გამოყოფილ იქნა რიგი პარამეტრები, რომლებიც, ჩვენი აზრით, ნამდვილად დადებით ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს და წინგადადგმულ ნაბიჯებად მიგვაჩნია საქართველოს საარჩევნო სისტემის სრულყოფის გზაზე:

  1. ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა;
  2. საარჩევნო უბნებისა და ოლქების დაკომპლექტების წესის სრულყოფა;
  3. Covid -19 გამოწვეული პანდემიის პირობებში, ცესკოს მიერ პრევენციული რეგულაციების შემოღება და საარჩევნო უბნების/ოლქების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა; ასევე, შშმ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება;
  4. საარჩევნო კომისიებიის წევრთა გადამზადება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
  5. ცესკო-ს ორიენტირება საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინტერესებზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
  6. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სისტემა და საკანონმდებლო ჩარჩო

მიმდინარე წლის საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ეფუძნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება იმ განსხვავებით, რომ საქართველოს პარლამენტის 30 წევრი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ხოლო 120 წევრი - პროპორციულით.

ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის ვალდებულებისაგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ასევე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა, ერთ-ერთ არჩევნებში მაინც, პროპორციული სისტემით, 15 000 ხმა მაინც მიიღო. აგრეთვე ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

ცვლილებები შეეხო პარტიული სიების დაკომპლექტების გენდერულ პრინციპსაც - კერძოდ, ყოველ ოთხეულში განსხვავევული სქესის მქონე პირის განსაზღვრას.

  1. საარჩევნო უბნებისა და ოლქების დაკომპლექტება

მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, ცვლილებები შეეხო საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს, მათ შორის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.

აღნიშნულ არჩევის პროცედურაში, მონაწილეობას არ იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). ასევე, დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.

ცვლილებების საფუძველზე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. ასევე, აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს დროებითი წესი, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ და სრულყოფილ მონაწილეობას არჩევნებში. კერძოდ, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა, უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას. ასევე, ადაპტირებულ უბნებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებს, დაევალათ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (სხვადასხვა ადგილზე, გეოგრაფიული/ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით), ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო უბნების განთავსებისათვის არანაკლებ 4 შენობა-ნაგებობის ადაპტირება.

  1. ცესკოს მიერ დადგენილი რეგულაციები COVID-19 პირობებში და უბნების/ოლქების ტექნიკური აღჭურვა/შშმ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება;

ცესკომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა COVID-19 პირობებში საარჩევნო პროცესებისა და არჩევნების ჩატარებისათვის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნების გამოცდილებასთან მიმართებაში, საქართველო მზად არის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისათვის, რასაც მოწმობს ცესკოს მიერ მიღებული გადაწვეტილებები, კერძოდ:

  • ცესკომ 2020 წლის 1 სექტემბერს მიიღო დადგენილება (24/2020) წინასაარჩევნო პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, კერძოდ, საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ.
  • ცესკომ 2020 წლის 18 სექტემბერს მიიღო დადგენილება (38/2020) კენჭისყრის დღეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, კერძოდ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ.
  • ცესკომ 2020 წლის 9 ოქტომბერს მიიღო დადგენილება (43/2020) პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, კერძოდ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ.
  • ცესკომ 19 ოქტომბერს მიიღო დადგენილება (N45/2020) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ.

საარჩევნო კომისიებიის წევრთა გადამზადება პროფესიული კვალიფიკააციის ამაღლების მიზნით;

საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება სისტემურ და გენერალიზებულ ხასიათს ატარებს. წინასაარჩევნო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 სექტემბრიდან დღემდე, მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების თანაშრომელთა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლება/სრულყოფა. სწავლება-გადამზადება ტრეინინგების სახით მიმდინარეობს (მათ შორის, დისტანციურად, ონლაინ ფორმატით, პანდემიის პრევენციის მიზნით), რომელთა მეთოდოლოგია და შინაარსობრივი ნაწილი ფოკუსირებულია სწორედ საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციის ამაღლებაზე.

ამასთან, პანდემიის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ტრენინგები აუცილებელი წესით მოიცავს Covid-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებსაც.

ტრეინინგების ეფექტურობას ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტებით მომზადებული სახელმძღვანელოებიც.

გაერთიანების ,,ერთად არჩევნებისთვის“ დამკვირვებელთა შეფასებით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყვეს ყველა ის საშუალება, რომელიც განაპირობებდა საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებას.

  1. ცესკო-ს ორიენტირება საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინტერესებზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ჩვენი აზრით და ჩვენს მიერ ნამდვილად დადებითად იქნა შეფასებული, ცესკოს ორიენტირება და, შესაბამისად, ოპერატიული რეაგირება საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების (პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი დამკვირვებლები, მას-მედია) მოთხოვნების უზრუნველყოფაზე (ინფორმაციის მიწოდება, ჩართული მხარეების საჩივრებზე ოპერატიული რეგირება, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება პრობლემების პრევენციის მიზნით, მათ შორის ონლაინ რეჟიმში, დისტანციური, ონლაინ-დისკუსიებისა და მოლაპარაკებების უზრუნველყოფა და ა.შ.), რასაც, უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებით უწყობს ხელს ცესკოს მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა-გამოყენება თავის წინასაარჩევნო საქმიანობაში (ონლაინ -კომუნიკაციისათვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამების გამოყენება, SMS-შეტყობინებების დაგზავნა, სოციალური ქსელების შესაძლებლობების აქტიური გამოყენება და ა.შ.). პანდემიის პირობებში, ეს ფაქტი განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, რადგან Covid-19 გავრცელების პრევენციის რეალურ საშუალებას იძლევა.

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი და დადებითად შესაფასებელი თემაა - ინფორმაციის სრული და, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, დროული ხელმისაწვდომობა ცესკოს მუდმივგანახლებად ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებული სუბიექტისათვის. სწორედ ამიტომ, ცესკო, მისი ყოველი შემადგენელი რგოლი - სრულიად გამჭვირვალე სტრუქტურად მოიაზრება, რომელიც ღიაა საზოგადოების ყველა სექტორისათვის - როგორც სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ისე პოლიტიკური სუბიექტებისათვის. ის ნამდვილად საზოგადოების სამსახურშია.

გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ საქმიანობა ეფუძნება მოსაზრებას, რომ სამართლიანი არჩევნები გულისხმობს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური სისტემის არსებობას, რომელიც ხელს შეუწყობს მიუკერძოებული არჩევნების ჩატარებას, რომლის მახასიათებლებია:

  • არჩევითი დემოკრატიის პრინციპების პატივისცემა და გაზიარება;
  • სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის მაღალი ჩართულობა არჩევნების პროცესში;
  • საარჩევნო პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების პატივისცემა;
  • გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების ნდობის დამსახურება.

ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებლების სამუშაო ვალდებულებები მოიცავს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, არჩევნების შედეგების ზოგად შეფასებას, რასაც წარმატებით ვაკეთებთ დღიდან ჩვენი გაერთიანების დაფუძნებისა.

  • ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სამართლიანი არჩევნების განხორციელებას, ამიტომ ვართ მიუკერძოებულნი და დამოუკიდებელნი.
  • დამოუკიდებელი დამკვირვებლების მუშაობის ძირითადი პრინციპი არის არჩევნების ობიექტური შეფასება. ჩვენ, გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“, ჩვენს გამოცდილებაზე და გაერთიანების წევრთა პროფესიონალიზმზე დაყრდნობით, როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები, ობიექტურად ვაფასებთ საარჩევნო პროცესს,

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელზეც გვქონდა საუბარი, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი აზრით, უკვე დღეს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საარჩევნო კომისია მზად არის წარმატებით ჩაატაროს 2020 წლის სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რადგან:

  • იგი ღიაა საზოგადოებისათვის;
  • მისი მუშაობის პრინციპი არის გამჭვირვალობა;
  • ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინტერესებზე;
  • ზრუნავს მისი შემადგენელი თითოეული რგოლის პროფესიონალიზმის სრულყოფაზე;
  • აღჭურვილია თანამდეროვე ტექნოლოგიური მიღწევებით

და ბოლოს:

  • იგი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, სრულად უჭერს მხარს არჩევითი დემოკრატიის პრინციპებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს