ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს, მაგრამ პრობლემა იქნება, მიაღწევს თუ არა 2024 წლამდე

„ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს, მაგრამ პრობლემა იქნება, მიაღწევს თუ არა ის 2024 წლამდე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ არჩევნებამდე 4 დღით ადრე არსებულ პოლიტიკურ სურათზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ის ამბობს, ქვეყანას არჩევნების შემდეგ მძიმე ვითარებაში მოუწევს ცხოვრება.

„წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების და ძალადობის ცალკეული შემთხვევები იყო, თუმცა, ეს არ იყო იმ ხარისხის და იმ სიხშირის, როგორიც გვახსოვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომ არაფერი ვთქვათ, 2012 წლის არჩევნებზე. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ახლა მშვიდად და შესაძლოა, მონოტონურადაც მიმდინარეობდა საქართველოში აქამდე არსებულ ყველა წინა არჩევნებთან შედარებით,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნების შედეგად, მიუხედავად მისი რეიტინგის ვარდნისა, მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში, რადგან დრო ოპოზიციის სასარგებლოდ არ მუშაობს.

„არასწორია, როცა ვამბობთ, რომ პირველად შეიძლება დარჩეს მოქმედი ხელისუფლება მესამე ვადით. თუ გავიხსენებთ, ედუარდ შევარდნაძეც მესამე ვადით იყო არჩეული. რაც შეეხება იმას, გვექნება თუ არა კოალიციური მთავრობა, ძალიან მინდა, რომ იყოს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამის მოლოდინი თითქოს გაჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაინც არ არის ის რეალობა, რომ კოალიციური მთავრობა გვქონდეს. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ "ქართული ოცნება“ შეძლებს დამოუკიდებლად დააკომპლექტოს აღმასრულებელი ხელისუფლება, არჩევნები რომ იყოს არა 3-4 დღეში, არამედ ერთ თვეში და პოლიტიკური პროცესი ამ ტემპით გაგრძელებულიყო, შესაძლოა, სხვა შედეგი დამდგარიყო,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის განმარტებით, რთულად პროგნოზირებადია, რა იქნება არჩევნების შემდეგ წლებში და რამდენად უნდა ველოდოთ რიგგარეშე არჩევნებს.

„რამდენიმე წელია ვამბობ, რომ იქიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს, მაგრამ პრობლემა იქნება მიაღწევს თუ არა ის 2024 წლამდე. მისი რეიტინგი საკმაოდ სწრაფად ეცემა ბოლო პერიოდში, თუმცა, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა მოვიდეს. რას მოიმოქმედებს ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ზუსტად ძნელი სათქმელია, თუმცა, არ ველოდები, რომ კარდინალურ რეორგანიზაციას შეძლებს და მკვეთრ სიახლეებს მოიტანს, შესაბამისად, არსებული პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება ამ ტემპით და ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. მოჰყვება ამას რიგგარეშე არჩევნები, თუ გამწვავდება სიტუაცია ქუჩებში, ამას ვერ გეტყვით. მუშაობს პანდემიაც, გაიზრდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ძალიან გამწვავდება ეს პროცესი, ეს კი იმუშავებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემებს გაუმკლავდეს. არ ვიცი, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკადრო და იდეური რესურსი რეორგანიზაციისთვის და ქვეყანაში ახალი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების. მეეჭვება ეს რესურსი ჰქონდეს, ეს ყველაფერი და ამას დამატებული კორონავირუსი, მაფიქრებინებს, რომ არჩევნების შემდეგ საკმაოდ მძიმე ვითარებაში მოუწევს ქვეყანას ცხოვრება,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა