“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა

პარტია “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” საზოგადოებას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას და სასამართლო სისტემის რეორგანიზაციის მოდელს სთავაზობს.

კონკრეტულად რას ითვალისწინებს სასამართლო სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები და როგორია წარმატებული სოფლის მეურნეობის მოდელი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ პარტია “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ესაუბრა.

- პირველ რიგში, რამდენად აუცილებელია ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმა ? რას გულისხმობს პარტიის ხედვა სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ რეორგანიზაციაზე?

- საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი სასამართლო კი თავის მხრივ, განაპირობებს საგამოძიებო უწყებების ფუნქციონირების მაღალ სტანდარტს. სასამართლოს დამოუკიდებლობაზეა მიბმული აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს ეფექტური საქმიანობაც. შესაბამისად, დამოუკიდებელი სასამართლო მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტი იქნება.

სასამართლო სისტემა დღეს საბჭოთა სასამართლო სისტემის ტრადიციას აგრძელებს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის მშენებლობა, რაც ფუნდამენტურ რეფორმას გულისხმობს.

- კონკრეტულად რა ნაბიჯებს ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეორგანიზაცია?

- ჩვენი ხედვის თანახმად, დიდ ქალაქებში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება დანიშნულ მოსამართლესთან ერთად აირჩიონ მოსამართლე პირდაპირი დემოკრატიის წესით. ამასთან, უცხოელი მოსამართლეები გარკვეული ვადით უნდა შემოვიდნენ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს ინსტანციებში. ასევე, უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედება იმ მუხლებზე, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის ღონისძიებას, მათ შორის, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე.

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე უნდა დაინერგოს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. უნდა შეიქმნას ცალკე საარბიტრაჟო სასამართლო, სამეწარმეო და საინვესტიციო დავებზე, როგორიც არის ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, სადაც ინვესტორებს ექნებათ გარანტია, რომ მათი ინტერესი დაცული იქნება და სახლემწიფო ვერ მოახდენს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მსგავსი საერთაშორისო არბირტაჟები არის იმის გარანტი, რომ საქართველოს მიმართ გაიზრდება ინვესტორების ნდობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე, ჩვენ გვაქვს შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.

- რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო სამართალწარმოების მექანიზმის დახვეწას. როგორ შეძლებს პარტია მათი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფას?

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შეთავაზებულ რეფორმის მოდელს, რაც თავის მხრივ, არ გამორიცხავს ჩვენი, ოპოზიციური პარტიების მოდელს. ჩვენს დოკუმენტს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, მათთან ერთად მომზადებულს კი არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, ორგანული კანონის დონეზეა არის შესაძლებელი ამ ცვლილების გატარება, რაც დაკავშირებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობასთან.

- რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. როგორია პარტიის ხედვა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდასთან დაკავშირებით, სოფლის განვითარების რა მოდელს სთავაზობთ საზოგადოებას?

- მოსავლიანობის გაზრდის ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც გულისხმობს სარწყავი სისტემების, სტიქიებისგან თავდაცვისა და სწრაფად დასამუშავებელი მექანიზმების დანერგვას.

ქართული პროდუქციის გამოყენების წახალისების მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტებს (ჯარი, ციხეები, სკოლები და ა.შ.) უნდა დაეკისროთ მხოლოდ ქართული პროდუქციის ყიდვის ვალდებულება და ასევე მოწეული მოსავლის სრულად ათვისებისთვის გარანტიების შესაქმნელად, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა არსებობდეს ე.წ. სოფლის კოოპერატივები, რომელთაც ექნებათ ურბანულ ცენტრებში არსებული კორპუსის ამხანაგობების სტრუქტურის სახე.

განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება საქართველოში ისტორიულად გამოცდილ და დახელოვნებულ მეურნეობებს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, მევენახეობა.

- რამდენად წარმოადგენს პრიორიტეტს დარგობრივად პროფესიონალი აგრონომების, მეურნეების და მეღვინეების არსებობა, რა ღონისძიებებს გაატარებთ მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებისთვის?

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლიანი გამოცდილება აქვს, ღვინის ექსპორტით მიღებული წლიური შემოსავალი მხოლოდ 250 მილიონი დოლარია, მაშინ როცა ახალი ზელანდიისთვის, სადაც მხოლოდ საუკუნის წინ დაირგა პირველი ვაზი, იგივე მაჩვენებელი 1 200 000 000 დოლარს შეადგენს.

დღესდღეობით კი სახელმწიფოს მეღვინეობა-მევენახეობის გასავთარებლად სახელმწფო ბიუჯეტის მხოლოდ 0.001%- აქვს გამოყოფილი. ჩვენი გეგმით, ეს წილი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად გავაგებინოთ მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილ ქვეყნებს, ჩვენი ღვინის მეურნეობის შესახებ და ასევე იმ ფაქტზე, რომ სწორედ აქ იწარმოება მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინო, როგორც ეს არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა დადასტურებული.

გარდა ამისა, სახელმწიფო პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დარგობრივად პროფესიონალი აგრონომების, მეურნეების, მეღვინეების არსებობა, რისთვისაც პირველ რიგში საუნივერსიტეტო დონეზე უნდა მოხდეს ამ დარგების შექმნა და შემდეგ პრიორიტეტად ქცევა. მინიმუმ თელავში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს ამ დარგში მაღალკვალიფიციური კადრების გამოშვება, რის შედეგადაც აღარ მოუწევს ადგილობრივ მეურნეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა და დაქირავება.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით