ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმზე და სისხლიან მმართველობაზე ისაუბრა. ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების წამების ფაქტები იყო უმძიმესი დანაშაული და ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა. მისივე თქმით, ციხის კადრების გასაჯაროება გახლავთ დანაშაულის მხილება, ამის კომპრომატად გამოცხადება კი უკვე ცალკე დანაშაულია, რასაც ამ დღეების მანძილზე აკეთებენ სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული მედიის ნაწილიც. ვიცე-სპიკერის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა მწამებლებს და მწამებელთა პარტია პოლიტიკურ ველზე დატოვა.

"ბოლო დღეებში რატომღაც აქტუალური გახდა ციხის კადრების თემა და მინდა გავაკეთო რამდენიმე კომენტარი. პირველი და მთავარი - რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ამდენი წლის შემდეგ, თავისთავად ეს ტრაგიკომედია არ არის?! ციხის კადრების გასაჯაროება გახლავთ დანაშაულის მხილება, ამის კომპრომატად გამოცხადება უკვე ცალკე დანაშაულია, რასაც ამ დღეების მანძილზე აკეთებენ სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული მედიის ნაწილიც. ციხის კადრების გასაჯაროება რომ დანაშაულის მხილებაა, ეს აღიარა არაერთმა ევროსტრუქტურამ და თვითონ სააკაშვილმა. "სისტემური მარცხი" - ასე უწოდა სააკაშვილმა იმ დანაშაულს, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში და ეს იყო ნამდვილი სადიზმი. ქართულ ციხეებში მასობრივად აწამებდნენ პატიმრებს. ის, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების წამების ფაქტები იყო უმძიმესი დანაშაული, აღიარა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა, - ეს არის 2012 წლის 20 სექტემბერი, ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ძალიან მკაცრი განცხადება, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის 2012 წლის 20 სექტემბრის განცხადება! ეს არის ამერიკის საელჩოს განცხადება, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება და ყველა, თითქმის ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის განცხადება! ძალიან მძიმე განცხადებები გაკეთდა მაშინ წამების კომიტეტის მხრიდან ბრიუსელში - მე მახსოვს, ვინაიდან იქ ვიმყოფებოდი. ანუ ფაქტია, რომ საქართველოს ციხეებში ხდებოდა პატიმრების მასობრივი წამება და ამას ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი! მე ახლა გაოგნებული ვარ, რომ მიწევს 8 წლის შემდეგ კომენტარის გაკეთება და კიდევ უფრო გაოგნებული ვარ იმ ე.წ. პოლიტიკოსების კომენტარებით, რომლებიც დღეს ლაპარაკობენ იმაზე, იყო თუ არა წამება ციხეებში, თან ერთი მხრივ, აღიარებენ, რომ იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ლაპარაკობენ რაღაც კომპრომატზე, იმაზე, რომ ვითომ ეს არ იყო გამიზნული პატიმრების დასახმარებლად და სხვა მიზნები არსებობდა.

ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგი - ეს განურჩევლობა და მარაზმი, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - თავად ის ფაქტია დანაშაული, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული ტელეარხები ცდილობენ ამ კადრების კომპრომატად გამოცხადებას. ეს არის "ქართული ოცნების" სისხლის სამართლის დამნაშავეებთან მრავალწლიანი შეხმატკბილებული პოლიტიკის შედეგი - იმ პირებთან, რომელთაც კონკრეტული ბრალი აქვთ წაყენებული მთელ რიგ საქმეებთან დაკავშირებით. კიდევ ბევრი ბრალის წაყენება მოხდებოდა, პროკურატურას რომ თაროდან ჩამოეღო საქმეები. კიდევ ერთი თემა, რაც "ტვ პირველის" ეთერიდან ისმის - თურმე ციხის კადრების გასაჯაროება პატიმრების დასახმარებლად კი არ იყო გამიზნული, არამედ რაღაც სხვა მიზნები არსებობდა. მე არ ვიცი, სად იყავით თქვენ იმ წლებში, არ მახსოვხართ უბრალოდ, მაგრამ ყველა, ვისაც ახსოვს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ბრძოლა პატიმრების უფლებებისთვის, დამეთანხმება იმაში, რომ ჩვენი გუნდი 2009, 2010 და 2011 წლებში ღიად და საჯაროდ საუბრობდა, რომ პატიმრებს მასობრივად აწამებენ ციხეებში. ჩვენ ამაზე ლაპარაკი არ დაგვიწყია 2012 წელს, ჩვენ პატიმრების წამების მხილება დავიწყეთ ჯერ კიდევ "წინააღმდეგობის მოძრაობის" და "ობიექტივის" ფარგლებში, როცა ჯერ კიდევ ჟურნალისტი ვიყავი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის ვალია, მსგავსი ფაქტები ამხილოს და დაეხმაროს როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე ადამიანებს! ათასობით ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ გადაგვერჩინა ათასობით პატიმარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან და ჩვენ ამას მივაღწიეთ! რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის მხილება, ჩვენ ამასაც მივაღწიეთ და რომ არა "ქართული ოცნების" მავნებლური, მოღალატეობრივი პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ამ ტრიბუნიდან არ მომიწევდა საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ პატიმრებს აწამებდნენ ქართულ ციხეებში და რომ ამას ქონდა ორგანიზებული სახე, რომ ამას აკეთებდა სააკაშვილი და ბოკერია და მათი ორგანიზებული იყო ეს!

მინდა გაეცნოთ 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებას. ეს პარლამენტის დადგენილებაა, რომელშიც დადასტურებულია ეს ფაქტები და არაერთი პატიმრის ჩვენებაა მოტანილი! არის კიდევ ერთი - არ ვიცი, ბრალდება თუ რა დავარქვა, თითქოს ჩვენ ამ კადრებს ვინახავდით; კარანტინის დაშლის კადრების თარიღს დააკვირდით - ამ კადრებზე რა თარიღი დევს? თქვენ გეკითხებით, "ტვ პირველის" ჟურნალისტს - არ გახსოვთ! მე შეგახსენებთ მაშინ - ამ კადრებს თარიღად ადევს 2012 წლის 24 აგვისტო, მაშინ მოხერხდა ამ კადრების ასახვა ფირზე! 24 აგვისტოს შემდეგ გავიდა არასრული ერთი თვე და გავრცელდა ეს კადრები და ყველა ის ე.წ. პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ექსპერტი, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე ვინახავდით ამ კადრებს, რას გვთავაზობდით, მეგობრებო? სააკაშვილთან მიგვეტანა ეს კადრები და გვეთქვა - იცით, გამხილეთ და ხელში გვიკავია თქვენი დანაშაულის ამსახველი ფაქტები? ამას მოყვებოდა ჩვენი სიცოცხლის მოსპობა, ამ კადრების სამუდამო განადგურება და ვერავინ, ვერც ერთი თქვენგანი ვერასდროს ნახავდა, რა ხდებოდა გლდანის მერვე საპყრობილეში - როგორ ატყავებდნენ პატიმრებს, როგორ აწამებდნენ! ვისაც არ უნდა უნდოდეს ახლა ისტორიის გადაწერა და ამ კადრების ირგვლივ ბურუსის შექმნა, ამას ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა!

წამების ფაქტებს ჰქონდა მასობრივი ხასიათი და ეს არის დადასტურებული - სასამართლომაც დაადასტურა! ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას - პატივცემულო საზოგადოებავ! მინდა გთხოვოთ, ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდეთ და მოუსმინოთ ყველა ე.წ. პოლიტიკოსის გამოსვლას, რომლებიც დღეს კომენტარს აკეთებენ ციხის კადრების და პატიმრების წამების თემაზე. მე არ ვიცი, ვინ დაარქვა მათ პოლიტიკოსები, იმიტომ რომ იყო პოლიტიკოსი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ გრძელი ენა გქონდეს. პოლიტიკოსს, პირველ რიგში, სინდისი უნდა ჰქონდეს და რასაც მე ვუყურებ ამ ე.წ. პოლიტიკოსებს, მათი 100% დაცლილია სინდისისაგან და დაცლილია იმიტომ რომ დღეს მე მიწევს მტკიცება, რომ თურმე პატიმრებს ციხეებში აწამებდნენ! დასასრულს მინდა, გავაკეთო კიდევ ერთი განცხადება: "ქართული ოცნება" არის დამნაშავე იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს და არ მოხდა მათი სათანადოდ დასჯა, რომ დატოვა პოლიტიკურ ველზე მწამებელთა პარტია და მათი მოკავშირეები! უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ, რომ დავსაჯოთ ის დამნაშავეებიც და მათი მფარველებიც "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტიდან!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=UhNZOGLp7Tk&fbclid=IwAR3rs3T3DI2JPzeHPcTUQ1-zfCHEIC1DaRnCD46X961JTypWeY97aOCgoxo

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით