ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020

რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები”

ხელისუფლება "კრიმინალურ ოპოზიციას" რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში ადანაშაულებს

***

რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები”

რა არის საპარლამენტო არჩევნების შედეგებში ის ე.წ. წითელი ხაზი, რა დროსაც ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს? ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსებს "რეზონანსთან" განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქუჩაში ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, თუმცა, მისი აზრით, აქ საკითხი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები” / „ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, მთავარია ხალხი გამოჰყვება თუ არა”

"ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, მთავარია ხალხი გამოჰყვება თუ არა, აგერ 14 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ხელისუფლება (პროპორციული სისტემის ჩავარდნის გამო) სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. "ასევე „გავრილოვის ღამე" ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აქაც მოსახლეობა არ გამოსულა, ისევ აქტივისტები გამოდიოდნენ. მათ რა თქმა უნდა პატივს ვცემ, ღირსეულად და ძალიან კარგად იქცეოდნენ, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დროსაც მოსახლეობა ვერ გამოიყვანეს. „ასე რომ, ეჭვი მეპარება, რომ კორონავირუსის კონტექსტში მოსახლეობა გამოიყვანონ - თუ ხალხი ვერ გამოიყვანეს, ისინი გამოვლენ და ისევ სახლში შევლენ. მითუმეტეს, რომ ახლა ზამთარი მოდის და ვერაფერს ვერ მოახდენენ ", - განაცხადა მან. მისივე აზრით, არჩევნებში მთავარი „წითელი ხაზი" „უტიფარი და თავხედური გაყალბება" იქნება. „მთავარი წითელი ხაზი ისაა, თუ უტიფარი და თავხედური გაყალბება იქნება, გაყალბება პირდაპირ ყურებიდან უნდა გადმოდიოდეს, რომ საშინლად ბევრი ბიულეტენები ჩაყარეს, თუ ვიდეოებზე დააფიქსირებენ, ანუ მტკიცებულებები უნდა იყოს იმისთვის, რომ ხალხი აღშფოთდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ასეთი უტიფარი და თავხედური გაყალბება არ იქნება, ეჭვი მეპარება, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს - ოპოზიცია, რომ გამოვა ეჭვი არ მეპარება. გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნებაო, მეორე ტურებიც სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, მანამდე ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ვერ შემოიღებს, თუ საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, მეორე ტური არ ჩატარდება იმიტომ, რომ ამ დროს არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ჩემი აზრით, როგორც კი მეორე ტური დასრულდება, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს და კორონავირუსიდან გამომდინარე თავშეყრის ადგილებს აკრძალავს. თუმცა ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაამძაფროს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ ოპოზიციას მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება, რაზეც ნამდვილად გული დამწყდება. ამის თქმის საფუძველი მაქვს, ყველაზე სამარცხვინო თუ რამ საქართველოს ისტორიაში მომხდარა, ესაა "14 ნოემბერი", ვითომ კენჭისყრა, მაშინ საზოგადოებამ გაატარა და ვერც კი იგრძნო თუ რა მოხდა და როცა საზოგადოება ასეთ რაღაცებს ატარებს, ეჭვი მეპარება, რომ ისინი ოპოზიციის სხვა მოწოდებაზე ქუჩაში გამოვიდნენ ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ე.წ. წითელი ხაზი იქ გავა, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეგზიტპოლების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა. ჩემი აზრით, „წითელი ხაზი" ის იქნება ,,თუ მაგალითად, ცესკოს დასკვნა ეგზიტპოლების შედეგებს არ დაემთხვა და ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გარკვეული დარღვევები იქნება, რომელიც შესაძლებელია ადმინისტრაციული რესურსების სხვადასხვა გზით გამოყენებას უკავშირდებოდეს. ანუ, „ოცნების" აქტივისტების კონცენტრაცია, ასევე, თუ კამერებმა სადმე ბიულეტენების ჩაყრა დააფიქსირა, ან სხვა მსგავსი მოვლენები და პლიუს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაც თუ უარყოფითი იქნება, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციები დაიწყოს. 2003 წელს ვარდების რევოლუცია იმიტომ, მოხდა, რომ ეგზიტპოლების შედეგები ცესკოს შედეგებს არ დაემთხვა და პლიუს ბევრ შემთხვევაში „მოქალაქეთა კავშირის" სასარგებლოდ ბიულეტინების ჩაყრა დაფიქსირდა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც განაცხადეს, რომ არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. იმედია ამ შემთხვევაში ეს არ მოხდება და იმედია, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას თავისი სტაბილური ელექტორატი ჰყავს და ასე მგონია, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, იმედია საქმე იქამდე არ მივა, რომ ამისი საფუძველი შეიქმნას, თუმცა სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით მოსახლეობის 50%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, არსებობს იმისი ვარაუდი, რომ ბევრი ადამიანი ქუჩაში გავიდეს და გააპროტესტოს", - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ხელისუფლება "კრიმინალურ ოპოზიციას" რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში ადანაშაულებს

“აპირებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას? - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რადიკალური ნაბიჯებისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და მაგალითად კომპანია "აიპიემის" დაკვეთით ჩატარებული კვლევა მოიყვანა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელისუფლება "კრიმინალურ ოპოზიციას" რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში ადანაშაულებს / “რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს” - ირაკლი კობახიძე

“ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის, "აიპიემისთვის" დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხი - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს. ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, "აიპიემის" წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კობახიძე ამბობს, რომ ეს იგივე კომპანიაა, რომელიც "სართაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" IRI-ს უტარებს კვლევებს და ამაზე მათთან არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, რომ პარტნიორმა კომპანიამ ხელშეკრულებას გადახედოს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ამ თემაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. კობახიძის მტკიცებით, შტაბის ამოცანა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. “ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი. გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება", - თქვა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, ხელისუფლება არავის და მოთუმეტეს "კრიმინალურ ოპოზიციას" დესტრუქციული ქმედებების საშუალებას არ მისცემს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები არასერიოზულია და ის მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის დასაშინებლად არის გაკეთებული. დეკანოიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ხმას საკუთარი ამომრჩეველი აღარ აძლევს, ამიტომაც მოტივაციისთვის ძველ ნაცად ხერხებს მიმართავენ. სიმართლე გითხრათ, კობახიძის განცხადებები სრულიად არ არის საინტერესო და აღარც არავის სჯერა. ასევე, პარტიის შტაბებშიც კი ირონიულად უყურებენ. საკუთარი კოორდინატორები აღარ აძლევენ ხმას და ამიტომ ათას სისულელეს იგონებენ. წლებია რომ შიდა პოლიტიკურ შუღლზე საუბრებენ და მომავალზე საუბარი აღარ უნდათ. ესენი ხალხს აღარ ესაუბრებიან. მხოლოდ საკუთარ ბატონს ემსახურებიან. 31 ოქტომბერს ერთად უნდა მივიდეთ და ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ მთელი რიგი განცხადებები გვახსოვს. საბურავების შეგროვებიდან, როცა ჭიკაიძემ ზღაპრები მოიგონა. ზუგდიდში, ბათუმში და სხვა რეგიონებშიც ყველა შტაბები მუშაობს, რომ ივანიშვილმა არჩევნები არ გააყალბოს. იმაზეც კი არა აქვთ პასუხი 8 წლის განმავლობაში რა გააკეთეს. დიახ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ხმები დავიცვათ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის, არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. ყველა ქვეყნის განვითარებაში უნდა ვიყოთ ჩართულები. ვერანაირი დაშინება და მუქარა ჩვენს მიზნებს ვერ შეგვაცვლევინებს“, - ამბობს ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ, როგორც ჩანს, „ოცნება“ ბოლო დროს ანერვიულებულია. ნახეს კვლევები რომ აგებენ და ხალხის შეშინება დაიწყეს. მისი თქმით, რესპუბლიკურ მოედანზე მათმა ამომრჩევლის რაოდენობამ შეაშინა. თავად ხელისუფლებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ ორშაბათს „ოცნება“ "ლოქდაუნს" გამოაცხადებს. მეორე ტურები დაინიშნება და ამის შიში აქვთ. „ოცნებას“ „ევროპელების“ და "ნაციონალების" ეშინია, რადგანაც პოლიტიკურ "ლოქდაუნს" ვუპირებთ. შაბათს ჩვენი მოსახლეობა განაჩენს გამოუტანს. ეს განცხადება კობახიძემ საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანებისთვის გააკეთა. ესაა ჩვეულებრი ნარატივი და მათი წინასაარჩევნო არსენალი ამოწურულია. ისევ ძველ კარტებს იყენებენ, რომელიც უკვე გაჭრილია. კობახიძის საუბარი ისეთი ბოდვაა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი. "ევროპული საქართველოს" იმაში დადანაშაულება, რომ ამბოხების კუთხით ხალხის აზრს ვიკვლევთ, ბოდვაა. კობახიძის ლაპარაკს რომ აზრი არა აქვს, დიდი ხანია ვიცით. ესაა ხალხის შეშინება. არ არსებობს იმის არანაირი შანსი, რომ "ოცნებას" 40 პროცენტი ჰქონდეს, მათ აქვთ 28 და 29 პროცენტი. ხვდებიან ამდენს ვერ იღებენ და ადამიანებს აშინებენ. შიშზე უნდათ რომ დაიყვანონ, ეს პრიმიტიული კამპანია არ მუშაობს“,-ამბობს კაპანაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით