ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას

წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, არჩევნებამდე რამოდენიმე დღეა დარჩენილი. სულ მალე დასრულდება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიები და არჩევნების წინა დღისთვის განსაზღვრული დუმლის დღეც დადგება.

როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? სავარაუდოდ, რით განსხვავდება წლევანდელი არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან?

- წლევანდელი ერთი რამით უთუოდ ჰგავს 2016 წლის არჩევნებს. ახლაც და მაშინაც „ოცნებას“ გარანტირებული ჰქონდა ერთგვარი უპირატესობა და ოპოზიციური სპექტრიც ასეთივე ფრაგმენტირებული იყო.

თუმცა განსხვავებაც ნათელია: წელს ოპოზიციის მდგომარეობა შედარებით უკეთესი ჩანს, „ოცნებისა“ შედარებით უარესი.

ეს უკანასკნელი ამჯერად უფრო მეტად არის დამოკიდებული ადმინისტრაციულ რესურსზე და უფრო ნაკლებად - თავისი მომხრეების ენთუზიაზმზე. თუმცა მომხრეებს შორის დღესაც ძლიერია იმათი გავლენა, ვისთვისაც “ნაციონალების” მართვის სტილი კატეგორიულად არის მიუღებელი.

და მაინც, ეს ცვლილებები არ არის ისეთი დიდი, თუ რაიმე დამატებითი ფაქტორები არ გამჟღავნდა, მკვეთრ ცვლილებებს ველოდეთ. ისევე როგორც 2016 წელს, ახლაც არ ჩანს ძალა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ პანორამას შეცვლიდა.

როგორც 2016 წელს, ახლაც არ ჩანს ძალა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ პანორამას შეცვლიდა

- ორი თვის წინ საარჩევნო თემებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ასეთი მოსაზრება გამოთქვით - „არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას“.

ახლაც ამ აზრზე ხართ? თუ კი რატომ? და თუ არა, სავარაუდოდ რა გახდა აზრის შეცვლის მიზეზი?

- სამწუხაროდ, იმავე აზრზე ვარ. აბსტრაქტული „ეროვნულობა“, „დასავლური ორიენტაცია“ თუ „ეკონომიკის განვითარება“ არ არის დიდი სახელმწიფოებრივი იდეა.

დიდი იდეა ნიშნავს ისეთი ეროვნულ პროექტს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ისტორიულ ძალებს გამოაღვიძებს და დაანახებს, რომ დღევანდელი უიმედობიდან და უმწეობიდან თავის დაღწევის კონკრეტული გზა, თურმე, არსებობს და რომ ის მდგომარეობა, რომელშიც 1453 წელს აღმოვჩნდით, როდესაც კონსტანტინოპოლის დაცემამ ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურ ჩიხად აქცია, კონკრეტული პროექტების რიგით და მათი შემკვრელი იდეით არის დაძლევადი.

რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს გააჩნია ის, რასაც დიდი იდეა შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ვერ ფლობენ იმ ტექნოლოგიას, რომლითაც მას ყველა ამომრჩევლის გულამდე და გონებამდე მიიტანენ.

უფრო მეტიც, ოპოზიციამ წესიერად ისიც ვერ გააგებინა ამომრჩეველს, თუ როგორი დარტყმა იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ანაკლიისა და ციფრული ჰაბის პროექტების პარალიზება და მარიხუანას ეკონომიკით მათი ჩანაცვლების მცდელობა.

არადა, სწორედ ეს პროექტები განასახიერებენ გეოპოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევას და ისეთივე მნიშვნელობისა არიან, როგორიც თავის დროზე ნავთობსადენის პროექტი იყო.

ოპოზიციამ წესიერად ისიც ვერ გააგებინა ამომრჩეველს, თუ როგორი დარტყმა იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ანაკლიისა და ციფრული ჰაბის პროექტების პარალიზება და მარიხუანას ეკონომიკით მათი ჩანაცვლების მცდელობა. არადა, სწორედ ეს პროექტები განასახიერებენ გეოპოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევას და ისეთივე მნიშვნელობისა არიან, როგორიც თავის დროზე ნავთობსადენის პროექტი იყო

დიდი სახელმწიფოებრივი იდეა არ ნიშნავს მკაცრად საავტორო პროექტს, როგორც ეს ჩვენში ხშირად ჰგონიათ, რის გამოც წლების განმავლობაში ჩვენი განვითარება ლამის მემკვიდრეობითობის უგულებელყოფით მიმდინარეობდა.

შორს რომ არ წავიდეთ, დღეს, ყარაბახში მიმდინარე მოვლენების ფონზე აღმოჩნდა, რომ, თურმე, ჩვენი რეგიონალური პოლიტიკაც ასეთივე აბსტრაქტულ და რეალური შედეგების არმქონე პრინციპებს ეყრდნობოდა.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ჩუმად არიან, როგორც ჩანს, იმის შიშით, რომ აზრბაიჯანელი ან სომეხი ამომრჩეველი არ დაკარგონ. არადა, ესაა მომენტი, როდესაც საქართველოს ომთან დაკავშირებით თავისი რეგიონალური როლი საჯაროდ იმით უნდა დაედასტურებინა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმად შეეთავაზებინა თავი.

მხოლოდ საწყის ეტაპზე ითქვა რაღაც და ისიც ლამის შეუმჩნევლად. არა მაქვს ილუზია, თითქოს კონფლიქტის მოგვარებაში რაიმე მნიშვნელოვან როლს შევასრულებდით. მხედველობაში ის მაქვს, რომ ამგვარი სიჩუმით საკუთარი თავი თავადვე ჩავიყენეთ უმნიშვნელო რეგიონალური მოთამაშის როლში.

უსამართლო ვიქნები, თუ კონცეპტუალურ სიღატაკეს ყველას დავაბრალებ. რამდენიმე საინტერესო სახელმწიფოებრივი პროექტი იქნა წარმოდგენილი, მაგრამ არ იგრძნობა ის ენერგია და გადამდები ენთუზიაზმი, რომელთა გარეშეც ეს პროექტები ჰაერში იფანტება. დღევანდელი აქტორები თითქოს ცდილობენ ამის ჩვენებას, მაგრამ ისეთი აკადემიური და პრ-ის სახელმძღვანელოებში ამოკითხული ფორმებით, რომ შედეგი ძალზე მცირეა.

რამდენიმე საინტერესო სახელმწიფოებრივი პროექტი იქნა წარმოდგენილი, მაგრამ არ იგრძნობა ის ენერგია და გადამდები ენთუზიაზმი, რომელთა გარეშეც ეს პროექტები ჰაერში იფანტება. დღევანდელი აქტორები თითქოს ცდილობენ ამის ჩვენებას, მაგრამ ისეთი აკადემიური და პრ-ის სახელმძღვანელოებში ამოკითხული ფორმებით, რომ შედეგი ძალზე მცირეა

ყველაფერ ამას „გაცვეთილი სახეების“ პრობლემაც დაუმატეთ. ცხადია, ახალი აქტორებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, გონიერი ადამიანებიც, მაგრამ ისინიც, ჯერჯერობით მაინც, ძველი პარადიგმების ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა არჩევნებში იმავე განწყობით მიდის, როგორითაც გულობრყვილო კაცი ლატარეის ბილეთს ყიდულობს და თავადაც ვერ გრძნობს, რომ ამ ბილეთით ის მხოლოდ ილუზიებსა და ცრუ იმედებში ყოფნას იხანგძლივებს.

პოლიტიკური იდეების ბრძოლის ნაცვლად ისევ და ისევ ვხედავთ ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებს, რომელსაც ერთადერთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს - საინფორმაციო ქაოსი, რომელშიც იკარება რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებული.

ხდება ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის დისკრედიტაცია. ოპონენტები ერთმანეთს აბრალებენ პრორუსულობას და ნებით თუ უნებლიედ, ამგვარი ქაოსის შექმნითა და ყოველგვარი დიალოგისა და თანამშროლობის სივრცის მოშლით სწორედ რუსულ ინტერესებს ემსახურებიან.

ორივე მხრიდან აპოკალიფტური და კვაზირევოლუციური განწყობების შექმნის მცდელობები განუვითარებელი დემოკრატიის პირობებში ხელისუფლების ავტორიტარიზმს ფსიქოლოგიურად რომ ამართლებს, ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

ამას დაუმატეთ საფეოდალოებად დაყოფილი პოლიტიკური სპექტრი. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის იმედის მომგვრელი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიტიკაში ბევრი გონიერი და გამოცდილი ადამიანია, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი.

- როგორ შეაფასებდით დაპირისპირებული მხარეების მიერ წარმოებულ პიარ-კამპანიებს, ერთმანეთის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომებს და თქვენი აზრით, ამ ომში ვის უფრო აქვს უპირატესობა?

- როდესაც რიგითი მოქალაქე ასეთი პასიური რჩება მთელი ამ პიარ-კომპანიის მიმართ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე მოგებულია. ერთადერთი, რისი მიღწევას შეუძლიათ, საკუთარი ერთგული მომხრეების მობილიზებაა და ესეც ძნელი იქნება პანდემიის გამო.

უნდა ვაღიარო, რომ ამ თვალსაზრისით “ნაცმოძრაობა” უფრო ენერგიულად მუშაობს და, როგორც ჩანს, თავისი მომხრეების მაღალი ხარისხით მობილიზებას შეძლებენ. თუმცა, ეს მაინც შეზღუდული რესურსია.

როდესაც რიგითი მოქალაქე ასეთი პასიური რჩება მთელი ამ პრ-კომპანიის მიმართ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხარე მოგებულია… უნდა ვაღიარო, რომ ამ თვალსაზრისით ნაცმოძრაობა უფრო ენერგიულად მუშაობს და, როგორც ჩანს, თავისი მომხრეების მაღალი ხარისხით მობილიზებას შეძლებენ. თუმცა, ეს მაინც შეზღუდული რესურსია

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომებისა თუ კამპანიების მწარმოებელი მედიასაშუალებები ხშირ შემთხვევაში „შიშების“ წყაროები არიან ხოლმე.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ხალხის დაშინებას ხან პანდემიით, ხანაც „სააკაშვილის დაბრუნების“ შიშით ცდილობს. ჩვენს საზოგადოებას რისი შიში უფრო აქვს - პანდემიის, „მიშას დაბრუნების“ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის?

- სამივე ფაქტორი მუშაობს, მაგრამ ამ „მუშაობის“ ეფექტი ძალზე მცირეა.

უნდა გავიმეორო ადრე ნათქვამი - ერთი პოლიტიკური აქტორი მაინც რომ გამოჩენილიყო თავისი იდეით, ენერგიითა და ქარიზმით, მთელ პოლიტიკურ სპექტრს გამოაცოცხლებდა, რაღაც სხვა საზრისს შეძენდა მიმდინარე მოვლენებს.

ერთი პოლიტიკური აქტორი მაინც რომ გამოჩენილიყო თავისი იდეით, ენერგიითა და ქარიზმით, მთელ პოლიტიკურ სპექტრს გამოაცოცხლებდა და რაღაც სხვა საზრისს შეძენდა მიმდინარე მოვლენებს

- დაახლოებით თვენახევრის წინ ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ინტერვიუში განაცხადა - „ახლა საზოგადოება იმ დონეზე მაინცაა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთობლივად ვეღარ შეძლებენ შუის გაკრეფას.“

რაც ჩვენში ჩატარებული არჩევნები მახსენდება, ამომრჩეველი სულ იყო ძლიერი პოლიტიკური ძალების მანიპულაციის სუბიექტი. ახლაც ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. თანაც ვხედავთ, რომ მანიპულაციის ტექნოლოგიები ისეა დახვეწილი, მტყუან-მართლის გარჩევა მარტივი სულაც არაა.

რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ ამჯერად სააკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეძლებენ შუის გაკრეფას? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციურ ძალებს ჯამურად პარლამენტში მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“?

- უნდა დავეთანხმო ვახტანგს. “შუას გაკრეფის” სტრატეგია ცრუ იმედებს ეყრდნობა. მტრებს შეიძლება მოერიო, მაგრამ შუას ვერ გაანადგურებ, რადგან სწორედ ის განასახიერებს მეტ-ნაკლებად თავისუფალი უბრალო ადამიანის ფხიზელ და ეჭვიან მზერას.

ჩვენი პოლიტიკოსები კვლავ და კვლავ 2003 და 2012 წლების მეთოდებითა და რიტორიკით ცდილობენ წარმატების მოპოვებას კვაზირევოლუციური ვითარების შექმნით. სწორედ ამ დროს მრავლდება „შუა“. ეს უკანასკნელი ანგარიშიანია, ფხიზელია და ეჭვიანი.

ჩვენი პოლიტიკოსები კვლავ და კვლავ 2003 და 2012 წლების მეთოდებითა და რიტორიკით ცდილობენ წარმატების მოპოვებას კვაზირევოლუციური ვითარების შექმნით. სწორედ ამ დროს მრავლდება „შუა“. ეს უკანასკნელი ანგარიშიანია, ფხიზელია და ეჭვიანი

ასეთი პოლიტიკური შუას არსებობა ქვეყნისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც საშუალო ფენისა. მეტსაც ვიტყვი - პოლიტიკური წონასწორობის იდეის მატარებელი ადამიანების არსებობა სწორედ რომ საშუალო ფენის არსებობაზეა მიმანიშნებელი. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი თითქოს კვლავ 90-იანი წლების დაბნეულ, გულუბრყვილო და ემოციურ მოქალაქეს მიმართავს.

დამოუკიდებლობის წლებში ერთი უცნაური სიმბიოზი ჩამოყალიბდა. აქტიური, ემოციური და გულუბრყვილო მოქალაქე ქმნის ხელისუფლებას, რომელსაც, თავის მხრივ, თავისი მმართველობის გასახანგძლივებლად სწორედ ასეთი მოქალაქე სჭირდება.

დამოუკიდებლობის წლებში ერთი უცნაური სიმბიოზი ჩამოყალიბდა. აქტიური, ემოციური და გულუბრყვილო მოქალაქე ქმნის ხელისუფლებას, რომელსაც, თავის მხრივ, თავისი მმართველობის გასახანგრძლივებლად სწორედ ასეთი მოქალაქე სჭირდება

თავის მხრივ, ოპოზიციაც თავისი წარმატების ფორმულად ასეთი მოქალაქეების მობილიზებას მიიჩნევს. შესაბამისად, ვიღებთ ვითარებას, როდესაც პოლიტიკური სპექტრი არათუ ხელს არ უწყობს ჩვენს საზოგადოებრივ განვითარებას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას.

არადა, საზოგადოება ვითარდება და თანდათან კონფლიქტში ექცევა თავის პოლიტიკურ კლასთან. დღეს ეს ძალზე ნათლად ჩანს.

საზოგადოება ვითარდება და თანდათან კონფლიქტში ექცევა თავის პოლიტიკურ კლასთან. დღეს ეს ძალზე ნათლად ჩანს

- „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ყველაზე მეტად ადანაშაულებენ ერთმანეთს იმაში, რომ რუსეთზე არიან დამოკიდებული. არგუმენტებითუ „უტყუარი ფაქტები“ არც ერთ მხარეს არ აკლია.

რა თქმა უნდა, ამ თემაზე ყველას თავისი აზრი აქვს, არც მე ვარ გამონაკლისი თუნდაც იმიტომ რომ ამ თემაზე ორივეს მიმართ საკმაოდ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია დაგროვილი.

რადგან ქართულ პოლიტიკაში რუსული თემა აქტუალურად რჩება, მე კითხვას ასე დავსვამდი - კრემლში რა უფრო გაუხარდებათ - ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა, თუ საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება?

- ამ არჩევნებზე რუსეთის ჩარევა კვლავ გაგრძელდება, თუმცა კი მოსკოვში ახლა ნაკლებად სცალიათ ჩვენთვის. ყარაბახის ახალმა ომმა, რომლის გაჩაღებასაც კრემლმაც შეუწყო ხელი, რეალურ შედეგად ის მოიტანა, რომ კრემლმა დაუშვა სამხრეთ კავკასიაში - ტრადიციულად მისი გავლენის რეგიონში - თურქეთის ფაქტორის გაძლიერება. რაც მთავარია, ამ ომმა გააქრო მითი რუსული იარაღის ყოვლისშემძლეობის შესახებ.

ამას დაუმატეთ ბელორუსიაში დაშვებული შეცდომა, როდესაც ფერადი რევოლუციის გამარჯვების შიშით უარი თქვეს ოპოზიციის პრორუსი ლიდერების მხარდაჭერაზეც კი და ისევ ლუკაშენკოს დასუსტება და იოლად მართვად ფიგურად ქცევა მოინდომეს. სიტყვამ მოიტანა და, როგორც ჩანს, ახლა იმავეს უპირებენ ფაშინიანს.

ამას კი მოჰყვა ის, რაც ბელორუსიაში ადრე არასოდეს ყოფილა - ანტიპუტინისტურ განწყობებთან ერთად ძლიერდება ანტირუსული განწყობებიც, ყოველ შემთხვევაში, პუტინის მიზნის - ერთიანი რუსულ-ბელორუსული სახელმწიფოს პროექტს არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს.

აღარ გავიხსენებ ხაბაროვსკის გამოსვლებს, სირიასა და ლიბიას, სადაც რუსული ხელისუფლება აშკარად წარუმატებელია, ან კიდევ სავალალო მარცხების რიგს ნავთობისა და გაზის ბაზარზე.

თუ მარცხების ეს რიგი გაგრძელდება, პუტინის „მუხლებიდან წამომდგარი“ რუსეთი გეოპოლიტიკურ საპნის ბუშტის როლში აღმოჩნდება და ამას შედეგები, პირველ რიგში, თავად ქვეყნის შიგნით გამოჩნდება.

როგორც ჩანს, ყარაბახის კონფლიქტი სერიოზულად შეცვლის ჩვენს გეოპოლიტიკურ კონტექსტს. 90-იანი წლების დასაწყისში რუსი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული პარადიგმები ძალას ჰკარგავენ. მიჭირს თქმა, რამდენად მზადაა საამისოდ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით - ხელისუფლება.

ამ უკანასკნელის წინაშე ადრე თუ გვიან დადგება კითხვა - ხომ არ შევდივართ ისეთ ფაზაში, როდესაც მისი უვნებო და კონცეპტუალურად უფერული პოლიტიკა ქვეყნის განვითარებისათვის ხელისშემშლელი აღმოჩნდება?

ხომ არ დგება დრო, როდესაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ჩვენი ტრადიციული დასავლელი პარტნიორები გაიხსენებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტების ჩაგდებას და ამის გათვალისწინებით დაგეგმავენ თავის დამოკიდებულებას დღევანდელი ქართული ხელისუფლების მიმართ?

ხომ არ დგება დრო, როდესაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ჩვენი ტრადიციული დასავლელი პარტნიორები გაიხსენებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტების ჩაგდებას და ამის გათვალისწინებით დაგეგმავენ თავის დამოკიდებულებას დღევანდელი ქართული ხელისუფლების მიმართ?

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ორი წარმატებული არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო წრეებში ძალმე ბევრმა რეალობის გრძნობა დაკარგა და ეჩვენება, რომ შეუმცდარია და რომ ყველას უყვარს.

ის, კაპიტალი, რაც „ოცნებას ამ ორიოდე თვის წინ ჰქონდა პანდემიის ნაკლები მასშტაბებისა და მასთან წარმატებული ბრძოლის გამო, ახლა თვალსა და ხელს შორის იკარგება.

მოკლედ, ყარაბახის ომი პუტინის მიერ საუკუნის დასაწყისში წამოწყებული ახალი „ცივი ომის“ ცხელი ეპოზიდია. 2008 წელს თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ აშშ-ს პოლიტიკა კარგად ფლობს გაჭიანურებული „ცივი ომის“ სტრატეგიას და დღევანდელი პანთურქიზმი დღეს სწორედ ამ სტრატეგიის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა შესაძლო შედეგი უნდა გავთვალოთ.

აშშ-ს პოლიტიკა კარგად ფლობს გაჭიანურებული „ცივი ომის“ სტრატეგიას და დღევანდელი პანთურქიზმი დღეს სწორედ ამ სტრატეგიის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა შესაძლო შედეგი უნდა გავთვალოთ

რუსეთის მიერ სტრატეგიული მოკავშირის მიტოვების პრეცენდენტი ერთგვარ გავლენას ჩვენს არჩევნებზეც მოახდენს და საზოგადოების იმ ნაწილს მნიშვნელოვნად გაანეიტრალებს, ვინც წლების განმავლობაში რუსული „ელფერის“ პოლიტიკურ ძალებს უჭერდა მხარს.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსი სტრატეგოსები აუცილებლად შეეცდებიან სამხრეთ კავკასიაში თავისი მარცხის კომპენსირებას და ამისათვისაც მზად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება იმას, გაუხარდება თუ არა კრემლს „ოცნების“ ხელისუფლების სათავეში დარჩენა, ვიტყოდი, რომ კრემლს ჩვენში ნებისმიერი ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც ხისტი კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება და ვინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში დიალოგის, თანამშრომლობისა და მემკვიდრეობითობის ატმოსფეროს შექმნას.

კრემლს ჩვენში ნებისმიერი ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც ხისტი კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება და ვინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში დიალოგის, თანამშრომლობისა და მემკვიდრეობითობის ატმოსფეროს შექმნას

ასეთი კი მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არ არიან. თითქმის ყველა სხვა ამავე მოდელს იმეორებს. თითქოს „ლელო“ ცდილობდა სხვა მოდელის შემუშავებას, მაგრამ მის მცდლობებს ჯერ მაინც განსაკუთრებულად შედეგიანს ვერ ვუწოდებთ.

- რამდენად იძლევა საზოგადოებაში არსებული განწყობები იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნების შემდეგ პროცესები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს?

- დღეს საზოგადოებაში არ იგრძნობა რევოლუციური მუხტი. მაღალია საპროტესტო განწყობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რევოლუციას. არ ჩანან ის, ასე ვთქვათ, რომანტიკული და მაღალი ნდობის მქონე გმირები, რომლებიც შეძლებდნენ ადამიანებში რევოლუციური ენთუზიაზმის აღძვრას.

დღეს საზოგადოებაში არ იგრძნობა რევოლუციური მუხტი. მაღალია საპროტესტო განწყობა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რევოლუციას. არ ჩანან ის, ასე ვთქვათ, რომანტიკული და მაღალი ნდობის მქონე გმირები, რომლებიც შეძლებდნენ ადამიანებში რევოლუციური ენთუზიაზმის აღძვრას

დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ ერთგვარი სატელევიზიო-ვირტუალური რევოლუცია თუ არის შესაძლებელი. თანაც ჩვენი რიგითი მოქალაქეც გაიზარდა და გულუბრყვილო აღტაცებით აღარ მიჰყვება ლამის ნებისმიერს.

და მაინც, ჩვენს მეზობლად მიმდინარე პროცესები, თუნდაც გარეგნულად მშვიდად ვუცქერდეთ მათ, ჩვენშიც პოვებენ გამოძახილს და ძნელი სათქმელია, თუ როგორ გამჟღავნდება ეს.

მასობრივი პროცესების პროგნოზირება უკიდურესად ძნელი საქმეა.

თუმცა, ვიმეორებ, დღევანდელი გადასახედიდან არაფერი მიანიშნებს ამგვარი პროცესების შესაძლებლობაზე.

რევოლუციურ განწყობას ქვეყნის ჩიხის განცდასთან ერთად ახალი პერსპექტივების, თუნდაც ახალი და იმედისმომცემი აქტორების გამოჩენა ქმნის. ჯერჯერობით ეს არ ჩანს. დღეს უბრალო ადამიანის ყურადღება უფრო პანდემიაზეა გამახვილებული, ვიდრე - პოლიტიკურ პროცესებზე.

- გაქვთ იმის განცდა, რომ მოახლოებული არჩევნები მინიმალური სტანდარტებით მაინც ჩატარდება?

- სტანდარტი, ალბათ, 2016 წლისაზე უარესი არ იქნება, თუმცა არც გაუმჯობესებას ველი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი"

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით