პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და პარტიის საარჩევნო პროგრამის და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს, როგორ მოახერხეთ ახალმა პილიტიკურმა პარტიამ თქვენი გზავნილების მიტანა მოსახლეობამდე?

- წინასაარჩევნო პერიოდში ახალი პარტიები და კვალიფიციური სუბიექტები არათანაბარ პირობებში ვიყავით. იმის გარდა, რომ განსხვავებული იყო ჩვენი ფინანსური რესურსები, ახალ პარტიებს არ გვქონდა იმ შესაძლებლობების მინიმუმიც კი, რაც ჰქონდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის გაგვეცნო ჩვენი იდეები და გეგმები. ჩვენ ვართ ახალგაზრდული პარტია, თანამედროვე მიდგომებით, ამიტომაც შევქმენით უამრავი პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია. ჩვენი პარტიის მიმართ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან იყო დიდი ინტერესი, რომლებიც ცდილობდნენ, გაემეორებინათ ჩვენი სვლები და აგვყვნენ ამ მოცემულობაში, ამას გარდა საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი ძალიან აქტიურად აკვირდებოდნენ აქტივობებს, რომელსაც „რეფორმერი“ ეწეოდა მთელ საარჩევნო პერიოდში. ჩვენ შევძელით სწორი და ეფექტური კომუნიკაცია გვქონოდა მოქალაქეებთან, ამან განაპირობა ჩვენი პარტიის წევრების სწრაფი ზრდა, მეორეს მხრივ, ჩვენ ვქმნით პრეცენდენტებს, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც გაუჩნდეთ სურვილი და მზაობა, რომ შესაძლებელია არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეცვლა, როდესაც საკითხებს უდგები სმარტად და გამოიყენებ იმ ტექნოლოგიებს, რაც დღეს არსებობს. ამას გარდა ჩვენ გვქონდა შეხვედრები მოქალაქეებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„რეფორმერის“ კამპანია თავიდან ბოლომდე დაფუძნებული იყო პოზიტივზე. შეუძლებელია წარმატების მიღწევა და შენება, თუ არ არსებობს პოზიტიური ენერგია და რწმენა ადამიანებში. ჩვენი მიზანია რეალური ცვლილებები, ქვეყანაში ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რაც აუცილებელია ქვეყნის მშენებლობისთვის, დესტრუქციას და ნეგატივს არაფერი მოაქვს. ჩვენ გვინდა შევცვალოთ არსებული ნეგატივი და ის ძალადობა, რასაც მიმართავს პოლტიკური ისტებლიშმენტი, როდესაც ცდილობენ დაგვაჯერონ ის, რაც მათ აძლევთ ხელს, რომ თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა, რომ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და უნდა ვუყუროთ იმას, რასაც ისინი შემოგვთავაზებენ. ეს ასე არ არის და ვერც იქნება. ჩვენ ვართ ამაყი, თავისუფალი ხალხი და ამას არ დავუშვებთ. „რეფორმერი“ ახალგაზრდული პარტიაა და ეს სულისკვეთება ყოველთვის იგრძნობა. ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის - ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამას გრძნობს ყველა. ამ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აუცილებლად შევცვლით.

- როგორი იყო ამომრჩევლის მოლოდინი „რეფორმერის“, როგორც ახალი პარტიის მიმართ და რა იყო თქვენი მთავარი გზავნილები მათთვის, რის შეცვლასაც გეგმავთ პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში?

- ჩვენ მოქალაქეებს გავუჩინეთ რწმენა, რომ შეიცვლება გარემო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მხარდამჭერებს აქვთ ჯანსაღი მოლოდინები. ყველას ესმის, რომ ცვლილებები შესაძლებელია. „რეფორმერი“ არის იდეის და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების პარტია. ჩვენ ვართ მართლები ჩვენს ამომრჩევლებთან, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ შევიძინეთ არა უბრალოდ ამომრჩევლები, არამედ თანამოაზრეები, თანამებრძოლები. საქართველოში წარმოებული ე. წ. წინასაარჩევნო კამპანიები, რაც ვნახეთ სხვა პარტიებისგან: ბანერების გაკვრა ქალაქში, გამოსვლები ტელევიზიებში, რომლებიც ფაქტობრივად მათი კუთვნილებაა, კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა, არ არის საარჩევნო კამპანია, ალბათ, ამიტომაც იყო დიდი ინტერესი ჩვენი კამპანიის მიმართ, რომელიც იყო სრულიად განსხვავებული - როცა მინიმალური რესურსებით შეგიძლია მოიპოვო მოქალაქეების დიდი მხარდაჭერა. კამპანიის ტექნიკების გამოყენება არ ნიშნავს რომ მიაღწევ შედეგს, მნიშვნელოვანია როგორ მიაწვდი მესიჯს ამომრჩეველს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რა ღირებულებებზე დგას პარტია. პოლიტიკოსების უმეტესობა ხალხს აჯერებს, რომ მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნით შეიძლება ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება, რეალურად პოლიტიკა არის ბერკეტი. თუმცა შეგიძლია ქვეყნისთვის საჭირო საქმე ნებისმიერი პოზიციიდან აკეთო. ადამიანები მოდიან პოლიტიკაში და მერე თავის პირად ინტერესებს იცავენ, არავის არ ახსოვს ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესები, ამიტომაცაა რომ წლებია ვუყურებთ პიროვნულ ბატალიებს, დესტრუქციას, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე. ვერ ნახავთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ამ 30 წლის განმავლობაში, რომელშიც პოზიცია და ოპოზიცია ქვეყნის სასიკეთოდ ერთ აზრზე იყოს.

ჩვენ შევქმნით „რეფორმერის“ საბჭოებს სხვადასხვა მიმართულებით. საბჭოები დაეფუძნება ჰოლაკრატიის პრინციპს, სადაც ჩაერთვებიან არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტები, ასევე პროფესიონალები სხვადასხვა სფეროებიდან. ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს, რაც უკვე წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს სამოქმედო პროგრამაში, მეორე მხრივ, ჩვენ შევქმნით საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრებს, რომელიც დაფუძნებული იქნება პირდაპირი დემოკრატიის პრინციპზე. ეს იქნება ეფექტური მექანიზმი, სადაც ადამიანებს რეალურად ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ის რაც არის უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და არასდროს შემოვიფარგლოთ ვიწრო პარტიული ინტერესებით. ქვეყანას ქმნიან ადამიანები, ადამიანების კეთილდღეობა ნიშნავს ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი მთავარი ღირებულება არის, რომ „რეფორმერი“ ყოველთვის იყოს ხალხის და ქვეყნის სამსახურში. ჩვენ დავიწყეთ მომავლის შენება დღეს.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს