ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო გარემოს და 2020 საპარლამენტო არჩევნებში მის შანსებს აფასებს.

- ქალბატონო ანა, თქვენ რამდენიმე თვის წინ მოხვედით პოლიტიკაში და პირდაპირ საარჩევნო ბრძოლაში ჩაერთეთ. ეს თქვენთვის ალბათ სრულიად ახალი გამოწვევაა...

- გეთანხმებით, მე სტატუსით პოლიტიკოსი შეიძლება ამ ასპარეზზე ახალი ვარ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ პოლიტიკა ჩემთვის უცხოა. ჩემი განვლილი გზა და საქმიანობა პირდაპირ იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან. ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძვი, არის ყველაზე აქტიური პოლიტიკა.

საია-ს თავმჯდომარეობის პერიოდში მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვიბრძოდი სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, კორტების საქმეებზე, ვიბრძოდი პატიმრების უფლებებისთვის და ყველა იმ ბიზნესმენისთვის, რომელსაც იძულებით დაათმობინეს ქონება. დამეთანხმებით, ეს ის საქმეებია, რომელმაც საბოლოოდ მართლა შეცვალა ჩვენი პოლიტიკური გარემო.

თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში, ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ქვეყნის ინტერესებთან, მაგალითად, ჯარში შევიტანეთ ქართული პროდუქტი, კადეტთა აკადემიაში დღეს რომ ათობით გოგო სწავლობს, ეს უშუალოდ ჩემი დამსახურებაა და ა.შ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიყავი საპარლამენტო მდივანი და უდიდესი დაპირისპირების მიუხედავად, მოვახერხე ექვსი ვეტოს გატანა, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების და სასამართლო რეფორმის.

იუსტიციის საბჭოში პირდაპირ შევეჯახე სასამართლო კლანს. ვიდრე აქ დავიწყებდი მუშაობას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დადიოდა და ტრაბახობდა, რომ სასამართლო რეფორმის სამი ტალღა წარმატებით განახორციელეს, მაგრამ მე ეს მითი საბოლოოდ დავანგრიე. დღეს ამ თემაზე დანარჩენი პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები რომ საუბრობენ, ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ჩემიცაა და ნამდვილად არ მერიდება ამის ხმამაღლა თქმა.

ეს ყველაფერი ნამდვილად პოლიტიკაა. პოლიტიკის ნაწილია, როდესაც შენი ხელისუფლება დასაღუპად იმეტებს უამრავ ადამიანს და მათ ოჯახებს, იმის გამო, რომ არ აქვს სურვილი დაარეგულიროს აზარტული თამაშები. ამ კლანთან წინ გადადგომა ნამდვილად არაა ადვილი, მაგრამ მე, ჩემ გუნდთან ერთად შევძელი დაპირისპირება და შედეგსაც მივაღწიე.

მხოლოდ ერთი წელი გავიდა, რაც აზარტული თამაშების კამპანია დავაარსე და უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი გამარჯვებები. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ელექტრონული პეტიციისთვის 10 000 მოქალაქის ხელმოწერა შევაგროვეთ და ოთხი კონკრეტული მოთხოვნით მივმართეთ ხელისუფლებას. ჩვენი წნეხის მეშვეობით ამ ბიზნესმა გადაწყვიტა, თავად გაეტანა აზარტული თამაშების გარე რეკლამა ქუჩებიდან. დღეს რომ ვერ ხედავთ რეკლამას გაჩერებებზე, სარეკლამო აბრებზე, ეს სწორედ ამ კამპანიის დამსახურებაა.

სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგია ის, რომ თეთრ ტაქსებზე აღარ არის აზარტული თამაშების რეკლამა და შეჩერდა ხელშეკრულება, რომელიც უკვე დადებული იყო კომპანიებსა და თბილისი მერიას შორის. ჩვენი დამსახურებაა ისიც, რომ საბავშვო კოდექსში ჩაიწერა სპეციალური შეზღუდვა ინტერნეტთან და ტელევიზიასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა თავის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად დაასახელა ბავშვების დაცვა აზარტული თამაშების ზეგავლენისაგან და სპეციალური რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს. იგივე გააკეთეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. და ბოლოს, ჩვენი წნეხის და აქციების შედეგად ჯანდაცვის სამინისტრომ როგორც იქნა გახსნა ცხელი ხაზი ბავშვებისა და მოზარდებისთვის -111. ეს მხოლოდ ერთწლიანი ბრძოლის შედეგია.

აზარტული თამაშების პრობლემა ძალიან მტკივნეულია მთელი ქვეყნისთვის და მე ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას ამ სენის წინააღმდეგ. ისევე როგორც აქამდე ვიბრძოდი, კვლავ ვიბრძოლებ დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, ჩვენი ბებია და ბაბუების ღირსეული სიბერისთვის, გაზრდილი ფასების წინააღმდეგ, აღარ ჩამოვთვლი სხვა ბრძოლებს. დამეთანხმებით, რომ ყველაფერი ეს არის ნამდვილი პოლიტიკა და არა ის, რასაც ჩვენი პოლიტიკოსები უბრალოდ საუბრობენ.

მე ასეთი პოლიტიკის კეთებისათვის გადავწყვიტე ამ ასპარეზზე გადმოსვლა. მე ახალი პოლიტიკის შექმნა მსურს - მინდა საქართველოში პოლიტიკოსები იყვნენ ხალხისთვის და არა ვიწრო ინტერესების დამცველები, რაც დღეს ხდება. ამიტომაც ჰქვია ჩემს მოძრაობას “ხალხისთვის“. რაც შეეხება სირთულეებს, ჩემი განვლილი ცხოვრება ვინც იცის, ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩემთვის წინააღმდეგობის დაძლევა არასდროს ყოფილა რთული და არასდროს დამიხევია უკან.

- და რა არის თქვენი ახალი პოლიტიკა?

- ჩემი აზრით, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეპყრობილია მარადიული მმართველობის იდეით და პოლარიზაციის სურვილით. ამის გამო ჩვენ ვკარგავთ განვითარების ყოველ დღეს, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, ჩვენ გავჩერდით ერთ ადგილზე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოლარიზებულ ქვეყანაში და ეს პოლიტიკური სპექტრი ღუპავს ქვეყნის განვითარებას. არადა ხალხს სულ სხვა პრობლემები აქვთ. მათი ხმა არ ესმის ხელისუფლებას. მართალია მოსახლეობა, რომ ამბობს, პოლიტიკოსებს ხალხი არჩევნების წინ ახსენდებათო.

ნახეთ დღეს რა ხდება, ყველა პოლიტიკოსი გულზე მჯიღს ირტყამს და უამრავ დაპირებას გასცემს. გაივლის არჩევნები და ვის ახსოვს ისინი? ამას მეუბნება უამრავი ადამიანი, რომელსაც დიდუბე-ჩუღურეთში კარდაკარ, ყოველდღე ვხვდები. ამ დროს მე ვამბობ, ვიდრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, ვის მისცეთ ხმა არჩევნებში, გადახედეთ ამ პოლიტიკოსების გაკეთებულ საქმეებს. ეს არის ყველაზე კარგი ლაკმუსი, რისი გამკეთებელია ეს პიროვნება და რისთვის მიდის პარლამენტში.

მე სხვა პოლიტიკოსებისგან განმასხვავებს ჩემი განვლილი გზა და ის ხედვა, რომლითაც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას. ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტში სულ სხვა მუხტს შევიტან და ვიქნები ფლაგმანი ყველა იმ პრობლემის გადაჭრის, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

- თქვენ უკვე გქონდათ პრეზენტაცია და თქვენს ამომრჩეველს წარუდგინეთ ორი ხედვა - ეროვნული დონის და კონკრეტულად თქვენი უბნის - დიდუბე-ჩუღურეთი ეკონომიკურ-კულტურული ეპიცენტრი.

- დიახ მე ამითაც განვსხვავდები ჩემი კონკურენტი და სხვა მაჟორიტარი კანდიდატებისგან. მე მაქვს ორი ხედვა ეროვნული დონის 6 მთავარი გამოწვევა და დიდუბე-ჩუღურეთის განვითარების 10 ნაბიჯი. სხვათა შორის, მე ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემ უბანში, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს პარტიული სია. ამაზე ვხუმრობ ხოლმე - 2020-ში უკანასკნელი მაჟორიტარული არჩევნებია და მე ვიქნები უკანასკნელი სუფთა მაჟორიტარი ამ პარლამენტში, თუ რა თქმა, უნდა ხალხის ნებაც იქნება.

ხშირად ამბობენ, რომ მაჟორიტარი ადგილობრივ პრობლემების გადაჭრაში არ უნდა ჩაერიოს და არ არის მისი პრეპოგატივა. ეს არ არის ბოლომდე სიმართლე. ის პრობლემები, რომელიც დღეს დიდუბე-ჩუღურეთშია, არის მთელი საქართველოს პრობლემა, ამიტომაც ჰქვია - ჩემს ადგილობრივ ხედვას - „ ჩემი უბანი ჩემი ქვეყანაა“. დიახ, პარლამენტარი ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკურ - კულტურულ განვითარებაზე, სამუშაო ადგილებზე, განათლებაზე, სასამართლოს რეფორმაზე, იბრძოლოს სათამაშო ბიზნესის რეგულაციისთვის, სუფთა ჰაერისთვის და მწვანე სივრცეებისთვის, პენსიონერების და ახალგაზრდების ღირსეულ ცხოვრებაზე, ემიგრანტების დაბრუნებაზე და ა.შ. - დამისახელეთ აქედან რომელი საკითხი არ ეხება თითოეულ ჩემ ამომრჩეველს? ყველა იმ საკითხის მოგვარება, რომელზეც ჩემ ხედვებში ვსაუბრობ, საბოლოოდ სწორედ ჩვენს მოქალაქეებზე და მთლიანად ქვეყანაზე ერთიანად აისახება.

ზევით ვისაუბრე ორპოლუსიანობის პრობლემაზე და ამის მაგალითად ერთ ფაქტს დავასახელებ, რომელიც ჩემს ხედვაშია - ესაა - „მწვანე ლიანდაგი“. ვსაუბრობ რკინიგზის გადატანაზე და ახლებურად მოწყობაზე, რომლის ანალოგებიც არის მსოფლიოს ბევრ ქალაქში. ეს პროექტი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, ამისთვის 300 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდები თანხები, რომელიც ჩვენ უნდა დავაბრუნოთ. ამ ხელისუფლებამ ეს, ნამდვილად კარგი პროექტი, ვიღაცის ჯიბრით, გააჩერა, იმიტომ რომ აქვთ ფობიები. და ვინ დაზარალდა ამით? ისევ ჩვენ, ხალხი. ამიტომ მჯერა, რომ უნდა დასრულდეს პოლარიზება, ნაცები, ქოცები და ა.შ. მე ყველა ამომრჩეველს ვესაუბრები თანაბრად. მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პოლიტიკოსმა არ უნდა ჩატეხოს მათთან სასაუბრო ხიდი და არ უნდა იყოს ფობიებით შეპყრობილი, მე ნამდვილად თავისუფალი და ღია ვარ ყველა კარგი წამოწყებისადმი.

- როგორც პოლიტიკოსი, ქვეყნის მთავარ პრობლემად მაინც რომელს დაასახელებდით?

- უმწვავესი და უსერიოზულესი პრობლემა არის ეკონომიკის განუვითარებლობა და ამის შედეგად არსებული სიღარიბე, მაღალი ფასები, სამუშაო ადგილების არ არსებობა. ჩემი პირველი ამოცანა იქნება საქართველოში წარმოების ხელშეწყობა და ამისთვის ინვესტიციების მოზიდვა.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში იყოს წარმოება. შეხედეთ ძალიან პატარა ქვეყნებს, მაგალითად, ფინეთს და ისრაელს, სადაც ზუსტად იმდენივე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც საქართველოში, მაგრამ ისინი გამორჩეულები არ არიან მხოლოდ ტურიზმით. ეს არის დამხმარე რგოლი იმ რეალური პურისთვის, რომელსაც მოგვიტანს წარმოება. წარმოებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიცია. მოდით შევხედოთ რა სიტუაცია შეიქმნა კოვიდის გამო მსოფლიოში. ჩინეთიდან გავიდა 100-ზე მეტი იაპონური საწარმო, ასევე ბევრი ამერიკული და ევროპული წარმოება. და სად წავიდნენ ისინი? არ ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამისთვის, მიუხედავად მოწოდებებისა, მათ შორის ჩემი. მე შემეძლება ჩემი რესურსებით, კონტაქტებით და ენერგიით გავაკეთო ის, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას საინვესტიციო პირობები. მაგალითად, ინვესტიციები ვერ განხორციელდება სასამართლო რეფორმის გარეშე. არ არსებობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოში დღეს, რომელსაც უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს ვიდრე მე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმა. ადამიანი მშვიდად რომ იყოს, როდესაც აქ იყიდის ქარხანას, გააფორმებს კონტრაქტს და ა.შ. მას სჭირდება გამართული, ძლიერი სტრუქტურები, რომელთა მოდერნიზების სრულ გეგმაზეც აქტიურად ვმუშაობ.

- თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტში მოსახვედრად მხოლოდ კარგი ხედვები და გაკეთებული საქმეები არ არის საკმარისი.

- სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კიდევ გვიწევს დემოკრატიული პრინციპებისთვის ბრძოლა და ეს ძალიან კარგად ჩანს არჩევნების პროცესში. ეს არ არის მხოლოდ პროგრამებზე, აქტიურ კამპანიასა თუ გაკეთებულ საქმეებზე დამყარებული არჩევნები. მმართველი გუნდი დღემდე იგონებს სხვადასხვა ფანდებს ხმების მისაკუთრებისთვის, ეს იქნება ამომრჩევლის დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ხალხს ღიად დაელაპარაკოს. მაგალითად, ჩემი კონკურენტი გია ვოლსკი დღემდე ვერ მოვიყვანეთ დებატებზე, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იმიტომ, რომ მას რეალურად არაფერი აქვს სათქმელი.

პირადად ჩემს და ჩემი გუნდის მიმართ 13 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მუდმივად ხდება თვალთვალი დაქირავებული „ასინეთების“ მხრიდან და ვიდეო და ფოტო გადაღება. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ორ ფაქტზეა დაწყებული მოკვლევა, ორჯერ დავიკითხე, გადავეცი მტკიცებულებები, მაგრამ შედეგი არცერთ ფაქტზე არ დამდგარა. დარწმუნებული ვარ არც დადგება, რადგან ისინი ვინც „ეჭვმიტანილები“ არიან „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებენ. ასეთ პირობებში თანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბარი ზედმეტია. ამას ემატება კოვიდპანდემია, რომელსაც ხელისუფლება სათავისოდ იყენებს, ყოველდღე გამოსცემს სხვადასხვა რეგულაციას და ზღუდავს ამომრჩეველთა უფლებებს.

ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, გამოიყენონ პირბადეები და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, რომ ამ ერთ დღეს არ გადავაყოლოთ ქვეყნის განვითარების მომავალი 4 წელი.

- ქალბატონო ანა, მომავალში თქვენ გიხილავთ როგორც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს თუ სამომავლოდ შეიძლება გიხილოთ, როგორც პოლიტიკური პარტია?

- პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ ბევრ პოლიტიკოსს, თუ უბრალოდ ადამიანთა ჯგუფს უბიძგა შეექმნათ პოლიტიკური პარტია, რაც ტექნიკურად არც ისე რთულია. შეხედეთ რამდენი ახალი პარტია დარეგისტრირდა. ეს არის ადამიანთა გაერთიანება, რომელსაც არ აქვს იდეა, მიზანი და ღირებულებები, რის გარშემოც შეიძლება გაერთიანდნენ და იბრძოლონ. ჩემი სურვილია შევქმნა სრულიად განსხვავებული პარტია, რომლის ფუნდამენტი და მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი და იქნება ხალხის პოლიტიკის გამტარებელი. მე ამისთვის შინაგანად მზად ვარ. ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც საერთო ფასეულობები გვაქვს და აქედან ერთ-ერთი მთავარი არის შეუპოვარი და პრინციპული ბრძოლა. ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში. მე მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას აქვს აზრი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ