ლექსო პაპიაშვილი - პროექტი "ევროკავშირი ბიზნესისთვის" აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ბიზნესებს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირებაში დაეხმარება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკომისიისა და ევროპალატის ერთობლივ პროექტში - “ევროკავშირი ბიზნესისთვის” გაიმარჯვა, რომლის ფარგლებში ქართველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ უცხოელ ბიზნეს პარტნიორებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. კონკრეტულად როგორ მოხდება კომპანიების დახმარება პროექტის ფარგლებში, რომელი სექტორებია პრიორიტეტული და რა სამომავლო გეგმები აქვს სავაჭრო პალატას ბიზნესის საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის კუთხით დახმარებისთვის, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე პაპიაშვილი ესაუბრა.

- კონკრეტულად რას გულისხმობს პროექტი “ევროკავშირი ბიზნესისთვის”, რა არის მისი ძირითადი ამოცანა?

-"ევროკავშირი ბიზნესისთვის" ევროკომისიისა და ევროპალატის ერთობლივი პროექტია, რომლის მთავარი ამოცანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირება, ევროპულ კომპანიებთან დაკავშირება და ცოდნის გაზიარება მიზნობრივი ტრენინგების, რეგულარული ორმხრივი ბიზნეს შეხვედრებისა და თვინინგის საშუალებით. კერძოდ, პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კომპანიებს დაეხმარება უშუალოდ დაამყარონ კონტაქტი, გაეცნონ და შეისწავლონ ტექნოლოგიური სიახლეები , უშუალოდ ნახონ და ჩაერთონ სამუშაო პროცესში ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე კოლეგებთან. პროექტში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ბელარუსულ და მოლდოვურ კომპანიებს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 6.5 მილიონი ევროა და თითოეულ მონაწილე ბიზნესს მაქსიმუმ 60 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

- რა ტიპის ბიზნესს შეუძლია პროექტში ჩართვა, იქნება თუ არა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და როდიდან უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა ბიზნესებმა?

- პროექტი აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო კომპანიებზე. უპირატესობა ისეთ კომპანიებს მიენიჭებათ, რომლებიც თავის სფეროში შემდგარი არიან, გამართული საწარმოო პროცესი აქვთ და დახმარება სჭირდებათ შემდგომი განვითარებისთვის. ვადებს რაც შეეხება, სავაჭრო პალატამ, როგორც პროექტის პირველი ეტაპის გამარჯვებულმა, უნდა წარმართოს შემდეგი საგრანტო ეტაპი და აპლიკაციის საფუძველზე შეარჩიოს გამარჯვებული ბიზნეს ასოციაციები, კომპანიები ან კომპანიების გაერთიანებები. მეორე საგრანტო ეტაპისთვის პარტნიორ პალატებთან ერთად ნოემბრიდან დავიწყებთ მუშაობას რაც დასრულდება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებით. საბოლოოდ გამარჯვებულებს სავაჭრო პალატა ევროკომისიასთან და ევროპალატასთან ერთად გამოავლენს. რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, პროექტი 5 სექტორად იყოფა, ესაა ღვინის მიმართულება, ტექსტილის, კრეატიული ინდუსტრიების, ბიოორგანული საკვების და ტურიზმის მიმართულებები. თითოეულ მიმართულებაში 11-12 გამარჯვებული იქნება სხვადასხვა აქტივობების კუთხით, რომლებიც უნდა უკავშირდებოდეს პროექტის სამ ძირითად მიზანს. ესენია, თვინინგის ნაწილი, მეორე - უშუალოდ კომპანიების დაკავშირება ერთმანეთთან, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვა და მესამე - ტრენინგები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

- კონკრეტულად რა პერსპექტივებს ხედავთ ევროკავშირის ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის?

- გვჯერა, რომ გარდა ტრადიციული მიმართულებებისა, მაგალითად როგორიცაა ღვინო, შეგვიძლია მეტი პროგრესი გვქონდეს ევროკავშირის ბაზარზე სერვისების მიწოდების კუთხით. ვგულისხმობ დიზაინერულ მომსახურებას, კინოინდუსტრიის კუთხით მომსახურებებს, ვებ-დიზაინის, თამაშების დიზაინის მომსახურებებს, კრეატიულ სერვისებს, რომლებიც მათ შორის დისტანციურად შეიძლება იქნას შეთავაზებული. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალია და პროექტის ფარგლებშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.

- გარდა აღნიშნული პროექტისა, რა გეგმები აქვს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტს ბიზნესის წახალისების კუთხით ?

- გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი. მათ შორის, ვმუშაობთ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროექტზე, რომელიც ეხება რეგიონებში კომპანიების გაძლიერებას და ექსპორტის პოტენციალს გაზრდას. ასევე, ვმუშაობთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით, რათა დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, განსაკუთრებით არსებული გამოწვევების ფონზე გვინდა მცირე და საშუალო კომპანიებს ხელი შეუწყოთ ელექტრონული კომერციის გავითარებასა და დანერგვაში. ამასთან, კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ არის ახალი არატრადიციული ბაზრების მოძიება. კონცენტრირებული ვართ გალფის ქვეყნებზე კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთზე. ვმუშაობთ ადგილობრივ პალატებთან, ვამყარებთ კავშირებს ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და ვსწავლობთ ადგილობრივ ბაზრებზე არსებულ შესაძლებლობებს.

მარიამ ტიტვინიძე

ინტერპრესნიუსი“

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს