ვიქტორ ყიფიანი - აშშ-ში არჩევნები პრაქტიკულად დასრულდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს - რუსული აგრესიული რევიზიონიზმის საპირწონედ ეფექტიანი მექანიზმები ჯერაც არ არსებობს

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მისი შედეგი საერთაშორისო პოლიტიკაზე, და მათ შორის საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

- ბატონო ვიქტორ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დათვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დასრულებულა, უკვე მაინც შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულად გამორჩეულია ტრამპისა და ბაიდენის მომხრეებს შორის დაპირისპირებისა და ვნებათა ღელვის ხარისხით.

არჩევნების წინა ვითარებამ აშშ-ში და არჩევნებმაც აჩვენა, რომ ქვეყანა მოქალაქეთა მსოფლმხედველობის თვალსაზრისით რეალურადაა ორად გაყოფილი.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით აშშ-ში პოლიტიკური ფერები გაცილებით მეტია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია „დემოკრატების“ მკვეთრად გამოხატულ მემარცხენეობასა და „რესპუბლიკელების“ მემარჯვენეობაზე, რომლებსაც ელექტრორატის ყველაზე მეტი მხარდამჭერები ჰყავთ.

თქვენი დაკვირვებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თუნდაც წინასწარმა შედეგებმა რა აჩვენა?

- აშშ-ს არჩევნების შედეგის უმთავრესი დასკვნა არის ის, რომ გლობალური წესრიგი და ნორმები, რომელთა უმთავრეს განმსაზღვრელებს შორის ამერიკის შეერთებული შტატებია, ძირეულად შეიცვალა და მათი შემობრუნება ჩვენთის ცნობილი ჩარჩოებისა თუ სტერეოტიპებისკენ არ იქნება.

რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, ძირეულად იცვალა ფერი ამომრჩეველსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის ურთიერთობამ, მათ შორის კომუნიკაციამ, ახლებურად განიზომება წარმატება და წარუმატებლობა, გაცილებით მზარდია ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების სიმწვავე და ქვეყნის შიდა პრობლემებზე მეტად კონცენტრირების აუცილებლობა.

შეუძლებელია არ აღინიშნოს ისიც, რომ საკუთრივ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დამკვიდრდა ისეთი „თამაშის წესები“, რომელთა ზოგ შემთხვევაში წესების რაიმე მწყობრ კოდიფიკაციას სულაც არ მოგვაგონებს, ხოლო ამის სანაცვლოდ იმატა და გამრავალფეროვნდა ამომრჩევლის აზრის ფორმირებბაზე ზემოქმედების ფორმები, დაიხვეწა საამისოდ ტექნოლიგიური საშუალებები.

მე იმასაც ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივმა უთანასწორობამ და სოციალური უსამართლობის განცდამ, რაც ზოგადად ჩვენი დროის მახასიათებლად იქცა საარჩევნო დოღის მონაწილეთა პროგრამებს შორის მკვეთრი განსხავევები წაშალა.

საზოგადოებრივმა უთანასწორობამ და სოციალური უსამართლობის განცდამ, რაც ზოგადად ჩვენი დროის მახასიათებლად იქცა საარჩევნო დოღის მონაწილეთა პროგრამებს შორის მკვეთრი განსხავევები წაშალა

მეტიც, მეჩვენება რომ თავად საარჩევნო რიტორიკა არსებითად „სახალხო“ - რასაც ხშირად პოპულიზმს ვეძახით - ელემენტებით გაჯერდა და მათ დანიშნულებად ამომრჩევლის ამწუთიერი განწყობების დაუფლება გახდა, ვიდრე სისტემურ და გრძელვადიან მიზნებზე ფოკუსირება.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მხოლოდ აშშ-ს პოლიტიკური და საარჩევნო პროცესის დამახასიათებელი როდია, არამედ ეს ყოველივე ზოგადად იმ ეპოქას გამოარჩევს, რომელშიც ვცხოვრობთ.

ჩემი აზრით, ეს ტენდენცია კიდევ მრავალი წელი შენარჩუნდება. ამის მტკიცებაში, მათ შორის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები გვეხმარება.

- რომ არა პანდემია, ტრამპის მმართველობა საკმაოდ წარმატებული იყო. გასულ 4 წელიწადში ქვეყანაში 7 მილიონამდე სამუშაო ადგილი გაჩნდა, მან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იმავდროულად ტრანსნაციონალური კომპანიების მფლობელები არიან სხვა ქვეყნებში აშენებული წარმოებების აშშ-ში გადმოტანა მოითხოვა, აქტიურად ებრძოდა ქვეყანაში მიგრანტების შესვლას, განსაკუთრებით სამხეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ღიად დაუპირისპირდა მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის დომინირების სურვილსა და აშშ-თან ეკონომიკურ კონკურენციაში პეკინის პრეფერენციებს.

თუ რატომ შეიძლება დაუჭიროს მხარი ამერიკელებმა ტრამპს, ამ სიის გაგრძელება კიდევ ბევრად გაზრდა შეიძლება, ასევე თუ მის ლოზუგებს გავიხსენებთ, რაც, როგორ ჩანს, რიგით ამერიკელებს მოეწონათ.

მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ბევრი თავისი უცნაურობების მიუხედავად, ტრამპი სხვა „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტებისგან განსხვავებით არა მხოლოდ მემარჯვენე, ანაც ულტრამემარჯვენე განცხადებების მიუხედავად, უფრო „ტრადიციული რესპუბლიკელი“ აღმოჩნდა.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წლებში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობები აშშ-სა და ევროპასა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის. მეტიც, გვახსოვს ტრამპის განცხადებები ნატოს პერსპექტივებზე. თუმცა, ამ საკითხებში ბევრი რამაც გაირკვა.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორ აისახება მსოფლიო პოლიტიკაზე ტრამპის სავარაუდო დამარცხება?

- ყველას კარგად გვახსოვს ლოზუნგი, რომლითაც ბიზნესმენი ტრამპი პოლიტიკაში მოვიდა - „ამერიკა უწინარეს ყოვლისა“. საგარეო პოლიტიკის გადმოსახედიდან, ამ დეკლარირებულმა პრინციპმა ბევრს გაუჩინა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხისტად იზოლაციონისტურ კურსს განავითარებდა. მაგრამ, ეს მოლიდინი არ გამართლდა.

ჩემი შეფასებით, ტრამპი არა იმდენად იზოლაციონისტი, არამედ „უნილატერალისტი“ აღმოჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, მან არჩია გლობალური პრობლემებისადმი ერთპიროვნულად - მისი გაგებით, აშშ-ს ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი - გადაწყვეტის გზების ძიება.

ტრამპი არა იმდენად იზოლაციონისტი, არამედ „უნილატერალისტი“ აღმოჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, მან არჩია გლობალური პრობლემებისადმი ერთპიროვნულად - მისი გაგებით, აშშ-ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი - გადაწყვეტის გზების ძიება

ამ პროცესში, ტრამპი დიდწილად საკუთარ შეფასებებს დაეყრდნო და უარი თქვა ქვეყნის შიგნით კონსულტირებისა და აზრთა შეჯერების მრავალი ათწლეულების სახელმძღვანელო პრინციპებზე.

საგულისხმოა, რომ გლობალური გამოწვევის გადაჭრის მცდელობისას მან საკმაოდ ხშირად არც აშშ-ს მოკავშირეთა და პარტნიორთა აზრის მოკითხვა და პოზიციების შეჯერება მიიჩნია აუცილებელ მოთხოვნად და, არცთუ იშვიათად, ამა თუ იმ საკითხზე მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენა.

ერთი სიტყვით, გლობალურ პოლიტიკაში ტრამპი - მის ძალზე უშუალო, და ისიც ხშირად ცვალებად გარემოცვას თუ არ ჩავთვლით, თავისებურ „მარტოხელა მგლად“ იქცა, რომლის მოქმედებას საკუთარი ინტუიცია და შინაგანი რწმენა განსაზღვრავდა.

გლობალურ პოლიტიკაში ტრამპი მის ძალზე უშუალო, და ისიც ხშირად ცვალებად გარემოცვას თუ არ ჩავთვლით, თავისებურ „მარტოხელა მგლად“ იქცა, რომლის მოქმედებას საკუთარი ინტუიცია და შინაგანი რწმენა განსაზღვრავდა

თუმცა, ზემოაღნიშნული თვისება არ არის ერთადერთი, რითაც პოლიტიკური ტრამპიზმი თავს გვამახსოვრებს. პასუხის თავშივე ბიზნესმენი ტრამპი ვახსენე და ეს შემთვევით არ გამიკეთებია.

საქმე ისაა, რომ პოლიტიკის კეთება მან აგრეთვე ბიზნესის კანონებს დაუქვემდებარა, რამაც მისი ხელწერას ე.წ. „ტრანზაქციური“ ბუნება შესძინა. პრაქტიკულად, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, დონალდ ტრამპი არ ერიდებოდა იმაზე ღიად მსჯელობას, თუ რეალურად რას დაკარგავდა და რას მოიგებდა ქვეყანა კონკრეტული ნაბიჯის შედეგად.

არსებითად, ტრამპმა პოლიტიკის კეთებისას „დანახარჯისა და მოგების“ თანაფარდობის განტოლება პოლიტიკური პროცესის კანონად აქცია და, როგორც უკვე ვახსენე, ამ თანაფარდობაზე საჯარო მსჯელობას არც კი გაურბოდა.

ტრამპმა პოლიტიკის კეთებისას „დანახარჯისა და მოგების“ თანაფარდობის განტოლება პოლიტიკური პროცესის კანონად აქცია და ამ თანაფარდობაზე საჯარო მსჯელობას არც კი გაურბოდა

ხოლო, უფრო ღრმად და თეორიულად თუ შევაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას როგორც შიდა ისე საგარეო საკითხებისადმი, ვფიქრობ რომ მან კიდევ უფრო გააღვივა პოლიტიკური რეალიზმის მიმდინარეობა, ხელი შეუწყო პრობლემატიკაზე მსჯელობის აბსტრაქტულიდან კონკრეტულში გადმონაცვლებას.

მეტიც, - ქვეყნის მართვის საქმეში მან ასევე ღიად და დაუფარავად დაამკვიდრა ეროვნული ეგოთი ნაკარნახევი პრაგმატიზმი, ხოლო საგარეო ასპარეზზე ეროვნული უსაფრთხოებას მიკუთვნებული თემატიკას კონკრეტული ეკონომიკური დატვირთვა შესძინა.

ტრამპიზმზე საუბრისას სიტყვა რომ არ გაგვექცეს, ძალიან მოკლედ მისი ძირითადი დამსახურება ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო - დონალდ ტრამპა შეაჯანჯღარა პოლიტიკური აზრის არაერთი დამკვიდრებული სტერეოტიპი, თუმცა, ამ შეჯანჯღარების კვალდაკვალ ის თუ რამდენად შემოგვთავაზა მან ახალი და გასაგები რეცეპტები, ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია.

დონალდ ტრამპა შეაჯანჯღარა პოლიტიკური აზრის არაერთი დამკვიდრებული სტერეოტიპი, თუმცა, ამ შეჯანჯღარების კვალდაკვალ ის თუ რამდენად შემოგვთავაზა მან ახალი და გასაგები რეცეპტები, ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია

ნებისმიერ შემთვევაში, მყარად მჯერა, რომ მაშინაც თუ ამომჩეველი ტრამპს არ გადაირჩევს, აშშ-ს და, გნებავთ მსოფლიოს, ტრამპის პრეზიდენტობამდე არსებულ ჩარჩოებში დაბრუნება გაუჭირდება, ხოლო ცალკეული ასპექტებისა და ფაქტორების გამო ეს შეუძლებელიც იქნება.

მეტიც, ჩემი შეფასებით, პრეზიდენტ ტრამპის გავლენით მსოფლიო ქსელის გადაწყობა უნივერსალიზმისგან ინტერესთა პრაგმატულ თანხვედრაზე დამყარებული მეტი რეგიონალიზაციისაკენ, აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთოებში სახელმწიფოთა როლის ავტონომიურობის მატებისაკენ, უფრო თვალშისაცემი და ხელშესახები გახდება.

ასეთი ულმობელი ტენდენცია, როგორც რამდენჯერმე საგანგებოდ აღვნიშნე, საქართველოსათვის ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.

- მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, საკამათო არაა რომ ტრამპის მმართველობის პერიოდში საქართველოს აშშ-ს სენატსა და კონგრესში უპირებოდ ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა.

ამასთანავე, ვაშინგტონმა რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაფიო და მკაცრი პოზიციები ჰქონდა, ტრამპი არ მალავდა თავის ლოიალურ დამოკიდებულებას პრეზიდენტ პუტინის მიმართ.

საერთოდ, ცნობილია, რომ მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტები უპირატესად იმას აკეთებენ, რაც თავად მიაჩნიათ სწორად. თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალებას სენატი და კონგრესი მისცემს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ტრამპი კრემლისა და რუსეთის მიმართ უფრო მეტად დამთმობი იქნება? თუ ასე მოხდა, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულებაზე?

- თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნეთ ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებაზე. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ტრამპზე როგორც პოლიტიკოსზე, ცალსახაა, რომ ჩვენი ქვეყანა მადლიერი უნდა იყოს პრეზიდენტი ტრამპისა მეტად კონკრეტული მხარდაჭერის იმ არაერერთი აქტისათვის, რამაც ქართულ-ამერიკული პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავა.

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ტრამპზე როგორც პოლიტიკოსზე, ცალსახაა, რომ ჩვენი ქვეყანა მადლიერი უნდა იყოს პრეზიდენტი ტრამპისა მეტად კონკრეტული მხარდაჭერის იმ არაერერთი აქტისათვის, რამაც ქართულ-ამერიკული პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავა

ამდენად, როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგი, პრეზიდენტი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წვლილი ორი ქვეყნის დაახლოვებაში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიბის მხარდაჭერაში, ისევე როგორც ჩვენთვის სხვა საჭირობოროტო საკითხებსა თუ გამოწვევებთან მიმართებაში გამორჩეული და დასაფასებელია.

აქვე, ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობას რაც შეეხება, ჩემი მოწოდება იქნება შევეშვათ პოლიტიკაში სწორხაზოვანი მიდგომების ძებნას და გადავეჩვიოთ მსჯელობას მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რაც ზედაპირზე ჩანს. ეს მხოლოდ აათმაგებს შეცდომის ალბათობას, ხოლო რეაგირების ადექვატურობას საგრძნობლად აკნინებს.

ამასთანავე, ჩვენ მკითხველს აუცილებლად უნდა შევეხსანოთ, რომ თუნდაც საქართველოს მაგალითზე დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და დახმარებისა, არსებითად ზოგადდასავლური ვექტორი ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა ე.წ. „პოსტსაბჭოური“ სივრცის მიმართ. მეტიც, რუსული აგრესიული რევიზიონიზმის საპირწონედ ჯერაც არ არსებობს სრულად და ბოლომდე ეფექტიანი საპირწონე მექანიზმები.

რუსული აგრესიული რევიზიონიზმის საპირწონედ ჯერაც არ არსებობს სრულად და ბოლომდე ეფექტიანი საპირწონე მექანიზმები

ამ პრობლემატიკაზე მსჯელობა ინტენსიურია დასავლურ ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში და ჩვენი - „აქეთა ნაპირას მყოფთა“ - მოლიდინიც არის რომ უახლოეს დროში ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გაცილებით არსებით და საგნობრივ გადაწყვეტებს შემოგვთავაზებენ.

გადაწყვეტებისკენ მიმავალ გზაზე კი დიდ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის „ბრომანსი“ ჩვულებრივი მოვლენაა და ამან საღი მსჯელობისა და შეფასების უნარი არ უნდა დაგვაკარგინოს.

- რადგან ჯერჯერობით ბაიდენი ლიდერობს, შესაბამისად ხმოსნებიც მას მეტი ჰყავს, როგორც 2016 წელს „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატს ბაიდენს, წელსაც საკმაოდ ბევრმა დაუჭირა მხარი.

ვინც ამერიკულ პოლიტიკას ადევნებს თვალს, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ამერიკული „დემოკრატიული პარტიის“ შესამჩნევი გამემარცხენეობა, მემარცხენე ლოზუნგების სიჭარბე. მეტიც, ბევრი შენიშნავს, რომ ამერიკელი „დემოკრატები“ ევროპელ სოციალ-დემოკრატებს დაემსგავსნენ.

ამის დასტური იყო ისიც, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაიდენმა შეთანხმებას მოაწერა ხელი აშშ-ში სოციალისტური იდეების მქადაგებენ ბერნ სანდერსთან, რომ მისი მხარდამჭერები მას დაუჭერდნენ მხარს.

რა შეიძლება იყოს ამერიკელი ამომრჩევლის გამემარცხენეობის მიზეზი და ის, რომ მათ კანდიდატ ბაიდენს აშშ-ში საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს და დიდი ალბათობით მან გაიმარჯვოს?

- თქვენს შეკითხვაშივე ზუსტადაა ფორმულირებული ის ერთერთი ძირითადი გამოწვევა, რასაც არამარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიო პოლიტიკა განიცდის - იდეოლოგიური მიჯნების მოშლა, მათი გაამორფულობა და სხადასხვა პარტიულ თუ პოლიტიკურ ხაზებს შორის განმასხვავებელი ნიშნების თანდათანობით წაშლა.

საუბრის დასაწყისში ჩვენ თანამედროვე ამომრჩეველში გაბატონებული უსამართლობის განცდა ვახსენეთ, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარმოქმნილი პოლარიზაციისა, გახლეჩისა და უთანაბრობის შედეგია.

საზოგადოების სხვადასხვა შრეებს შორის განხეთქილებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ რეალური რისკები შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სერვისების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. აუცილებლად უნდა ითქვს, რომ არაერეთი ქვეყნის მმართველი კლასი მოდუნდა, დაკარგა დროისა და მომენტის შეგრძნება, რითაც ასევე მომენტალურად ისარგებლეს რადიკალურმა და ექტრემისტულმა ძალებმა.

საზოგადოების სხვადასხვა შრეებს შორის განხეთქილებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ რეალური რისკები შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სერვისების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. აუცილებლად უნდა ითქვს, რომ არაერთი ქვეყნის მმართველი კლასი მოდუნდა, დაკარგა დროისა და მომენტის შეგრძნება, რითაც ასევე მომენტალურად ისარგებლეს რადიკალურმა და ექტრემისტულმა ძალებმა

მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფომ დაკარგა წინამძღოლის ფუნქცია და ცოტაღა დააკლდა მანამ, სანამ საბოლოოდ გადაიქცა აღვირახსნილი პოპულიზმისა და უკონტროლო ემოციების მძევლად.

არაერთ ქვეყანასთან შედარებით, სადაც მმართველთა მხრიდან პასუხად იქცა ასევე სახელმწიფო ნაციონალიზმი და, ზოგან, ავტორიტარიზი, ამ ტენდენციამ შედარებით რბილი გამოხატვა ჰპოვა ამერიკულ დემოკრატიაში.

ეს უჩვეულო შერბილება - დემოკრატიის ტრადიციების დაცვის პირობით - პოლიტიკური ელიტების გამემარცხენეობაში გამოიხატა, რასაც ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობისათვის, იმედგაცრუებულ ელექტორატთან დაახლოვებისათვის უნდა შეეწყო ხელი.

ამდენად, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები საშინაო მოხმარებაზე ორიენტირებული რიტორიკის შესანიშნავ მაგალითად იქცა. ორივე კანდიდატმა, როგორც ტრამპმა ისე ბაიდენმა, გაცილებით მეტად ისაუბრეს უმუშევრებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ თემატიკაზე და გაცილებით ზოგადად საგარეო და უსაფრთხოების პრობლემებზე.

ანუ, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის საარჩევნო რიტორიკა მიმართული იყო სწორედ იქეთკენ, რაზეც გადიოდა თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა. როგორც ამ წუთისათვის იკვეთება, ამომრჩევლთან შედარებით უფრო ახლო მანძილით ბაიდენმა მოახერხა მიახლოვება.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის საარჩევნო რიტორიკა მიმართული იყო სწორედ იქეთკენ, რაზეც გადიოდა თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა. როგორც ამ წუთისათვის იკვეთება, ამომრჩევლთან შედარებით უფრო ახლო მანძილით ბაიდენმა მოახერხა მიახლოვება

- როცა აშშ-ს პრეზიდენტი ობამა იყო, ჩვენ გვახსოვს იმხანად ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი თბილისში, მისი შეიძლება ითქვას, ჩვენი მხარდამჭერი მგზნებარე გამოსვლა პარლამენტში.

ასევე ის, თუ როგორ მხარდაჭერები იყვნენ „დემოკრატების“ წარმომადგენლები სენატსა და კონგრესში. რა გავლენას იქონიებს მსოფლიო პოლიტიკაზე ბაიდენის სავარაუდო გაპრეზიდენტება?

- მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი და ტრამპი განსხავებული პოლიტიკური მანერების ფიგურები არიან, მთელ რიგ საკითხებზე მათი დამოკიდებულება შინაარსობრივად საკმაოდ მიახლოვებულია.

ასე მაგალითად, ჩინეთთან დაკავშირებით ორივე უკომპრომისო ხაზსს ანვითარებდა საარჩვენო კამპანიისას; ასევე იდენტური იყო მათი შეხედულებები ტერორიზმსა და კიბერსაფრთეებზე.

ტრამპისგან განსხავევბით ბაიდენის პრინციპული დეკლარირებული განმასხვავებელი მაინც ისაა, რომ ვიცე პრეზიდენტი მსოფლიო ურთიერთობებში თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატის პრიმატისკენ იხრება.

მაგალითად, რესპუბლიკელი კანდიდატისგან განსხვავებით, დემოკრატების რჩეული ღიად აცხადებს აშშ-თვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლზე, კლიმატის ცვლილებზე პარიზის შეთანხებაში დაბრუნებაზე, ირანზე ბირთვულ პროგრამაზე სამეთვალყურეო მექანიზმში აშშ-ს წევრობის აღდგენაზე, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებაზე ხელახლა მიერთებაში და სხვა.

ასევე გაცილებით უფრო მეგობრული ბაიდენის ტონი აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, როდესაც ამ ურთიერთობის სიმტკიცეს დემოკრატთა ტრანსატლანტიკური ერთობის უმთავრეს ფუნდამენტად მიიჩნევს.

მრავალი მკვლევარის მოლოდინია, აგრეთვე, რომ საერთაშირისო ლიდერებს შორის ურთიერთობებში ბაიდენი უფრო ღირებულებითი მოსაზრებებით იხელმძღვანელებს და, ტრამპისგან განსხვავებით, უფრო „შერჩევითი“ იქნება მსოფლიო ფიგურებთან დამოკიდებულებაში.

მრავალი მკვლევარის მოლოდინია, რომ საერთაშირისო ლიდერებს შორის ურთიერთობებში ბაიდენი უფრო ღირებულებითი მოსაზრებებით იხელმძღვანელებს და, ტრამპისგან განსხვავებით, უფრო „შერჩევითი“ იქნება მსოფლიო ფიგურებთან დამოკიდებულებაში

ესეც ცხადია, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად საქმიანობის ერთერთი კომპონენტი იყო, თუმცა, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს შორის - მიუხედავად ფორმალურად უკიდურესი სიახლოვისა უზარმაზარი პოლიტიკურ-ფუნქციონალური სიშორეა.

ამ შეკითხვაზე შეჯამების მიზნით, მოკლედ ვიტყვი, რომ მიუხედავად ზოგან პრინციპული განსხვავევებისა, არის ასევე პრინციპული მიმართულებები, რომელთა ირგვლივ ტრამპი და ბაიდენი ერთ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სიხშირეზე არიან.

ასე მაგალითად, დემოკრატთა კანდიდატი თანაბრად იზიარებს პოზიციას ნატო-ს ფორმატში ხარჯების სამართლიან განაწილებაზე, იგი ასევე მხარეს უჭერს აშშ-ს გამოსვლას „უსასრულო ომებიდან“.

ნიშანდობლივია, ისიც, რომ ბაიდენის მხრიდან თითქოსდა „უნივერსალური სამყაროსკენ“ მიბრუნების სურვილის მიუხედავად, დემოკრატთა ლიდერი ემხრობა აშშ-ს გეოპოლიტიური ინტერესების ურთიერგამიჯვას ე.წ. პირველადი - „სასიცოცხლო ინტერესების“ - რეგიონებისა და მეორადი, იგივე „პერიფერიული“, რეგიონების მიხედვით.

ბაიდენის მხრიდან თითქოსდა „უნივერსალური სამყაროსკენ“ მიბრუნების სურვილის მიუხედავად, დემოკრატთა ლიდერი ემხრობა აშშ-გეოპოლიტიური ინტერესების ურთიერგამიჯვას ე.წ. პირველადი - „სასიცოცხლო ინტერესების“ - რეგიონებისა და მეორადი, იგივე „პერიფერიული“, რეგიონების მიხედვით

დასკვნითი წინადადებით კი, როოგორც ამ საუბარში ითქვა, არც აშშ-სა და არც მსოფლიოს მიბრუნება მოქმედებისა და შეფასების ძველებური შედარებით ადრინდელი წესებისა და სტანდარტებისკენ უკვე არ იქნება. საერთაშორისო სცენას მყარად იმკვიდრებს რაციოანალიზმის ხანა და, სავარაუდოდ, ეს მისი ბატონობა დროის საგრძნობ პერიოდზე გადაიჭიმება.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ-ში პოლიტიკური განწყობები უკიდურესად პოლარიზებულია.

მეტიც, ბაიდენისა და ტრამპის მხარდამჭერების ღია დაპირისპირება ამერიკის სხვადასხვა შტატების ქუჩებში იმდენად მასშტაბური იყო, ახლა როცა უკვე თითქმის ცნობილია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ბევრი ვარაუდობს, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს.

არასტაბილური ამერიკა რომ პრობლემა იქნება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის, არამედ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის ცხადია. გვახსოვს თუ რა პროცესები მოჰყვა პოლიციელის მიერ აფროამერიკელის მკვლელობას, რამაც აშშ-ში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

იმის გათვალსიწინებით, რომ აშშ-ში პოლიტიკურ ნიადაგზე აზრთა სხვადასხვაობა უკიდურესად პოლარიზებულია, დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი არ გამორიცხავს ქვეყანაში მოქალქებს შორის უკონტროლო დაპირისპირებას, რამაც შესაძლოა ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს.

მესმის, რომ აშშ-ში სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და დამოუკიდებელი არიან, მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამჯერად ამერიკულმა პოლიტიკურმა სისტემამ დიდ გამოწვევას ვერ გაუძლოს?

- იმ მიზეზთა გამო, რაზეც ამ ინტერვიუში ვისაუბრეთ, გარკვეული საპროტესტო მუხტის ალბათობა არსებობს. მისი გაღვივებას ან ჩაცხრობას ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი ამათუიმ კანდიდატმა. ამდენად, პროცესზე პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილებულია ქუჩასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე.

დიახ, ჩვენ მეტად უჩვეულო დროში ვცხოვრობთ, როდესაც გამორიცხული არაფერია. მაგრამ, მე ასევე ვიზიარებ თქვენს შეფასებას, რომ აშშ-ს მყარი დემოკრატიული ტრადიციები, მრავალ სხვა ქვეყანასთან შედარებით გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, შეიარაღებული ძალების ერთგულება კონსტიტუციისადმი და, საერთოდ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ღიაობა და ოდნავი შეუგუებლობაც კი პოლიტიკური დიქტატისა და მართლწესრიგიდან გადახრისადმი, მინიმუმამდე ამცირებს მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარებას.

აშშ-მყარი დემოკრატიული ტრადიციები, მრავალ სხვა ქვეყანასთან შედარებით გამართული სახელმწიფო ინსტიტუტებ მინიმუმამდე ამცირებს მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარებას

სწორი შენიშვნაა ისიც, რომ აშშ განსაკუთრებული ტიპის სახელმწიფოებრივი ფენომენია, რომლის შიდა სტაბულირობას დიდად ეფუძნება ნებისმიერი კონფიგურაციის საერთაშიროსო ურთიერთობათა სისტემაც. ეს მეტად თავისებური გარემოება კი აორმაგებს შიდაამერიკული პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს, მოითხოვს მათგან პასუხისხმგებლობის გამორჩეულად მაღალ სტანდარტს.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომლის ლიდერი მესამე პრეზიდენტი სააკაშვილია, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატს ბაიდენს გულშემატკივრობდნენ. მეტიც, იმასაც ირწმუნებიან, რომ აშშ-ში და ჩვენში მიმდინარე პროცესები შემთხვევით არაა თანხვედრაში.

გითხართ სიმართლე, ამგვარი მტკიცებების მთლად დამაჯერებლად არ მეჩვენება. თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილი არა ის პოლიტიკოსი „ყველა კვერცხები ერთ კალათაში ჩაედო.“

რამდენად სარწმუნოდ ჩათვლიდით მტკიცებას, რომ სააკაშვილისა და მისი თანამოზარეები უფრო „დემოკრატების“ იმედად იყვნენ, ან არიან, ვიდრე „რესპუბლიკელების“?

- თქვენს შეკითხვაშივე არის სწორი პასუხი. მეც, სიმართლე გითხრათ, არ ვემხრობი ამ კონსპიროლოგიურ თეორიებში ჩაღრმავებისა. მიმაჩნია, რომ მსგავს თეორიებს არც საფუძველი აქვთ, და არც ქართული პოლიტიკური კულტურის სწორი გზით განვითარებას უწყობს ხელს.

მეტიც, ყველას მოვუწოვებ რომ შეეშვან ასეთი პოლიტიკური „ლოტოტრონით“ თამაშს. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან, საქართველო სარგებლობს ჩვენი სტატეგიული მოკავშირის მზარდი თანადგომით. მეტიც, რომ არა ეს თანადგომა და მხარდაჭერა, მეეჭვება გაგვეძლო და გაგვევლო იმ ქარტეხილებში, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა და დღემდე მოგვეღწია.

აქვე საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა ყოველთვის მათი ორპარტიული კონსენსუსის შეუვალ საკითხად რჩება, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია.

ამიტომ, სამაგალითო უპასუხისმგებლობად მიმაჩნია საქართველოსთან მიმართებაში ამერიკულ ორპარტიულ მხარდამჭერ მიდგომაში ჩვენი მხრიდან ბზარის შეტანისა და ქართული ვიწროპარტიული „თამაშობების“ ნებისმიერი მცდელობა.

სამაგალითო უპასუხისმგებლობად მიმაჩნია საქართველოსთან მიმართებაში ამერიკულ ორპარტიულ მხარდამჭერ მიდგომაში ჩვენი მხრიდან ბზარის შეტანისა და ქართული ვიწროპარტიული „თამაშობების“ ნებისმიერი მცდელობა

- ვნახეთ, რომ აშშ-ს მედიის უმრავლესობა ტრამპის წინააღმდეგ მუშაობდა, მას მხოლოდ ერთი ტელევიზია ფოქს-ნიუსი უჭერდა მხარს. ასევე ვნახეთ, თუ როგორ აცხადებდნენ არჩევნებში გამარჯვებულად ბაიდენის მხარდამჭერი ტელევიზიები ბაიდენს, ხოლო ტრამპის ტელევიზია, ტარამპს.

ტრამპმა, საერთოდ გაგვაკვირვა იმით, რომ შედეგების საბოლოოდ გამოცხადებამდე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად.

საქართველო პატარა ქვეყანა კია, მაგრამ ჩვენშიც რომ ასე იყო, ახლაც ასეა და მსგავსებებიც რომ საკმაოდ ხელშესახებია, ვხედავთ, და ამას ახლაც ყოველდღე ვადევნებთ თვალს, თუ ხელი ტელევიზორის პულტისკენ წაგვიცდა.

ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ამერიკანისტის ტარატუტას აზრით, რომელიც ახლაც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს, „აშშ-ში ნებისმიერი სახის ჟურნალისტიკა მოკლულია. იგი პარტიული გახდა და შესაბამისად მოკლებულია ობიექტურობას“.

როგორ შეაფასებდით ამერიკაშიცა და ჩვენშიც პოლიტიკურ პროცესებში ტელევიზიების როლს?

- დღეს თუ რამე აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას, ეს მიუკერძოებელი და ობიექტური მედიის ხვედრითი წილის შემცირება, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ზოგან, პარტიულად აფილირებული მედიის გავლენის გაზრდაა. მეტიც, მედიასა და პროპაგანდას შორის რეალურადაა წაშლილი მკაფიო გამყოფი ხაზი.

ეს სამწუხაროა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაფიქრებს ისიც, ეს ტრანსფორმაცია ხომ არ არის პოსტმოდერნისტული საზოგადოებრივი ფორმაციის გარდაუვალი სიმპტომი?

დღეს თუ რამე აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას, ეს მიუკერძოებელი და ობიექტური მედიის ხვედრითი წილის შემცირება, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ზოგან, პარტიულად აფილირებული მედიის გავლენის გაზრდაა. მეტიც, მედიასა და პროპაგანდას შორის რეალურადაა წაშლილი მკაფიო გამყოფი ხაზი

ისევე როგორც მრავალი სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-სოციალური ტექნოლოგია და სიახლე, რაც არ მოგვწობს, ვეწინააღმდეგებით, მაგრამ რასაც მერე თანდათანობით ვეგუებით, ვითვისებთ და შემდგომში უკვე თავად ვიყენებთ?

მიუხედავად ასეთი ახსნა-გამართლებისა, უდავოა, რომ საბაზისო მედია სტანდარტების შენარჩუნება და განმტკიცება საერთ-ეროვნული საზრუნავია. რატომ?

იმიტომ, რომ ეს აუცილებელია არამარტო ამომრჩევლის მხრიდან საღი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ პასუხისმგებელი და ობიექტური მედია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის სიმტკიცის, მისი უსაფრთხოების ერთერთი ქვაკუთხედია.

“ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა