გიორგი ანთაძე - აუცილებელია, ქვეყანამ დღეს არჩევნების შედეგად შექმნილი სიტუაციის ირგვლივ „გამოცდა“ წარმატებით და მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩააბაროს

არჩევნების შემდეგ საქართველოში დამდგარ რეალობაზე, საშინაო პოლიტიკაში აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ჯეოქეისის მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ოპოზიციურმა პარტიებმა არა მარტო უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, რომელშიც მონაწილეობა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა სპექტრმა მიიღო, ხელისუფლებას მოთხოვნები წარუდგინეს - ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, კომისიების სამართლიანად დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისფლება.

ხელისუფლების პასუხი დაახლოებით ასეთია - ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხშია. მეტიც, მათი მტკიცებით, არჩევნების შედეგების გადახედვის საფუძველი არ არსებობს.

მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია მარგინალიზაციისა და დესტრუქციის გზას დაადგა.

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, უკვე ცხადია, რომ არადა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, შემდეგი პარლამენტი მართლაც ერთპარტიული იქნება.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ველზე ჩამოყალიბებულ, თუ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ რეალობას?

- დასაწყისისათვის მინდა ვთქვა, რომ საწყენია, რომ პოლიტიკური პროცესები გარკვეულ ისტორიულ წრეზე წავიდა და მორიგი არჩევნების შედეგად პოლიტიკური ცხოვრება კვლავინდებურად ქუჩისკენ მიილტვის.

სახეზე გვაქვს გარკვეული ჩიხური მდგომარეობა, ერთის მხრივ ხელისუფლების მყარი პოზიციაა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჯამში არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ჩაითვალოს და იგივეს მკაფიოდ და ხაზგასმით ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების დასკვნებიც, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთო-ოდირიც. მაგრამ იქვე დასკვნებში ვკითხულობთ, რომ სახეზეა დარღევები და პრობლემები, რომლებიც შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებენ.

ხელისუფლების მყარი პოზიციაა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჯამში არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ჩაითვალოს და იგივეს მკაფიოდ და ხაზგასმით ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების დასკვნებიც, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთო-ოდირიც. მაგრამ იქვე დასკვნებში ვკითხულობთ, რომ სახეზეა დარღევები და პრობლემები, რომლებიც შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებენ

ამის საპასუხოდ, ოპოზიციის მხრიდან შეტანილი საჩივრების საკმაო ნაწილი დაუკმაყოფილებელი დარჩა. ამ წუთისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი - 4.14%.

შესაბამისად, ვფიქრობ მმართველი პარტია ასეთ ვითარებაში დათმობებზე არ წავა, ვინაიდან წინ სასამართლო პროცესებია საარჩევნო ბიულეტინებთან დაკავშირებულ დავებზეც.

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სამართლებრივად არანაირი რეალური საბაბი არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვის შესატანად არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ასე არ ფიქრობს და პროტესტს გამოხატავს.

მმართველი პარტია ასეთ ვითარებაში დათმობებზე არ წავა... ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სამართლებრივად არანაირი რეალური საბაბი არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვის შესატანად არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ასე არ ფიქრობს და პროტესტს გამოხატავს

- ვითარებაში, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ არ დაუშვებს პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, როცა თუ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არა, არჩევნების შემდეგ დამდგარი რეალობა ხელისუფლება როგორც მინიმუმ, გარკვეულ უხერხულობას უნდა გრძნობდეს თუნდაც იმიტომ, რომ ცესკოს ანგარიშითაც მას არჩევნებში მისულთა 48% მისცა ხმა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმა ამომრჩევლების 52% მისცა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და ყველა პარტიის შედეგი გაცილებით დაბალი იქნებოდა.

ვითარებაში, როცა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილი უნდობლობას უცხადებს ცესკოს, თუ ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გაუგებარია რატომ არ სთავაზობს ხელისუფლება ოპონენტებს თუნდაც ყველა საეჭვო უბნების შედეგების ხელახლა გადათვლას?

- ხაზგასასმელია, რომ აუცილებელია ყველა ის შეკითხვას რაც ბიულეტინებთან დაკავშირებით არსებობს მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი გაეცეს. ამისკენ მოგვიწოდებს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე სადამკვირვებლო მისიებიც და ორგანიზაციები.

ამის გარეშე გაჭირდება პროცესების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება. ნებისმიერ დემოკრატიაში ძალაუფლების წყარო არის ხალხი და მისი არჩევნებზე გამოხატული ნება აუცილებლად უნდა გამოიხატოს საკანონმდებლო ორგანოში. სხვანაირად დემოკრატია ვერ განვითარდება და დავიწყებთ უკან სვლას.

ნებისმიერ დემოკრატიაში ძალაუფლების წყარო არის ხალხი და მისი არჩევნებზე გამოხატული ნება აუცილებლად უნდა გამოიხატოს საკანონმდებლო ორგანოში. სხვანაირად დემოკრატია ვერ განვითარდება და დავიწყებთ უკან სვლას

ასევე ხალხის მხრიდან პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა არსებული დარღვევების მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, პოლიტიკური პროცესების მხოლოდ ქუჩაში გადატანა სერიოზულად გაურთულებს ოპოზიციას დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

ამიტომ, დიდი ალბათობა არის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, მოხდეს პროცესების მარგინალიზაცია, რამაც ამომრჩევლის განწყობების მორიგი ფრუსტრაცია გამოიწვიოს, რისი მოწმეებიც უკვე სამწუხაროდ არა ერთხელ გავხდით ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.

ცხადია არცერთი ქვეყნისთვის არ არის მომგებიანი ერთპარტიული საპარლამენტო ცხოვრება, მითუმეტეს როდესაც საუბარი საპარლამენტო რესპუბლიკას ეხება. ეს როგორც ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, ასევე ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს უარყოფითად.

არცერთი ქვეყნისთვის არ არის მომგებიანი ერთპარტიული საპარლამენტო ცხოვრება, მითუმეტეს როდესაც საუბარი საპარლამენტო რესპუბლიკას ეხება. ეს როგორც ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე, ასევე ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს უარყოფითად

- ოპოზიციის არა ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის და პარალელურად ელოდებიან ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას.

ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას, მაგრამ არც ოპოზიცია აპირებს თავის პოზიციებში კორექტივების შეტანას. ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლებას იმედია აქვს ჩაცხრება საპროტესტო მუხტი, მაგრამ ცხადია რომ ამით ვერანაირად ვერ აღდგება ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ვერც სრულყოფილი პოლიტიკური ცხოვრება და თუ ახალმა პარლამენტმა ახალი მთავრობაც დაამტკიცა, ეს ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გააღმავებს.

იყო მოლოდინი, რომ ოპოზიციაცა და ხელისუფლებაც გააცნობირებდნენ, რომ არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ორივესთვის ტესტი და სერიოზული გამოწვევა იქნებოდა და ორივე შეეცდებოდა ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავლის მოძიებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ რომ ასე არ ხდება.

ოპოზიციამ საპროტესო აქციის ცესკოს შენობასთან გადატანა გადაწყვიტა. მათი მტკიცებით, აქციები ცესკოსთან მანამდე არ შეწყდება, ვიდრე თავმჯდომარე თამარ ჟვანია არ გადადგება, მანამდე კი ცესკო დაიბლოკება.

თქვენი აზრით, შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი სავარაუდოდ რა, ან როგორი შეიძლება იყოს შეიძლება იყოს?

- ძნელია მოვლენების განვითარების დაზუსტებით წინასწარმეტყველება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, როგორი მართალიც და ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს ხელისუფლება მის პოზიციაში, ზოგადად დემოკრატიის ხარისხისათვის ერთპარტიული პარლამენტი და მისი მუშაობის შედეგად ფორმირებული მთავრობა, ვერ იქნება ბოლომდე მაღალი დემოკრატიული სტანდარტის მატარებელი, ვინაიდან ის პოლიტიკური კრიზისის პირობებში ფორმირდება და ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკური წარმომადგენლების თანამონაწილეობის გარეშე ყალიბდება. ამას კარგად უნდა აცნობიერებდეს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც.

როგორი მართალიც და ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, ერთპარტიული პარლამენტი და მის მიერ ფორმირებული მთავრობა, ვერ იქნება მაღალი დემოკრატიული სტანდარტის მატარებელი... ამას კარგად უნდა აცნობიერებდეს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც

სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ბევრჯერ ვიხილეთ, როდესაც ოპოზიცია საერთოდ არ მონაწილეობდა საპარლამენტო საქმიანობაში, რაც რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო და პარლამენტში არსებული ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების უპასუხისმგებლობაზეც მიანიშნებდა.

ამიტომ ჯერ კიდევ გამოვთქვამ იმედს, რომ პროცესები ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები ბოლომდე აცნობიერებენ, თუ რა დევს სასწორზე.

დღეს გართულებული პანდემიური სიტუაციის ფონზე, ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც მას პროცესები მთლიანად ქუჩაში გადააქვს, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინაშეც. ამიტომ ქვეყნისთვის და ყველასათვის კარგი იქნება თუ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის კედლებს დაუბრუნდება.

ქვეყნისთვის და ყველასათვის კარგი იქნება თუ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის კედლებს დაუბრუნდება

- ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენები, მხედველობაში მაქვს ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ასევე აშშ-ში დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები, სულ უფრო აქტუალურს ხდის იმას, თუ რამდენად სტაბილური და მდგრადი ვითარება იქნება საქართველოში.

ახლა როცა ვიცით, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს, სავარაუდოდ მალე აღდგება მთელ ყარაბაღზე ბაქოს იურსიდიქცია, ბევრი პროგნოზირებს იმას, რომ ამ პროცესების შედეგად სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

სავარაუდოდ რა ტიპის ცვლილებებია მოსალოდნელი სამხეთ კავკასიაში თურქეთის მხარდაჭერით ყარაბაღისათვის ბრძოლაში აზერბაიჯანის გამარჯვების ფონზე?

- დასაწყისისათვის, ხაზგასასმელია, რომ ხანგრძლივი კავკასიური მშვიდობა და ზოგადად ძალთა ბალანსი რეგიონში, ისტორიულად, ყოველთვის რამდენიმე უმთავრესი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესებზე იყო დამოკიდებული. დღეს მიმდინარე მოვლენებიც სწორედ ამ მოთამაშეთა რეგიონალური ინტერესების ძალთა ბალანსის ჭრილში უნდა განვიხილოთ.

ნებისმიერი ომი თავისი შინაარსით, ვიღაცისათვის მიუღებელი არსებული მშვიდობის სამხედრო გზით შეცვლის მცდელობაა, რის შედეგადაც მისთვის უფრო მისაღები ახალი მშვიდობა, ახალი რეალობა უნდა შეიქმნას, ამიტომ ცხადი იყო, როდესაც აზერბაიჯანის მხარეს უპირობო მხარდაჭერა გამოუთქვა თურქეთმა, მოვლენები მალე არ დასრულდებოდა და აუცილებლად შეეცდებოდა ბაქო სამხედრო გზით მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვებას და მისთვის სასურველი ახალი რეალობის შექმნას.

როგორც ვნახეთ, აზერბაიჯანი ამისათვის წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ემზადებოდა, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და შესაბამისი მომგებიანი სტრატეგიული გარემოს დადგომის მომენტში აქტიურ ქმედებებზე გადავიდა.

ამ გარემოში იგულისხმება ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც მოსკოვის პაშინიანის ხელისუფლებით უკმაყოფილებაა. სწორედ ამით უნდა ავხსნათ, რომ მოსკოვი უშუალოდ სანამ საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზეა, არ ერევა პროცესებში და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

ამიტომ, ამ ომის შედეგად დამდგარ ახალ რეალობაში ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სომხეთის პრემიერის ნიკოლა პაშინიანის პოლიტიკური მომავალი და სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვექტორი იქნება.

ჯამში, რეგიონალურად როგორც რუსეთი, ისე თურქეთი ნათლად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ სწორედ ისინი არიან რეგიონის მთავარი მოთამაშეები და მათ გარეშე ვერ გადაწყდება ვერცერთი დიდი რეგიონალური საკითხი.

როგორც რუსეთი, ისე თურქეთი ნათლად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ სწორედ ისინი არიან რეგიონის მთავარი მოთამაშეები და მათ გარეშე ვერ გადაწყდება ვერცერთი დიდი რეგიონალური საკითხი

თუ კი მომავალში მოვლენები ერევანში მოსკოვისათვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება, ეს რეგიონალურ კონტექსტში შექმნის სიტუაციას, სადაც დემოკრატიის რეგიონალური ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდება. აღნიშნული სცენარით მოვლენების განვითარება კი, პირდაპირ ნიშნავს ზოგადად დემოკრატიული სამყაროსი და პირველ რიგში დასავლეთის, აშშ და ევროკავშირის გავლენის შემცირებას რეგიონში. მოსკოვისა და ანკარის მხრიდან ტანდემურ რეჟიმში კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობა, ზემოთ აღნიშნული ამოცანის მიღწევასაც შეიძლება ემსახურებოდეს.

დღეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს განხილული.

თუ კი მომავალში მოვლენები ერევანში მოსკოვისათვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება, ეს რეგიონალურ კონტექსტში შექმნის სიტუაცია, რომლის პირობებში რეგიონში შემცირდება დასავლეთის, აშშ და ევროკავშირის გავლენა... დღეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს განხილული

ფართო რეგიონალური დემოკრატიის ხარისხის შემცირებამ, პანდემიისა და სხვა მიზეზებით გაჩენილი პრობლემების ფონზე, ევროპული და დასავლური აქტიორების მხრიდან სკეპტიციზმი რეგიონის მიმართ შეიძლება გაზარდოს, რაც საქართველოს ეროვნული მიზნების რეალიზაციას სერიოზულ დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ასე, რომ მომავალში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო კვლავინდებურად რთული იქნება.

- უკვე ვიცით, რომ აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი იქნება. მართალია, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც თეთრ სახლში ბაიდენის ინაუგურაციამდე იქნება, 14 ნოემბერს თავისი მხარდამჭერების აქციები დაანონსა. არადა, დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

მას შემდეგ რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, ახლა ბევრი იმას იხსენებს, რომ იგი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული სომხეთს ლობირებდა. იხსენებენ იმასაც, თუ რა მგზნებარე სიტყვით გამოვიდა იგი საქართველოს პარლამენტში თბილისში ვიზიტისას.

თქვენი აზრით, რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში დემოკრატ ბაიდენის გაპრეზიდენტება და სავარაუდოდ რა დამოკიდებულება ექნება აშშ-ს პრეზიდენტს სამხეთ კავკასიის რეგიონისა და ამავე რეგიონში არსებული პრობლემების მიმართ?

- აღსანიშნავია, რომ სანამ ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტს დაიკავებს და მისი გუნდის ფორმირებას შეუდგება, საკმაო დრო გავა. იმისათვის, რომ ახალმა გუნდმა, ახალი პრეზიდენტის თაოსნობით გავლენა მოახდინოს საგარეო პოლიტიკურ გარემოზე, ამას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი საგარეო პოლიტიკური ხედვის ფორმირება და ნაბიჯების გადადგმა.

თუმცა, თუ აქამდე მის წარსულს და გაჟღერებულ ხედვებს დავეყრდნობით, მოსალოდნელია რომ აშშ კვლავინდებურად შეეცდება დასავლური სამყაროს ლიდერის პოზიციები დაიბრუნოს და იმ წინააღმდეგობების გადალახვას შეეცადოს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, აშშ-ს, მის დასავლელ პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობებში გაუჩნდა.

ასევე მოსალოდნელია, რომ გადაიხედება არა ერთი გადაწყვეტილება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ხელშეკრულებაში აშშ-ის მონაწილეობისა და როლის შესახებ. თუმცა, საგარეო არენაზე აშშ-ს პოზიციების მნიშვნელოვანი გამყარება არ იქნება იოლი, ვინაიდან აშშ-ის მხრიდან, ბოლო წლებში პასიური საგარეო პოლიტიკის წარმოების შედეგად მსოფლიოს არა ერთ რეგიონში წარმოქმნილი ძალაუფლების ვაკუუმი შევსებულია.

თუმცა, საგარეო არენაზე აშშ-პოზიციების მნიშვნელოვანი გამყარება არ იქნება იოლი, ვინაიდან აშშ-ის მხრიდან, ბოლო წლებში პასიური საგარეო პოლიტიკის წარმოების შედეგად მსოფლიოს არა ერთ რეგიონში წარმოქმნილი ძალაუფლების ვაკუუმი შევსებულია

ამასთან ერთად, პანდემიისა და სხვა გლობალური მოვლენების გამო დღეს საერთაშორისო ურთიერთობების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის წილი ძალიან გაზრდილია, და ხშირად, ასეთ დროს ღირებულებები მეორე პლანზე გადადის და კვლავინდებურად ყველაზე მეტად ძალა ფასობს.

ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის საგარეო ვექტორი პირველ რიგში ჩინეთზე იქნება ორიენტირებული და იმ შეჯიბრებაზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში აქვთ.

ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის საგარეო ვექტორი პირველ რიგში ჩინეთზე იქნება ორიენტირებული და იმ შეჯიბრებაზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში აქვთ

- რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს უშუალოდ საქართველოს?

- რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს რეგიონს, აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავინდებურად მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში განვითარდება.

აშშ საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის მთავარი კონტრიბუტორი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებშიც აუცილებლად იქნება და დარწმუნებული ვარ, რუსეთთან მიმართებაშიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოზიცია ექნება.

აშშ საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის მთავარი კონტრიბუტორი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებშიც აუცილებლად იქნება და დარწმუნებული ვარ, რუსეთთან მიმართებაშიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოზიცია ექნება

ზოგადად კი, როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მიმართ, ცხადია, რომ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენები, აუცილებლად მოითხოვს საქართველოში საგარეო და საშინაო პოლიტიკის მკაფიო გააზრებას, მეტ პრაგმატიზმსა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, რისი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაც, საქართველოს ევოლუციური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა უნდა იყოს.

ამიტომ აუცილებელია, ქვეყანამ დღეს არჩევნების შედეგად შექმნილი სიტუაციის ირგვლივ „გამოცდა“ წარმატებით და მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩააბაროს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის