თორნიკე შარაშენიძე - აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ  გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის

აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ ისინი დაინახავენ, მუდმივი არაფერი არ არის და როცა შენ, უსამართლო ომით ტერიტორიას მიიტაცებ და განახორციელებ ეთნიკურ წმენდას, ესე მარტივად ეს არ ჩაივლის, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, შარაშენიძის შეფასებით, ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმებით საქართველოს უსაფრთხოებისთვის არაფერი არ იცვლება.

„ჩვენი უსაფრთხოებისთვის ბევრი არაფერი არ იცვლება, მაშინ როდესაც თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ბაზა დგას, ხოლო აზერბაიჯანისთვის ის იცვლება, რომ მან ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ ალიევმა კიდევ რამდენიმე ათწლეულით გაიმყარა პოზიციები. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამდენი ხანი აზერბაიჯანის არ იყო, რუსული სამხედროები ჩადგებიან თუ არა, სიმართლე, რომ გითხრათ დიდი კომპრომისი არ არის, იმიტომ, რომ რა ჯობდა მათთვის?! ეს ტერიტორიები დარჩენილიყო სომხეთის ხელში თუ გადასულიყო მათ ხელში და იქ ჩამდგარიყო რუსული სამშვიდობოები?! რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის ამ ეტაპზე ეს ვარიანტი ჯობდა. მაგრამ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ საბოლოო სიტყვა მაინც მას ეთქმის და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ქვეყანა, რომელსაც აქვს სამი სამხედრო ბაზა კავკასიის ტერიტორიაზე, ბუნებრივია მას უფრო მეტი სიტყვა ეთქმოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვას. რუსეთს სომხეთთან აქვს ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი დაიცავს სომხეთს, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ ფარავდა ყარაბაღს და მითუმეტეს ყარაბაღის მომიჯნავე ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასევე ფორმალურად რუსეთს არ „გადაუგდია“ სომხეთი და ფორმალურად არ დაურღვევია ხელშეკრულება. სამწუხაროდ, რუსეთს აქვს შეთანხმება მის მიერ აღიარებულ აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“. ასე მარტივად პარალელის გავლება არ იქნება, მაგრამ ეს პრეცედენტი მოხდა და ეს პრეცედენტი იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ ისინი დაინახავენ, მუდმივი არაფერი არ არის და როცა შენ, უსამართლო ომით ტერიტორიას მიიტაცებ და განახორციელებ ეთნიკურ წმენდას, ესე მარტივად ეს არ ჩაივლის“, - განაცხადა შარაშენიძემ.

გარდა ამისა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები ნიკოლ ფაშინიანის დამხობით და მისი, მოსკოვზე უფრო მეტად ორიენტირებული ძალების ჩანაცვლებით დასრულდება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფლიქტის განმავლობაში მოსკოვსა და ბაქოს შორის კონტაქტი სულ იყო, თუმცა ამავე დროს, ჩემი აზრით, მოსკოვი არ ელოდა აზერბაიჯანისგან ასეთ სწრაფ და დიდ წარმატებას. არ ელოდა მოსკოვი, რომ გამოჩნდებოდა ამდენი დრონი და ეს დრონები გაანადგურებდა ძირითადად რუსულ ტექნიკას, რომელიც იყო სომხეთის და ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებში. კაპიტულაცია მოხდა ნამდვილად, ეს ჯერ სომხეთში წესიერად გადააზრებული შეიძლება არ აქვთ, იქ არიან ახლა შოკში. ეს ყველა ვარიანტში დასრულდება ფაშინიანის დამხობით და ალბათ, ამ ეტაპზე ფაშინიანს შეცვლიან უფრო მეტად მოსკოვზე ორიენტირებულ ძალები“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს