ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2020

კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოვედღიური მაჩვენებელი გაორმაგდა - ინფექციონისტები ლოქდაუნზე ალაპარაკდნენ

ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაანონსებას პროგნოზირებს - პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი

რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლა-გასვლის კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება

* * *

კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოვედღიური მაჩვენებელი გაორმაგდა - ინფექციონისტები ლოქდაუნზე ალაპარაკდნენ

“საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს. გარდაცვლილთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება. თბილისი კვლავ ვირუსის აფეთქების კერად რჩება. გახდა თუ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ხომ არ არის მოსალოდნელი წერტილოვანი შეზღუდვები, არის თუ არა ქვეყანაში საწოლფონდების პრობლემა და გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი - ამის შესახებ “რეზონანსი” ინფექციონისტებს ესაუბრა. ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, რაც საშუალოდ 2-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც ბოლო პერიოდში დღიურად ფიქსირდებოდა. ინფექციონისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ფიქრობენ, რომ მკაცრი შეზღუდვები დროულად უნდა დაწესდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოვედღიური მაჩვენებელი გაორმაგდა - ინფექციონისტები ლოქდაუნზე ალაპარაკდნენ.

“ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველომაც უნდა გამოაცხადოს ლოქდაუნი, რითაც უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას. “ლოქდაუნის” არგამოცხადების პირობებში კი ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს. “პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოქდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოქდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო ლოქოდაუნის მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ასევე იყო და გრძელდება საარჩენო პროცესი და მას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი. ძალიან კარგი, საქართველომ რომ თქვა ლოქდაუნზე უარი და გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის აზრით, “ლოქდაუნით ეს შედარებით იოლად იქნებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა ლოქდაუნი და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოქდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ლოქდაუნის არგამოცხადების პირობებში ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს”, - თვლის ცერცვაძე. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ უკონტროლო გამოსვლებმა და 31 ოქტომბრის არჩევნებმაც განაპირობა კორონავირუსის აფეთქება - სიმართლე გითხრათ, ერთის მხრივ არჩევნებმა და მეორე მხრივ, აბსოლუტურად უკონტროლო გამოსვლები რომ დაიწყო, გარკვეულწილად ამან იმოქმედა. ტელევიზორში ჩანდა, რომ ძალიან ბევრს პირბადე არ ეკეთება, ზოგს მხოლოდ პირზე ეკეთა. ძალიან ახლოს არიან ადამიანები ერთმანეთთან, რომელ სოციალურ დისტანციაზეა საუბარი? კონკრეტულად რამ განაპირობა, ძნელია თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი მიზეზია. იქ რეგულაციების დაცვის საშუალება არ იყო”, - მიიჩნევს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “არ არის გამორიცხული, რომ თუ ერთი იყო დაინფიცირებული, ის გეომეტრიული პროგრესიით სხვასაც დაასნეულებდა”, - დასძენს გამოცემა.

“ერთ ადამიანში დაავადება შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ წარიმართოს და ინფიცირებულმა ზოგადად გადასდოს სხვას, რომელსაც შეიძლება მძიმე ფორმებით დაუფიქსირდეს. რეალურად არ არის გასაკვირი, რომ ამდენი გარდაცვლილი გვყავს. როცა ხდება ინფექციის გადადება, ვირუსი ძლიერდება და ყველა ადამიანს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გადაედოს. ადამიანს რამდენადაც უფრო გაძლიერებული ვირუსი აქვს, უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. გრიპოზული ინფექციისას გაცილებით ბევრი ადამიანი იღუპება, ვისაც გვერდითი დაავადება აქვს. ეს რეკორდული მაჩვენებელი არ არის. ეს დაემთხვა ზუსტად კოვიდ ინფექციას და უფრო კარგად ჩანს, ვის რა დაემართა და როგორ. ძალიან გადატვირთულია კლინიკები, თუმცა, პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება გართულებების თვალსაზრისით, ჯერჯერობით ყველა მიიღებს დახმარებას. მთავარია მთლიანად არ აიკრძალოს ტრანსპორტი. შაბათ-კვირას არაუშავს. საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვები. ქვეყანაში უკვე მძვინვარებს პანდემია, რომელმაც უკვე ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიფრთხილე მაქსიმალურად მოგვეთხოვება. თუ რამეში წაგვადგება წერტილოვანი შეზღუდვები, აუცილებელია და უნდა დაწესდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით კი, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ - „ვირუსის მატება ლოგიკურად მიმდინარეობს. ოქტომბრის დასაწყისიდან მატება დაიწყო. პიკურ სიტუაციასთან ახლოს ვართ. ამიტომ აქტიური დაწყებიდან შემთხვევების მატების პიკი 6-8 კვირაში დგება. არჩევნების შედეგებს ჯერ ვერ დავინახავდით. “გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსია, სხვა მეტი არაფერი. ზედაპირულად საუბრის უფლება არ გვაქვს. ამ დაავადებას არაფერი სამკურნალო საშუალება არ აქვს, მარტო არის რეანიმაცია და ჩვენი იმუნური სისტემა. დაავადება იმიტომაც არის ვერაგი, რომ დაახლოებით 0,6%-დან 1%-მდე ადამიანებს კლავს. ეს ნიშნავს, რომ 1000 დაავადებულიდან დაახლოებით 6-10 ადამიანი იღუპება. ეს დასაშვებ ზღვარს არ ცდება. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ადამიანებისთვის ტრაგედიაა, მაგრამ გლობალურად სტატისტიკით თუ შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მაჩვენებელი 0,9%-ია. ეს არის ამ ვირუსის გარდაცვალების მაჩვენებელი”, - ამბობს კულუმბეგოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ “შემთხვევების რაოდენობა თუ გაიზრდება, ბუნებრივია, ინფექციის გავრცელების შესაწყვეტად მკაცრი ზომა უნდა მივიღოთ, თუნდაც ტრანსპორტის გაჩერება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, რთული სათქმელია, თუ რამ გამოიწვია ვირუსის, ასეთი აფეთქება. “რთული სათქმელია, შესაძლებელია წესები დაცული არ იყო. გადაჭრით მაგას ვერ ვიტყვი. ზოგადად, ისედაც იმატებდა და არჩევნების გარეშეც შეიძლებოდა ასეთ ციფრებზე ავსულიყავით. ამიტომ ცოტა რთულია ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად მობილობის გაზრდა იწვევს რისკების გაზრდასაც. რა თქმა უნდა, თეორიულად ნებისმიერი თავშეყრა, სადაც ვერ ხერხდება წესების დაცვა, ყველა ასეთი ღონისძიება რისკებს შეიცავს”, - აცხადებს გოგინავა და თვლის, რომ “დანარჩენი უნდა შეფასდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაანონსებას პროგნოზირებს - პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი

“აშშ-ის სახელწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ორდღიან ვიზიტს თბილისში, რომლისთვისაც საქართველო განსაკუთრებით ემზადება, ანალიტიკოსები დიდწილად რეგიონის ბოლო პერიოდის იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს უკავშირებენ, რომელიც ყარაბაღის ახალმა ომმა გამოიწვია. კორნელი კაკაჩიას აზრით, ეს ვიზიტი იქნება აშშ-ის მხრიდან რეგიონში თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და სიგნალი სხვა მოთამაშეებისთვის. გია ხუხაშვილი კი არც იმას გამორიცხავს, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსებაც იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაანონსებას პროგნოზირებს - პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი.

“17-18 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ფეისბუქზე” პომპეოს ვიზიტს რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევას უკავშირებს, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის მოულოდნელმა ფინიშმა გამოიწვია. “რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში? საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა. ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებული მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები”, - წერს ანალიტიკოსი, რომლის აზრით, “აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით - საქართველო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით. შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის. იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ...” - წერს ხუხაშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დაგვიანებული იყო, მაგრამ საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკისთვის უაღრესად საჭირო...”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს ვიზიტი დაგვიანებული, მაგრამ უაღრესად საჭიროა. დაგვიანებული იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიას დიდი ყურაღება არ ექცეოდა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო ინერციით მიდიოდა, ვიდრე ის, რომ ახალი ხედვები და ახალი პროექტები განხორციელებულიყო. ამ კუთხით რეგიონი აშშ-სგან განებივრებული დიდად არ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური ძვრების შემდეგ მგონი სახელმწიფო დეპარტამენტშიც მიხვდნენ, რომ საჭიროა სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და სიგნალი სხვა მოთამაშეებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის და თურქეთისთვის და დანარჩენბი მოთამაშეებისთვის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს და ძნელბედობის ჟამს არ მიატოვებს. ეს ვიზიტი ამ მხარდაჭერის გამოხატვაცაა იმიტომ, რომ საქართველოს თავი რაღაცნაირად იზოლირებულდ არ ეგრძნო იმ ცვლილებების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და რაც მთავარია, ამ ცვლილებებში მონაწილე ძირითადი აქტორები არადასავლური აქტორები არიან, დასავლეთი საერთოდ ჩართული არ იყო და ეს ვიზიტი შესაძლოა ამის კომპენსაციად ჩავთვალოთ. ეს ვიზიტი შიდაპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოვლენები რაღაცნაირად ინსტიტუციურ ჩარჩოში გადავიდეს და არჩევნებთან დაკავშირებით მოილაპარაკონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“აქამდეც რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, რადგან ბოლო წუთამდე შეერთებულ შტატებს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია, სულ ბოლო მომენტში გამოიკვეთა ის, რომ ლიდერები დაპატიჟა, მაგრამ დასავლეთი ფაქტიურად უუნარო აღმოჩნდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში რაღაცნაირად ჩართულიყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პომპეოს ვიზიტი ასე ვთქვათ, გედის ბოლო სიმღერასავითაა, იმიტომ, რომ ეს ადმინისტრაცია სავარაუდოდ ძალიან მალე, იანვრიდან შეიცვლება. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური მხარდაჭერაა და სტაბილიზაციის ხელშემწყობი, მაგრამ რეალურად ამ ვიზიტით საქართველოსთვის რა შეიცვლება, ეს უკვე ახალ ადმინისტრაციაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ ეს ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება და აქ იქნება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ის, თუ მის გუნდში ვინ იმუშავებს, იქნება თუ არა ისეთი ხალხი, ვისაც შავიზღვისპირა რეგიონში მუშაობის გარკვეული გამოცდილება ექნება და ზოგადად, ბაიდენის ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონთან და ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცესთან რა აქცენტები ექნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ საქართველო ახალი ამერიკული საგარეო დღის წესრიგში ჩაჯდეს და ამის შემდეგ ალბათ მეტ-ნაკლებად იმ ახალი ურთიერთობების კორნტურები ჩამოყალიბდება. ბაიდენის ადმინისტრაციისგან დიდი მოლოდინია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ევროკავშირში და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ ბაიდენი საქართველოსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს კარგად იცნობს, საგარეო პოლიტიკა მისი ერთ-ერთი საყვარელი სფეროა, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ყურადღებას მიაქცევს, მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. არაა გამორიცხული, რომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციას იმდენი რაღაც აქვს დასალაგებელი და შესაცვლელი, რომ ძნელი სათქმელია საქართველოსა და რეგიონისთვის როგორ მოიცლის. მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი აუცილებლად იქნება და წესით ჩვენმა რეგიონმა უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა იგრძნოს”, - დაასკვნის კაკაჩია.

რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლა-გასვლის კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება

“2022 წლიდან, ტერორისტული თავდასხმების გახშირების გათვალსწინებით, შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი ამოქმედდება. დადგენილება გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ზონაში უვვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რას გულისხმობს ეს ცვლილება კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლა-გასვლის კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება.

“ჩვენ უნდა ავამოქმედოთ შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემა, რომელიც ძალაში 2022 წელს შევა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. როგორც ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, მისი აზრით, შენგენის ზონაში შესვლა- გასვლის ახალი სისტემა სიტუაციას შეამსუბუქებს და საზღვრიდან უკან დაბრუნებულების რაოდენობა შემცირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ მერკელი “ეპიასის” პროგრამის ამუშავებას გულისხმობს, ეს ისედაც დაგეგმილია და რეალურად იმას შეუწყობს, ხელს, რომ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, შეუძლია ევროკავშირის ქვეყანაში წავიდეს, იგი წინასწარ შეიტანს მონაცემებს და თავიდან იქნება არიდებული ის, რომ საზღვრიდან მისი უკან გამობრუნება არ მოხდეს, თუ ეს იგულისხმება, ეს პროგრამა 2021 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. იმის გათვალისწინებით, რომ შენგენის ზონაში გარე საფრთხეების გარდა შიდა საფრთხეებიცაა, მერკელი არა მხოლოდ გარედან მომავალ საფრთხეებზე, არამედ შიდა საფრთხეებისგან თავის არიდების რეფორმებსაც გულისხმობს, თუმცა, უფრო კონკრეტულად ამ კუთხით რა იგეგმება, ეს არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

“როცა კოვიდპანდემია დასრულდება, ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის ქვეყნები რა თქმა უნდა იმ მდგომარეობას შეინარჩუნებენ და მიმოსვლა სტანდარტულად აღდგება. უბრალოდ მოქალაქეებს, რომლებიც გამგზავრებას დააპირებენ, ონლაინ ფორმატში ყველა მონაცემების წინასწარ შევსება მოუწევთ და შედეგ მიიღებს დასტურს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. წესით ამან გარკვეულწილად სიტუაცია უნდა შეამსუბუქოს და ასევე საზღვრიდან უკან მობრუნებულების რაოდენობა ისეთი მაღალი არ უნდა იყოს, როგორც მაგალითად საქართველოს შემთხვევაში აქამდე იყო”, - დასძენს ჩხიკვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა