გაეროს მოსახლეობის ფონდი - კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, მთავრობები მტკიცედ უჭერენ მხარს ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობასა და უფლებებს

მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებები და კერძო სექტორი პოლიტიკურ, ფინანსურ და არამატერიალურ დახმარებას კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზეც აძლიერებენ იმ პროგრამებისთვის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთი წლის წინ ნაირობიში გამართულ ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე, რომელიც მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის 25-ე წლისთავს ეძღვნებოდა (ICPD25), მთელმა მსოფლიომ ერთობლივად აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის დასრულდეს დედათა სიკვდილობის შემთხვევები, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ასევე, დაკმაყოფილდეს კონტრაცეფციის მიმართ არსებული საჭიროებები, აღმოიფხვრას გენდერული ძალადობა და ისეთი საზიანო პრაქტიკები, როგორიცაა ბავშვობის ასაკში ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება. სამიტზე 170 ქვეყნის 8,000-ზე მეტმა დელეგატმა 1,250 ფინანსური და სხვა ვალდებულებები აიღო სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მხარდასაჭერად.

დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ძირითადი დონორი ქვეყნების მთავრობები უკვე მნიშვნელოვან თანხებს გამოჰყოფენ ნაირობიში აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ზოგ შემთხვევაში კი ისინი დაპირებულზე მეტ დახმარებას უზრუნველყოფენ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მათ ურყევად აქვთ აღებული პასუხისმგებლობა ქალთა და გოგონების უფლებების დაცვის მიმართ იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.

„ნაირობიში აღებული ვალდებულებები ახლა უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა, როგორც არასდროს. ჩვენი ამბიციის შემცირების ნაცვლად, კოვიდ-19-მა უფრო მკვეთრად წარმოაჩინა ჩვენი ყურადღება და გადაწყვეტილება. ჩემთვის სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ამდენი ქვეყნის მთავრობა, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორები გაბედულ ნაბიჯებს დგამენ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევის შესანარჩუნებლად, რათა ქალებისა და გოგონებისთვის მიცემული დაპირება შევასრულოთ. ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“, -აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ნატალია კანემიმ.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდში აცხადებენ, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სხვა მხარეები ამ მიზნის მიღწევაში უპრეცედენტო მასშტაბებით ჩაერთნენ. ისინი 8 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მობილიზებას აპირებენ, რათა ნულამდე შემცირდეს დედათა სიკვდილობის ისეთი შემთხვევები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა, ასევე, სრულად იქნას დაკმაყოფილებული ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული საჭიროებები და ბოლომდე აღმოიფხვრას გენდერული ძალადობა და საზიანო პრაქტიკები 2030 წლისთვის. მთავრობებმა, ასევე, განაცხადეს მათი მხრიდან აღებული ძირითადი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის: გაერთიანებული სამეფო 425 მილიონი გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 552 მილიონი აშშ დოლარი) გადაურიცხავს UNFPA-ს, კონტრაცეპტივების მარაგების გაზრდის მიზნით. 2019–დან 2025 წლამდე, ნორვეგია 11 მილიარდ ნორვეგიულ კრონზე მეტს (დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარი) გამოჰყოფს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად, განვითარების და ჰუმანიტარული მიმართულებით. გერმანია 20 მილიონ ევროს (დაახლოებით 23 მილიონი აშშ დოლარი) გადარიცხავს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად, რასაც მოჰყვება 30 მილიონი ევრო (დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარი) UNFPA-ს მხრიდან კოვიდ-19 პანდემიის რეაგირების მიზნით. 29 მილიონი ევრო (დაახლოებით 34 მილიონი აშშ დოლარი) მობილიზდება ევროკავშირის მიერ, მოზარდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისათვის უზრუნველსაყოფად. 100 მილიონი დანიურ კრონს გამოჰყოფს (დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარი) დანია UNFPA–ისთვის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.

2020 წლის სექტემბერში, UNFPA-მ მაღალი დონის კომისია შექმნა სამიტზე ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების უზუნველსაყოფად, კოვიდ-19-ის პანდემიის დროსაც კი. კომისია, რომლის თავმჯდომარეებიც არიან ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯაკაია კიკვეტე და კანადის ყოფილი გენერალური გუბერნატორი მიქაელ ჟანი, რეკომენდაციებს გასცემს, რათა ნაირობიში დაწყებული მუხტით არ განელდეს და უზრუნველყოფილი იქნას ყველა ადამიანის უფლებებისა და არჩევანის დაცვა მთელ მსოფლიოში.

„ჩვენ არასდროს მოვადუნებთ ყურადღებას იმ სამყაროს მიმართ, რომლის საკეთილდღეოდ ვიბრძვით - სამყარო, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“, - დასკვნის სახით განაცხადა დოქტორმა კანემმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა