ყარაბაღის საკითხზე მიღწეული შეთანხმების დეტალები

2020 წლის 9 ნოემბრის შუაღამეს “ყარაბაღის მესამე ომი” დამთავრდა.

რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ბრძოლა შეწყდა, სომხები 1-ელ დეკემბრამდე დაცლიან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1994 წლიდან დაკავებულ აზერბაიჯანულ რაიონებს, რომელთაგან დიდი ნაწილი უკვე ისედაც აზერბაიჯანის არმიის ხელშია.

სომხებს დარჩებათ ვიწრო, 5 კილომეტრის სიგანის, „ლაჩინის კორიდორი“ მთიანი ყარაბაღის (მისი სტატუსი შეთანხმებაში ნახსენები არაა) ჩრდილოეთი ნაწილისა და სომხეთის რესპუბლიკის დასაკავშირებლად. ამ კორიდორის გასწვრივ 5 წლის ვადით დადგება რუსეთის არმიის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი 1960 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით და შესაბამისი სამხედრო ტექნიკით.

რუსეთის არმიის კონტინგენტის ყოფნის ვადა ავტომატურად გაგრძელდება მორიგი 5-წლიანი პერიოდებით, თუკი ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე (ან აზერბაიჯანი, ან სომხეთი, ან რუსეთი) 6 თვით ადრე არ განაცხადებს უარს მისიის გაგრძელებაზე.

მართალია, აფეთქებები, ნგრევა და სისხლისღვრა შეჩერდა, მაგრამ ადამიანური ტრაგედიები კიდევ მრავლად იქნება. აზერბაიჯანს სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს ადრე ოკუპირებული ტერიტორიები ყარაბაღს გარეთ, გაჩნდება მრავალი ლტოლვილი. აზერბაიჯანელები დაბრუნდებიან შუშაში, ყარაბაღის ისტორიულ ცენტრში და ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 ადმინისტრაციულ რაიონში, საიდანაც ისინი განდევნეს 26-28 წლის წინ.

ამ თემაზე უკვე იმდენი დაიწერა, რომ ახლის თქმა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ არის ერთი მუხლი (N9), რომელსაც არაპირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან. მასზეც წერენ, მაგრამ ზოგჯერ, ეს კომენტარები დაზუსტებას მოითხოვს.

აი, ამ მუხლის თარგმანი:

„განიბლოკება რეგიონში არსებული ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირურთიერთობას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა, სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუზღუდავი მოძრაობისათვის. სატრანსპორტო კავშირურთიერთობაზე კონტროლს ახორციელებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] სასაზღვრო სამსახურის ორგანოები.

მხარეების შეთანხმებისამებრ უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც აკავშირებენ ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან“.

რამდენიმე კითხვა მოითხოვს პასუხს, რათა მკითხველმა იცოდეს ის ისტორიული და გეოგრაფიული ფონი, რაზეც არის აგებული ეს მუხლი.

  1. რატომ არსებობს აზერბაიჯანის ექსკლავი - ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკა?

1920 წლის სექტემბერში სომხეთის რესპუბლიკის იმდროინდელმა ხელისუფლებამ, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ მთავრობამ, დაიჯერა, რომ იმავე წლის აგვისტოში სევრში ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების ძალით (იხ. ინტერპრესს­ნიუსი: თვალსაზრისი - „სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი“, 10 აგვისტო 2020) მართლაც შეუძლია თავისი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის გასამმაგება მსოფლიო ომში დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ ვილაიეთების ხარჯზე. სომხეთი შეუდგა ამ ტერიტორიის დაკავებას.

მაგრამ ახალი თურქეთის მშენებელმა ქემალისტებმა (ეს სახელი ეწოდათ მათი ლიდერის, მუსტაფა ქემალის გამო, რომელიც ისტორიაში ქემალ ათათურქის სახელით შევიდა) სამხედრო პასუხი გასცეს ტერიტორიული გაფართოების ზემოხსენებულ მცდელობას. თურქეთის არმიასთან ომში სომხეთი თვენახევარში დამარცხდა და დაკარგა ისიც კი, რაც მას რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობიდან შეიძლებოდა შერჩენოდა, მათ შორის ყარსის ოლქი, სურმალუს მაზრა და ყოფილი ერევნის გუბერნიის სხვა ტერიტორიები.

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1920 წლის ნოემბერში, სულ ორიოდე წლით ადრე შექმნილი სომხეთის რესპუბლიკა უმძიმესი განსაცდელის პირზე დადგა: 2 ნოემბერს ის იძულებული გახდა ალექსანდროპოლში ხელი მოეწერა თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის, რომლის ძალითაც მას რჩებოდა მხოლოდ ერევნის შემოგარენი, მაღალმთიანი სევანის ტბის მიდამოები და მცირეოდენი სხვა ტერიტორია.

იმდროინდელ სომხეთს „მხსნელად“ მოევლინა ბოლშევიკური რუსეთის XI წითელი არმია, რომელსაც იმ დროისათვის უკვე დაპყრობილი ჰქონდა აზერბაიჯანის ტერიტორია და მეთოდურად აღადგენდა მოსკოვის მმართველობას ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, მოხდა მოსკოვისა და ერევნის ინტერესების ერთგვარი დამთხვევა.

1920 წლის 2 ნოემბერს ახალგასაბჭოებულ სომხეთში შეიქმნა დაშნაკებისა და სომეხი კომუნისტებისგან შედგენილი კოალიციური მთავრობა, რომელმაც ბათილად გამოაცხადა წინა მთავრობის მიერ იმავე დღეს ხელმოწერილი ალექსანდროპოლის ხელშეკრულება.

ქემალისტები ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ გაბათილების ამ აქტს, რომ უფრო მძიმე ფრონტი არ ჰქონოდათ დასავლეთით, სადაც საბერძნეთის ბევრად უფრო ძლიერ არმიას ებრძოდნენ. საბჭოთა რუსეთთან ომი ქემალისტებს არ შეეძლოთ. პირიქით, მუსტაფა ქემალს სჭირდებოდა საბჭოთა რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური დახმარება, რაც მიიღო კიდეც.

საკმაოდ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების შემდეგ 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში გაფორმდა ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის სამხრეთ კავკასიის გამიჯვნის თაობაზე. „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად ბათუმი და ბათუმის ოლქი (აჭარა) საქართველოს სსრ-ს დაუმტკიცდა: 1921 წლის მარტის დასაწყისში ბათუმში შესულ თურქულ სამხედრო ნაწილებს უნდა დაეტოვებინათ ქალაქი.

„ყარსის ხელშეკრულება“ სინამდვილეში არის „მოსკოვის ხელშეკ­რულების“ ასლი. ის უვადოდ არის დადებული და ლაპარაკი მისი „100 წლის შემდეგ“ გაუქმების შესახებ არის მტკნარი სიცრუე. ყარსში სერიოზული მოლაპარაკება არ გამართულა: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებს რსფსრ-ის წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ უბრალოდ ხელი მოაწერინეს მზა ტექსტზე. „ყარსის ხელშეკ­რუ­ლება“ თურქეთს ძირითადად სჭირდე­ბოდა სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების განახლების პრევენციისათვის.

ორივე, მოსკოვისა და ყარსის, ხელშეკრულების თანახმად თურქეთი სომხეთს უკან უბრუნებდა საგრძნობ ტერიტორიას, კერძოდ, ქალაქ ალექსანდროპოლს (საბჭოთა პერიოდში -- ლენინაკანი, ამჟამინდელი გიუმრი) და მის რაიონს და იქიდან ნახჭევნის საზღვრამდე მიმავალ რკინიგზის ხაზს მიმდებარე ტერიტორიითურთ.

მაგრამ თურქებმა არ დათმეს სომხეთის რესპუბლიკისაგან დაპყრობილი სურმალუს მაზრა, სადაც მდებარეობს ქ. იღდირი და არარატის მასივი, რადგან მაზრის ტერიტორია უხსნიდა თურქეთს გზას ნახჭევნამდე. ადრე სურმალუს მაზრის ტერიტორია ოსმალეთს არც ეკუთვნოდა: 1828 წლის 22 თებერვლის თურქმანჩაის ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიამ ის ჩამოართვა 1826-1828 წლების ომში დამარცხებულ სპარსეთს.

რუსეთის იმპერიის დროინდელ ერევნის გუბერნიაში შემავალი ნახჭევნის მაზრა და მის ჩრდილოეთით მდებარე შარურ-დარალაგიოზის მაზრის ნაწილი მოსკოვში 1921 წელს გამართული მოლაპარაკების დროს თურქების მოთხოვნით დაექვემდებარა აზერბაიჯანის სსრ-ს „მისი მესამე ქვეყნისათვის გადაცემის უფლების გარეშე“. ეს პირობა მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებში ჩაიწერა და ის დღემდე ძალაშია. ამიტომაც 1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ნახჭევანს სამხედრო მოქმედება არ შეხებია: მისი ხელშეუხებლობის გარანტი იყო თურქეთის რესპუბლიკა.

  1. როგორ შეიქმნა ნახჭევნის საზღვარი თურქეთთან?

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ აზერბაიჯანის სსრ-ს გაუჩნდა ექსკლავი - ნახჭევნის ავტონომიური სსრ (1931 წლამდე მას ეწოდებოდა „ნახჭევნის სსრ, აზერბაიჯანის სსრ-ის პროტექტორატი“) გამოყოფილი სომხეთის სსრ-ის ტერიტორიით, კერძოდ ისტორიული სიუნიქით, იმავე ზანგეზურით: იხ. ნახ. 1, სადაც ნაჩვენებია საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრები (სიუნიქი მოიცავდა ოთხ რაიონს - სისიანს, გორისს, კაპანს და მეღრის).

მოსკოვი ძალიან იყო დაინტერესებული, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს საერთო საზღვარი არ ჰქონოდათ და ამიტომაც მხარი დაუჭირა სიუნიქის დარჩენას სომხეთის შემადგენლობაში, სადაც მაშინ მოსახლეობა შერეული იყო - აზერბაიჯანული და სომხური (ახლა ის მთლიანად სომხურია). თანაც 1920-იან წლებში ნახჭევანი არც ესაზღვრებოდა თურქეთს.

ნახ.1

თურქეთი კი, პირიქით, დაინტერესებული იყო, რომ ჰქონოდა საერთო საზღვარი ნახჭევანთან. 1921 წელს მუსტაფა ქემალს უთქვამს „ნახჭევანი -- ეს თიურქების კარიბჭეა“. „თიურქებში“ ის გულისხმობდა თურქულენოვან სამყაროს, აზერბაიჯანიდან ცენტრალურ აზიამდე და უფრო ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით.

ჯერ კიდევ მუსტაფა ქემალის (ათათურქის) სიცოცხლეში (ის 1938 წელს გარდაიცვალა), ანკარის ინიციატივით თეირანთან ჩატარდა მოლაპარაკება და 1932 წლის 23 იანვარს თურქეთის რესპუბლიკამ და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვრის დაზუსტების შესახებ, რომლის თანახმადაც თურქეთმა ირანისაგან მიიღო მახვილი სამკუთხედის ფორმის მონაკვეთი მდ. არაქსსა და არარატის მასივს შორის.

ამის შედეგად მდ. არაქსის გასწვრივ თურქეთს შეექმნა 9 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აზერბაიჯანის ნახჭევნის ექსკლავთან. სანაცვლოდ ირანმა თურქეთისაგან მიიღო მეტი ფართობის ორი მონაკვეთი უფრო სამხრეთით.

1930-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ვერ დაუპირისპირა რაიმე არგუმენტი მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ცვლილებას.

1990-იან წლებში თურქეთმა გაიყვანა საავტომობილო გზა ნახჭევნამდე, ხოლო 2020-იან წლებში გეგმავს გაიყვანოს რკინიგზაც.

  1. სად აღდგება ძველი და შეიძლება შეიქმნას ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციები, რომლებიც დააკავშირებენ ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან?

1899-1908 წლებში გაყვანილი იქნა სარკინიგზო ხაზი თბილისი-ალექსანდროპოლი-ერევანი-ჯულფა. 1936-1941 წლებში საბჭოთა კავშირ-ირანის საზღვრის გასწვრივ ჯულფადან ბაქომდე გაყვანილი იქნა რკინიგზის ხაზი, რომელზეც 1944 წლიდან 1990-წლამდე რეგულარულად დადიოდა სამგზავრო მატარებელი ბაქო-ერევანი-ბაქო.

საბჭოთა კავშირის სხვა რაიონებიდან გამოგზავნილი ტვირთების უდიდესი ნაწილი სომხეთში ამ სარკინიგზო ხაზით მიჰქონდათ. ირანის საზღვრიდან 1,5 კილომეტრში მდებარე მინჯივანის სარკინიგზო სადგურიდან მიდიოდა 39 კილომეტრის ჩიხური სარკინიგზო განშტოება სომხეთის ქალაქ კაპანამდე. ეს კარგად ჩანს ნახ. 2-ზე, სადაც ასახულია 2020 წლის 27 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობა.

ნახ. 2

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო 1990-1991 წლებიდან ბაქო-ერევნის რკინიგზა არ მოქმედებს. თითქმის 30 წელია სადგურ არარატიდან სამხრეთისაკენ არც ერთ ვაგონს არ გაუვლია. რკინიგზის ლიანდაგის ნაწილი აყრილია, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია.

სომხეთის უკიდურეს სამხრეთში დღემდე მოქმედებს რკინიგზის პარალელური საავტომობილო გზის მონაკვეთი.

ფოტოზე (ნახ. 3), რომელიც 2007 წლის ოქტომბერში გადავიღე, მოჩანს სომხეთ-ირანის საზღვრის პარალელურად გაყვანილი რკინიგზის უმოქმედო გვირაბი და მოქმედი საავტ­ომო­ბილო გზა, რომლებიც „9 ნოემბრის შეთანხმების“ საფუძველზე გამოყენებული იქნება ნახჭევნის დასაკავშირებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რაიონებთან.

ფოტოსურათზე მარჯვნივ მოჩანს საბჭოთა კავშირის დროიდან დაცული საზღვარი ირანთან, რომელიც მიუყვება მდ. არაქსის მარცხენა ნაპირს. სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს, როგორც თურქეთთან, ისე ირანთან, მოსკოვისა და ერევნის შეთანხმებით, დღემდე აკონტროლებენ რუსეთის სასაზღვრო ჯარების ნაწილები.

ნახ. 3

„9 ნოემბრის შეთანხმება“ გულისხმობს სწორედ ზემოხსენებული რკინიგზისა და საავტომობილო გზის განბლოკვას, აღდგენას და მათი მეშვეობით სატრანსპორტო კავშირურთიერთობის დამყარებას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

სინამდვილეს არ შეეესაბამება ზოგან მითითებული, რომ თითქოს ნახჭევანსა და აზერბაიჯანის რაიონებს შორის შორის სატრანსპორტო კავშირურთიერთობის აღდგენა უნდა მოხდეს სომხეთის ქალაქ კაპანის გავლით.

მართალია, სამხრეთიდან კაპანში მიდის საავტომობილო გზა, რომელიც აღწევს მთიან ყარაბაღსაც, მაგრამ ასეთი მარშრუტის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. სარკინიგზო და საავტომობილო კავშირურთიერთობა განხორციელდება ირანის საზღვრის გასწვრივ, 35-40 კილომეტრის მანძილზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის გავლით.

ეს გზები სომხეთის საკუთრებაში რჩება, მაგრამ „9 ნოემბრის შეთანხმების“ თანახმად სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირურთიერთობას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა, სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუზღუდავი მოძრაობისათვის“.

გასარკვევია, რას გულისხმობს ის, რომ სატრანსპორტო კავშირურთიერთობაზე კონტროლს განახორციელებენ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ორგანოები. ნაკლებ მოსა­ლოდ­ნელია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა თურქეთ-აზერბაიჯანის ტვირთბრუნვა შეზღუდონ.

  1. დაბოლოს, რა გავლენა ექნება ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე?

თუ „9 ნოემბრის შეთანხმება“ სრულად შესრულდება, „არაქსისპირა სატრანსპორტო კორიდორი“ საქართველოსათვის კონკურენტული მარშრუტი გახდება. თურქეთმა უკვე გამოაცხადა, რომ ააშენებს რკინიგზას ქ. ნახჭევნამდე, ანუ მომდევნო ათწლეულში, ალბათ, შესაძლებელი გახდება მატარებლით მგზავრობა ბაქოდან სტამბოლში ნახჭევნის გავლით.

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის სიმძიმე, როგორც ჩანს, სამხრეთით გადაინაცვლებს: ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის მაღალმთიანი სარკინიგზო მონაკვეთებისგან განსხვავებით ნახჭევანი-ბაქოს აღსადგენი რკინიგზა მიუყვება მდინარე არაქსის ხეობას, შემდეგ ველზე გადის და უფრო ადვილი გამოსაყენებელია.

ექსპერტები, ალბათ, დაადგენენ რამდენად დატვირთული იქნება საქართველოს ნავსადგურები მომდევნო წლებში, მას შემდეგ რაც (და თუ?) გაიხსნება „არაქსისპირა სატრანსპორტო კორიდორი“.

ამავე დროს, შეგვიძლია ახლავე ვთქვათ, რომ არსებული მილსადენები საქართველოში დარჩება: მათი გადაადგილება შეუძლებელია. მთაგორიანი სიუნიქის უკიდურეს სამხრეთში ახალი მილსადე­ნე­ბი­სათ­ვის ადგილი ვერ მოინახება: ამას სურთზეც ვხედავთ.

რაც შეეხება ახალი პოლიტიკურ-გეოგრაფიული რეალობის გავლენას კავკასიის გეოპოლიტიკაზე, ამაზე ვარაუდის გამოთქმა ცალკე თემაა.

რევაზ გაჩეჩილაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა