ლაშა ფარულავა - არჩევნების მეორე ტურს, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ლეგიტიმაცია არ აქვს

წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევების, ეუთო/ოდირის გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების, კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული უკანონო ქმედებების შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა საუბრობს.

- წინასაარჩევნოდ, თქვენს ორგანიზაციაზე და სადამკვირვებლო მისიაზე რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, თეა წულუკიანის და ირაკლი კობახიძის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა მათი განცხადებები?

- თავდაპირველად, მოკლედ გეტყვით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’ მიმდინარე წლის ივნისში მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ. ვინაიდან ახალ დაფუძნებულ სუბიექტს საარჩევნო კოდექსით არ აქვს უფლება დააკვირდეს არჩევნებს, ამისთვის ჩემს მიერ 2009 წელს შექმნილი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის’’ სამართლებრივი სტატუსი გამოვიყენეთ და მისი რეორგანიზების გზით, ჩამოვაყალიბეთ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“.

„ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი’’ საკმაოდ აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საგანმანათლებლო, საარჩევნო და ახალგაზრდული პროექტების განხორციელების დიდი ისტორია აქვს.

თეა წულუკიანის აპელირება იმაზე, რომ თითქოს ორგანიზაციის სახელის ცვლილება რაიმე კონსპირაციულ მიზანს ემსახურებოდა, არის სასაცილო, ვინაიდან ზემოთ ხსენებული ცვლილებები მისი მინისტრობის პერიოდში კანონმდებლობის დაცვით განვახორციელეთ.

შესაბამისად, ქალბატონი თეას განცხადებები იყო უსაფუძვლო, ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადება გამოიწვია იმან, რომ ჩვენმა დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს გამოავლინეს მნიშვნელოვანი დარღვევები საარჩევნო უბნებზე, რის თაობაზეც აქტიურად ვაწვდიდით ინფორმაციას მედიას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

- თქვენ დარღვევები ახსენეთ, როგორ შეაფასებდით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას?

- საარჩევნო რეფორმის ფარგლებში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, თუმცა სრულად არ იქნა გაზიარებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ცესკო ვალდებული იყო შეექმნა მექანიზმი, რომლითაც სრულად დააკმაყოფილებდა ეუთო/ოდირის მოთხოვნებს, რაც, სამწუხაროდ, არ გააკეთა.

განსაკუთრებით დიდი ჩავარდნა იყო ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის კონკურსებში, სადაც მიუკერძოებლობის და კომპეტენციის მინიმალური სტანდარტი ვერ დაადგინა თამარ ჟვანიას ადმინისტრაციამ, შესაბამისად, კომისიები დაკომპლექტდა ,,ქართული ოცნების’’ პარტაქტივით, ფაქტიურად, არ ყოფილა კონკურსი, პირდაპირ მოხდა ხელისუფლებასთან აფილირებული პირების დანიშვნა საოლქო და საუბნო კომისიებში.

სწორედ არაკომპეტენტურობამ და მიუკერძოებლობამ იჩინა თავი კენჭისყრის დღეს, განსაკუთრებით ხმის დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენისას.

ამის თაობაზე წინასწარ გავაფრთხილეთ ყველა საარჩევნო სუბიექტი, მოვუწოდეთ ოპოზიციას მიეღო მონაწილეობა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისა და მუშაობის პროცესში, თუმცა უშედეგოდ.

- რას იტყვით საარჩევნო კამპანიაზე, პარტიების დაფინანსებაზე, ასევე ამომრჩეველთა სიებზე, რამდენად დაზუსტებული სიებით ჩატარდა არჩევნები?

- წინასაარჩევნო კამპანია მძიმე ვითარებაში მიმდინარეობდა. მართალია, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა, მოეხდინა ამომრჩევლის ინფორმირება, მაგრამ, რატომღაც, ეს შეუძლებელი იყო ბოლნისსა და მარნეულში, სადაც საარჩევნო კამპანია ძალადობისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობდა. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა თავდასხმა მედიის წარმომადგენელზე და ჩვენი რეგიონალური სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელზე. სამწუხაროდ, ეს საქმეები დღემდე არაა ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავე პირები დასჯილი.

მავნე ტრადიცია, ამ არჩევნებზეც გაგრძელდა, სახელმწიფო რესურსებსა და სახელისუფლებო პარტიას შორის ზღვარი წაშლილი იყო, ,,ქართული ოცნება’’ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, მოსყიდვა და დაშინება ნორმად იქცა.

წინა საერთო არჩევნების მსგავსად, მოხდა სკოლის დირექტორების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, ქსნის სკოლის დირექტორის ქალბატონი დოდო ჭოტორლიშვილის საქმე ამის ნათელი მაგალითია.

დაფინანსებას რაც შეეხება, მთლიანი შემოწირულობების 55% პროცენტი მოდის ,,ქართულ ოცნებაზე’’. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ შემწირველი პირების უმრავლესობა, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი პირები არიან, რაც პირდაპირი პოლიტიკური კორუფციაა. ასევე ბევრი კითხვის ნიშანია ,,პატრიოტთა ალიანსის’’ შემომწირველებზე. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მათ დაფინანსება რუსეთის ფედერაციიდან მიიღეს.

რაც შეეხება, ამომრჩეველთა სიებს. სიების მიმართ ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა დღემდე არ გვაქვს დაზუსტებული სია, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა რეგისტრაციის სტანდარტი იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა. სიების თაობაზე ჩვენმა ორგანიზაციამ დაამზადა ვიდეო რგოლი და განვათავსეთ მედიაში, რომლითაც მოქალაქეებს ავუხსენით, როგორ შეეძლოთ გადაემოწმებინათ კუთვნილ მისამართზე რეგისტრირებული პირები. ამ სოციალური კამპანიის ფარგლებში ცხელ ხაზზე შემოგვივიდა 300-ზე მეტი ზარი, სადაც მოქალაქეები გვაწვდიდნენ ინფორმაციას, მათ კუთვნილ მისამართზე უცხო პირების, ამომრჩევლად რეგისტრირების შესახებ. ჩვენ შესაბამის კონსულტაციას ვუწევდით მოქალაქეებს, ვეხმარებოდით, თუმცა პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ საჭიროებს ყველა სუბიექტის ჩართულობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაზუსტდეს ამომრჩეველთა სია.

- თქვენს მიერ მომზადებულ ანგარიშებში უფრო მეტი კრიტიკაა. საინტერესოა თქვენი აზრი პრობლემების მოგვარების კუთხით. როგორ შეიძლება დაიძლიოს ამ სფეროში არსებული პრობლემები, თუ გაქვთ მომზადებული რეკომენდაციები?

- „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აგვისტოდან 50-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლით ახორციელებდა არჩევნების მონიტორინგს, სადამკვირვებლო მისიის მთავარ ჯგუფში საარჩევნო სამართლის სპეციალისტები გაერთიანდნენ. მათი უმრავლესობა მოღვაწეობს სხვადასხვა უნივერსიტეტში, სწორედ კენჭისყრის დღის 400-კაციანი სადამკვირვებლო მისია მათი დახმარებით, სტუდენტებით დაკომპლექტდა.

დამკვირვებლების კომპეტენციის მაღალმა დონემ უზრუნველყო ის, რომ ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიშები ეფუძნება მყარ მტკიცებულებებს, რის გამოც გაღიზიანდა სახელისუფლებო პარტია და საჯაროდ მოახდინეს ჩვენზე თავდასხმა. მათი განცხადებით, დესტრუქციული ძალა ვართ და გვინდა საარჩევნო პროცესის ჩაშლა, რაც დადასტურებული სიცრუე აღმოჩნდა. პირიქით, რეალურად, პირველი ვისაც თანამშრომლობის წერილი გავუგზავნეთ საარჩევნო სუბიექტი ,,ქართული ოცნება’’ იყო.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ სამი შუალედური ანგარიში მოვამზადეთ, სადაც კონკრეტული რეკომენდაციებიც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ცესკოს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეკომენდაციები მათ არ გაიზიარეს. შედეგად, მივიღეთ არჩევნები, რომელიც არაორგანიზებული, მძიმე და დემოკრატიის სტანდარტით უკან გადადგმული ნაბიჯია.

- რა გამოსავალი შეიძლება გამოინახოს ახლა, როცა ოპოზიცია მეორე ტურებში არ მონაწილეობს?

- შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების გზით უნდა დაიძლიოს, არჩევნების მიმართ ანტაგონისტური ფონის შექმნა აზიანებს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

ცესკო უნდა დაიშალოს და მყისიერად, ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, უნდა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, რომ დემოკრატიული მექანიზმების მიმართ ხალხში ნდობა გაიზარდოს.

ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაშია, კავკასიის რეგიონში გაიზარდა რუსეთის სამხედრო კონტიგენტი, დიდი საერთაშორისო გამოწვევების წინაშეა ქართული სახელმწიფო, სწორედ ამიტომ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს ყველა პოლიტიკური მოთამაშე. უპირველესად, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. სიჯიუტემ შეიძლება დაღუპოს ყველაფერი, რაც აქამდე შეგვიქმნია.

რაც შეეხება მეორე ტურებს. ჩვენ ფორმალურად დავაკვირდებით პროცესს, მაგრამ რეალური სურათი ასეთია - მეორე ტურებს ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ლეგიტიმაცია არ აქვს. იმედია საერთაშორისო ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება და პოლიტიკური კრიზისი რაციონალურად დაიძლევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა