ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან, მან თქვა: ჩვენ ვართ ფასილიტატორები, ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ

რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები. ისინი ეძებენ გამოსავალს,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მიღწეული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას.

“ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა - ჩვენ ვართ ფასილიტატორები, დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ და ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ აჩვენებს პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და პოლიტიკური ცხოვრებისადმი. ეს კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გავითავისოთ და მე მინდა ამისთვის მადლობა ვთქვა. ბუნებრივია, ჩვენი მეგობრები შეწუხებულები არიან მიმდინარე პროცესით, მიმდინარე კრიზისით. ძალიან დეტალურად არიან საქმის კურსში ყველა გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ცხადია, ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები. ისინი ეძებენ გამოსავალს და გამოსავალი არის ის, რომ მიღწეული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები, მაგრამ მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, გაყალბებით არჩეული და ავუხსენი მათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას მისი თამაშის წესები მივიღოთ, ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს და ეს ნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მოკვდება”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, კომპრომისი შესაძლოა მხოლოდ ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა იყოს, რისი გარანტიც კვლავ ფასილიტატორი ელჩები იქნებიან.

“პოლიტიკურმა სპექტრმა გაითავისა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური შეცდომა ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას და იმ ვითარებაში, როდესაც არის პანდემია, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, არავინ იცის, როდის შეიძლება ქვეყანაში აფეთქება მოხდეს, ასეთი აფეთქება რომ მოხდეს, თუ პოლიტიკური კლასი იქნება განადგურებული და ხალხის მიერ ნდობადაკარგული, ეს დააქცევს ქვეყანას”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა