ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020

მამუკა არეშიძე - “ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან”

ვის რამდენი ადგილი ერგება ახალ პარლამენტში - არჩევნების საბოლოო შედეგები

ლევან ბოძაშვილი - “30 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი სწორედ იმიტომ გვაქვს ქუჩაში, რომ სამართლიანი სასამართლო არა გვაქვს”

თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშალა, “ნაცმოძრაობა” თავის საარჩევნო სიას გაანულებს

დავით ზურაბიშვილი - “პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული”

* * *

მამუკა არეშიძე - “ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან”

“პირველი ტურის მერე მეც გამიჩნდა კითხვები ამ დაუბალანსებელი ოქმების გამოქვეყნების თაობაზე. რა ხდებოდა საარჩევნო კომისიების უმრავლესობაში? სათანადოდ იყო თუ არა მომზადებული ეს ხალხი? ისეთი ხმები მომდის, რომ მომზადებაგავლილი ხალხი ვერ მოხვდა საარჩევნო კომისიებში. ამბობენ იმასაც, რომ მავანი თავის ახლობელ-ნათესავებს ასაქმებდა. მეორე ინფორმაცია, რომელიც ასევე მსმენია, ის არის, რომ საბოტაჟსაც ჰქონდა ადგილი. ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაარკვიონ შესაბამისმა უწყებებმა. მართლაც ძალიან უცნაური შედეგები ქვეყნდება, აშკარად თავხედური დამოკიდებულება ჩანს. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. ამ ყველაფრით ხელისუფლების მხარდამჭერებიც გვარიანად არიან აღშფოთებული და სწორედ ხელისუფლების ვალია, გაარკვიოს, რა მოხდა - ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ანაც - შეგნებულ საბოტაჟთან, რათა ყველა დაარწმუნონ არჩევნების გაყალბებაში”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან” / “ქვეყანაში პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია” / “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს... შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?!”

“შეთქმულების თეორიის აგება ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ქვეყნის გარედან ჩარევის შემთხვევაში ყველაფერი უფრო ჭკვიანურად გაკეთდებოდა... თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ და ამის გარკვევის ვალდებულებაც ხელისუფლებას აკისრია. გარდა ამისა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ცესკო - სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, უპირველესად კი - ცესკოს ხელმძღვანელობამ. ასევე უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვედა რგოლებსაც. თითოეული საარჩევნო კომისიის შემადგენლობა უნდა გადაიხედოს, უნდა შეისწავლონ მათი საქმიანობა, გაირკვეს, რა პრინციპით და რა პროფესიული უნარ-ჩვევებით დაკომპლექტდა ეს კომისიები და არის თუ არა ნეპოტიზმის შემთხვევები. ცუდია, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით დაწყებული მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და პარალმენტში არ დარჩება მხოლოდ ერთი პარტია. ეს ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას დააზიანებს და იქნებ როგორმე დაინახონ პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. თუ პარლამენტში მხოლოდ “ქართული ოცნება” დარჩება, ეს კანონის დარღვევა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება... როგორმე ხელისუფლება უნდა ეცადოს გამოსავლის მოძებნას, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყნისთვის რთული გადაწყვეტილება იქნება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესებს ბევრი ფული სჭირდება, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით კი საქართველოსთვის ამ ტვირთის ტარება რთულია. ვფიქრობ, ვითარების განსამუხტავად შეიძლება გამოდგეს ის, რომ მომავალ წელს ჩვენ გვიწევს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება და იქნებ მოხერხდეს, რომ ამას დავამთხვიოთ ვადამდელი არჩევნებიც, თორემ ამ პანდემიის ჟამს გაზაფხულზე ცალკე არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, გამორიცხულია. არ შეიძლება ამ მძიმე ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ პირობებში ექვს თვეში ერთხელ არჩევნების ჩატარება, ეს დაანგრევს ქვეყანას. ხანდახან ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს და ქვეყნის ამბავი სულ არ აინტერესებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პომპეოს ჩამოსვლა იყო როგორც მოკავშირეების, ისე რეგიონში შექმნილი ვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულების დემონსტრირება. მოგეხსენებათ, ამ ტურნეს ფარგლებში ის ჩავიდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკული პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევა. რასაკვირველია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, გამგებმა ეს გზავნილი გაიგო. შეცდომაა იმაზე ლაპარაკი, რომ პომპეო წამსვლელი გუნდის წევრია. ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, არამედ ამერიკული პოლიტიკის ნაწილი. პომპეოს ჩამოსვლით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამერიკული პოლიტიკისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ვფიქრობ, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე აუცილებლად ისაუბრებდნენ, თუმცა მეეჭვება, უახლოეს მომავალში მიიღონ ნატოში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილება, ისევე როგორც გადაწყვეტილება აშშ-ის ბაზების განთავსების თაობაზე. მგონია, რომ ეს ცოტა შორეული მომავლის საქმეა, თუმცა ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა უსაფრთხოების მეტ გარანტიაზე და იმაზეც, რომ თუ არ შეიცვლება საქართველოს საგარეო კურსი და დამოკიდებულება, უახლოეს მომავალში რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ ჩვენს მხარდასაჭერად”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“როგორც ქვეყანა, სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ - რა უბედურებაა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე ვერ ვახერხებთ?! სხვის კარზე ერთმანეთის დასასმენად როდემდე უნდა ვირბინოთ?! დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის სხვის კარზე ჩივილის პოლიტიკა, თუმცა არა მარტო დღეს ხდება ასე, წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. მოკლედ, პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია ქვეყანაში. ვერაფრით მოვახერხეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ისე მოგვარება, რომ სხვაგან საჩივლელი არაფერი გვქონდეს. გვყავს კარგი მეგობრები და ისინი ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს მოსარიგებლად, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გავაგრძელოთ?! კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ წარმოგვაჩენს, შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ქცევას, რომელიც მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს... ცოტა გონს უნდა მოეგონ. შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! პომპეოს ვიზიტზეც კი საოცარი განცხადებები გააკეთეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულმა პირებმა. ამ ყველაფერში ისეთი სიბინძურე იგრძნობა, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს პოლიტიკოსების მიმართ მხოლოდ ნიჰილიზმს უღვივებს. საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ ცოტა ხანში შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ქართული პოლიტიკური სპექტრი საერთოდ ვეღარ აიტანოს”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ეკონომიკური მდგომარეობა, სამწუხაროდ, უკიდურესად რომ დამძიმდება, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ მე ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაშფოთებს. რაც ამ რამდენიმე დღის წინ წერეთლის გამზირზე მოხდა - როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა ადამიანი და მძევლები აიყვანა - იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რა დღეშია საზოგადოება. ასეთი რამ, მგონი, მსოფლიოში არ მომხდარა. პანდემიით გამოწვეული სიკვდილის შიში უფრო მეტ შფოთს წარმოშობს. ჩვენმა ერმა, ქვეყანამ ვერა და ვერ მოახერხა წელში გამართვა. ყველაფერი ერთმანეთს ემატება - მუდმივი მარცხი პოლიტიკურ სივრცეში, მუდმივი მარცხი ეკონომიკურ ცხოვრებაში და ა.შ. არ შეიძლება ქვეყანა და ხალხი მუდმივი მარცხის რეჟიმით ცხოვრობდეს. ადრეც აღვნიშნეთ, რომ ესებუას შემთხვევა სამწუხარო პრეცედენტად იქცა, რასაც ექნებოდა გაგრძელება. რაც წერეთლის გამზირზე მოხდა, ფორმით შესაძლოა ჰგავს ზუგდიდის ფაქტს - აქაც საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა, აქაც ყუმბარა და მძევლები - თუმცა ეს მთლად მსგავსი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ამგვარი შეჭრით მოახერხებდა მედიის ყურადღების მიქცევას და ამ ვითარებას ტრიბუნად გამოიყენებდა. მას ჰქონდა მხოლოდ სოციალური მოთხოვნები. ფაქტობრივად, თქვა ის, რასაც ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ამით ის საზოგადოებისთვის საინტერესო გახდა. ბევრის თანაგრძნობაც კი გამოიწვია, თუმცა, ვფიქრობ, შეფასებებისას უნდა დავფიქრდეთ, რადგან მსგავსი დანაშაულის სიმძიმეს თუ ვერ დავინახავთ, შესაძლოა ეს ყოველდღიურობად გვექცეს”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

ვის რამდენი ადგილი ერგება ახალ პარლამენტში - არჩევნების საბოლოო შედეგები

“ცესკომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბანზე ხმები უკვე დათვალა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით, 17-ივე ოლქში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ამ შედეგების თანახმად კი პარლამეტში “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” 90 მანდატი აქვს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” - 36, “ევროპულ საქართველოს” - 5, 4-4 მანდატი ერგოთ “სტრატეგია აღმაშენებელს”, “ლელო საქართველოსთვის”, “პატრიოტთა ალიანსსა” და “გირჩს”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებს” - 2, ხოლო “ლეიბორისტულ პარტიას” - 1. ოპოზიცია ამ მონაცემებით პარლამენტში შესვლას არ აპირებს, კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის რამდენი ადგილი ერგება ახალ პარლამენტში - არჩევნების საბოლოო შედეგები.

“როგორც მოსალოდნელი იყო, კორონავირუსის პანდემიისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მეორე ტურში ამომრჩევლის საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა - 26.29%. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში იყო - 39,29% დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში, 20.04%. ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ხმების დათვლის პროცესში, ზოგიერთი კანდიდატის მონაცემებზე ხმების 100%-ზე მეტი ჰქონდა. ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგანგებო განცხადება გააკეთა - მათი ცნობით, სამუშაო პროცესში ადგილი ჰქონდა ან ტექნიკური ხარვეზს, ან რაიმე სახის გარე ჩარევას. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 15 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მეორე ტურში 100-ზე მეტი დარღვევაზეა საუბარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ გავეცანით საია-ს ანგარიშს. როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები. საია-ს აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის”, - განაცხადა ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა. რაც შეეხება საიას ანგარიშს მეორე ტურის დასრულებისას 20:00 საათის მონაცემებით, 100-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, რომლებიც ძირითადად კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს ეხება”, - დასძენს გამოცემა.

ლევან ბოძაშვილი - “30 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი სწორედ იმიტომ გვაქვს ქუჩაში, რომ სამართლიანი სასამართლო არა გვაქვს”

“ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ვერ ახერხებს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთთან დიალოგს პარტნიორების შუამავლობის გარეშე. ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ვერც პოლიტიკური პროცესი განვითარდა და ვერც პოლიტიკური კლასი. ამას პირდაპირ ხომ არავინ გვეტყოდა, ზოგადი დიპლომატიური განცხადებები გააკეთეს. ფარული მოლაპარაკება ასეთ ვიზიტს ყოველთვის მოსდევს. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტებიდან ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი საკითხი დახურულ ფორმატში განიხილეს. თუმცა პრემიერმა განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკის მეტი წარმომადგენლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია”, - აცხადებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან ბოძაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ბოძაშვილი: „პრემიერმა განაცხადა, რომ საჭიროა ამერიკის მეტი წარმომადგენლობა საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია“.

“ბაიდენის ადმინისტრაციას ბევრად უკეთ შეუძლია დაგეგმოს და საქმედ აქციოს ძალიან ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი. თუმცა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დავსხდებით და დაველოდებით, რუსეთი როგორ მოიქცევა, მერე კი თურქეთი, მერე იმას, რას იზამს ამერიკა, ვერაფერს მოვიგებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა დავანახოთ დასავლეთს. ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფება რეალობას უნდა მიუახლოვდეს. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან ოპოზიციის ბრალი. პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონული საკითხების მიყურისძირებაში ბრალი მთელ პოლიტიკურ კლასს მიუძღვის. მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ რომელი პარტიის წევრია და რომელ პლატფორმაზე დგას. 30 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ველზე მყოფმა პირებმა ვერ შეძლეს პოლიტიკური კულტურისა და ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარება და პროცესები ისევ ქუჩაშია. იცით, რატომ? დღევანდელი ოპოზიცია, როცა თავად იყო ხელისუფლებაში, სწორედ იმის შენარჩუნება-გაძლიერებას ცდილობდა, რასაც ახლა ებრძვის. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, იმავეს გააკეთებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.

“საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ პარტიას შორის ზღვრის მოშლა,­ დამორჩილებული სასამართლო, პოლიტიკური გავლენები - უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთაც ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაართვა თავი. ამის მერე სულაც არ არის გასაკვირი, რომ რეგიონის პრობლემებსაც ვერ ვუმკლავდებით, თუ არავინ დაგვეხმარა. ნახეთ, როგორი რეგიონული სტრატეგია აქვს ხელისუფლებას - ცდილობს მინორულ სიტუაციაში იყოს, ინიციატივა არ გამოიჩინოს, არავინ გააღიზიანოს, რომ ტურბულენტობა არ გამოიწვიოს და ასე, ნომინალურად გადააგოროს დრო. თვენახევრის წინ ევროკავშირმა განაცხადა, თუ სასამართლოს პრობლემები არ მოგვარდება, ეს საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორულ ურთიერთობაზე კარგად არ აისახებაო. ჩემი აზრით, ეს უპრეცედენტოდ რადიკალური განცხადებაა. მგონი, ჩვენს მოსახლეობას კარგად არც აქვს გააზრებული სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობა, რადგან ყველა გამოკვლევაში სასამართლო რეფორმის საკითხს მოსახლეობის ძალიან დაბალი ინტერესი აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“30 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი სწორედ იმიტომ გვაქვს ქუჩაში, რომ სამართლიანი სასამართლო არა გვაქვს. ოპოზიცია ქუჩაში იმიტომ არის, რომ სასამართლოს არ ენდობა, იმედი არა აქვს, რომ ის დაიცავს ამომრჩევლის ხმის უფლებას. ცალკე საუბრის თემაა, ვის რა რევოლუციური სცენარი უტრიალებს თავში. სასამართლოს რომ ენდობოდეს ხალხი, რევოლუციური სცენარებიც არავის მოაფიქრდებოდა. ჩვენი ფასილიტატორი ელჩებიც არ ენდობიან ქართულ სასამართლოს. იმიტომ ცდილობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თავად ითამაშონ მომრიგებლის როლი. მათ რომ მართლა დამოუკიდებლად მიაჩნდეთ სასამართლო, ეტყოდნენ ჩვენს პოლიტიკოსებს, აგერ არის სასამართლო, იდავეთ და რასაც გადაწყვეტს, ჩვენც იმას დავუჭერთ მხარსო. მათ იციან, რომ ეს არ არის ისეთი ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურ დაძაბულობას გადაწყვეტს”, - დასძენს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.

“ელჩებს სულაც არ ეხალისებათ ყოველდღე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრა. ეს არ არის მათი ფუნქცია. იანვრიდან მოყოლებული დღემდე თავიანთ დიპლომატიურ მისიას ვერ ასრულებენ. დამოუკიდებელი სასამართლო უპირველესი საკითხია დემოკრატიის შენარჩუნება-განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ ჩადო დასავლეთმა 30 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი ამ დემოკრატიული ინსტიტუციის განვითარებაში და ამის შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ისევ ყრუ კედელს აწყდებიან. ეს ნამდვილად დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის. ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად, შეიძლება დასავლეთმა აღარ მოინდომოს ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობა. პომპეოს დელეგაცია ძალიან იმედგაცრუებული წავიდა. მათ გვითხრეს, რომ 30 წელია ერთ ფირს ვატრიალებთ და მათ ეს ფილმი ბევრჯერ ნანახი აქვთ. ეს ოპოზიციის გასაგონადაც ითქვა და ხელისუფლებისაც”, - დაასკვნის ლევან ბოძაშვილი.

თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშალა, “ნაცმოძრაობა” თავის საარჩევნო სიას გაანულებს

“პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ დამატებით, მათ შორის საარჩევნო სიების განულებასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ჩვენ მოთხოვნას ჩატარდეს ახალი არჩევნები” - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშალა, “ნაცმოძრაობა” თავის საარჩევნო სიას გაანულებს.

“ოპოზიცია პარლამენეტში შესვლის პირობად ხელისუფლებისგან, საერთაშორისო გარანტიებით, ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვთა ფორმებს მიმართავს. “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და თუ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებით გასული პირები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, საარჩევნო სიის მომდევნო პირებს, იმავე რაოდენობით, შეუძლიათ შევიდნენ პარლამეტში. კონსტიტუციონალისტთა თქმით, ამ შემთხვევაში, ოპრზიციურ პარტიას შეუძლია არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადებით მიმართოს ცესკოს და გაანულოს თავისი საარჩევნო სია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ჯერ ველოდებით როგორ დასრულდება მოლაპარკების მორიგი რაუნდი, რა წინადადებით წარსდგება ხელისუფლება მოლაპრაკების მაგიდასთან. ჩვენი მოხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ახალი არჩევნები, იქნება ეს ორი თვის შემდეგ თუ გაზაფხლზე რიგგარეშე არჩევნები. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვტილებას სამომავალო გეგმებთან დაკავშირებთი. მათ შორის იქნება საარჩევნო სიების განულების საკითხი და პროტესტის სხვა ფორმები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

“კონსტიტუციის დებულებები წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის თანამდებობაზე ყოფნაზე უარის თქმას”, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს შეუძლია კენჭისყრაზე არ დააყენოს პარლამენტარების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ფორმალურად პარლამენტის წევრებად დარჩებიან ად პარლამენტიც, ფორმალურად მაინც, არ იქნება ერთპარტიული. ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ვერავინ აიძულებთ მათ გახდნენ პარლამენტარები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დეპუტატს პარლამენტის წევრობაზე უარის თქმას ვერავინ აუკრძალავს, - ხმალაძე.

“კონსტიტუცია არ უარყოფს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომელთა შორის არის თანამდეობაზე ყოფნაზე უარის თქმა. ამიტომ ნებისმიერი დებულება, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში, წაკითხული უნდა იქნას კონსტიტუციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით. ადამიანის ნებისმიერი თავისუფლება კონსტიტუციის პრინციპია, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს. ამიტომ, ვერავინ აიძულებს პირს მისი ნების საწინაღმდეგოდ დარჩეს ამ თანამდებობაზე. ანუ ამ შემთფხვევაში მისი ნების გარეშე გახდეს პარლამენტის წევრი. მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს კონსტიტუციური უფლების აღდგენა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

დავით ზურაბიშვილი - “პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული”

“როგორი შეხვედრებიც უნდა გაიმართოს, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან როცა არჩევნების პირველადი შედეგები გაირკვა, ოპოზიციამ განაცხადა, არ ვაღიარებთ, რადგან ჩვენ მოვიგეთო. ერთ-ერთი ტელევიზიის დაკვეთით “იპსოსის” ეგზიტპოლების ფონზე (რომელიც დანარჩენებისგან განსხვავდებოდა), მგონი, თანამდებობებსაც ინაწილებდნენ. მაშინ, როცა ხმების ნახევარიც არ იყო დათვლილი, კატეგორიული განცხადება, პარლამენტში არ შევალთ, თუ არჩევნების გაყალბებას არ აღიარებთო, ულტიმატუმია, რომელზეც ძნელი მისახვედრი არ იყო, ხელისუფლება არ წავიდოდა. თავიანთ პირობას შემდეგ მორალური დატვირთვაც მისცეს - ვინც პარლამენტში შევა, უზნეო ადამიანიაო. ჰოდა, აქ დამთავრდა ყველაფერი, ასეთი განცხადებების მერე ოპოზიციას მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის რესურსი აღარ დარჩა. მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: უნდა გაიმარჯვოს ან დაინგრეს”, - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: “პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული”.

“უკვე არა აქვს მნიშვნელობა ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად - ერთობაა სწორედ უბედურება - ან ერთად უნდა დაინგრნენ, ან ერთად გაიმარჯვონ. უკანდასახევი გზა მოიჭრეს. როცა რაღაცას აკეთებ, შესაძლოა მაშინვე არ გამოგივიდეს, მაგრამ მანევრირების შესაძლებლობა აუცილებელია. როცა პოლიტიკაში ხარ, ლავირების გზა უნდა დაიტოვო, რომ რაღაც დაათმობინო ან თავად დათმო. ახლა ოპოზიცია თუ შევა, ვაია, თუ არა, ვუი, რადგან პარლამენტში შესვლა მორალურ რანგში აიყვანეს... დასავლეთისა და ამერიკელებისთვის წარმოუდგენელია ოპოზიცია ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს და პარლამენტში არ შედიოდეს. ის კი არა, მხარეებს კონსულტაციაც არ ჰქონიათ, ოპოზიციამ მაშინვე წამოაყენა კაპიტულაციის ტოლფასი მოთხოვნა: აღიარეთ, რომ წააგეთ, ცესკოს ხელმძღვანელობა დაითხოვეთ და თავადაც სახლში წადითო, თან ამას ხელისუფლებას ქუჩიდან ეუბნებიან მაშინ, როცა ყველა ბერკეტი მას აქვს. ახლა ამერიკის და ევროკავშირის ელჩები კი არიან ფასილიტატორები, მაგრამ ასეთ რამეს მმართველ გუნდს უცხოელებიც არ დააძალებენ. ოპოზიციამ თავადვე მოიქცია თავი ჩიხში. ამ სულელური ვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს, აწი პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ნაციონალებისგან” არც გამკვირვებია ასეთი საქციელი, მათ რადიკალური ამომრჩეველი ჰყავთ და წინასწარ მოქოქეს, ისტორიული არჩევნებია, ქვეყნის ბედი წყდებაო, და ისინიც თავს არ ზოგავდნენ. ასეთი მიდგომა პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, რადგან პარტიის ლიდერებმა წინასწარ გააღვიძეს მოლოდინი, რისი შემსრულებლებიც არ იყვნენ. მათ ისიც ჰგონიათ, თუ გაზაფხულამდე ქუჩაში იდგებიან, ხელისუფლება თავისით ჩამოვარდება, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვა, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და მათი გამკვირვებია. შეეძლოთ აქციების კვალდაკვალ სამართლებრივი გზით ებრძოლათ - მოთხოვნებიც დაეყენებინათ, თუნდაც პოლიტპატიმრების გათავისუფლება; პარლამენტში არშესვლის მუქარაც შეიძლებოდა, ოღონდ მუქარად და არა დაფიცებად, რაც სრულიად ინფანტილური, არაკვალიფიციური საქციელია. ოპოზიციაში სერიოზული ადამიანებიც ჰყავთ, მაგრამ ვისაც იქ “პარადი” მიჰყავს, ნახელისუფლარი და ძალაუფლების გემოს მცოდნენი არიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე გავლენიან ბიზნესს მართავდნენ და იმ პოზიციიდან ლაპარაკს ვერ გადაეჩვივნენ. ისე იქცევიან, თითქოს მათ ხელშია ძალაუფლება. ოპოზიციური საუბარი ვერ ისწავლეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას თავისი მექანიზმი აქვს - უნდა შეიტანონ განცხადება, სიის გაუქმებაზე დასტური ხელის მოწერით მიიღონ, რაც ნიშნავს, რომ მათ უფლებამოსილებას არ აღიარებენ. თუმცა შეიძლება ხელი არც მოუწერონ. 2008 წელს შალვა ნათელაშვილმაც დაწერა განცხადება, არჩევნები გაყალბდაო, რაზეც პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ხელი არ მოუწერა, არასერიოზულია, სხვა განცხადებით მომმართოსო, მაგრამ შალვა გაჯიუტდა - არც ბაქრაძემ მოუწერა ხელი და პარლამენტშიც ირიცხებოდა. ახლაც იგივე მოხდება - არ მოაწერენ ხელს და უფლებამოსილების შეწყვეტაც არ დაუდასტურდებათ, მაგრამ ხელფასი დაერიცხებათ, “ოცნება” კი იქით დააყვედრის, ხელფასს გიხდითო. ოპოზიცია ისევ ქუჩაში იქნება, აბა, სად უნდა წავიდეს? ქართული პოლიტიკა ბევრის მნახველია, მაგრამ ასეთი უვიცობა არ მახსენდება. ხელისუფლება არ მოგვწონს და შეცვლა გვსურს, მაგრამ როგორ? სულ ორი ვარიანტია: ან უნდა მოიგო არჩევნები, ან აიძულო, რაც გინდა, ის გააკეთებინო, რაც ამ რეალობაში აბსურდია. ხალხის მხარდაჭერაც იმხელა არა აქვთ და არც 2003 წელია, როცა ძალოვანი უწყებები და სხვა ინსტიტუტები რევოლუციური ძალის მხარეს იყვნენ”, - დასძენს რესპონდენტი.

“ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია უცხოელების მხარდაჭერაც - თუ ამერიკა და დასავლეთი არ უჭერენ მხარს, წაგება გარანტირებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, თუ გამსახურდიას ხელისუფლებას არ ჩავთვლით, როცა სამხედრო გადატრიალება მოხდა, საქართველოში მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება არ შეცვლილა. უდავოა, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ 3-4%-იანი განსხვავებით და არა ტოტალურად. ოპოზიციის გამარჯვება ისეთი დამაჯერებელი არ არის და უსაფუძვლოა აპელირება, თითქოს არნახული გაყალბება მოხდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სააკაშვილმა, ფაქტობრივად, არჩევნები მოიპარა. რომელ უპრეცედენტო გაყალბებაზეა საუბარი, როცა პარალელური დათვლებით 4%-მდეა განსხვავება. მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომ ყველა უბანი დაეთვალათ და შედეგებზე შეთანხმებულიყვნენ, გაისად კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე მორყეულ-მოსუსტებული ხელისუფლებისთვის გენერალური ბრძოლა უნდა გაემართათ. იმ გზით, რასაც ახლა მიჰყვებიან, კატასტროფას მიიღებენ”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “სააკაშვილი თავისი ჩამოსვლა-არჩამოსვლით მუდმივად აპელირებს. მოსალოდნელია მისი ჩამოსვლა?” - პასუხობს:

“ეს უკვე იმდენად არასერიოზული თემაა, განხილვად არც ღირს. მისი მომხრეების პერფორმანსები მხოლოდ სააკაშვილის პიროვნების მნიშვნელობის წამოწევას ემსახურება, აი, მისი გავლენა ჯერ კიდევ ძლიერიაო. მისი ჩამოსვლა გამორიცხულია, რადგან იცის, დაიჭერენ”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა