რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში

ინტერვიუ საქართველოს ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტთან - პოლ როდზიანკოსთან

ჟ: რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში და რას აკეთებს საქართველოს ცემენტის ასოციაცია მდგომარეობის გამოსასწორებლად?

პოლ როდზიანკო: სეისმურად აქტიური ზონა და სამშენებლო ბუმი საქართველოში - ფალსიფიცირებული, უხარისხო მასალა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, საქართველოში ისევ აქტუალური და საკმაოდ მტკივნეული თემაა. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ბინის ან საოფისე ფართის შეძენას გეგმავს, უკვე გარკვეულ სიფრთხილესაც იჩენს, თვლის,რომ მრავალწლიანი შენობები მეტ ნდობას იწვევს და უფრო იაფიც ღირს, თუმცა სიახლე, კომფორტი და ხარისხი მაინც ძირითად მოთხოვნად რჩება. სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა მომხმარებელთა უფლებები მკაცრად უნდა დაიცვან, მწარმოებელმა კომპანიებმა კი მოგების გაზრდის მიზნით ადამიანების სიცოცხლით თამაში ვერ უნდა გაბედონ.

არსებობს პროექტები, რომლებიც აუცილებლად ითხოვს გარკვეულ საპროექტო სიმტკიცეს. რადგან საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია, ფალსიფიცირებული ცემენტით აშენებულმა სახლის ნგრევამ შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. შეფუთული ცემენტის დაახლოებით 63%, რომელიც ჩვენ 2017 წლის შემდეგ ფარული ტესტირებისას გამოვცადეთ, საგრძნობლად დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ეს შეფუთვაზეა დატანილი.

ჟ: რა არის საჭირო ხარისხიანი ცემენტის წარმოებისთვის?

პოლ როდზიანკო: მაღალი ხარისხის ცემენტი კომპონენტების გარკვეული ნაზავის გამოყენებას საჭიროებს. აქედან ყველაზე ძვირადღირებული კლინკერია, რომელიც მითითებული ფორმულის შესაბამისად, კონკრეტული ტიპის ცემენტის მისაღებად, თაბაშირთან, წიდასთან ან სხვა დანამატებთან ერთად იფქვება. სხვადასხვა ხარისხის ცემენტის მისაღებად საჭირო ინგრედიენტები და მათი პროპორციები კარგად არის ცნობილი, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტულ ფორმულას. სხვადასხვა ტიპის ცემენტში, შეუძლებელია კლინკერის შემცველობის მნიშვნელოვნად შემცირება მისი ხარისხის მკვეთრად შეცვლის გარეშე.

ამასთან, გარკვეულმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს აწარმოონ არასტანდარტული ცემენტი, ბევრად უფრო მცირე რაოდენობის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების გამოყენებით და ამ გზით შეამცირონ საბოლოო თვითღირებულება. ბაზარზე ასეთი ფალსიფიცირებული ცემენტი გაცილებით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე ხარისხიანი ცემენტი, ამიტომ მომხმარებელი რჩება მოტყუებული ღირებულებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამგვარად, ნაკლები რაოდენობის კლინკერის გამოყენებით, მწარმოებელთა მოგება მნიშვნელოვნად იზრდება. ეს ყოველივე კი თქვენს ხარჯზე ხდება. მომხმარებელს არ შეუძლია პროდუქტის ხარისხის გარჩევა ფერის მიხედვით: ამისათვის საჭიროა 28-დღიანი ტესტირების ჩატარება - რაც მომხმარებელთა უმეტესობას არ შეუძლია.

საქართველოს ცემენტის ასოციაცია (GCA) მსგავსი პრეცედენტების პრევენციის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მას შემდეგ დღემდე მრავალი ფარული ტესტირება ჩატარდა. ბოლო, ანუ მეცხრე ტესტირების შედეგები ორგანიზაციამ 2020 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა.

ჟ: რა შეიცვალა 3 წლის განმავლობაში, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოს ცემენტის ბაზარზე, რა შედეგებზე გავიდა ასოციაცია?

პოლ როდზიანკო: 2017 წლიდან, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ, შემოწმებული 299 ცემენტის ნიმუშიდან, მხოლოდ 37% მოვიდა შესაბამისობაში EN197-1 და EN413-1 სტანდარტებთან. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნიმუშების 63%-მა ვერ გადალახა გათვალისწინებული ბარიერი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლიდან დღემდე არაფერი შეცვლილა, შეფუთული ცემენტის საკმაოდ დიდი ნაწილი შესაბამისობაში კიდევ ვერ მოვიდა ტომრებზე მითითებულ მონაცემებთან. ეს პრობლემა შეიმჩნეოდა 2017 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კვლევები დავიწყეთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მოცემული მომენტისთვის ნიმუშების 100%, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნილ სპეციფიკაციას, წარმოებულია იმპორტული კლინკერით. ეს ძალიან საყურადღებო მომენტია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მშენებლობის უსაფრთხოებას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მყიდველმა, რომელიც ენდობა შეფუთვაზე დატანილ წარწერას, შესაძლოა, შეიძინოს უხარისხო ცემენტი. გამოდის, რომ მომხმარებელს ატყუებენ არა მარტო ხარისხით, არამედ ფასითაც. ეს დღესაც ასეა.

საქართველოს ცემენტის ასოციაცია (GCA) არის კერძო სექტორის ინიციატივა. ჩვენი წევრი კომპანიები ეჭვობდნენ, რომ საქართველოს ცემენტის ბაზარზე უსამართლო კონკურენცია არსებობდა, რისი დამტკიცებაც ობიექტური მტკიცებულებების გამოყენებით მოგვიწია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტკიცებულებების წარდგენის და ბაზარზე არსებული სავალალო შედეგების შესახებ საქართველოს მთავრობის ინფორმირების შემდეგ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც არსებული პრობლემა უკვე ყველა შესაბამისი უწყებისთვის ცნობილია.

მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია აქვეყნებს მხოლოდ მისი წევრი კომპანიების სახელებს, რომელთა ცემენტიც აკმაყოფილებს ყველა მითითებულ სპეციფიკაციას, ახლა სხვადასხვა ორგანოებმაც მოითხოვეს, რომ ჩვენს მიერ შეგროვებული ყველა ინფორმაცია და შედეგები მათაც გავუზიაროთ .

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ცემენტის ასოციაციამ წამოწია არის უსამართლო საერთაშორისო კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საქართველოს ცემენტზე ყველაზე დაბალი ფასი აქვს, მთელი რიგი ქვეყნები ქართულ ბაზარზე კლინკერს ყველაზე დაბალ ფასად ყიდიან. ხშირ შემთხვევაში საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ფასი მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს მისი წარმოების და ტრანსპორტირების დანახარჯებს წარმოშობის ქვეყანაში, ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ კლინკერის წარმოება ან ტრანსპორტირება სუბსიდირებულია. ერთადერთი გზა ქვეყნის ეკონომიკის, მრეწველობის და სამუშაო ადგილების დასაცავად არის ანტი-დემპინგური კანონის არსებობა.

ჟ: ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით, თქვენ ითხოვდით ხელისუფლებისგან, დაეჩქარებინათ ანტიდემპინგური კანონის მიღება. კანონი მიიღეს 2020 წლის ივლისში. ამით მოგვარდა პრობლემა, თუ დარჩა კიდევ რაიმე ტიპის კითხვები, რომლებიც მოკლე ხანში უნდა გადაიჭრას?

პოლ როდზიანკო:ანტიდემპინგური კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვით ზომას არა მარტო ცემენტის არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქტისთვის. კანონი ოფიციალურად ძალაში შევა 2021 წლის ივნისში და იმედი გვაქვს პასუხისმგებელი ორგანო შეძლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აღსრულების ნაწილში, რადგან დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართულ ბაზარზე ზოგიერთი პროდუქტი დემპინგურ ფასებში დღესაც შემოდის.

ამ დრომდე კანონმდებლობა და დემპინგთან ბრძოლის სხვა მექანიზმები არ არსებობდა. ცემენტიც და კლინკერიც, სტანდარტული და ასევე მასიური მოხმარების პროდუქტებია და როგორც წესი მისი შორ მანძილებზე ტრანსპორტირება დიდ ხარჯებათანაა დაკავშირებული, რაც მეტად შორს იმყოფება მწარმოებელი მოცემული ბაზრიდან, მით ნაკლებ კონკურენტული ხდება მისი პროდუქცია თუ რათქმაუნდა ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯები არ სუბსიდირდება. ასეთ პირობებში ქართველ მწარმოებლებს აუცილებლად უნდა მიეცეთ თავის დაცვის და სამართლიან გარემოში ოპერირების საშუალება.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული კანონი ამოქმედდება, მნიშვნელოვანი იქნება ეფექტურობა აღსრულების ნაწილში, რადგან დემპინგის დადგენის პროცედურები საკმაოდ შრომატევადია.

ჟ: რა სამომავლო გეგმები აქვს საქართველოს ცემენტის ასოციაციას?

პოლ როდზიანკო:საქართველოს ცემენტის ასოციაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მოსახლეობის და სექტორში ჩართული კომპანიების ინფორმირებას ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე აქტიურ კომუნიკაციას სამთავარობოს სტრუქტურებთან, რათა მიღწეულ იქნას საბოლოო მიზანი - სამართლიანი თამაშის წესები ბაზარზე და დაცული მომხმარებელი.

ციფრები, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, მხოლოდ შეფუთულ ცემენტს ეხება. ვთვლით, რომ ნაყარი ცემენტი, რომელიც უშუალოდ ბეტონის წარმოებაში გამოიყენება, მეტ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ბეტონის ხარისხიც, რამაც, თავის მხრივ, სერიოზული პრობლემა შეიძლება წარმოქმნას. კომპანიათა უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათივე წარმოებული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით, რადგან არ გააჩნიათ შემოწმების და ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებელი ელემენტარული პირობები. ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

ჟ: და ბოლოს რიგით მე-9 ფარული ტესტირების შედეგების შესახებ.

პოლ როდზიანკო: საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ ინიცირებული მორიგი, რიგით მე-9 ფარული ტესტირება ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა და საქართველოს შვიდი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, აგარა - მოიცვა. შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 26 სახეობიდან ევროპული EN197-1 სტანდარტის მოთხოვნები მხოლოდ შვიდი კომპანიის თორმეტი დასახელების პროდუქტმა (46%) დააკმაყოფილა. შემოწმებული ოცდაექვსი ნიმუშიდან რვა მწარმოებლის თოთხმეტმა ნიმუშმა ბარიერი ვერ გადალახა, აქედან ხუთმა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაცია კომპანიების - ჰაიდელბერგცემენტისა და სს კავკაზ ცემენტის და მისი შვილობილი კომპანიის შპს ჯორჯიან ბილდინგ გროუფ-ის მიერ მომხმარებელთა დაცვის მიზნით დაფუძნდა, რაც ხარისხიანი ან/და უხარისხო ცემენტის გამოყენების საფუძველზე მშენებლობის უსაფრთხოებისა თუ საფრთხის შემცველი შედეგების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას გულისხმობს.

ორგანიზაციის მიზანს აგრეთვე წარმოადგენს საქართველოში კონკურენტუნარიანი, ეკონომიკურად მდგრადი ცემენტის ინდუსტრიისა და ცნობადი ხარისხის ნიშნის შექმნაც. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში 25 მოქმედი ცემენტის საწარმოა, ჯამში კი მათი რაოდენობა 30-ს აჭარბებს. ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც წესდებაში მითითებული წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების სურვილს და მზაობას გამოთქვამს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით