შეზღუდვები შეიძლება დღეების ან საათების მიხედვით დაწესდეს - კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი დადგა
ვინ რას ითხოვდა მოლაპარაკებებზე - მეორე რაუნდის უცნობი დეტალები
გაუჩნდა თუ არა საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი - ყარაბაღის ომის “გვერდითი მოვლენები”
* * *
შეზღუდვები შეიძლება დღეების ან საათების მიხედვით დაწესდეს - კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი დადგა
“კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, დამატებით ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს. საბჭოს წევრები გადაჭრით უარყოფენ სრულ ლოკდაუნს და მკაცრ წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობენ. ეს კი შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ სხვადასხვა ბიზნესის საქმიანობა თუ ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა გარკვეული გრაფიკის მიხედვით შეიზღუდოს და კვირის კონკრეტულ დღეებში, ამ დღის კონკრეტულ საათებში იყოს აკრძალული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვები შეიძლება კვირის დღეების, ან დღის განმავლობაში საათების მიხედვით დაწესდეს - კოვიდთან ბრძოლა ში გადამწყვეტი მომენტი დადგა.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “რეზონანს” განუცხადა, რომ საბჭოს წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არაა, თუმცა კითხვაზე, განიხილება თუ არა კონსულტაციაზე სხვადასხვა ბიზნესისა და ტრანპსორტის მუშაობის გაჩერება კვირის კონკრეტული დღეების, ან დღის განმავლობაში კონკრეტულის საათების განმავლობაში განაცხადა, რომ ყველა საკითხი განიხილება სრული ე.წ. ლოკდაუნის გარდა. მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით, რა გადაწყვეტილებასაც, მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს. პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ექიმი ლადო კახაძე ასევე აცხადებს, რომ საუკეთესო გამოსავალი, ასე ვთქვათ, შეზღუდვების გარკვეული გრაფიკის შემოღება, ან ერთგვარი მორიგეობითი შეზღუდვების დაწესება იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამაზეც მიდის მსჯელობა, რომ რომელიღაც დღე მაქსიმალურად გამოვათავისუფლოთ და ერთი დღე იყოს საშუალო დატვირთვის. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებებზე. თუ სტაფში ასი კაცი ჰყავთ, ერთი დღე გასაკეთებელ საქმეს 50 კაცი უძღვება, მეორე დღეს მეორე ნახევარი შემოდის. რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ეს, მართალია, სასიცოცხლო მნიშვნელობის არაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანი ამით შემოსავალს ღებულობს. გავაკეთებდი სალონებში ჩაწერის ინსტიტუტს, რომ იქ ცოცხალი ადამიანი რომ მიდიოდეს, არავინ არავის არ ხვდებოდეს, ეს რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ უსაფრთხოებას გაზრდის. შესაძლოა ამის მთლიანი ლოკდაუნი არ მოხდეს, მაგრამ უმკაცრესი დაცვის პირობებში რიგები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. კერძო მანქანით ინდივიდუალური საოჯახო გადაადგილება შეზღუდული არ უნდა იყოს. რაც შეეხება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს დაცული. თუ ავტობუსი 50 კაცზეა გათვლილი, უნდა მგზავრობდეს არაუმეტეს 20 კაცისა. ეს უმკაცრესად უნდა იყოს დაცული. საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შესაძლოა ავტობუსები დაემატოს. ან მიმოსვლა ორ დღეში ერთხელ იყოს, ყოველ შემთხვევაში ყველა სრული აკრძალვის წინააღმდეგია და რაღაც ფორმა უნდა გამოინახოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.
“ბაზრების თემა სოციალურ თემასთან ძალიან ახლოა, იქ გლეხი მიდის, ყიდის და უნდა დაუფასდეს. აქ ძირითადი დატვირთვა შაბათ-კვირაზე მოდის, აქაც სიხალვათე უნდა იყოს, ან მორიგეობა-მონაცვლეობა დავაწესოთ, დღეს ის მხარე იყოს შემოსული პროდუქტით და ხვალ - მეორე, რომ ადამიანების კონტაქტი მინიმალური იყოს. რესტორნებზეც ასევე დისტანციისა და მორიგეობის მონაცვლეობით. მოლებთან დაკავშირებით, ასევე აქაც უმკაცრესი რეჟიმი უნდა იყოს, მაგალითად ჯერ ათი კაცი შევა, მერე ათი კაცი და ა.შ. რაც შეეხება ქალაქების ჩაკეტვას, თბილისში ინფიცირების ბევრი შემთხვევა გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიკეტავს. ეს არის რეკომენდაცია ერთი ჩვეულებრივი ლადო კახაძისგან, რამდენად გაითვალისიწინებს საკოორდინაციო საბჭო, ვერ გეტყვით”, - ამბობს კახაძემ. ვირუსთან ბრძოლის გასხვავებულ, სლოვაკურ სცენარზე საუბრობს ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე. იგი აღნიშნავს, რომ შესაძლო დამატებითი შეზღუდვები ვირუსს ისე ვერ შეანელებს, როგორც კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობის გაზრდა და დადებითი პაციენტების იზოლაციაში მოქცევა”, - დასძენს გამოცემა.
“სრული ჩაკეტვა გამართლებულად არ მიმაჩნია იმიტომ, რომ ეკონიმიკურად არაა მზად ქვეყანა იმისათვის, რომ ჩაკეტილ ადამიანს საჭმელი და წამალი არ მოაკლდეს. სლოვაკეთის მაგალითს გეტყვით - ერთ დღეში სამი მილიონი მოსახლე მთლიანად იქნა გამოკვლეული და დადებითი ვინც იყო, ყველას იზოლირება გაუკეთდა, რითაც ჯაჭვი აბსოლუტურად გაწყვიტეს. იქ ახალი კოვიდის შემთხვევები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება. ამ შეზღუდვებს საერთო ჯამში ვიღაც მაინც დაარღვევს. ამიტომ მე არ ვიცი სხვა ისეთი პრევენციული ზომა, რომელიც დიდ ზემოქმედებას გამოიწვევს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად ეფექტური იქნება სხვადასხვა ბიზნესისა და ტრანპსორტის დღეების, ან საათების მიხედვით შეზღუდვა?” - პასუხობს:
“ეს იმაზე უკეთესია, დღეს რაც ხდება, მაგრამ რეალურად ვერ ვიტყვით, რომ ამ დროს გადაეცემა ადამიანს ინფექცია. ჩვენ რომ ვიცოდეთ რეალურად რა დროს გადაეცემა, მაშინ ასეთი შეზღუდვის ტიპი ქმედითი იქნება, მაგრამ “დღეს მოდი და ხვალ არ მოხვიდე” - ეს რამდენად ეფექტური იქნება, არვიცი... რაც შეეხება რესტორნებს, ეს მხოლოდ ქეიფი არაა, აქ არის უამრავი ადამიანია დასაქმებული, რომელიც ამ შემოსავალზეა დამოკიდებული და აქ რაოდენობრივი შეზღუდვა უნდა მოხდეს. თუ დისტანციას დაიცავენ და მომსახურე პერსონალი პირბადით იქნება და ა.შ., ეს დასაშვებად მიმაჩნია”.
ვინ რას ითხოვდა მოლაპარაკებებზე - მეორე რაუნდის უცნობი დეტალები
“ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მესამე რაუნდის ზუსტი თარიღის განსაზღვრას და ახალ წინადადებას ელის. ეს სავარაუდოდ ამ კვირაში უნდა მოხდეს. სამშაბათს ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა, მათივე ცნობით, საზოგადოებასთან კომუნიკაციების სხვადასხვა ფორმა განიხილეს. მათ სხვა გეგმებთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახალი პარლამენტის შეკრების დღეს აქციას გეგმავენ. “რეზონანსმა” კი ის გაარკვია, თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მეორე რაუნდზე - რა რას სთავაზობდა მმართველი პარტია ოპოზიციას და ოპოზიცია - “ქართულ ოცნებას”. მოლაპარაკების დეტალებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “რეზონანსმა” “ოცნების” წევრებთან დაკავშირებას სცადა, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დროის მოგება სურს და მესამე შეხვედრის დანიშვნას, სავარაუდოდ, ამიტომაც აჭიანურებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ რას ითხოვდა მოლაპარაკებებზე - მეორე რაუნდის უცნობი დეტალები.
“რეზონანსს” სანდო წყარო უყვება, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მოლაპარაკების მეორე რაუნდის დროს პარლამენტში შესვლა და მოლაპარაკებების შემდეგ გაგრძელება შესთავაზა. ოპოზიცია კი ამაზე უარს ამბობს და ხელისუფლებას მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის ვადის გაგრძელებას სთავაზობს, სადაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო სისტემის შეცვლა მოხდება. ასევე ცესკოს თავმჯდომარეს გადააყენებენ. “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევლენ. რაც შეეხება კითხვას, თუკი რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება დათანხმდება, ამ შემთხვევაში შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, ბობოხიძე ამბობს, რომ არა, რადგან ეს პარლამენტი ლეგიტიმური არაა. ამიტომ, მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალ პარლამენტში ან მთავრობის არდამტკიცებით, ან მომავალი წლის ბიუჯეტის ჩაგდებით ხელოვნურად უნდა შექმნას კრიზისი, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ფორმალური საფუძველი გაჩნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როდესაც ყველა დაინახავს, რომ ერთპარტიული პარლამენტია, მიხვდებიან, რომ პოლიტიკური კრიზისია. ბიძინა ივანიშვილი სანდო არაა, ამიტომაც მის დაპირებას არავინ ენდობა და რომც გვითხრას რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავ და შემოდითო, მაინც არ შევალთ. როგორც კი პარლამენტის სხდომა ჩატარდება და მისი ლეგიტიმაცია მოხდება, ჩვენ მაშინვე მანდატებზე უარს განვაცხადებთ. ამის შემდეგ კი იურდიულად უკვე შეუძლებელია, რომ აღდგენა მოხდეს. არ ვიცი რას და ვის ელოდებიან, მაგრამ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე წინადადება მათ უნდა შეგვატყობინონ. სავარაუდოდ, ამ კვირაში ველით. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას და პარლამენტში შესვლას მსგავსი უკვე იყო და სარალიძის საქმე ფეხებზე დაიკიდეს. ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებსაც დაგვპირდა, მაგრამ მოგვატყუა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.
“რაც შეეხება პარალელების გავლებას 2009 წლის მოვლენებთან, მაშინ ჩვენ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევიყვანეთ. ისეთი კანონი მივიღეთ, რომ თუ ვინმე მანდატზე უარს უკან წაიღებდა, მაშინ დეპუტატის უფლებამოსილებას ისევ აღვუდგენდით. ის პარტიები, რომლებიც მაშინ პარლამენტში შევიდნენ, პირიქით - გაქრნენ. “ქრისტიან დემოკრატები”, ჯონდი ბაღათურია, ასევე ლორთქიფანიძე... ვინც არ შევიდა, პირიქით, სამომავლოდ საზოგადოებაში დამატებით დივიდენდები მოიპოვეს და 2012 წელს ეს ხალხი პარლამენტში მაინც შევიდნენ”, - განმარტავს ბობოხიძე. “ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა “რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ მათი შეთავაზებაა მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ასე იქნას მიღებული”, - განაგრძობს გამოცემა.
“უპირველეს ყოვლისა ჩვენ ხელისუფლების ნება უნდა გავიგოთ. შემდეგ უნდა გავიგოთ გაყალბებული საარჩევნო სისტემის რეფორმას როგორ აპირებს. ჩვენი აზრით, მე-9 მოწვევის პარლამენტს ვადა უნდა გაუგრძელდეს. სულ რაღაც ერთ კვირაში შესაძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება და რიგგარეშე არჩევნების კანონის ფარგლებში დანიშვნა. ჩვენ არ შევდივართ იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ვაღიარებთ. აქ მთავარი ხელახალი არჩევნებია. თუ ისინი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, მაშინ ამ დათმობაზე უნდა წამოვიდნენ. ეს არის სახელმწიფოს გადატრიალება, რადგანაც მათ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამიტომ ასეთი პარლამენტის ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება. ჩვენი შეთავაზებაა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა გიორგი გუგავა.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან მოლაპარაკებას შეეცდება და ქვეყანას ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დააბრუნებენ, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით კი ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველს გაანაწყენებს და მისთვის აქედან მოგება არაფერი იქნება. ამიტომაც ახლა შეეცდება ოპოზიციის ნაწილის გადაბირებასა და პარლამენტში შეყვანას. საყვარელიძე ელის, რომ მოლაპარაკება რაც უფრო გაიწელება, ოპოზიციის მარგინალიზება მოხდება, მათ რიგებში შიდა დაპირისპირება გამწვავდება და ნაწილი მათგანი იმ დასკვნამდე მივა, რომ პარლამენტში შესვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა”, - დასძენს გამოცემა.
“ოპოზიციას ხელისუფლებაზე დასავლეთის სახით არანაირი ზეწოლის ბერკეტი აღარ აქვს და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მისი ნაწილი მაინც ადრე თუ გვიან მიიღებს. დროის გასვლასთან ერთად მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატების ნაწილმა მანდატზე უარი არ თქვან და პარტიისგან დამოუკიდებლადაც კი შევიდნენ. მთავარი პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც დეპუტატები მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურად ცნობის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატები ინდივიდულაურად მანდატებზე განცხადებას დაწერენ. ველი, რომ შესაძლოა ბევრმა უარი არ თქვას. “ოცნების” მხადამჭერების მხრიდან არც არის იმის მოწოდება, რომ გინდა თუ არა “ნაციონალები” პარლამენტში შეიყვანეთო. უბრალოდ, სათქმელი რომ არ იყოს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა, სხვა პარტიები ამ მართვაში აუცილებლად უნად მონაწილეობდნენ. იმაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია, თუკი ხელისუფლება ამას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდება. რა არის იმაში ცუდი, რომ ვიღაცეებთნ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს შეეცდებიან? დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია რაც უფრო დროში გაიწელება და დასავლეთის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია სრულიად მარტო ქუჩაში დარჩება, განხეთქილება თავად მის შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
გაუჩნდა თუ არა საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი - ყარაბაღის ომის “გვერდითი მოვლენები”
“საქართველოს ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, დაცულობის განსაკუთრებული გარანტიები სჭირდება და ასეთი შესაძლოა იყოს ან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმება, ან ნატო, ან ორივე ერთად. ვერ გეტყვით, რომ შანსები გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა აუცილებლობა”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ყარაბაღის ომისა და ამის შედეგად რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ საქართველოს ნატოში შესვლის შანსებს. ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ შანსებზე შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმაც. მათი შეფასებით, ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისათვის უფრო ადვილი იქნება ევროპელი პარტნიორების, პირველ რიგში კი საფრანგეთისა და გერმანიის დაყოლიება საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ვიდრე ეს მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ტრანპის ადმინისტრაციის პირობებში იყო შესაძლებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაუჩნდა თუ არა საქართველოს ნატოში შესვლის რეალური შანსი - ყარაბაღის ომის “გვერდითი მოვლენები”.
“ეუობსერვერმა”კი გამოაქვეყნა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა (მაპ) გაეგზავნოს. “ჩვენ დავუთმეთ კრემლს ინიციატივა და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს. დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იასპარეზოს, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია, თუკი გვინდა ავირიდოთ ორ უდიდეს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი”, - აღნიშნავს ჰოჯესი. ფხალაძის თქმით, იმისათვის, რომ ნატოში გაწევრიანების შანსები გაიზარდოს, აუცილებელია მუშაობა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ისეთ ქვეყნებთანაც, რომლებიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დაცულობის განსაკუთრებული გარანტიები სჭირდება და ასეთი შესაძლოა იყოს ან შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმება, ან ნატო, ან ორივე ერთად. ვერ გეტყვით, რომ შანსები გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა აუცილებლობა. შანსებს რაც შეეხება, ბუნებრივია, გენერალ ჰოჯესის განცხადებას მივესალმები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნატოში გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და იმისათვის, რომ შანსები გაიზარდოს, აუცილებელია არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ჩვენს ყველა პარტრნიორთან აქტიური მუშაობა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, რაც ახლა გამოცხადდა, განსაკუთრებით ახალი სახელმწიფო მდივანი, ესენი იქნებიან ძალიან აქტიურები იმისათვის, რომ ამერიკამ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ნატოში ლიდერობა აიღოს, რაც ესოდენ საჭიროა. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ნატოში შესასვლელად მხოლოდ ამერიკასთან მუშაობა საკმარისი არაა, დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის ისეთ ქვეყნებთან მუშაობას, როგორებიცაა საფრანგეთ გერმანია და სხვები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად გაუადვილდება ბაიდენის ადმინისტრაციას გერმანიისა და საფრანგეთის დათანხმება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე”? - პასუხობს:
“დღეს ამისი თქმა ძალიან ძნელია. გერმანიაში, როგორც მოგეხსენებათ, მალე არჩევნებია და გერმანიის კანცლერი მერკელი აღარ იქნება. თავის მხრივ მაკრონიც მომავალი არჩევნებისთის ემზადება, ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ყოფნა სასტარტოდ და აქტიური მუშაობის დასაწყებად კარგია, მაგრამ ეს გზა საკმაოდ რთულია და ჩვენ ამისთვის ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშავოთ”.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"