სერგო ჩიხლაძე საბიუჯეტო დაფინანსებაზე - უარის თქმა ზედმეტი თვითდაზიანებაა, რასაც ელოდება ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიები ფინანსურად მოახრჩოს, ამ საჩუქარს ვერ გავუკეთებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტის ფონზე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებაზე უარის თქმა ზედმეტი თვითდაზიანება იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ „ამას ელოდება ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიები ფინანსურად მოახრჩოს“.

„ამ მხრივ მეტ-ნაკლებად განსხვავებული პოზიციებია, მაგრამ ჩვენ ოპოზიციურ ერთობაში ვიცით ეს განსხვავებები და ერთმანეთი საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული. ვიღაც იღებს, ვიღაც არა, მაგრამ ეს არის დაკავშირებული პარლამენტში შესვლასთან და საპარლამენტო საქმიანობასთან არსებულ ბიუჯეტურ დაფინანსებაზე. ეს დაფინანსება პარტიებს იმიტომ ერგებათ, რომ მათ პარტიული და ზოგადად, პოლიტიკური აქტივობა გააგრძელონ. გასაგებია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ორჯერ მეტი გვეკუთვნის, რაც ამ მოცემულობით შეიძლება ავიღოთ, მაგრამ ამაზე საერთოდ უარის თქმა ზედმეტი თვითდაზიანებაა. ამას ელოდება ზუსტად ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიები ფინანსურად მოახრჩოს, ამ საჩუქარს ჩვენ ვერ გავუკეთებთ, რადგან ჩვენი ამომრჩევლის უფლებები უნდა დავიცვათ. დაფინანსების სხვა მექანიზმი ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, რომელთაგან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკოს ჯერ მხოლოდ ცხრამ მიმართა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო