ალეკო ელისაშვილი - ამ გაღლეტილ ქვეყანაში რატომ უნდა იხდიდე 110-120 ლარს ტესტში? კაცს რომ კორონავირუსი აქვს, ქუჩაში რატომ უნდა იდგეს ტესტირებისთვის? - 8 თვის განმავლობაში ამის მენეჯმენტი რთული იყო?

პოლიტიკური მოძრაობა „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 8 თვის განმავლობაში მთავრობას ქედმაღლობის გარდა არაფერი გაუკეთებია.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, შეცდომაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც.

„ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, 8 თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხეს უფასო ტესტების ჩამოტანა? ამ გაღლეტილ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რატომ უნდა იხდიდე 110 და 120 ლარს ტესტში და რატომ უნდა იდგე მის გასაკეთებლად ნახევარი დღე რიგში? კაცს რომ კორონავირუსი აქვს, ფეხზე რომ ვერ დგას, მოწყვეტილია, ქუჩაში რატომ უნდა იდგეს ტესტირებისთვის? 8 თვის განმავლობაში ამის მენეჯმენტი რთული იყო? მაგრამ რა ვნახეთ? - პირველი ჩაკეტვის მერე საყელოაწეული, გაბღენძილი გახარია, რომელიც უკვე დედამიწას ასწავლიდა ჭკუას, როგორი კრიზისმენეჯერი იყო და ტიკარაძე კიდევ ზემოდან გვიყურებდა. 8 თვე რაში გაატარეს ქედმაღლობის და უვიცობის გარდა?!

ოპოზიციისკენ რომ თითს იშვერდა გახარია და ცქიტიშვილი უსირცხვილოდ, ახლა ვისი ბრალია ამ აკრძალვის შედეგად რომ პირიქით მიაწყდა ხალხი? სულ ვამბობდი, რომ არის საკითხები, არის ვითარება - ომი, სტიქიური უბედურება და პანდემია, როდესაც ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ, პარტიული კუთვნილება და შევქმნათ ეროვნული თანხმობის რაღაც სტრუქტურა, სადაც ერთმანეთს აზრს გავუზიარებთ. რა მივიღეთ იქედან ქედმაღლობის გარდა?! კორონავირუსი ვინმეს ინდობს? მარტო ოპოზიციის მხარდამჭერებს დაემართა თუ მარტო ხელისუფლების მხარდამჭერებს? პასუხისმგებლობა უნდა გადაგვენაწილებინა და აზრები გაგვეცვალა, რა როგორ გაგვეკეთებინა. რით მოემზადნენ მეორე ტალღისთვის? 65 მილიონი მიათხლიშეს ისევ თავის სასტუმროებს და სჭირდებოდა კაცს თუ არ სჭირდებოდა, ქეჩოში კიდებდნენ ხელს და ერეკებოდნენ ცხვრის ფარასავით. გამოკეტეს და სული ამოხადეს ხალხს იმ კარანტინში. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ გააკეთეს ფული თავისივე სასტუმროებში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილს მიაჩნია, რომ ფული ხელისუფლებას სეზონური გრიპის ვაქცინის ყიდვაში, სასუნთქ აპარატებში, საწოლფონდის შექმნაში და სწრაფი უფასო ტესტების შეძენაში უნდა დაეხარჯა.

„ამის ნაცვლად რა დაასუბსიდირეს? - მშენებლობის ბიზნესი. რა შუაშია აქ კორონავირუსი? ამაზე პრეზენტაცია გვექნება და ვაჩვენებთ, ვის ჯიბეში დაილექა ეს ფული“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს