სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, მას შემდეგ, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გაუარესებული სტატისტიკის ფონზე ხელისუფლების მიერ განსაზღრული შეზღუდვების შესახებ განცხადებები გააკეთა, არ ცხრება კამათი იმაზე, უნდა გაემკაცრებინა თუ არა ხელისუფლებას მოქალაქეთა და ეკონომიკური სუბიექტების ქცევის წესები.

თითქოს ყველა თანხმდება, რომ შეზღუდვები აუცილებელი იყო, მეტიც, ზოგი ამბობს, რომ დაგვიანებულიც კია ისინი, არის თემები, რომლებზეც მკაფიო პასუხები საზოგადოებას არ მიუღია.

ამ თემებზე საჯარო სივრცეში მსჯელობაზე თვალის დევნებისას გადავაწყდი თქვენს კომენტარსაც, სადაც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ქვეყანა და ხელისუფლება ისტორიული გამოწვევის წინაშე დგანან.

რადგან საკითხი სწორედ ასე დგას, მოდით ჩვენი საუბარიც იმით დავიწყოთ თუ რა ტიპის და რა სირთულის ისტორიული გამოწვევის წინაშეა დაყენებული გამძვინვარებული პანდემიის გამო როგორც ხელისუფლება, ისე ქვეყანა და საზოგადოება?

- კაცობრიობის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია წლები, რომელთა ხსენებისას ადამიანთა უმრავლესობა იმ წელს მომხდარ ერთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან ახდენს ასოცირებას - 1453 წელი - კონსტანტინოპოლის დაცემა, 1492 წელი - ამერიკის აღმოჩენა, 1789 წელი - საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყება...

მაღალი ალბათობით, მომავალში ალბათ, 2020 წელი კაცობრიობის მეხსიერებაში დარჩება როგორც კორონავირუსის პანდემიის წელი, რომელმაც არნახული ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობებზე, ამ უკანასკნელთა ფსიქიკურ მდგომარეობასა და მოლოდინებზე.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პანდემია გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალით მსოფლიო ომის მასშტაბის მოვლენაა - მან უკვე შეიწირა ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკა სულ ცოტა ორი წლით, სამოქალაქო ავიაცია - 4-5, ხოლო ტურისტული ინდუსტრია - დაახლოებით 6-7 წლით უკან გადაისროლა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ პანდემია გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალით მსოფლიო ომის მასშტაბის მოვლენაა - მან უკვე შეიწირა ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკა სულ ცოტა ორი წლით, სამოქალაქო ავიაცია - 4-5, ხოლო ტურისტული ინდუსტრია - დაახლოებით 6-7 წლით უკან გადაისროლა

საქართველოს ისტორიულად, მისი ტერიტორიისა და მოსახლეობის რიცხოვნობის გამო, ფაქტობრივად თითქმის არასდროს ჰქონია „ღრმა ზურგი“, მაგრამ დღეის მდგომარეობით „ზურგის“ ცნება საერთოდ წაშლილია და ფრონტის ხაზი უშუალოდ თითოეულ ოჯახზე, მოქალაქეზე გადის.

ამიტომ როგორც ნამდვილი ომის დროს, წარმატებების მოპოვება დიდწილად მთავარსარდლის ხედვებსა და სტრატეგიაზეა დამოკიდებული, ისე აქაც ქვეყნის და მისი მოსახლეობის ბედ-იღბალი სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის მართებულობასა და ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

როგორი იქნება ხარჯები წარმატების მისაღწევად, რა დაუჯდება ეს ქვეყანას, რა ფინანსური და ადამიანური რესურსებია საჭირო საამისოდ? ეს უკვე სცდება ხელისუფლების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მასშტაბებს და ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება.

როგორი იქნება ხარჯები წარმატების მისაღწევად, რა დაუჯდება ეს ქვეყანას, რა ფინანსური და ადამიანური რესურსებია საჭირო საამისოდ? ეს უკვე სცდება ხელისუფლების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მასშტაბებს და ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება

ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეუბნებით, რომ სწორედ ამ ბრძოლაში მიღწეული შედეგებით იმსჯელებენ დღევანდელ ხელისუფლებაზე მომავალში. ეს კი უზარმაზარ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლების თითოეულ წევრს და პირადად პრემიერ-მინისტრს.

ამ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს კოვიდ-19-თან დაკავშირებული სამედიცინო და ეკონომიკური შემოტევის მოგერიება, კონტრშეტევაზე გადასვლა და საბოლოო გამარჯვების უზრუნველყოფა.

ეს საკმაოდ დიდ ძალისხმევას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას მოითხოვს, რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების სიმრავლისა და ამ უკანასკნელთა ხმამაღალი განცხადებებისა, მათგან ბევრი არ მოისურვებდა საკუთარ თავზე აეღო და გამოეცადა ამგვარი პასუხისმგებლობა.

- ვიდრე იმაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, რამდენად რაციონალურად შეძლო ხელისუფლებამ ქვეყნის შესაძლებლობების საჭიროებებზე გადანაწილება და დროში გაწერა, არ ვიქნებით სწორი, თუ უყურადღებოდ დავტოვებთ შეზღუდვებზე მსჯელობისას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის პრეტენზიებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ პანდემიის მართვაში სერიოზული შეცდომები დაუშვა.

ამ თემებზე საუბრებს აქტუალურს ხდის ჯანდაცვის მინისტრის ქალბატონ ტიკარაძის განცხადებები, რომ იგი წარმატებით უძღვება ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ლამის ჩამოშლილია, ვერ ხერხდება სასოწარკვეთილი ხალხის თუნდაც ტელეფონით კონსულტაცია, რეალურადაა საწოლებისა და სასუნთქი აპარატების პრობლემები.

გვახსოვს, რომ პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ და მთელმა ჯანდაცვის სისტემამ საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი პრობლემებს. ახლა კი ვხედავთ, რომ იგი პრაქტიკულად ვერ უმკლავდება ვირუსის გავრცელების სისწრაფეს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ ზაფხულსა და შემოდგომაზე დრო დაკარგა და სათანადოდ ვერ მოემზადა მეორე ტალღისთვის?

- დავიწყოთ იმით, რომ თავად კოვიდ-19-ის პანდემია და ამით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საკმაოდ ატიპიური მოვლენაა, რომლის მსგავსი ბოლო საუკუნის მანძილზე კაცობრიობას არ ჰქონია.

ინფექციის პირველი შემთხვევის გაჩენისა და გლობალური მასშტაბით „ტრიუმფალური სვლის“ დაწყებიდან გასული თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჯერაც არ არის სრულყოფილი, დასრულებული, ყველა ქვეყნისათვის მისაღები ამ დაავადების წინააღმდეგ სამედიცინო და ორგანიზაციული ბრძოლის უნიფიცირებული პროტოკოლი.

აღნიშნულს ხელს უშლის არა მარტო ქვეყნების მიხედვით ჯანდაცვის განსხვავებული სისტემების არსებობა, არამედ დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისა და შტამების მრავალფეროვნება. ქართული მედიცინა, სხვებთან ერთად, წინ მიიწევს, რომ იტყვიან, „ცდისა და შეცდომების“ მეთოდების გამოყენებით.

ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რეზონანსი ექნებოდა საზოგადოების უდიდესი ნაწილის, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის რეაქციას, ხელისუფლებას რომ მაგალითად, 1-ლი ივლისიდან ზომების გამკაცრებაზე გაეკეთებინა განცხადება?! რა ბრალდებების კორიანტელი წამოვიდოდა ხელისუფლების მისამართით?!

ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რეზონანსი ექნებოდა საზოგადოების უდიდესი ნაწილის, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის რეაქციას, ხელისუფლებას რომ მაგალითად, 1-ლი ივლისიდან ზომების გამკაცრებაზე გაეკეთებინა განცხადება?! რა ბრალდებების კორიანტელი წამოვიდოდა ხელისუფლების მისამართით?!

იმ დღის მდგომარეობით, სხვათა შორის, გარკვეულ სტატისტიკას კოვიდ 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით თავად ვაწარმოებ, ჩვენ ნაზარდი ჯამით - პანდემიის დაწყებიდან - გვყავდა მხოლოდ 926 კოვიდინფიცირებული და 15 ლეტალური შემთხვევა.

იმ დროს მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე სომხეთი უსწრებდა საქართველოს ინფიცირებულთა რაოდენობით 33.4-ჯერ, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობით - 37.5-ჯერ, აზერბაიჯანი, შესაბამისად, 6.8-ჯერ და 5.5-ჯერ, თურქეთი - 10.0-ჯერ და 15.9-ჯერ, რუსეთი - 18.3-ჯერ და 16.6-ჯერ, აშშ - 33.9-ჯერ და 99.3-ჯერ.

ძნელია, ზაფხულში, თანაც ასეთი სტატისტიკის ფონზე, საკუთარ სახელმწიფოში „ჩაკეტილ“ მოსახლეობას აუკრძალო შიდა ტურიზმი და ქცევის მკაცრი რეგლამენტი დაუწესო, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, განტევების ვაცი სწორედ ის აღმოჩნდა. ამჟამად, 28 ნოემბრის მდგომარეობით, ხსენებული პარამეტრებით ჩვენზე უარესი მდგომარეობა დასახელებული ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთს და აშშ-ს „შემორჩათ“.

შვედეთი პანდემიის დაწყებიდან ბოლო დრომდე აქცენტს ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტის“ მეთოდზე (ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგია - საზოგადოების დიდ ნაწილის მიერ იმუნიტეტის გამომუშავების წყალობით ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტა და ამის საფუძველზე დაავადების გავრცელების შეჩერება...) აკეთებდა (მასზე ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე დღის წინ თქვა უარი - გაცილებით ადრე ამ მეთოდზე უარი უკვე თქვა გაერთიანებულმა სამეფომ), რის გამოც ამ ქვეყანაში მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელ ნორვეგიაზე 3.3-ჯერ მეტი, ხოლო ფინეთზე - 5.0-ჯერ მეტია (ლეტალური შემთხვევები, შესაბამისად, 11-ჯერ და 9-ჯერ მეტი...).

აღმოჩნდა, რომ იმუნიტეტი არაა „სამიდღემჩიო“ - უკვე მრავლადაა შემთხვევები, როდესაც უკვე გამოჯანმრთელებულები გარკვეული დროის შემდეგ ისევ ავადდებიან აღნიშნული ვირუსით.

შესაბამისად, კაცობრიობა და ქვეყნები საკმაოდ ძვირს იხდიან ამ ვირუსის გამოვლენის ფორმების, გავრცელების თავისებურებებისა და მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების შესამუშავებლად. ხშირად მათ ამისათვის, გავიმეორებ, ცდებისა და შეცდომების გზის გავლაც უწევთ. ამ მხრივ, საქართველოც არაა გამონაკლისი.

შესაბამისად, კაცობრიობა და ქვეყნები საკმაოდ ძვირს იხდიან ამ ვირუსის გამოვლენის ფორმების, გავრცელების თავისებურებებისა და მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების შესამუშავებლად. ხშირად მათ ამისათვის, ცდებისა და შეცდომების გზის გავლაც უწევთ. ამ მხრივ, საქართველოც არაა გამონაკლისი

- შეიძლება ითქვას, რომ თუ ზაფხულში გადაიდგმებოდა უფრო ეფექტური ნაბიჯები ვირუსის შემთხვევებთან საბრძოლველად, შესაძლოა, ახლა არ გვქონოდა ასეთი კატასტროფული მდგომარეობა?

- ჩვენ გვავიწყდება, რომ აღნიშნულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა ეკონომიკის ვარდნის მასშტაბები წინა წლის შესაბამის პერიოდთან 2020 წლის აპრილის 16.6 პროცენტიდან სექტემბრისთვის 0.7 პროცენტამდე, ხოლო დღგ-ის გადამხდელ ბიზნეს სტრუქტურების ბრუნვის დინამიკა, გაგვეზარდა, შესაბამისად, 67.2%-დან 104.7%-მდე.

ეკონომიკა თანდათანობით იბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების მობილიზების პოტენციალს, რომლის წილი განმსაზღვრელია დახმარების იმ პაკეტში, რაზეც ხელისუფლებამ ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

ჩვენ გვავიწყდება, რომ აღნიშნულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა ეკონომიკის ვარდნის მასშტაბები... ეკონომიკა თანდათანობით იბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების მობილიზების პოტენციალს, რომლის წილი განმსაზღვრელია დახმარების იმ პაკეტში, რაზეც ხელისუფლებამ ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა

ჩვენ ყველანი - ხელისუფლებაც, მედიკოსებიც, საზოგადოებაც გარკვეულწილად აღმოვჩნდით კორონავირუსის უკან დახევისა და დამარცხების ილუზიის ტყვეობაში, რის საფასურს ახლა ვიხდით. თუ რატომ ხელისუფლებაც? - ამაზე მგონი ზემოთ უკვე გიპასუხეთ.

- შეზღუდვების წესებთან ერთად ხელისუფლებამ მოქალქეთა სხვადასხვა ჯგუფებზე დახმარებების პაკეტი წარმოადგინა.

გასაგებია, რომ 1 მილიარდ 100 მილიონიანი დახმარებების პაკეტი ბევრი ვერაფერი შეღავათი იქნება მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ამ პერიოდში სამსახურს დაკარგავს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლებამ შემოთავაზებული პაკეტი იმ პირობებში შეიმუშავა, როცა შემოსავლები სულ კლებულობს და მას რეალური ეკონომიკის სექტორებზე ზრუნვაც ევალება.

რამდენად რაციონალურად შეძლო ხელისუფლებამ ქვეყნის შესაძლებლობების საჭიროებებზე გადანაწილება და დროში სწორად გაწერა?

- რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნებოდა დახმარების პაკეტი, მით უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ ხელისუფლება ხომ ილუზიონისტი არაა, რომელსაც შავი ცილინდრიდან ყურებით ამოჰყავს ცოცხალი ბაჭია?! მას მხოლოდ იმის განაწილება შეუძლია, რასაც რეალურად განკარგავს.

რაც უფრო მეტი იქნებოდა დახმარების პაკეტი, მით უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ, ხელისუფლება ხომ ილუზიონისტი არაა, მას მხოლოდ იმის განაწილება შეუძლია, რასაც რეალურად განკარგავს

მაგრამ, როდესაც შემოსავლები კლებულობს და იმავდროულად, სოციალური ხარჯების გაწევის აუცილებლობა იზრდება, ეს წარმოშობს „საბიუჯეტო მაკრატელს“, რომლის ნეიტრალიზება მხოლოდ სახელმწიფო ქონების გაყიდვითა და ახალი სესხების აღებითაა შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობით, 2030 წლის ბოლომდე შეუძლებელია ქვეყანაში ახალი გადასახადების შემოღება, ან მოქმედ გადასახადებში, გარდა აქციზისა, საგადასახადო განაკვეთის გაზრდა. ფაქტობრივად, ხელისუფლება თავისივე გადაწყვეტილებისა და პოლიტიკის მძევალია.

ფაქტობრივად, ხელისუფლება თავისივე გადაწყვეტილებისა და პოლიტიკის მძევალია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორე მსოფლიოს დროს, ვიდრე 1948 წლამდე, ხორციელდებოდა ქამრების მკაცრი შემოჭერის პოლიტიკა და თუ მინიმალური საშემოსავლო გადასახადი 19% იყო, მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი აღემატებოდა 200 ათას დოლარს - 86.5 პროცენტზე მეტი იყო, მათ შორის 1944-1946 წლებში - 94%!

ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მცირე ზომისაა. საქართველოს მშპ სულ ცოტა 6-ჯერ ნაკლებია აშშ-ში ღარიბებისთვის განკუთვნილი სასურსათო ტალონების ჯამურ ღირებულებაზე, გადასახადები პროპორციულია და ვერავინ ბედავს ხელისუფლებიდან იმის თქმას, რომ ეს აფერხებს ეკონომიკის განვითარებას.

არ მიდის მუშაობა იმაზე, რომ პრაქტიკული დატვირთვა შეიძინოს ჩვენს რეალობაში გადმოტანით ჯონ კენედის ხატოვანმა გამონათქვამმა: „ნუ ფიქრობ, თუ რა შეგიძლია მოგცეს შენ ამერიკამ. იფიქრე იმაზე, თუ რისი მიცემა შეგიძლია შენ მისთვის“.

მართალია საქართველო იმყოფება კოვიდ 19-თან საომარ მდგომარეობაში, მაგრამ ფისკალური კუთხით ჩვენ ისევ მშვიდობის დროინდელი პოლიტიკის გამტარებლები ვართ.

სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები, ის მოთხოვნები, რასაც საზოგადოება, ბიზნესი, მოქალაქეები მას უყენებენ, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ამჟამად მოქმედი პროპორციული საგადასახადო სისტემის შენარჩუნებისას. არსებული ვითარება სულ უფრო აქტუალურს ხდის პროგრესული საგადასახადო შკალის შემოღებას, დაკანონებას.

სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები, ის მოთხოვნები, რასაც საზოგადოება, ბიზნესი, მოქალაქეები მას უყენებენ, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ამჟამად მოქმედი პროპორციული საგადასახადო სისტემის შენარჩუნებისას. არსებული ვითარება სულ უფრო აქტუალურს ხდის პროგრესული საგადასახადო შკალის შემოღებას, დაკანონებას

ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში, რომლის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო დახმარების მასშტაბებს, არამედ - დროსაც. ამ პირობებში ადმინისტირების ხარჯები უნდა იყოს მინიმალური, ეს კი ფაქტობრივად გამორიცხავს სამართლიანობის „აფთიაქის სასწორით” გაზომვის შესაძლებლობას.

ამან განაპირობა დახმარების იმ მოდელის თითქმის მთლიანად გამეორება, რომელიც ანტიკრიზისული პროგრამის პირველ ეტაპზე საფუძვლად დაედო სოციალური დახმარებების პაკეტს.

ყურადღებას გავამახვილებდი ერთ გარემოებაზე, რომელიც ზოგად საზოგადოებრივ პრობლემას წარმოადგენს.

ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი და მედიასაშუალებები სახელმწიფოსა და მოსახლეობას განიხილავს ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ ჰიპოსტასში - სახელმწიფო „დონორის“, ხოლო მოსახლეობა - რეციპიენტის, მიმღების როლში. არადა, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს მეორენაირ ჰიპოსტასსაც - როცა მოქალაქეები მუშაობენ სახელმწიფოს ანუ ყველასთვის საჭირო ინსტიტუტის გაძლიერებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებულად ფასეული იქნებოდა აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ზემოხსენებული შეგონების გათვალისწინება.

ხელისუფლებისადმი „კრიჭაში მდგომი“ მედიასაშუალებები კონცენტრირებას აკეთებენ გაჭირვებულ ადამიანებზე, მაშინ როდესაც არსებითად იზრდება სწორედ ასეთი ადამიანებზე გასაწევი დახმარების სახელმწიფო რესურსი.

ხელისუფლებისადმი „კრიჭაში მდგომი“ მედიასაშუალებები კონცენტრირებას აკეთებენ გაჭირვებულ ადამიანებზე, მაშინ როდესაც არსებითად იზრდება სწორედ ასეთი ადამიანებზე გასაწევი დახმარების სახელმწიფო რესურსი

მთლიანად, სოციალური დანახარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წელთან შედარებით 1.5-ჯერაა გაზრდილი - 32-დან 48 პროცენტამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ზღვარი ნამდვილად არ არის და 2020 წელს ის, მაღალი ალბათობით, საგრძნობლად გადააჭარბებს 50-პროცენტიან მიჯნას.

- ხელისუფლების გეგმით გაზრდილია სოციალური დახმარებები, მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლებამ ივალდებულა 4 თვის მანძილზე ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის გადახდა.

გარდა ამისა, ხელისუფლება მოახდენს სხვადასხვა ბიზნესების სუბსიდირებას, სარესტორნო ბიზნესს სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. გემახსოვრებათ, რომ გაზაფხულზე პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ და ხელისუფლებაც ბევრს საუბრობდა ადგილობრივი წარმოების დახმარების პროგრამაზე, იმაზე, რომ დააზღვევდა იმპორტირებული ზეთის, ფქვილის, ბრინჯისა თუ სხვა პროდუქტების ფასებს. პრემიერს ამ თემებზე ყოველ შემთხვევაში ჯერ არ უსაუბრია.

რამდენად სწორია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გათვალისწინებულია ისეთ ბიზნესზე, როგორიცაა მაგალითად სარესტორნო ბიზნესი და არავინ საუბრობს ადგილობრივი ბიზნესების დახმარებაზე, რომლებიც თავად ქმნიან საკვებ პროდუქციას?

- ზოგადად, სუბსიდირებას - ცალკეული პროდუქციის წარმოების თუ საქმიანობის სახეობისას, ხშირად მიმართავენ ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნები. სუბსიდირების საფუძველი ძირითადად ორი გარემოებაა - ჯერ ერთი, რეცესიაში, კრიზისში მყოფი დარგის, საქმიანობის სახეობისთვის ხელის წაშველება, დახმარება და მეორე, იმ სფეროს და იმ მასშტაბის დახმარება, სადაც დახმარებას ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი ექნება წარმოებისა და დასაქმების ზრდის მხრივ.

ამ ასპექტით, სარესტორნო ბიზნესიც დიდწილად ადგილობრივი პროდუქციის მომხმარებელია და მისი განვითარება შესაბამისად, ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ პროდუქციაზე.

იმედია, როდესაც რესტორანში მისული კლიენტი „შქმერულს“ შეუკვეთავს, ამ კერძის ორი მთავარი ინგრედიენტიდან - ვარია და ნიორი, ერთი მაინც იქნება ადგილობრივი წარმომავლობის. მაპატიეთ ეს ირონია, მაგრამ გასულ წელს ჩინეთიდან ჩვენ თითქმის ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების ფრინველის ხორცის იმპორტი განვახორციელეთ...

ადგილობრივი ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის გამოხატულებას წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის დონეს 4.7%-ით გადააჭარბა, მათ შორის მხოლოდ ოქტომბერში - 21.2%-ით.

ადგილობრივი ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის გამოხატულებას წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის დონეს 4.7%-ით გადააჭარბა, მათ შორის მხოლოდ ოქტომბერში - 21.2%-ით

მეორე მხრივ, აშკარად გადაჭარბებული მეჩვენება ამ ორიოდე დღის წინ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მიერ თქვენი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში დასახელებული რიცხვი - თითქოს აღნიშნულ სექტორში მომუშავე 250 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება. ჯერ ერთი, რესტორნებს შეეძლებათ მომსახურების ისეთი ფორმების გამოყენება, როგორებიცაა - პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway; „დელივერი“ და „დრაივი“.

მეორეც, ამდენი დასაქმებული რომ სექტორს ჰყავდეს, რეალურად უშუალოდ ამ სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა სულ ცოტა, 5-ჯერ ნაკლებია... მაშინ საქართველოში ცხოვრების დონე სულ ცოტა, 2-ჯერ უფრო მაღალი და სიღარიბის დონე - 3-ჯერ უფრო დაბალი უნდა იყოს. და მართლაც ასე რომ იყოს, მაშინ საწუწუნო რაღა გვაქვს?!

- ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ დახმარებების პაკეტი საკმაოდ მცირეა. მაგრამ გასაგებია ისიც, რომ ამ მიმართულებით რესურსები იმის გათვალისწინებით იქნა გადანაწილებული, რისი საშუალება რეალურად აქვს ქვეყანას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და გარკვეული სფეროებისთვის დახმარებების გეგმები შესაძლებელს გახდის იმას, რომ ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგება?

- საქართველოს ხელისუფლებას ამჟამად გააჩნია ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს. ხატოვნად რომ ვთქვათ, თანამედროვე არასტაბილურობით გამორჩეულ სრუტეში კოვიდ-19-ის სცილასა და ეკონომიკის კოლაფსის ქარიბდას შორის.

საქართველოს ხელისუფლებას ამჟამად გააჩნია ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს

ამგვარი ოპტიმუმის მიღწევა ზოგადად, ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და კომპეტენტურობის, ერთი მხრივ და მოსახლეობის სიტუაციისადმი ადეკვატური რეაგირების, მეორე მხრივ, თანხვედრისას, გადაუწყვეტად სოციალურ-ეკონომიკურ ამოცანას ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს.

- შეზღუდვების დაწესებამდე მედიკოსების უმეტესობა თვლიდა, რომ უნდა მომხდარიყო ინფექციის გავრცელების სიჩქარის შენელება და ზამთრის თვეებში მოკვდავობის მკვეთრი მატების შემცირება.

ვხედავთ, რომ სამედიცინო სფეროს მუშაობაშიც ხდება სწრაფი ტემპებით კორექტივების შეტანა. ცუდია, რომ მარტამდე პრაქტიკულად გადადებულია ბევრი აუცილებელი ოპერაცია. უმეტეს შემთხვევებში უარს ამბობენ გადაუდებელი ოპერაციების გაკეთებაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება.

თქვენ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ბატონ ამირანის პროგნოზი გამართლდება?

- ბატონი ამირანი უაღრესად კომპეტენტური, პასუხისმგებელი და პატრიოტი პიროვნებაა. ამიტომ მის რაიმე დასკვნაზე ეჭვი რომ გამოთქვა, დაუნახავი და უმადური უნდა იყო.

მართალია, ვერაგ სენთან დაკავშირებულ არაერთ გამოწვევასთან მასაც, ისევე როგორც სამედიცინო სექტორს მთლიანად - ჩვენთანაც და გლობალურადაც - პირველად უწევს „შეხვედრა“, მაგრამ დღეს ჩვენ იმ ხომალდის მგზავრები ვართ, სადაც ბატონო ამირან გამყრელიძე შტურმანის როლშია და იმედს ვიტოვებ, რომ ისიც და ხომალდის მთელი ეკიპაჟიც წარმატებით გაგვიყვანს სამშვიდობოს.

დღეს ჩვენ იმ ხომალდის მგზავრები ვართ, სადაც ბატონო ამირან გამყრელიძე შტურმანის როლშია და იმედს ვიტოვებ, რომ ისიც და ხომალდის მთელი ეკიპაჟიც წარმატებით გაგვიყვანს სამშვიდობოს

- თუ ისევ შეზღუდვების გამო ეკონომიკურ პრობლემებს დავუბრუნდებით, არის თემები, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებაში აშკარად აზრთა სხვადასხვაობაა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას შეზღუდული რესურსების პირობებში უხდება კრიზისის მენეჯმენტი, მაგრამ თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული კრიზისის პირობებში ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებში კორექტივების შეტანა, რა კორექტივებს დაამატებდით სახელისუფლო პროგრამას?

- დახმარების ფორმატით უნდა იქნას მოცული თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება „სიღარიბის სტანდარტებს“ ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ პანდემიის პირობებში ძირითადად დაგროვილი ქონებისა და დანაზოგების „გამოჭმით“ არსებობენ.

დახმარების ფორმატით უნდა იქნას მოცული თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება „სიღარიბის სტანდარტებს“ ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ პანდემიის პირობებში ძირითადად დაგროვილი ქონებისა და დანაზოგების „გამოჭმით“ არსებობენ

დახმარების ქოლგას გამოვიყენებდი აგრეთვე უმაღლესი განათლების მქონე იმ ახალგაზრდა სპეციალისტების მიმართ, ვინც უმუშევარი გახდა ჯერ კიდევ პანდემიამდე ან უმაღლესის დამთავრების შემდეგ საერთოდ ვერ მოძებნა თავისი ადგილი შრომის ბაზარზე. საქართველოში 75 და მეტი წლის 440 ათასი ადამიანია. კარგი იქნებოდა მათთვის ერთჯერადად მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერის გადაცემა ვაუჩერის ღირებულების განსაზღვრის პრეროგატივა თავად ხელისუფლებას დავუტოვოთ…

უფრო გრძელვადიან პერიოდზე გათვლის შემთხვევაში - შევთავაზებდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში, იქ, სადაც განსაკუთრებით დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე, სასკოლო ასაკის ყოველ ბავშვზე იქ გატარებული ყოველი სასწავლო წლის მიხედვით მაღალი, თანაც პროგრესირებადი სუბსიდიის დაწესებას.

ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა საქართველოს მთიანეთის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებასა და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკურ-სამეწარმეო საქმიანობის ინტენსიფიკაციაში.

- საუბრის დასაწყისში ჩვენ ვიმსჯელეთ არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებზე. გასაგებია, რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან და რომ არა მათი დახმარება, ქვეყანას და ხელისუფლებას გაცილებით უფრო მეტად გაუჭირდებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინა მალე იქნება, მაგრამ ვიდრე იგი კიდევ საბოლოოდ დაიხვეწება და ჩვენამდე მოაღწევს, ამას კიდევ დიდი დრო დასჭირდება...

- საზოგადოებას სჭირდება პოზიტიური იმპულსები, გრძნობების, განწყობის ოპტიმისტურ „დიაპაზონზე გადაწყობა“, რაც გაზრდის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ იმუნიტეტს.

ვერ გავიზიარებ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ექსპერტის სიტუაციის ძალიან მუქ ფერებში დახატვას. მათ რომ უსმინო, გეგონება ჰორორის ფილმის სიუჟეტს ახმოვანებენ.

ამ ორიოდე დღის წინ ერთ-ერთი პოპულარული გაზეთის სტატიის მხოლოდ სათაურად გამოტანილ წინადადებაში ექვსი (!) ნეგატიური შინაარსის ინფორმაცია იყო მოტანილი. არ მინდა მორალისტობაში ჩამითვალოთ, თანაც ყოფილი სტატისტიკოსი ვარ, თუ „ყოფილი“ მისაღებია ამ შემთხვევაში, და მინდა ერთი სარკასტული გამონათქვამი შეგახსენოთ - ერთი გარდაცვალება - ტრაგედიაა, მრავალი კი - სტატისტიკა.

აი, სტატისტიკურად, შარშან, კოვიდ 19- ს გამოჩენამდე, საქართველოში გარდაცვალებათა საშუალო ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 130 იყო. ამიტომ ჩვენი მოლოდინი კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე არ უნდა დაემსგავსოს გოდოს მოლოდინს.

სტატისტიკურად, შარშან, კოვიდ 19-გამოჩენამდე, საქართველოში გარდაცვალებათა საშუალო ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 130 იყო. ამიტომ ჩვენი მოლოდინი კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე არ უნდა დაემსგავსოს გოდოს მოლოდინს

ვაქცინის მოლოდინის რეჟიმი რაც უფრო აქტიურ ფორმატში იქნება განხორციელებული სოციალური და პირადი ჰიგიენის დაცვით, მით უფრო ნაკლები დანაკარგებით შევხვდებით მის გამოჩენას.

- ამ თემაზე ბატონ ლადო პაპავა მოსაზრება - სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება“, აბსოლუტურად ზუსტად ასახავს მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ვითარებას.

ეს კი ჩვენთვის იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყანას, როგორც მინიმუმ, მაისამდე მოუწევს თუ შეზღუდულ არა, საგანგებო რეჟიმში ცხოვრება. ამას კი, იმაზე მეტი რესურსები დასჭირდება, ვიდრე ახლა ქვეყანას აქვს.

ვიცით, რომ გარდა იმისა, რომ დაგვეხმარნენ პარტნიორები, სესხებიც საკმაოდ ბევრი ავიღეთ. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ სესხების ოდენობამ მშპ-ს 60%-ს მიუახლოვდა, რაც ქვეყნისთვის სახიფათო ზღვარია, რადგან ქვეყნის საგარეო ვალი ახლაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ის სესხები, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში აიღო?

- ყოველი სესხი ორლესული მახვილივითაა. მან შეიძლება გამარჯვებასთანაც გაზიაროთ და არასწორი მოხმარების შემთხვევაში, თვითდაზიანებაც მოგიტანოთ. არასწორად, არაეფექტიანად გამოყენებული სესხი ფეხსაცმელში შემთხვევით მოხვედრილ კენჭსაც ჰგავს - რაც უფრო დიდია, მით უფრო დიდ დისკომფორტს განიცდი, გეშლება ხელი მოძრაობაში, წინსვლაში... ამიტომ საჭიროა ვისწავლოთ მისი სწორი მართვა, გამოყენება და ეს უფრო განმსაზღვრელია, ვიდრე თავად სესხის სიდიდე.

სახელმწიფო სესხის გასტუმრების პროცესი, როგორც წესი, მისი აღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იწყება, რაც ქმნის საკმარის რესურსს, ალბათობას, რომ ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი იმდენად გაიზრდება, რომ მისი მომსახურება ქვეყნისათვის, მისი ეკონომიკისათვის ისე მძიმე და დამთრგუნველი აღარ იქნება.

ყველა განვითარებულ ქვეყანას საქართველოზე მეტი ვალი აქვს (პროცენტულად შესაბამისი ქვეყნის მშპ-სთან), თუმცა ეს ამ ქვეყნების ეკონომიკას ნაკლებად ეფექტიანად და მიმზიდველად არ წარმოაჩენს - მგონი, პირიქით.

სხვათა შორის, მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს თითქმის 5 პროცენტით შემცირდება, ხოლო სახელმწიფო ვალების ჯამური სიდიდე კი თითქმის 12 პროცენტით გაიზრდება. მათთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნის მასშტაბი, წინასწარი შეფასებით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე რამდენადმე მეტი, ხოლო სამთავრობო ვალის ზრდის მასშტაბები - ნაკლები იქნება.

მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს თითქმის 5 პროცენტით შემცირდება, ხოლო სახელმწიფო ვალების ჯამური სიდიდე კი თითქმის 12 პროცენტით გაიზრდება. მათთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნის მასშტაბი, წინასწარი შეფასებით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე რამდენადმე მეტი, ხოლო სამთავრობო ვალის ზრდის მასშტაბები - ნაკლები იქნება

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ სამთავრობო ვალის სიდიდე 2021 წელს გადააჭარბებს საქართველოს 2014 წლის მთლიან შიდა პროდუქტს, მოცულობით იქნება დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი 2021 წლის საბიუჯეტო შემოსავლებზე, ხოლო მხოლოდ ვალის მომსახურებაზე საჭირო იქნება ქვეყნის 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლებზე მეტი სახსრების მობილიზება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა