„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა

პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალური განცხადებით მიმართავს, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. რა ხარვეზებს ხედავენ განათლების სექტორში და რას გულისხმობს „კოვიდ დაკარგული თაობა“, ამ და სხვა საკითხებზე, პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი საუბრობს.

- თქვენმა პარტიამ განათლების სამინისტროს სპეციალური განცხადებით მიმართა, სადაც საუბარია კორონავირუსის პანდემიის დროს განათლების სფეროში არსებულ ხარვეზებზე. რა პრობლემები დაინახეთ განათლების სისტემაში?

- გასაგებია, რომ გვაწუხებს კოვიდმიმართულებით შექმნილი მწვავე პრობლემები. გვაწუხებს სიდუხჭირე და იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც სამსახური დაკარგა, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის სკოლის ასაკის ბავშვების განათლება. დღევანდელი დისტანციური სწავლა თავის მოტყუებაა. კერძო სკოლებში დისტანციური სწავლება უფრო გამართულია, საჯარო სკოლის ბავშვები კი ძალიან იჩაგრებიან. ასევე, იჩაგრებიან მასწავლებლებიც, მათ არ აქვთ კონკრეტული მითითებები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ რთულ ვითარებაში.

- რა გზებს სთავაზობს პარტია განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კოვიდ დაკარგული თაობა“?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ინტერნეტით და კომპიუტერით მოხდეს იმ მოსწავლეების უზრუნველყოფა, ვისაც აღნიშნულზე ხელი არ მიუწვდება. განათლების სამინისტროს მიერ უნდა შემუშავდეს ერთიანი საგაკვეთილო სისტემა - ერთიანი სტანდარტი და ყველა მასწავლებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ ამ სტანდარტით ჩაატარონ გაკვეთილი. ახალი სტანდარტის გაკვეთილი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ვიდეოებს, ქვიზებს, ტესტებს, ვიდეოს მოსმენის საფუძველზე უნდა იყოს შესაძლებელი ქვიზის ამოხსნა, ეს ყველაფერი ბავშვების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. დღეს რეალურად გვაქვს მასწავლებლის მონოლოგი. ალბათ, დამეთანხმებიან მშობლები, რომ ძალიან ბევრი თინეიჯერი საწოლში რთავს გაკვეთილს იმისთვის, რომ უბრალოდ დაფიქსირდეს გაკვეთილზე და ასე აგრძელებს ძილს.

გარდა იმისა, რომ ინტერნეტით აღიჭურვონ ის ბავშვები, ვისაც არ მიუწვდება ხელი და შეიქმნას სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს გაკვეთილი, მესამე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ უფლებამოსილების დელეგირება მოხდეს სკოლებზე. სამინისტრომ უნდა გასცეს რეკომენდაცია და დირექტორებმა თავად გადაწყვიტონ, შეჩერდება თუ არა მათ სკოლებში სასწავლო პროცესი, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე კონტიგენტიანი სკოლები, სადაც მოსწავლე უფრო ნაკლებია, ვიდრე მასწავლებელი. ქედაში გვაქვს ასეთი სკოლა, სადაც 7 მოსწავლე და 13 მასწავლებელია, თუმცა, არამარტო მაღალმთიან რეგიონები, შიდა ქართლშიც გვაქვს სკოლა, სადაც 14 მოსწავლეა და 11 მასწავლებელი და ასეთი კიდევ ბევრი სკოლაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლებში, სადაც ასეთი მცირე კონტიგენტი სწავლობს, შესაძლებელია დისტანციის და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდეს გაკვეთილი და არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი.

სერიოზულად ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ დაკარგული თაობა მივიღოთ. მომავალ თაობაზე ვამყარებთ იმედს და სწორედ ეს თაობა გვრჩება განათლების გარეშე.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი. ვფიქრობთ, რაზეც პარტიაში ვისაუბრეთ გარკვეულწილად დაეხმარებოდა არსებულ განათლების სისტემას.

- რამდენად ხედავთ განათლების სამინისტროში იმის რესურსს, რომ მათ შეძლონ პანდემიის დროს მოსწავლეების ინტერნეტით ან კომპიუტერით აღჭურვის უზრუნველყოფა? რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად შეძლებს უწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას?

- თუ გამოინახა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შესაძლებლობა, შეუძლია სახელმწიფოს იგივე გზა აირჩიოს. ვიცით, რომ თანხებია გამოყოფილი სკოლების გათბობაზე, განათებაზე და ასე შემდეგ. ამ რესურსის გამოყენებაც შეიძლება მოსწავლეების ინტერნეტით და კომპიუტერით უზრუნველყოფისთვის. მთავარია მონდომება და ნება გამოვიჩინოთ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში რომ ნახოთ, 50 400 არის იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერთან წვდომა, რაც საშინელი მაჩვენებელია. სასაცილოა, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ვსაუბრობთ და თან ამ რიცხვს ვუყურებთ. რანაირად უნდა იყოს დისტანციური სწავლება იქ, სადაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ არის, როდესაც რამდენიმე ბავშვია ოჯახში და 1 კომპიუტერი აქვთ? სერიოზული გამოწვევის წინაშეა ჩვენი სასკოლო განათლება. თუ არ გატარდა ეფექტური ღონისძიებები, მართლა გვეყოლება დაკარგული თაობა და ეს იმაზე მძიმე შედეგს მოიტანს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის