ლევან დგებუაძე - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ამ დროისთვის მომხმარებელთა მიერ 32 120 განაცხადი დარეგისტრირდა

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი სხვა კომპონენტებთან ერთად იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, რომლებსაც საქმიანობა დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად შეუჩერდათ. 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რამდენი განაცხადია შესული შემოსავლების სამსახურში, ვის და როგორ შეუძლია კომპნესაციის მიღება, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე ესაუბრა.

- როგორც დაანონსდა, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გაცემა პანდემიის პერიოდში დაზარალებულ მოქალაქეებზე 1-ელ იანვრამდე მოხდება, რამდენი განაცხადია უწყებაში ამ დროისთვის?

- დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 32 120 განაცხადი დარეგისტრირდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე - მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. ამასთან, დაქირავებული პირი აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 28 ნოემბრიდან, ამავე დამქირავებლისაგან არ უნდა იღებდეს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). დახმარების მიღების შესაძლებლობა აქვთ, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

კომპენსაციის მიმღებთა კიდევ ერთი კატეგორიაა ნებისმიერი ფიზიკური პირი (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება (ამასთან, ამ ობიექტის მფლობელი არ უნდა იყოს არამეწარმე ფიზიკური პირი). მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ფიზიკური პირები, რომლებიც სხვადასხვა ბაზრობაზე სტაციონარული ან არასტაციონარული ობიექტებიდან, მათ შორის, დახლებიდან ეწეოდნენ საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან სამრეწველო პროდუქციით ვაჭრობას.

- რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა პერსონალი შეამცირეს ან ხელფასს ვერ გასცემენ, მაგალითად რესტორნები, სავაჭრო ცენტრები მიიღებენ თუ არა კომპენსაციას ასეთ ობიექტებში მომუშავეები და მეორე მხრივ, სრულად აკრძალული ობიექტების - ფიტნეს ცენტრების, ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისა და კვების ობიექტების პერსონალი მიიღებს თუ არა კომპენსაციას?

- იმ შემთხვევაში, თუ ობიექტები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაცვითა და შეზღუდვების გათვალისწინებით, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ მათ მომსახურე პერსონალი შეამცირეს და ხელფასებს ვერ გასცემენ, შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ განცხადება ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების თაობაზე. ამასთან, საწარმომ ელექტრონულად უნდა წარადგინოს განცხადება იმ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც მასთან დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან - 24 დეკემბრამდე პერიოდში, ამავე დამქირავებლისგან, არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

- თუ მთავრობის დადგენილებით ბიზნესს მუშაობის გაგრძელების უფლება აქვს, თუმცა ათავისუფლებს თანამშრომლების ნაწილს ან ხელფასს ვერ გასცემს, გაიცემა თუ არა კომპენსაცია ასეთ შემთხვევაში?

- გვინდა კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტოთ, რომ დაქირავებით დასაქმებულთა ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ელექტრონულ განცხადებას შემოსავლების სამსახურში წარადგენს მხოლოდ ის დამსაქმებელი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება.

- კომპენსაციის მიღების ერთ-ერთი პირობაა, რომ 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის გაცემა არ უნდა ფიქსირდებოდეს. ამის გათვალისწინებით, ხომ არ მოხდება ბიზნესის წახალისება, რომ შეგნებულად არ გასცეს ხელფასი აღნიშნულ პერიოდში და მსგავსი შემთხვევის გამოვლენის რა ბერკეტებს ფლობთ?

- ვფიქრობთ, თითოეული მოქალაქე და კომპანია პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დადგენილ ვადებში უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია.

- რა პროცედურების გავლაა საჭირო კომპენსაციის მისაღებად?

- დამქირავებელმა, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან-24 დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს პირველადი ელექტრონული განცხადება, რომელშიც იქნება ინფორმაცია კომპენსაციის მიმღები პირის შესახებ, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრის ჩათვლით.

მეტი საჯაროობის უზრუნველყოფისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია (https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=131) , სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია და როგორ ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება. ასევე, პასუხები (https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=7) ხშირად დასმულ კითხვებზე.

- არაერთხელ ითქვა, რომ პასუხისმგებლობა დასაქმებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე დამსაქმებელს ეკისრება. პანდემიის პირველი ტალღის დროს გაცემული კომპენსაციების გამოცდილების და მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით რომ შეაფასოთ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება ბიზნესი საკითხს და ინფორმაციის შეგნებულად დამალვის ან დამახინჯების შემთხვევაში, რა ტიპის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული?

- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, პასუხისმგებლობა ეკისრება გადასახადის გადამხდელს.

- რაც შეეხება 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისთვის, როდიდან დაიწყება განაცხადების მიღება?

- ამ ეტაპზე, კანონმდებლობა ითვალისწინებს დაქირავებულ და თვითდასაქმებულ პირებზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემას. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან კომპენსაციის მიღების დამატებითი პირობები დადგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემისთანავე. ამასთან, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტში.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის