გაზელ ფაინენსმა პრემიუმ ხარისხის ჩაის მწარმოებელ კომპანიაში „მანნა“ ინვესტიცია განახორციელა

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფონდი გაზელი კვლავ განაგრძობს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ინვესტირებას. ახლახან, ფონდმა 600,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა პრემიუმ ხარისხის ჩაის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში „მანნა“.

ინვესტიცია საშუალებას მისცემს კომპანიას გააფართოოს წარმოება, მეტი ოდენობით ჩაიბაროს ადგილობრივად მოყვანილი ჩაი და გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა. ინვესტიციის ათვისების შედეგად, კომპანია შეძლებს გაზარდოს ბაზრის წილი საქართველოში, ჩაანაცვლოს იმპორტირებული ჩაის პროდუქტები და გააღრმავოს ევროკავშირში, უკრაინასა და რუსეთში საექსპორტო შესაძლებლობები.

„აგრო-ბიზნესის პორტფელის თვალსაზრისით, გაზელ ფაინენსი საქართველოში ორიენტირებულია კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებზე, რომლებიც ამზადებენ პრემიუმ ხარისხის, საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციას“-განაცხადა ნათია ჯანელიძემ, გაზელ ფაინენსის საინვესტიციო დირექტორმა. „მანნა ნათელი მაგალითია იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც გაზელ ფაინენსი საქართველოში, აგრობიზნესის სექტორში ასრულებს.’’

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა გაზელ ფაინენსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა“, განაცხადა მანნას მფლობელმა და დირექტორმა, ირაკლი ღურჭუმელიამ. „ახლა, როცა სწრაფი ზრდის ფაზაში ვართ, გაზელ ფაინენსთან პარტნიორობა დაგვეხმარება რეგიონისა და ევროპის მასშტაბით საექსპორტო შესაძლებლობების სწრაფად ათვისებაში.“

საწარმო „მანნა“ სოფელ საგურამოში მდებარეობს. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს და დანერგილი აქვს სურსათის უვნებლობის მართვის მოწინავე სისტემა, რომელიც სრულად პასუხობს იმპორტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ბუნებრივ და ორგანულ ჩაის ფოთლებს, ისევე როგორც ხილის პროდუქტებს მანნა ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ბუნებრივი ჩაის პროდუქტების სრულ ასორტიმენტს, მათ შორის: შავ ჩაის, მწვანე ჩაის, მწვანე ჩაის პიტნით, შავ ჩაის მოცვის ფოთლით, შავ ჩაის ქონდრით, შავ ჩაის ასკილით, ხილის ჩაის. უახლოეს თვეებში კი, კომპანია გეგმავს ასორტიმენტის გამდიდრებას ჩაის სხვადასხვა ჯიშებითა და დამატებითი პროდუქტებით.

„საქართველო მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მდიდარი ისტორიით. თუმცა, საბჭოთა პერიოდში, ხარისხი ხშირად რაოდენობას ეწირებოდა” - ამბობს „მანნას“ გენერალური დირექტორი და მფლობელი, ირაკლი ღურჭუმელია. „მანნას მისიაა დააბრუნოს საქართველო ჩაის წარმოების ოქროს ხანაში და ჩაიბაროს ადგილობრივი ფერმერების მიერ ბუნებრივად მოყვანილი უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლები.

დასავლეთ საქართველო, სადაც მანნა მჭიდროდ თანამშრომლობს ფერმერების ადგილობრივ ქსელთან, გამოირჩევა ბუნებრივი და ორგანული ჩაის პლანტაციებისთვის ხელსაყრელი პირობებით. ამ რეგიონის სუბტროპიკული კლიმატი, გრილი საღამოებითა და მოკლე, ცივი ზამთრით, ხელს უწყობს დაავადებებისა და მავნებლების ბუნებრივ პრევენციას. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგის კომბინაცია მაღალმთიან, ალპურ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, გაცილებით დელიკატურ და მრავალფეროვან არომატს სძენს ჩაის ფოთოლს.

საქართველოში ჩაის ინდუსტრია 1850-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მისი განვითარება უკავშირდება ტრადიციული აბრეშუმის გზის სავაჭრო მარშრუტებს, როდესაც გაბედული ქართველი და ჩინელი მეწარმეები იძიებდნენ დასავლეთ საქართველოში რეგიონებს, გამორჩეულს სამხრეთ ჩინეთის ცნობილ რეგიონებთან მსგავსი კლიმატური პირობებით.

მე-20 საუკუნის დამდეგს, ქართულმა ჩაიმ პოპულარობა მოიპოვა ევროპაში, განსაკუთრებით კი, რუსეთის არისტოკრატთა წრეებში. საბჭოთა პერიოდში, ქართული ჩაის საბაზრო წილი კიდევ უფრო გაიზარდა, საქართველომ კი მსოფლიოს მასშტაბით ოთხ საუკეთესო მწარმოებელს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

გაზელ ფაინენსი

გაზელ ფაინენსი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ევრაზიის რეგიონში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ინვესტირებას. განვითარებად ბაზრებზე კაპიტალის მხრივ არსებული ბარიერებისა და სიცარიელის საპასუხოდ, გაზელ ფაინენსი მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე მეწარმეებს ფინანსურ პროდუქტებსა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ადგილობრივ საწარმოებში ინვესტირების გზით, გაზელ ფაინენსი ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრებისა და ეკონომიკის გაძლიერებას, ამავდროულად კი, ინვესტორებისთვის კომერციული სარგებლის გენერირებას.

შპს მანნა

კომპანია 2016 წელს დაარსდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. იგი აწარმოებს პრემიუმ ხარისხის, საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციას ადგილობრივად მოყვანილი ჩაის ფოთლების გამოყენებით. 2017 წელს, მანნამ საგურამოს რაიონში მსოფლიო კლასის ჩაის გადამამუშავებელი და დამფასოებელი ქარხანა ააშენა, 200 ტონა (3.5 მილიონი ყუთი) ფოთლოვანი დასაყენებლი ჩაისა და ერთჯერად შეფუთვაში 10 ტონა (500 ათასი ყუთი) ჩაის წარმოების შესაძლებლობით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს (ISO 22000) და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის იმპორტის სტანდარტებს. კომპანია აწარმოებს ბუნებრივი, ორგანული, შავი, მწვანე, ხილისა და მცენარეული ჩაის ფართო ასორტიმენტს საბრენდო სახელით „მანნა“ და ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირში, რუსეთსა და უკრაინაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გაზელ ფაინენსი

მისამართი: პეტრე მელიქიშვილის 8ა/ერეკლე ტატიშვილის 1, 0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2 243 432

ნათია მარიამიძე

ელ. ფოსტა: nmariamidze@gazellefinance.com

მანნა საგურამო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, საქართველო

ირაკლი ღურჭუმელია, ტელ: + 995 555 77 11 33

ელ. ფოსტა: irakli@manna.ge

info@manna.ge

(R)

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს