ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2020

ახალი ჩიხი მოლაპარაკებებში და განხეთქილება ოპოზიციაში - ვინ მივა პარასკევს პარლამენტში და ვინ იტყვის უარს მანდატებზე

დღეში 10 000 ახალი შემთხვევა და 150 გარდაცვლილი - ეს ის ნეგატიური სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც შეზღუდვებით შევძელით

რესტორნები თავის გადარჩენას ცდილობენ, რადგან “გლოვოსთან” და “ვოლტთან” ვერ შეთანხმდნენ

* * *

ახალი ჩიხი მოლაპარაკებებში და განხეთქილება ოპოზიციაში - ვინ მივა პარასკევს პარლამენტში და ვინ იტყვის უარს მანდატებზე

“პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარასკევს დემონსტრაციულად გეგმავს სადეპუტატო მანდატებზე საჯაროდ უარის თქმას და ამის შემდეგ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების გაგრძელებას. ამის საპასუხოდ კი “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მოლაპარაკება მხოლოდ მათთან გაგრძელდება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესზე, ოპოზიციის ერთიანობასა და მეტიც, თავად ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებში შიდაპარტიულ ერთსულოვნებაზე, ძნელი სათქმელია, რადგანაც, წინასწარი ინფორმაციით, თავად მანდატებზე უარის მთქმელ პარტიებშიც კი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარასკევის შეკრებაზე, სადაც მანდატებზე უარი უნდა თქვან, ამ პარტიების წევრთა ნაწილი არ მივა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ჩიხი მოლაპარაკებებში და განხეთქილება ოპოზიციაში - ვინ მივა პარასკევს პარლამენტში და ვინ იტყვის უარს მანდატებზე.

“ოპოზიციონერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან. რადგანაც “ოცნებას” სავაჭრო აღარაფერი ექნება და იძულებული გახდება, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევები დანიშნოს. მეორე ნაწილის აზრით კი, მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების ჩაშლას ნიშნავს, რადგან ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას მოლაპარაკების და რაიმეს დათმობის მოტივაცია აღარ ექნება. მათი აზრით, მაშინ გამოდის, რომ ერთი თვის განმავლობაში ელჩებს ტყუილად აწვალებდნენ და რეალურად არავინ არაფერზე მოლაპარაკებას არ აპირებდა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა იმ პოლიტიკურ ძალებთან უნდა გააგრძელოს მოლაპარაკება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყვიან. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს, რადგან, მათი თქმით, თუკი საბოლოოდ მოხერხდება მმართველი პარტიის დაყოლიება გარკვეულ დათმობებზე, ამის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 ხმა, რაც, ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოგროვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვინ ამბობს უარს მანდატებზე და ვინ შედის პარლამენტში - უკვე ცნობილია, რომ პარასკევს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის აქტს “ნაციონალები”, “ევროპელები”, “ლეიბორისტები”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მოაწერენ ხელს. ხოლო “მოქალაქეები”, “პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი” სრული წარმომადგენლობით ამაში მონაწილეობას არ აპირებენ. გიორგი ვაშაძის განაცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთსულოვნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. განცხადება გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა: “ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენ სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს. მეორე მხრივ, მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს და ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. სიტუაცია ძალიან მძიმეა და ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ პირიქითმ უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ასევე ბრიფინგი გამართა “ლელომ”, სადაც იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელებას მაინც აპირებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას “ლელო” ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად”, - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას - “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმა გაზრდის იმის შანსს, რომ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულონ. “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი “რეზოანნსთან” ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ისინი როგორც საპარლამენტო სიას ჩახსნიან, ასევე ცესკოს მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით მიმართავენ”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემი მხრიდან სიის ჩახსნა გარანტირებულია. გიორგის პოზიცია იყო, რომ იქნებ მოლაპარაკება გაგრძელდეს და რამე კარგი პაკეტით გამოვიდეთო, მაგრამ გუშინ კობახიძემ რაც გააკეთა, ეს მოლაპარაკების ჩაშლა იყო. მისი განცხადების შემდეგ საუბარი რამეზე ზედმეტია. როდესაც ოპიზიცია გაყალბებაზე საუბრობს, ამ სისხლის დანაშაულის საპირწონედ ხელისუფლებამ რაღაცა ხომ უნდა შემოგვთავაზოს?! მიდი თავს ნუ მოვიტყუებთ - რა პირობებზეცაა საუბარი, ეს არის რეალური სატყუარა, რომელსაც ხელისუფლება გვიგდებს. როდესაც ოპოზიცია უკვე შეთანხმდა, რომ დანაშაულია ჩადენილი, გაუგებარია რაზე ვესაუბრებით. სიის არჩახსნას ხალხიც და ხელისუფლებაც გააფორმებს, როგორც პარლამენტში შესვლას. უბრალოდ არაპრაგმატულია, როდესაც დიქტატორს გაყალბებაში ყვები. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ხვალ ოპოზიცია ერთიანი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თაკო ჩარკვიანი.

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მას მსგავს აქტზე ხელი უკვე სამჯერ აქვს მოწერილი. ამიტომაც პარასკევის შეკრებაზე არ მივა, თუმცა მანდატზე უარს იტყვის. მისი აზრით, მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში არ უნდა შევიდეს. ამიტომაც ის ელისაშვილის არგუმენტებს რაღაც ნაწილში იზიარებს. “ალეკოს ვეთანხმები იმაში, რომ ლაპარაკის გაგრძელება სწორია. რამით დასრულდება თუ არა, ამას ალტერნატივა არ აქვს. არ მგონია ელისაშვილი რაიმე სატყუარას გადაყლაპვას აპირებდეს. უბრალოდ მას უნდა ტექნიკური გამოსავალი დაინახოს, რომელსაც მე ვერ ვხედავ. პერსპექტივაში მე მგონია, რომ შეუძლებელია ახლა ხმების გადათვლა. ავიღოთ საიტზე დაჯამებული ცეესკოს მონაცემები და შევადაროთ იქ შენახულ ოქმებს, რომელიც უკვე გადასწორებულია? არ ვიცი ხვალ ვინ მიდის ხელის მოწერაზე, მაგრამ მსგავს რაღაცაზე ხელი 3 ჯერ მაქვს მოწერილი”, - ამბობს ჯაფარიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “მსგავსი სპექტაკლები არ არის საჭირო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ ხელის მოწერა იქნება თუ სიტყვით იტყვიან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დარბაზში ხვალ ვინ იქნება. მე ხვალ არ ვიქნები, რადგანაც უკვე სამჯერ მოვაწერე ხელი. ეს არის რაღაცა ცერემონია, რომელის გზავნილიც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ უნდა გააგზავნონ. პრაქტიკაში რაცაა გასაკეთებელი - მანდატზე უარის თქმა - იმას გავაკეთებ”, - თავს ჯაფარიძემ. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ეს ყველამ ერთად უნდა გააკეთოს. ცალ-ცალკე ვინმეს იქ შესვლას აზრი არ აქვს, რადგანაც იმ მოლაპარაკების მაგიდაზე რა შეთანხმებაც მოხდება, თუნდაც ეს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით იყოს, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამიტომაც მისთვის გაუგებარია, ჯერ ერთი, რომ არ შედიან და ამით რას მიაღწევენ და მეორეც - ცოტაც რომ შევიდნენ ამითაც ვერაფერს მიიღებენ. ხოლო ხელისუფლება კი გარეთ დარჩენილებს გარეთ “მოგუდავს” და შიგნით შესულებს შიგნით “გაგუდავს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ჯერ მარტო ე.წ კარუსელებით 3%-იანი გაყალბების ამოგდებაა შესაძლებელი. ამით ხომ ოპოზიციას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომაც მომხრე ვარ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და პარლამენტში თუ შევლენ, ყველა შევიდეს. ელისაშვილი სხვების აზრს რატომ ახმოვანებს, გაუგებარია. თუ ბნელები იყვნენ ოპოზიციაში, ამდენი ხანი იმათთან ერთიანობაზე რატომ მეპრანჭებოდა? ბოკერია რომ ბნელია, ახლა გაიგო? თქვას პირდაპირ, რომ შესვლა უნდა. სხვა რას ამბობს, ვერ გავიგე. მის შესვლას მხოლოდ რა აზრი აქვს? ხაზარაძეს მოსწონს, რომ ელისაშვილი აბრალებს, რომ ბოკერიას ის მძევლად ჰყავს? მოვუწოდებ სახეს საერთოდ ნუ დაკარგავენ. 113 კაცი თუ არ იქნება პარლამენტში, რა პირობას შესარულებს ხელისუფლება? როგორ მოახერხებს საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, თუ “ნაციონალები” არ შევლენ? თუ არ არის იმის გარანტია, რომ შეივსება, ელისაშვილის განცხადება ტყუილია. თუ ორი კაცი შეპროწიალდა, რა აზრი აქვს?! ეს დაპირება ფარატინა ქაღალდი იქნება და მეტი არაფერი. მეორეც, მანდატებზე უარის თქმა იურდიული პორცედურაა და ასე საჯაროდ რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერა კი არ უნდა მოხდეს, ცესკოს უნდა მიმართონ ოფიციალურად. მხოლოდ სიების ჩახსნა არაფერია, ყველამ განცხადება ინდივიდუალურად უნდა დაწეროს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

დღეში 10 000 ახალი შემთხვევა და 150 გარდაცვლილი - ეს ის ნეგატიური სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც შეზღუდვებით შევძელით

“კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების შემდგომ ორი კვირა გავიდა - ზუსტად ის დრო, რა მომენტიდანაც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ყინულის დაძვრებოდა. მიღებულ შედეგებს სპეციალისტები ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებენ და ამბობენ, რომ სტაბილიზაციის კუთხით გარკვეული ეფექტი უკვე არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ შეინიშნება. ამასთან, იმნაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, სტაბილიზაციის კუთხით გარკვეული ეფექტი უკვე არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეში 10 000 ახალი შემთხვევა და 150 გარდაცვლილი - ეს ის ნეგატიური სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც შეზღუდვებით შევძელით.

“მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეა და სტაბილიზაციის მიმართულებით გარკვეული ეფექტი გვაქვს, შემცირებისკენ რა თქმა უნდა არ დაწყებულა, მატების ტემპი შემცირებულია და სტაბილიზაციისკენ მივდივართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში და ასეთ პირობებში კი იმედი გვაქვს, რომ სისტემაც გაუძლებს, რადგან ნელ-ნელა ადაპტაციას განიცდის და ამ პროცესში ოჯახის ექიმებიც უფრო ჩაერთვნენ, იგივე სასწრაფოს პასუხი და გამოძახების პრობლემები გაცილებით ნაკლებია და ჰოსპიტალიზაციის კუთხითაც პრობლემები როგორც გვეუბნებიან შედარებით შემცირებულია. მატების ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე რომ გავედით, ამ შეზღუდვებით ამის შეჩერება აუცილებელი იყო. ეს რომ დასტაბილურდება, გადავა ე.წ. პლატოზე. ამის მერე უკვე უნდა შევეცადოთ და ზაფხულამდე მივიდეთ, როცა ვაქცინა ფართო მასებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება და შეგვეძლება, რომ გაცილებით მეტი დამაჯერებლობით ვთქვათ, რომ უკვე მართვადია სიტუაცია, თუმცა რა თქმა უნდა ვირუსი არ გაქრება. ნიღბების ტარების პროცენტული მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა. 95%-მდე თუ გაიზარდა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდება, მაგრამ 95%-მდე ასვლა ცოტა უტოპიური გამოდის იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს კიდევ არ სჯერა, კიდევ არ ატარებს და კიდევ პრობლემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ეს შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, მოდელირებით იყო, რომ დღეში 150 სიკვდილი გვექნებოდა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნებოდა, საავადმყოფოებში აპარატი და საწოლი პრობლემა არაა, პრობლემა ექიმი და პერსონალია და რომ არა შეზღუდვები, ამას პერსონალი აღარ ეყოფოდა, რომ ამდენი მძიმე ავადმყოფისთვის მოეარა. აქედან გამომდინარე, ადამიანები სახლებში, სასწრაფოებში დაიღუპებოდნენ, სასწრაფო სუნთქვის აპარატამდე ვერ მიიყვანდა. თვითონ თავისუფალი სუნთქვის აპარატიც აღარ იქნებოდა და თავისუფალი ექიმი და ა.შ. დღეს ეს ტემპი ძალიან მნიშვნელოვნად დავარდნილია. ფრთხილი ოპტიმიზმით ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღე საკმაოდ მაღალი ციფრები და მატება გველოდება იმიტომ, რომ მესამე კვირაში „შავი პარასკევის" ეფექტი გამოჩნდება, მაგრამ ტენდენცია ზოგადად სტაბილურობისკენაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - თვლის ზოიძე.

“როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არა არსებული შეზღუდვები, დეკემბრის ბოლოდან ყოვედღიურად საშუალოდ ინფიცირების 10 ათასი ახალი შემთხვევა 150-მდე გარდაცვლილი გვეყოლებოდა. “ჯერჯერობით მოლოდინი ცუდისკენ რაც იყო, რომ ტესტირება გაიზრდებოდა და რაოდენობა პირდაპირპროპორციულად გაიზრდებოდა, საბედნიეროდ ეს არ მართლდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში 20 ათასი ტესტი კეთდება და შემთხვვევების რაოდენობა საბედნიეროდ 5 ათასს არ გადასცდა. შესაბამისად, პოზიტიური ტესტების რაოდენობა თითქმის 25%-ზე ჩამოვიდა, ასევე შემცირდა ზოგადად მომართვიანობა, 112-თან და ოლნლაინ კლინიკებში ზარი. სამინისტროც ადასტურებს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პაციენტების ძალიან მზარდი დინამიკა არაა”, - ამბობს კულუმბეგოვი, და განმარტავს, რომ “ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერჯერობით პიკურ სიტუაციაში ვართ, ამ პიკის დაღმასვლა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მზარდი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტია, რომ შეზღუდვებთან ერთად სამოქალაქო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხში ნიღბის ტარებამ, როგორც ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, საქართველოში 65%-მდე ავიდა. წინა პერიოდში 55% იყო. ამანაც რასაკვირველია პოზიტიურად იმოქმედა. რა თქმა უნდა მობილობა შეზღუდულია და ეს შედეგებიც წამოგვეწია. ჯერჯერობით წინა ღონისძიებებით და ნიღბის ტარების პროცენტით მივიღეთ, რაც გვაქვს. ჯერჯერობით 28-ში შემოღებული შეზღუდვების შედეგი ეს არაა, ჯერ პიკური სიტუაციაა და მრუდი საბედნიეროდ გაბრტყელებისკენ მიდის ანუ აღმავალი არაა, მაგრამ თავდაღმართი ალბათ დეკემბრის მეორე ნახევარში დაიწყება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს მთელი მონაცემები იკრიბება და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი ამას ვაშინგტონის შტატში, სიეტლში მსჯელობს, თუ ეპიდსიტუაციაზე გავლენას არ მოვახდენდით, მზარდი პიკური სიტუაცია დაახლოებით დეკემბრის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და ლაბორატორიულად დადასტურებული საშუალოდ 8 ათას შემთხვევაზე იყო საუბარი და წერდნენ, რომ ეს შეიძლება ვარირებდეს შვიდიდან 12-13 ათასამდე და მეტიც კი. პაციენტები თუ ამ ტრაექტორიით დაგროვდებოდა, შესაძლოა იანვრის მეორე ნახევარში დღიურად 140 და 150 ადამიანის გარდაცვალებაც კი დაფიქსირებულიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

“ეს პერსექტივა საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. პროგნოზი ასეთი იყო - დღეში საშუალოდ 10 ათასამდე შემთხვევა და 140-150 გარდაცვლილი. ახლანდელი პროგნოზირებით კი არის, რომ დეკემბრის ბოლოდან სტაბილიზაციის ნიშნები იქნება, იანვარში - უფრო ნაკლები, თებერვალში - 2 ათასის ფარგლებში და აპრილში დღეში 200 შემთხვევაზე ჩამოვალთ. ამ პროგნოზური მაჩვენებლით სიკვდილობა, სამწუხაროდ, ცოტა გვიან იმატებს, იმიტომ, რომ რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე ადამიანები ხანდახან კვირაობით ცოცხლობენ, ამიტომაც სიკვდილობის ნიშნული დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა პერიოდამდე მოიმატებს. ოღონდ ლაპარაკია 45-50 შემთხვევაზე, არა მეტზე. ასეა ძირითადი პროგნოზი, თუმცა ვნახოთ, ეს მხოლოდ პროგნოზია”, - მიიჩნევს კულუმბეგოვი.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუ დაწესებული შეზღუდვები ეფექტუირი აღმოჩნდება, დაახლოებით 2-3 კვირაში შესაძლოა შემთხვევათა რაოდენობა 2500-მდე ჩამოვიდეს. “შეზღუდვებს რაღაც ეფექტი ჰქონდა და ეს იმაში გამოიხატება, რომ, მოგეხსენებათ, სანამ ეს რეგულაციები ამოქმედდებოდა ორ დღეში ერთხელ რაოდენობა მზარდი იყო. ახლა თუ გადავხედავთ, ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, საკმაოდ საყურადღებო ციფრი რჩება, მაგრამ დინამიკაში მზარდი არაა, რაც შესაძლოა გარკვეულწილად ამ შეზღუდვებით გამოწვეულ შედეგად ჩავთვალოთ, თუმცა საბოლოო შედეგს კიდევ ერთი კვირის, ან ათი დღის გასვლის შემდეგ ვნახავთ. დინამიკა როგორიც იყო, შესაძლოა დღეში 10 ათას შემთხვევაზე ავსულიყავით, რასაც ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვერ გაუძლებდა და უფრო მეტი ხარვეზი გვექნებოდა, ვიდრე ახლა”, - ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “უფრო მეტი პაციენტი დარჩებოდა ხარისხიანი სახელმწიფო სერვისის გარეშე”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ეს შეზღუდვები ეფექტური აღმოჩნდება, მაშინ, პირობითად, დაახლოებით ორ-სამ კვირაში რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას მივიღებთ. შესაძლოა დღეში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ, რაც ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგი შედეგი იქნება”, - იმედოვნებს გოგინავა. განსხვავებული მოსაზრება აქვს ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძეს. იგი ჯერჯერობით დიდ ეფექტს ვერ ხედავს. მისი აზრით, მდგომარეობას უფრო გაართულებს ის “ფანჯარა”, რაც 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჯერჯერობით მე მაინცდამაინც დიდ ეფექტს ვერ ვხედავ. ალბათ ეს უფრო მოგვიანებით იქნება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ალბათ ესაა გარკვეულწილად რაოდენობის შემცირება - შეიძლება ყოველდღიურად ახლანდელზე 200-300 ახალი შემთხვევით ნაკლები იყოს. მითუმეტეს, რომ ახლა 24-ში ეს ყველაფერი ისევ გაიხსნება, ეს ყველაფერი უკან დაბრუნდება. ჩვენ ერთადერთი რაც გლობალურად გვიშველის, ესაა პირველ რიგში პაციენტების ვაქცინაცია და მასიური ტესტირების შედეგად გამოვლენილი პაციენტების იზოლირება. შეზღუდვები ამ სიტუაციაში, სამწუხაროდ, სიკვდილიანობაზე დიდად არ მოქმედებს. რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, დინამიკაში ინფიცირების მატება უფრო მეტი იქნებოდა. საავადმყოფოებში არ მგონია, რომ სიტუაცია განსაკუთრებულად შეცვლილიყო, იმიტომ, რომ ახლაც მაინც ძალიან დიდი რაოდენობაა. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტად უარესი მდგომარეობა იქნებოდა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

რესტორნები თავის გადარჩენას ცდილობენ, რადგან “გლოვოსთან” და “ვოლტთან” ვერ შეთანხმდნენ

“შემოღებული შეზღუდვების პირობებში, სარესტორნო ბიზნესს განსახვავებულ სტილში უწევს მუშაობა, რომელიც მათთვის ძალიან პრობლემურია. ადგილზე მიტანის სერვისზე გადასვლის გამო, მუდმივ წნეხში არაინ თავად რესტორნის თანამშრომლები, რომელთაც ღამის გათენება სამუშაო ადგილზე უწევთ. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ე.წ. “წერტილოვანი შეზღუდვების” ფარგლებში რესტორნებს საქმიანობა მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ რესტორნების მენეჯმენტს მუდმივ საშვებს ხოლოდ ე.წ. დელივერის თანამშრომლებზე აძლევენ, ხოლო მზარეულებზე ან მძღოლებზე - არა. სარესტორნო ბიზნესისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ასე და რატომ უნდა იყვნენ რესტორანში თანამშრომლები დილამდე, თუ მუშაობა 02:00 საათზე დაასრულეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თანამშრომლებს სკამებსა და მაგიდებზე ძინავთ და დიდი ნაწილი ვერც მუშაობს” / რესტორნები თავის გადარჩენას ცდილობენ, რადგან “გლოვოსთან” და “ვოლტთან” ვერ შეთანხმდნენ.

“პრობლემის შესახებ უკვე საქმის კურსშია ეკონომიკის მინისტრიც. “მზარეულებს 02:00 საათის შემდეგ, დილამდე სკამებზე ძინავთ მხოლოდ იმიტომ, რომ საშვებს არ გვაძლევენ და სახლებში ვერ ვუშვებთ”, - ამ შინაარსის გზავნილი ნათია თურნავამ, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებმა რესტორატორებისგან პირადად მიიღეს. სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებით, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ბიზნესი აცხადებს, რომ ე.წ. დელივერი სერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება და კვების ობიექტებს, ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენება არ უღირთ. რესტორატორების თქმით, ისეთი კომპანიები, როგორიც “ვოლტი” და “გლოვოა”, შეკვეთის 25%-30%-ს ითხოვენ, რის გამოც მათი დაქირავება აღარ ღირს. რესტორნების თანამშრომლებს არ აქვთ საშვები, რაც პრობლემას ქმნის, რომ მათ თავად განახორციელონ ადგილზე საკვების მიტანა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ არის, თუმცა, ნებისმიერ უწყებას შეიძლება მიმართოს დაინტერესებულმა პირმა, ვისაც ეს სჭირდება და საშვები უპრობლემოდ გაიცემა, რათა ნებისმიერ ბიზნეს-ოპერატორს მიეცეს მუშაობის საშუალება”, - აღნიშნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელიმა, ბექა ფერაძემ. სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრის, ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, ნათია თურნავას შეხვედრაზე რესტორატორების მიერ გაჟღერებულ ყველა ინიციატივაზე ერთი პასუხი ჰქონდა: “მომეცით დრო, საკითხებს გავივლი შესაბამის უწყებებთან, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ეპიდემიოლოგებთან და უწყებათშორისი კომისიის წევრებთან”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენი ინიციატივები წარვადგინეთ და მათ შორის იყო თანამშრომლების გადაყვანის და მათი საშვების საკითხი, ანუ რესტორნის სამზარეულო მუშაობს ღამის 02:00 საათამდე და შემდგომი რამდენიმე საათი, როცა საქმე აღარ აქვთ, დილის 05:00 საათამდე ადამიანებს ეძინათ სკამებზე, მაგიდებზე... სრული მარაზმია. ჩვენ, რესტორნების ხელმძღვანელები საღამოს საათებში თავად ვახორციელებთ მიტანას, რომ გადავრჩეთ. მზარეულებისთვის, რესტორატორებისთვის, ასევე მძღოლებისთვის, რომლებმაც თანამშრომლები საღამოს საათებში სახლებში უნდა დაარიგონ, საშვები არ გვაქვს. გუშინ ბიზნეს-ომბუდსმენმა მოგვწერა, რომ გავაკეთოთ “ექსელის ფაილი”, რომელშიც ჩაიწერება ყველა რესტორნის და მათი თანამშრომლების მონაცემები, რომლებზეც საშვები გვინდა”, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა “ბიზნეს მედიასთან” და დასძინა, რომ 40 რესტორნის და მათი თანამშრომლების სია უკვე გადაგზავნილია, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ საშვს ყველა მიიღებს, რადგან ბიზნესომბუდსმენის აპარატისგან ამ დროისთვის აქვთ ბოლო ინფორმაცია, რომ „სიას გადახედავენ და თუ ძალიან ბევრი არ იქნება, საშვების გაკეთებას განიხილავენ”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება ითქვას, რომ სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთ პირველ ადგილზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებეში, ყველაზე მეტად დაზარალდა. მათ შეზღუდვების გამო უკვე მეორედ უწევთ დახურვა. რესტორნების ნაწილი მიტანის სერვისზე ახლა გადავიდა და ნაწილმა კი, ეს ვერც მოახერხა, რის გამოც დახურვა და თანამშრომელბის სახლში გაშვება მოუწია. რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მზარეულების ღამის გათენებაზე მეტად პრობლემური თანამშრომელთა დიდი ნაწილის უმუშევრად დარჩენაა”, - წერს სტატიის ავტორი.

“დიახ, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. რესტორნების დახურვის შემდეგ. ვალდებულება არის, რომ დილის ხუთ საათმდე იქ იყვნენ და შენობა არ დატოვონ. რესტორნის თანამშრომელი ღამის სამ საათზე ვერ წავა სახლში. ამის გარდა, უამრავი თავსატეხი გაუჩნდათ: უფულობა, უმუშევრობა და უამრავი სხვადასხვა პრობლემა. მთავარი ის არის, რომ მზარებულების 90% ქუჩაში უმუშევრად არის დარჩენილი, თორემ ღამის თენებას ვინღა ჩივის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე გაბრიჩიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს