რუსთავში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ 700-ზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა

რუსთავში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ 700-ზე მეტ ოჯახს საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქცია, საზოგადოება ,,რუსთაველების“ ინიციატივით, მათივე შემოწირულობებით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ჩართულობით, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები მრავალშვილიან დედებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და მოხუცებს, ვეტერანებს, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცათ.
საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
„გავერთიანდით მთელი რუსთავი და დღეს ვიწყებთ იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ყველაზე მეტად ჭირდებათ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. მე მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში „წითელ ჯვარს“, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, ასევე განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თითოეულ ბიზნესმენს და ბიზნესჯგუფს, რომელიც ეხმარება რუსთავს და რუსთაველებს ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, დღევანდელი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სასურსათო კალათები და ჰიგიენის საშუალებები გადანაწილდება ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებზე, მათზე, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება.
„დღევანდელი აქცია განხორციელდა საზოგადოება ,“რუსთაველების“ ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის ჩართულობით. დახმარება პირველ ეტაპზე გაეწევა, იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობა და მსგავს საქველმოქმედო აქციაში ჩართვა, ყველა ჩვენთაგანის ვალია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღევანდელ საქველმოქმედო აქციას საზოგადოება ,,რუსთაველებთან“ ერთად, შეუერთდა კომპანია ,,რუსთავი დეველოპერი“, ,,დენსი“, ,,დელფუდი“, ,,ფორ დირექშენს ჯორჯია“, ,,სოლო“, ,,გია 2019“, ,,აქს იმპორტი“, ,,მეგა ცემენტი“, ,,ლ&კ“, #2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი. დახმარების პაკეტების დარიგება ,,წითელი ჯვრის“ მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. საზოგადოება ,,რუსთაველებმა“ რუსთავში მსგავსი აქცია რამდენჯერმე განახორციელა, ამ დროისთვის დახმარება 3000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
























