COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა - ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინტერვიუ

ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით გამოუყო 100 მილიონი ევრო (დაახლოებით 400 მილიონი ლარი) COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის დასახმარებლად. ეს არის მხოლოდ ნაწილი COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის უპრეცედენტო დახმარებისა, რომლის მობილიზება ევროკავშირმა საქართველოსთვის 2020 წლის მარტიდან მოახდინა.

COVID პანდემიის მეორე ტალღა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დიდ ზიანს აყენებს. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ისაუბრებს იმის შესახებ თუ რა მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში.

-პირველი შეკითხვა ეხება ასი მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის ახლახან უზრუნველყო. გთხოვთ განგვიმარტოთ თუ რას მოხმარდება ეს თანხა და რა ადგილი უჭირავს მას პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მთლიან დახმარებაში.

- მადლობა შეკითხვისთვის. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით.

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ.

რას მოხმარდება ეს თანხა?

ჩვენი დახმარება ძირითადად ოთხ სფეროზე განაწილდება.

თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს.

მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ.

გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა.

- თქვენ ახსენეთ, რომ დახმარებას ევროკავშირი და ევროპის გუნდი უზრუნველყოფენ. რა არის ევროპის გუნდი?

- გუნდს წარმოადგენს ევროკავშირი, ანუ ჩვენი 27 წევრი სახელმწიფო და ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ საკუთარ თავს ევროპის გუნდს ვუწოდებთ, რადგან ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს, რომელიც პანდემიამ შექმნა, მოგვიწია კიდევ უფრო მჭიდროდ გვემუშავა ერთმანეთთან სრული კოორდინირების უზრუნველსაყოფად და ძალისხმევის შედეგების გასაძლიერებლად. ერთად ვმუშაობთ როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო ძალისხმევის ფარგლებში შევძელით 36 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება მიმდინარე პანდემიის პირობებში მსოფლიოს დასახმარებლად.

- თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების ნახევარზე მეტი განკუთვნილია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად. როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი იმას, რომ ეს თანხა სათანადოდ იყოს გამოყენებული?

- ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებთან მუშაობა. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან მხოლოდ მთავრობებს, მათი სამინისტროების, თანამშრომლებისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული უწყებების საშუალებით, აქვთ ამ მასშტაბის კრიზისის დაძლევისთვის საჭირო შესაძლებლობები. ჩვენ პანდემიის პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დავსახეთ პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ.

ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, ,,მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ.

- ევროკავშირი საქართველოს, მათ შორის მის ჯანდაცვის სექტორს, პირდაპირ დახმარებასაც უწევს. შეგიძლიათ გვითხრათ ორიოდე სიტყვა ამის შესახებ?

- უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ერთად, ჩვენ უკვე გადავეცით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი.

ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს.

- დასასრულს მინდა გკითხოთ, სად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს პანდემიის დროს უწევს?

- ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. პირველ რიგში გირჩევთ ეწვიოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის გვერდს. ჩვენი Facebook გვერდი ძალიან აქტიურია, ასევე, ვავრცელებთ ინფორმაციას Twitter-ის ანგარიშების საშუალებითაც.

დიდი მადლობა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინტერვიუს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის