ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2020

გია ხუხაშვილი - “გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი”

რა იქნება მეხუთე რაუნდზე - მოლაპარაკება ახალ პოლიტიკურ რეალობაში

ვახტანგ ძაბირაძე - “ევროპული საქართველო” რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიას თამაშობს, ცხადია”

რა შეცვალა “სამართლიანი არჩევნების” შეცდომის გამოაშკარავებამ

დავით ზურაბიშვილი - “სწორედ “ლელოს” პოზიცია იყო გადამწყვეტი ბოიკოტის კამპანიაში და არა “ნაციონალური მოძრაობის”

* * *

გია ხუხაშვილი - “გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი”

“ვითარება, სულ ცოტა, არასასიამოვნოა - გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი. საქართველოს წინაშე დგას სახელმწიფოებრივი გამოწვევები, დაკავშირებული სოციალურ რისკებსა თუ პანდემიასთან და რაც ყველაზე საყურადღებოა, რეგიონშია მძიმე ვითარება - გააქტიურდნენ რეგიონული მოთამაშეები და საფრთხე იმისა, რომ დასავლეთი რეგიონში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს, ძალზე დიდია. ამ ყველაფერს დამატებული პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა ქმნის ერთგვარ კუმულაციურ საფრთხეს, რომ ამ ყველა ამ რისკმა შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმუშაოს. თითქოს დღეს პოლიტიკური კრიზისის გადალახვის ფორმულა არ ჩანს - შესაძლოა ეს მძიმედ წარიმართოს - ქუჩაში წასულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის სრულიად ბუნდოვანი სცენარებით, ასევე შესაძლებელია წარიმართოს შედარებით მსუბუქად - საპარლამენტო პროცესით, რაც ნაკლებ რისკებს უკავშირდება. შესაბამისად, ნაკლებად დაზიანდება სახელმწიფო ინტერესებიც. ჯერჯერობით ყველაზე ცუდი სცენარით მიდის პროცესები. ვნახოთ, კიდევ არის იმედი, რომ ამას თავს დავაღწევთ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი”.

“კობახიძემ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა - ერთი მხრივ, ლაპარაკობდა კომისიაზე, მეორე მხრივ კი პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნასა და დაფინანსების შეწყვეტაზე, რაც ძალიან მიუღებელიცაა და აბსურდულიც. ეს ანგრევს მოლაპარაკების სივრცეს და ძალიან ჰგავს შულერულ თამაშს. ვფიქრობ, ამ პოზიტიური შეთავაზების დროს თავი უნდა შეეკავებინათ მუქარისგან... ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია, რომელიც მხოლოდ ხმებს გადათვლის. მან უნდა შეისწავლოს ყველა გარემოება - წინასაარჩევნო მოსყიდვა-დაშანტაჟების შემთხვევებით დაწყებული, არჩევნების დღით გაგრძელებული და დაუბალანსებელი და ხელმოწერაგაყალბებული ოქმებით დასრულებული. თუ კომისიამ დაადგინა, რომ ამ დარღვევების მასშტაბი ისეთი იყო, რომ არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი და ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვას დათანხმდება, ეს იქნება კარგი პრეცედენტი სამომავლოდაც. დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილა. არა, იყო და ამას მაინცდამაინც ხელისუფლებაც არ უარყოფს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, იყო თუ არა ეს იმგვარი მასშტაბის, რაც შედეგს არსებითად შეცვლიდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. კომისიის ამოცანა ზუსტი პროცენტის დათვლა კი არ უნდა იყოს, არამედ დარღვევების სისტემურობის დადგენა. ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი გზა, რაც აგვაცილებს რყევებს, გადაგვაგორებინებს რთულ ზამთარს, კრიზისი კი არ გადაილახება, მაგრამ ცოტა ხნით დაიხურება... ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში. აუცილებელი არ არის სრულფასოვნად დაიწყოს პარლამენტში მუშაობა. მას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ კომისიასთან და მის დასკვნამდე არ მიიღოს მონაწილეობა სხვა საპარლამენტო პროცესებში. გამოიყენოს ეს კომისია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, თუ დაამტკიცა, რა თქმა უნდა... ხომ იცით, როგორც არის ჩვენი კანონმდებლობით? საგამოძიებო კომისიას ქმნის უმცირესობა. მასში უმრავლესობას ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს. თუ ხელისუფლება კომისიის შექმნას დათანხმდა და ეს გაიზიარა ოპოზიციამაც, ვფიქრობ, ეს არის შანსი ქვეყნისთვის, რათა ის ღრმა კრიზისში არ გადაიჩეხოს. ამას განსაკუთრებით პატარა პარტიების გასაგონად ვამბობ. არ არის აუცილებელი “ნაციონალებზე” მიწებება. მიშას სურვილები გასაგებია, ის რევოლუციური სცენარით მიდის, “პარადის” წაყვანა სურს, რასაც სხვანაირად ვერ შეძლებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სააკაშვილის, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მართვის ფილოსოფია, დამყარებულია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ამის მოპოვება დემოკრატიულ საზოგადოებაში შეუძლებელია, ეს მხოლოდ რევოლუციას მოაქვს. ცივილიზებული გზა მულტიპარტიულობაა, ეს კი ბიძინასაც და მიშასაც მხოლოდ ფასადისთვის სჭირდებათ. ამიტომაც მიდის მიშას გზა რევოლუციისკენ. ის შეეცდება ბევრი ჩაითრიოს ამაში, გამოიყენოს ყველა, ბოლოს კი თვითონ მოაჯდება ყველაფერს. ასე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც - შექმნა ვითომ მულტიპარტიული სისტემა, საბოლოოდ კი მივიღეთ სრულიად უნიტარული მმართველობა, როცა ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას... საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს. შეიძლებოდა რევოლუციური სიტუაცია ყოფილიყო კიდეც, ამ რევოლუციის ბელადობას რომ არ იჩემებდეს ძალიან კომპრომეტირებული ბრენდი - მიხეილ სააკაშვილი. სხვა ლიდერი რომ გამოჩენილიყო, შეიძლება შექმნილიყო კიდეც რევოლუციური ვითარება, რადგან ამის ინდიკატორები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე სხვა მიმართულებით, ჩანს. რა თქმა უნდა, ფიქრობენ და ოცნებობენ რევოლუციაზე, მაგრამ რევოლუციის ლიდერად მიშა და “ნაციონალური მოძრაობა” არ გამოდგებიან”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ის, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” უხეში შეცდომა დაუშვა, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ არჩევნების ჩატარების ხარისხზე ნამდვილად ვერ მეტყველებს. ხელისუფლების განცხადებები, რომ არსებითი დარღვევები არ ყოფილა ეს წმინდა წყლის სპეკულაცია და პროპაგანდაა. არითმეტიკული შეცდომა დაუშვეს, როცა დათვალეს გაბათილებული ბიულეტენებიც, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, უბრალოდ, საჭირო მომენტში გაახმაურეს. პარალელური დათვლისას ითვლიან ოფიციალურად გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით. როცა გაყალბებაზეა ლაპარაკი, მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის შედგენილი ოქმები, სად არის ხელმოწერა გაყალბებული. მნიშვნელოვანია, რა ხდებოდა არჩევნების დღეს - იყო თუ არა კარუსელები და ა.შ. პარალელური დათვლისას ამას ვერავინ გამოიკვლევდა... შესაბამისად, ეს პროპაგანდა მხოლოდ საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილზე თუ იმოქმედებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდაში ბევრი სერიოზულად არის ჩართული, მათ შორის ოპოზიციიდან”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან აგრესიული რიტორიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე და მასში მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” არ ვგულისხმობ. ხელისუფლებაც ასევე იქცეოდა, როცა მას დასავლეთი აკრიტიკებდა. ამ ხალხს პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” მოსყიდულებს ეძახდნენ. ჩვენი უმწიფარი პოლიტიკური ელიტა თავისი ვიწრო ინტერესებიდან ამოდის. მიაჩნია, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიაო. მათთვის დასავლელი პარტნიორები მისაღები არიან მანამდე, სანამ მათ პოზიციას იზიარებენ. როგორც კი არ გაიზიარებენ, მათაც უპირისპირდებიან. ეს ორი პოლუსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს - “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ. მათი დამოკიდებულებები, მენტალიტეტი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება”, - განმარტავს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “სავარაუდოდ, დასავლეთის ასეთი აქტიურობა იმ საფრთხეებითაც არის განპირობებული, რაც კავკასიაში მიმდინარე მოვლენებმა წარმოშვა...” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა. დასავლეთი მარტო ჩვენზე ნამდვილად არ ფიქრობს. მას თავისი ინტერესები აქვს და ამ პრიზმაში ოპერირებს. მას აშფოთებს საქართველოში შექმნილი ვითარება, რადგან აქ პოლიტიკური კრიზისი და დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება ისეთი ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ამ დიდ გლობალურ ომში დასავლეთთან არის დაპირისპირებული - მარტო რუსეთს არ ვგულისხმობ”.

“ძალიან გააქტიურებული არიან სხვა რეგიონული მოთამაშეებიც. მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტმა დაარღვია არსებული სტატუს-კვო, ბევრს გაუჩნდა რეგიონზე თავისი გავლენის გაზრდის ამბიცია. ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა და დასავლეთი სწორედ ამ კუთხიდან უყურებს საფრთხეებს. თუმცა დასავლეთიც ძალიან აგვიანებს, იმიტომ, რომ ამ ბრძოლას არა აქვს მხოლოდ შიდაპოლიტიკური განზომილება. თუ დასავლეთი უახლოეს პერიოდში ჩვენთვის პოზიტიურად, მაგრამ საზოგადოდ აგრესიულად არ შემოვა რეგიონში, მათ შორის სამხედრო კომპონენტით, შესაძლოა ძალიან შეერყეს პოზიცია. ეს კი შეუძლია მხოლოდ საქართველოში გააკეთოს. შეიძლება ვამძიმებ ვითარებას, მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლოა ამისთვის სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. როცა ჩამოდიოდა პომპეო, ვთქვი, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგება-მეთქი. დღესაც ამ აზრზე ვარ - თუ აშშ-მა და დასავლეთმა აქ აქტიურად და დროულად არ იმოქმედეს, არ დააფიქსირეს კონკრეტული პოზიცია და არ დაანახეს ყველას, რომ აქ იმგვარია მათი ინტერესები, რომ მისი დაცვა იარაღითაც უღირთ, მალე შეიძლება ეს შეუძლებელი გახდეს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

რა იქნება მეხუთე რაუნდზე - მოლაპარაკება ახალ პოლიტიკურ რეალობაში

“მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ელჩების მონაწილეობით ორშაბათს გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ღიად ამბობს, რომ პარლამენტში დიდი ალბათობით შევა, აქვს თუ არა აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას და დარჩა თუ არა კომპრომისული შეთანხმების რაიმე შანსი? ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არიან. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ოპოზიცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას იქამდე აპირებს, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იქნება მეხუთე რაუნდზე - მოლაპარაკება ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

“ჩვენ პრინციპულად დიალოგის მომხრე ვართ და დიალოგის ჩაშლას არ ვაპირებთ. თუ იქნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ და რაღაც შედეგებზე გავიდეთ, კი, ბატონო, მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ყველა ვარიანტში მოლაპარაკებებში ყოფნას ვაპირებთ მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. თუმცა, თუ გაირკვა, რომ შედეგი აღარაა მისაღწევადი და “ქართული ოცნების” პოზიცია ნათელი და შეუცვლელი იქნება და მედიატორებიც ჩათვლიან, რომ მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას ვეტყვით, რომ ასეთი მდგომარეობაა შემქნილი. მაგრამ მანამდე ის რეალობა უკვე დადგა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტი მიიღო”, - განაცხადა კაპანაძემ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბარში მოლაპარაკებების სცენარს ასე განიხილავს, რომ შეთანხმება გარკვეული კანონების მიღებასა და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადამოწმების დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის კუთხით შედგება. თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დღეს პარლამენტში შესვლას კატეგორიულად გამორიცხავს, მაინც არ შევა პარლამენტში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ ერთი, ის დამატებითი ფაქტები, რაც “სამართლიან არჩევნებს” უკავშირდება, მერე - უამისოდაც იყო ოპოზიციის წევრებში გაჩენილი ტენდენცია, რომ პარლამენტში შესვლაა საჭირო და მერე ეს ოპოზიციის მხრიდან სიჩუმე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის გახმაურებულ აღიარებას მოჰყვა - აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას უფრო მორიდებული ინტონაციები აქვს, უფო უკან დახეულია და ამ ფონზე მგონია, რომ იმ პარლამენტარების ტენდენცია, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, ძირითადი ოპოზიციური ძალების მხრიდან, ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყდება. ვვარაუდობ, რომ “ნაცმოძრაობის” ტიპის ოპოზიცია გარეთ დარჩება, თუმცა აქაც მონასტერი აირია. მათთვის ამდენი ყვირილის მერე ძალიან სირცხვილი იქნება პარლამენტში შებიჯება. დანარჩენი ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა, ოღონდ ალბათ შეთანხმება შედგება, დაწყებული გარკვეული კანონების მიღებიდან, დამთავრებული ჩატარებული არჩევნების შედეგების შემოწმების კომისიის თაობაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“საყვარელიძის თქმით, შეთანხმება რაღაც ეტაპზე პრაქტიკულად ჩაიშალა, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ვერაფერს ვერ იზამს, რადგან ახლა ხალხში საპროტესტო ტალღას ვერ გააღვივებს. “დღეს ხალხში ის განწყობა არაა, რომელიც რევოლუციის წამოწყებას ასე ადვილს გახდის. “ნაციონალურ მოძრაობაშიც” და “ევროპულ საქართველოშიც” შეიძლება შიგნით მოხდეს იმ ადამიანების გააქტიურება, ვისაც ისეთი განცხადებები არ გაუკეთებია (პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით). შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა წინა განცხადებებზე არ აქვთ და ხელფეხი თავისუფალი აქვთ იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ”, - თვლის საყვარელიძე. განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართოს, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგეს, რადგან “შეხების წერილი არ ასებობს”, - დასძენს გამოცემა.

“ასე მგონია, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და ხელისუფლება ვერ შეთანხმდებიან. თუ პარლამენტში ვინმე შედის, მცირე ნაწილი, ისიც ბოლომდე არაა გადაწყვეტილი. ამიტომაც ჯერჯერობით ამ შემთხვევაში რაიმე გამოსავალს ვერ ვხედავ, რომ რაღაცნაირად ეს საკითხი გადაჭრილ იქნას. როგორც ასეთი, შეხების წერტილი არ არსებობს. მოლაპარაკებები კი იმართება და მომავალშიც გაიმართება, მაგრამ ჯერ ეს ერთი, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ხელისუფლებაც თუ მიხვდება, რომ, ვთქვათ, ეს პარლამენტი ვერ ფუნქცინირებს ისე, როგორც საჭიროა, შესაძლოა თვითონ მერე იძულებული გახდეს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ორივე მხარე თითქოს დროს იგებს. ოპოზიციაც იმის იმედზეა, რომ თუ პარლამენტმა უუნარობა გამოავლინა, შესაბამისად ხელისუფლება დათმობაზე წამოვა. ხელისუფლება კიდე ელოდება, რომ იქნებ ოპოზიციამ დროთა განმავლობაში დაინახოს, რომ, ვთქვათ, მათ საპროტესტო ტალღას ის რეალური შედეგი არ მოაქვს. თითქოს ორივე მხარე რაღაცნაირად დროის მოგებას ცდილობს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თუ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, ვთქვათ, ელისაშვილი და კიდევ ორი-სამი ადამიანი, მგონია, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი მაინც პარლამენტის გარეთ დარჩება. თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება - ან საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა, ან პარლამენტის ფარგლებს გარეთ მუშაობა. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამამტკიცებელი სხვადასხვა საბუთების წარმოდგენა მოხდება. შესაძლოა ოპოზიცია ჯერჯერობით კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დაელოდოს და მერე საპროტესტო აქციები განაახლოს. არ მგონია, რომ ხელისფლებას დღეს შექმნილმა სიტუაციამ არგუმენტები ძალიან გაუმყარა. “სამართლიანი არჩევნები” უკვე არსებული ბიულეტენების პარალელურ დათვლას ახორციელებდა, მაგრამ ამ ბიულეტენებში შეიძლება იგივე ძალადობის გზით შემოხაზული ბიულეტენები იყოს, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვით და ა.შ. ფაქტია, რომ ისინი ითვლიდნენ იმ ბიულეტენებს, რომლებიც უკვე ჩაყრილი იყო და რა გზით იყო ჩაყრილი, ამას “სამართლიანი არჩევნები” ვერ დაადგენს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ეს უფრო “სამართლიან არჩევნებს” უქმნის რეპუტაციის პრობლემას იმიტომ, რომ ეს ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არჩევნებს თითქოს ობიექტურად აკვირდებოდა. არ მგონია, რომ ამ ფაქტმა ხელისუფლებას არგუმენტები გაუმყაროს და ოპოზიციას შეუმციროს. ელისაშვილმა კი თქვა, რომ თითქოს ოპოზიცია რთულ მდგომარეობაში ვარდებაო, მაგრამ ელისაშვილის საკითხი კიდევ სხვაა”, - დაასკვნის ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ევროპული საქართველო” რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიას თამაშობს, ცხადია”

“ძალიან უცნაურია, როცა “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, მე-10 მოწვევის პარლამენტი არ არის ერთპარტიულიო. ჯერ მართლაც არ არის, რადგან 150 დეპუტატის უფლებამოსილება აღიარებულია, თუმცა ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პარლამენტი ნამდვილად ერთპარტიულია. თუმცა მცდარია ოპოზიციის მტკიცება, რომ “ქართულ ოცნებას” პარლამენტში მარტო დარჩენის შიში ან დისკომფორტი აქვს. გასაგებია, რომ კონსტიტუციურ კანონსა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, თუმცა სხვა მხრივ ჩვეულებრივად იმუშავებენ. გავუსწოროთ რეალობას თვალი - საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი ყოველთვის ფორმალობა იყო. ოპოზიცია ყველა ხელისუფლების დროს ფსევდოოპოზიციის როლს ასრულებდა და არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, მხოლოდ ლაპარაკობდა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გაზაფხულზე სიტუაცია გამწვავდება, მაგრამ...” / “ყველას მოვუწოდებ _ კარგად დაფიქრდნენ, სანამ მანდატებზე იტყვიან უარს. თუ 30 კაცი მაინც შეიკრიბა, შესაძლოა მათგან მართლა ჩამოყალიბდეს “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული ძალა”.

“სანამ თავად საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდებოდა ხელისუფლების საერთო-სახალხო მიუღებლობა, მანამდე მთავრობის შეცვლას მაინც ვერ ვახერხებდით. დღეს ოპოზიციას გაცილებით მეტი უფლება აქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა მაინც შეუძლია. როგორც ყველა სხვა ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებასაც” ოპოზიცია დეკორაციად სჭირდება, დემოკრატიული ელფერისთვის. კი, ხანდახან ნერვებს მოუშლიან, მაგრამ მეტს ვერაფერს გააკეთებენ. ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც “ოცნება” ისურვებს. ოპოზიცია არც მაშინ არის მართალი, როცა ირწმუნება, ჩვენი პარლამენტში შეუსვლელობით ქვეყანა დაიქცევაო. ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლით ვითარება ამაზე მეტად არც დამძიმდება, არც გაუმჯობესდება. გაზაფხულზე შეიძლება მართლა გამწვავდეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, “ქართულ ოცნებას” კი ამ პრობლემასთან გამკლავების რესურსი არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ მართლა გვინდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, დემოკრატიული ინსტიტუტები რეალურად უნდა შევქმნათ და ოპოზიციასაც მართლა შევძინოთ ფუნქცია. დასავლეთისა და ამერიკის თვალში, რომლებიც ჩვენ 30 წლის განმავლობაში გვინახავენ (ყველა ასპექტით), მართლა ძალიან ცუდად ჩანს ჩვენი ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომაც მოუწოდებენ ოპოზიციას ბრძოლისკენ. თუმცა მათი მოწოდებაა ბრძოლა პარლამენტში და არა ქუჩაში. ოპოზიცია ცუდ დღეშია - მისი ელექტორატის გაერთიანება ვერ ხერხდება, არც დასავლეთი უჭერს მხარს. შესაბამისად, მათი პერსპექტივა ბუნდოვანია. კიდევ კარგი, გამოჩნდა ოპოზიციაში პატარა ჯგუფი, რომელიც ვითარებას სწორად აფასებს. იმედია, მისი აქტიურობით 30 დეპუტატი მაინც შევა პარლამენტში და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო რაოდენობა შეიქმნება. 113 დეპუტატი ამისთვის საკმარისია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება გადამოწმების მექანიზმს, საარჩევნო ბიულეტენის აღებისას ხელს ხომ ვაწერთ დოკუმენტს, ვიდეოფირებიც ხომ არსებობს? საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანია. ამდენ უბანში ხმების გადაკეთება ადვილი არ არის. გაყალბებული ციფრების დასასმელად ახალი ბიულეტენების დაბეჭდვა და სხვა უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რასაც დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება. ასე რომ, ყველაფრის გადამოწმება შეიძლება. დაჯექი საგამოძიებო კომისიაში და იმუშავე. არა მგონია, კობახიძის ხისტი განცხადებები შემთხვევითი იყოს. ვფიქრობ, `ნაციონალური მოძრაობის~ გასაგონად გაკეთებული მუქარისა და შანტაჟის შემცველი განცხადებები ჩვეულებრივი სატყუარა იყო, რომელსაც ოპოზიცია წამოეგო და მოლაპარაკება ჩაშალა”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “რატომ უნდა აძლევდეს ხელს მოლაპარაკების ჩაშლა ხელისუფლებას? თქვენ ხომ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის იმიტაციისთვის მაინც სჭირდება?” - პასუხობს:

“შეიძლება ხელისუფლებას სულაც არ აწყობს უბნების ხელახლა გადათვლა, მაგრამ ამის დაპირება შესაძლოა უცხოელ ფასილიტატორებთან ქულების ჩასაწერად გასცეს, სინამდვილეში კი ძალიანაც სურთ, ოპოზიციამ მოლაპარაკებაზე უარი თქვას და საქმე არჩევნების შედეგების გადამოწმებამდე აღარ მივიდეს. ამით სათქმელი ექნებათ, ოპოზიციას ყველა პირობა შევთავაზეთ, მაგრამ რევოლუციური სცენარის გათამაშება სურთო”.

“ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლება ზუსტად იმ რეაქციას ელოდა, რაც ოპოზიციას ჰქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, მით უფრო, რომ ფასილიტატორებიც ამას მოუწოდებენ. თუ გაზაფხულზე ვითარება გამწვავდება (რისი მოლოდინიც მე მაქვს), ჯობია ამ დროს ოპოზიცია პარლამენტში იყოს და იქიდან მოუწოდოს ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნებისკენ. ფაქტია, რომ ოპოზიციამ ვერ გათვალა და ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა ხდება, მაგრამ “ევროპული საქართველო” რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიას თამაშობს, ცხადია. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში დარჩება, ქუჩა კი დაბევებული აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. გაოცებული ვარ “ევროპული საქართველოს” დღევანდელი მოქმედებით, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, იმდენ ხმასაც ვეღარ მიიღებენ, რაც მიიღეს. წესით, “ნაციონალებს” უნდა გამიჯვნოდნენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შესულიყვნენ. ყველას მოვუწოდებ - კარგად დაფიქრდნენ, სანამ მანდატებზე იტყვიან უარს. თუ 30 კაცი მაინც შეიკრიბა, შესაძლოა მათგან მართლა ჩამოყალიბდეს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული ძალა და ხელისუფლებაშიც კი მოვიდნენ”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

რა შეცვალა “სამართლიანი არჩევნების” შეცდომის გამოაშკარავებამ

“გაიმყარა თუ არა ხელისუფლებამ პოზიციები ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტის გამოქვეყნების შემდეგ და რამდენად შესაძლებელია, რომ მოლაპარაკების მე-5 რაუნდი საერთოდ აღარ გაიმართოს? რჩება თუ არა ოპოზიციას დოკუმენტალურად გამყარებული რაიმე არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისათვის და რამდენად დასუსტდა მათი პოზიციები მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება, რომ “სამართლიანი არჩევნების” ხმების გადათვლილი შედეგი ცეესკოს მონაცემებს სულ რაღაც 1%-ით ცდება და ფაქტიურად მის მონაცემებს ემთხვევა?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ელემენტარული არითმეტიკის პრობლემები ქართულ არჩევნებში - რა შეცვალა “სამართლიანი არჩევნების” შეცდომის გამოაშკარავებამ.

“გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა. საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, “ქართულმა ოცნებამ” 48.2% მიიღო. 1%-ით გაიზარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” შედეგიც და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგებით კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია. “სამართლიან არჩევნებში” მომხდარის მიზეზი ახსნეს. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე მედიასთან ამბობს, რომ ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის შეცდომა, რომელმაც ბათილად ცნობილი ბიულეტინებიც დაითვალა, რამაც რამდენიმე პროცენტიანი ცდომილება მისცათ. ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და წუხს იმაზე, რომ ასეთ გავლენიან ორგანიზაციას მსგავსი შეცდომა მოუვიდა. ნიჟარაძის განმარტებით, ხელისუფლება ამ მონაცემებით მანიპულირებს და დაკორექტირებულ ვარიანტს მანდატების რაოდენობაზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ორგანიზაციისთვის მძიმე ფაქტი იყო. სამწუხაროდ, პროგრამაში ხარვეზი გამოვლინდა, რამაც ასეთი ცდომილება მოგვცა. ესაა საარჩევნო სუბიექტებთან ერთად ბათილი ბიულეტინების დათვლილი შედეგი, რაც შეცდომაა. არ ვიცი პოლიტიკურად რა გავლენას ახდენს და “ქართულმა ოცნებამ” ამის შესახებ წინასწარ საიდან იცოდა. ეს ინფორმაცია ჩვენ წინასწარ არ მიგვიწვდია. ჩვენდა სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ სატელეფონო მიყურადება ხდება. ეს ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ ყველას გვისმენენ. რა თქმა უნდა, ამის მტკიცებულება არ მაქვს... ესაა კიდევ ერთი თემა რითაც “ოცნება” მანიპულირებს - ეს არ არის მთავარი ცდომილება. რეალური პრობლემები ამ არჩევნების რაც არის, ესაა უბნებზე დაფიქსირებული დისბალანსი, ის, რომ “კარუსელებს” ჰქონდა ადგილი და ამას ჩვენი ორგანიზაცია ვერ დაითვლიდა. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში მომხდარი დარღვევები. ესაა კითხვის ნიშნები, რაზეც საზოგადოებას პასუხი ხელისუფლებისგან უნდა ჰქონდეს და არა ჩვენგან”, - აცხადებს ელენე ნიჟარაძე. რომლის თქმით, ხელისუფლებაში ცდილობენ ეს სკანდალურ ინფორმაციად წარმოადგინონ. ახლა ხელისუფლების მთავარი სტრატეგია ესაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართულ ოცნება” ბოდიშის მოხდას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ “თავისუფალი არჩევნების” პარალელური დათვლა ეხება მხოლოდ ოქმებს და მასში არაა ასახული სხვა დარღვევები, რომელიც, მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. დეკანოიძე ამტკიცებს, რომ იმ ოქმებში, რომელიც ორგანიზაციამ დათვალა, არსებობს 8%-იანი ცდომილება, რომელიც საერთო შედეგზე გავლენას, დაახლოებით, 4.1%-ით ახდენს. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, დეკანოიძე ამბობს, რომ მხარეები მზად არიან პროცესში მონაწილეობა გააგრძელონ, თუმცა არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები (მათ ოპოზიციას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს) მოლაპარაკებების პროცესს წარმატებას ვერ მოუტანს”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში ხმების გადათვლა უცხოელების მიერ მოხდა, რომლებმაც კონკრეტული ეჭვის საფუძველზე აუდიტი ჩაატარეს. საყვარელიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქ რაიმე ქრთამის აღებაზე და ვიღაცის სასრაგებლოდ ხმების გადათვლაზე საუბარი ზედმეტია. მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციამ ამ ორგანიზაციის დასკვნა ლამის მთავარ არგუმეტად გაიხადა, მისი გადამოწმება აუცილებელი იყო. ანალიტიკოსი კი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ოპოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე მტკიცებულების სერიოზული საყრდენი გამოეცალა. ამიტომაც ხელისუფლება დიდი ალბათობით მოლაპარკების მეხუთე რაუნდზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ უფრო ხისტი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

დავით ზურაბიშვილი - “სწორედ “ლელოს” პოზიცია იყო გადამწყვეტი ბოიკოტის კამპანიაში და არა “ნაციონალური მოძრაობის”

“პარლამენტის ბოიკოტი პრინციპულად არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, თუმცა ეს უკვე რეალობაა - დღეს პარლამენტში არის მხოლოდ ერთი პარტია. მართალი გითხრათ, მე არ ველოდები, რომ ვინმე შევა პარლამენტში, არც ელისაშვილი და არც ვინმე სხვა. ამ ამბავს არ ვუყურებ მორალურ-ზნეობრივი ასპექტით, თუმცა როცა ადამიანი დაიფიცებ და ლამის დაიგინებ რაღაცაზე, მერე კი ჭოჭმანს იწყებ - ეს ყველას ეხება და არა კონკრეტულად ელისაშვილს - ეს კარგი საქციელი არ არის. პოლიტიკოსი შენს სიტყვაზე პასუხისმგებელი უნდა იყო, თუმცა პარლამენტში სავარაუდო შემსვლელებზე ისეთი ამბავი ატყდა, ოპოზიციური მედია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ეს იყოს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ღალატი, არადა, ქართულ პოლიტიკაში უამრავი 100-ჯერ უზნეო საქციელი მინახავს არაერთი ხელისუფლების დროს...” - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: “ოპოზიციამ წამოაყენა მოთხოვნა, რომლის მძევალიც თვითონ არის” / ელისაშვილიც მძევალია, როგორც “ევროპული საქართველო”, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” და სხვები. ეს ბოიკოტი არ იქნებოდა, რომ არა “ლელოს” პოზიცია. სწორედ მათი პოზიცია იყო გადამწყვეტი ბოიკოტის კამპანიაში და არა - “ნაციონალური მოძრაობის”.

“მოკლედ, არ მგონია, ეს მთლად ჯანსაღი დამოკიდებულება იყოს. ჩემი აზრით, არც ის არის გმირი, ვინც არ შედის პარლამენტში და არც ის - დიდად მოღალატე, ვინც შედის. ეს პოლიტიკური პროცესია. ყორღანაშვილის პარალელი არასწორია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია რეალობა, რომელიც არც მე მომწონს, რადგან ამ ვითარებას პოლარიზაციისკენ მივყავართ. ერთ მხარეს არის ხელისუფლება, როგორც თითქოს ენით აუწერელი ბოროტება, ბიძინა ივანიშვილი, როგორც გველეშაპი, რომელიც ზის სადღაც, აფრქვევს ცეცხლს, ირგვლივ ყველაფერს წვავს და ქვეყანას აქცევს, მეორე მხარეს კი არის ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, გმირი მზეჭაბუკების კრებულად წარმოაჩინოს თავი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ამ გველეშაპს დაამარცხებს. ეს არ არის სწორი მიდგომა, მაგრამ ჩვენ სულ ასე გვჭირს, კარგა ხანია, ამ გზით მოვდივართ. მერე, თუ გველეშაპი დავამარცხეთ, მისი მძლეველი მზეჭაბუკი მოვა სათავეში და ახლა ის იქცევა გველეშაპად. ახლაც რაღაც ასეთი ხდება. ქვეყანა ორ ძირითად საინფორმაციო და პოლიტიკურ ბანაკად არის დაყოფილი, ორივეს თავისი რეალობა აქვს და ამიტომაც ვერ პოულობენ საერთო ენას, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. მე ვიტყოდი, დამნაშავე ორივე მხარეა. ბუნებრივია, ხელისუფლებაა ყველაზე მეტად პასუხისმგებელი იმ გარემოზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება, ის არის ტონისა და მაგალითს მიმცემი, თუმცა მის ოპონენტებსაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“ოპოზიციამ წამოაყენა მოთხოვნა, რომლის მძევალიც თვითონ არის. ელისაშვილიც მძევალია, როგორც “ევროპული საქართველო”, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” და სხვები. სიმართლე გითხრათ, მე მგონია, ეს ბოიკოტი არ იქნებოდა, რომ არა “ლელოს” პოზიცია. სწორედ მათი პოზიცია იყო გადამწყვეტი ბოიკოტის კამპანიაში და არა “ნაციონალური მოძრაობის”. “ნაციონალური მოძრაობა” ყველა არჩევნებზე ასე იქცევა - გაიძახის, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ ხმები მოჰპარეს, რადგან ასე ითხოვენ მათი ლიდერიც და მხარდამჭერებიც, მერე კი, თუ არავინ აჰყვათ, ჩერდებიან. ასე მოხდა 2016 წელს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ახლა კი მათ აჰყვა “ლელო”. ეს პარტია არ არის ასოცირებული “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობასთან, ანუ არ აქვს წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული წარსული “გირჩის”, “ევროპული საქართველოსა” და გიორგი ვაშაძისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ყოფილან ეჭვმიტანილი ბიძინა ივანიშვილთან ფარულ გარიგებაში, ამიტომაც შეეშინდათ მათ ბოიკოტზე უარის თქმის და პროცესში ჩაერთვნენ, გარდა იმისა, რომ, ალბათ, მათაც ეცოტავათ პროცენტები. ახლა შეიძლება ძალიანაც უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ უკან დახევა აღარ გამოდის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მით უმეტეს, დააკვირდით - ეს მნიშვნელოვანი მომენტი მგონია - ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა, რომ ყოყმანი დაიწყეს ელისაშვილმა, ვაშაძემ, “გირჩის” ნაწილმა, მაშინვე გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობას” აკრძალავენ, ანუ დანარჩენებს ეპატიჟებოდა. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიცია იძულებული გახდა, ისევ შეკავშირებულიყო. მე ეს შემთხვევითი არ მგონია და არც - კობახიძის მოფიქრებული. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს სულაც არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში. თანაფარდობა 90/60 1992-95 წლების პარლამენტის შემდეგ არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილს ხუთი ოპოზიციონერი უშლის ნერვებს და წარმოიდგინეთ, 60 რა დღეში ჩააგდებს, ამიტომ სულ არ სჭირდება ეს პარტიები პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გრძნობს თავს. ახლა რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც ეს ბიძინა ივანიშვილს არ ბრალდება, რადგან უცხოური ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების მხრიდან არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას. ყველა ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევებით, ძალიან ბევრი იყო დაუბალანსებელი ოქმი, მოსყიდვა, მუქარა, მაგრამ ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას. ეს ერთი. მეორე - დასავლეთის თვალში ისე ჩანს, რომ ხელისუფლება ეხვეწება ოპოზიციას, შემოდით პარლამენტშიო, ისინი კი არ შედიან”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“ასე მახსოვს - არჩევნებიდან ორი დღე არ იყო გასული, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადება გია ხუხაშვილმა წამოაყენა, მაშინ ხელისუფლებას ხუხაშვილის წინადადებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი ხედავენ, რომ ოპოზიცია არაფრის სანაცვლოდ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ისინი მხოლოდ ერთს მოითხოვენ - ახლანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა დათმოს და მათ მიართვას ძალაუფლება. ვფიქრობ, ამ გარემოებით არის ნაკარნახევი ასეთი კომპრომისული წინადადება, რომელიც დასავლეთის თვალში ხელისუფლებას უფრო კონსტრუქციულად წარმოაჩენს, ოპოზიციას კი დესტრუქციულად. საზღვარგარეთ “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არავის აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თვითონაც არანაკლებ დესტრუქციულია, ვიდრე ხელისუფლება, საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯი ზარალდება. პირდაპირ ვიტყვი - ამ საქმეს ერთი წელიწადი მაინც, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე, არაფერი ეშველება”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.

“ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, შეძლებისდაგვარად იაქტიურებენ, წავლენ-წამოვლენ, მიტინგს ჩაატარებენ, რაღაც იდეები ექნებათ, თუმც არ ვიცი, აქედან რა გამოვა. ვფიქრობ, ზოგს იმედი აქვს, რომ გაზაფხულზე სოციალური უკმაყოფილება მოსახლეობას გარეთ გამოიყვანს, მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს. კი, სოციალური გაჭირვება არის, მომავალშიც იქნება, პანდემიის კრიზისიც იჩენს თავს, მაგრამ თუ ალტერნატიული ძალა არ გამოჩნდა, არ მგონია, რაღაც სერიოზული აგორდეს. მეორე მხრივ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც ახლა ბოიკოტს აცხადებენ, მათი მანდატების დახევა უაზრო საქციელი გამოვა. თუ ხელისუფლებამ ახლა გააყალბა არჩევნები, მერე რატომ არ გააყალბებს?! ამიტომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, გამოვა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შარზე ყოფილა - ეს არის და ეს. მაგრამ თუ არ მიიღებს მონაწილეობას, მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვა პარტიები, რომლებიც ახლა არ არიან ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ არც პარლამენტში არიან და მათ შეიძლება გაუმართლოთ კიდეც, თუნდაც რამდენიმე კანდიდატს. მოკლედ, თვითმმართველობის დონეზე ერთპარტიულობა აღარ იქნება, ამიტომ ხელისუფლებას არ დაბრალდება, თითქოს ის ერთპარტიულ დიქტატურას ამყარებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს, მაშინ რჩება ორი ვარიანტი - ან მოხდება ამ ოპოზიციის სრული მარგინალიზება და დარჩება მხოლოდ “ნაცმოძრაობა”, ისიც რეპუტაციაშელახული, სხვები კი გაქრებიან, ან ხელისუფლება დაემხობა, რისი შესაძლებლობაც, ჩემი აზრით, არ არსებობს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ხელისუფლებას მშვიდი ცხოვრება ექნება და პრობლემა არ შეექმნება, დაიწყებენ კანონპროექტების მიღებას, ოპოზიცია კი იძულებული იქნება, გააქტიურდეს. მაგრამ რა უნდა ქნას ქუჩაში? შეიძლება ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება დაიწყოს, რაც, ჩემი აზრით, არ გამოუვა, ამიტომ, ალბათ, ეცდება, ისევ ხალხის უკმაყოფილება გამოიყენოს”, - დასძენს ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “ერთიანობას შეინარჩუნებს ოპოზიცია?” - პასუხობს:

“არ ვიცი... კაცმა რომ თქვას, ეს არც არის ერთიანობა. რა თქმა უნდა, წამყვანი ძალა არის “ნაცმოძრაობა”. მისი რეიტინგიც მეტია, ვიდრე სხვა პარტიების. მიტინგებზეც ხალხის რაოდენობის 80-90% “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველია. ამიტომ არის ერთიან ოპოზიციაში ყოფნა დამანგრეველი სხვა პარტიებისთვის. “ნაცმოძრაობა” ყველაზე ნაკლებს კარგავს, პირიქით, ჩანს, როგორც გამაერთიანებელი, მთავარი ოპოზიციური ძალა. ყველა სხვა პარტიაც აღიარებს, რომ ის არის ხელისუფლების მთავარი ალტერნატივა. ასეა. მე არაფერს ველი, თუ ახლანდელი ერთობა არ დაიშალა”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს