ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული ექვსი პირის: ირაკლი ჭელიძის, მუხრან ბერიძის, თორნიკე ჭელიძის, მინდია მელაძის, ზურაბ ბიბინიძისა და რამაზ შაინიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ პირებს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ედავება.

„აქციის მონაწილეები უკანონოდ არიან დაკავებულები, შერჩეულ სამართალთან გვაქვს საქმე. რატომ შერჩევითი სამართალი - რამდენიმე ფაქტი შემიძლია გავიხსენო, აქციაზე „ქართული ოცნების" ორგანიზებით 2-3 ადამიანი მოვიდა და აქციის მონაწილეების მიმართ იგინებოდა, ილანძღებოდა და სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდნენ.

ეს ადამიანები სასამართლოშიც კი არ წარმსდგარან ისე გაათავისუფლეს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეები კი იზოლატორში გადაჰყავთ.

მოგეხსენებათ, 41 დღეა აქცია იმართება, აქცია მშვიდობიანია და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არ გადადის",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. წინააღმდეგობის გაწევის გამო კი სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავა.