გიორგი ხელაშვილი - "ევროპული საქართველოს" წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად

"ევროპული საქართველოს" წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგა ბოკერიასა და გიორგი კანდელაკის მიერ ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ხელაშვილი „ტვიტერში“ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ბატონი ხანგოშვილი სწორედ დაუსაბუთებლად იყო შერაცხული ტერორისტად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, მისი დადანაშაულება ხანგოშვილის "ტერორისტად" მოხსენიებაში უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციაა.

“ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ბოკერიამ და კანდელაკმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც დამადანაშაულეს გასულ წელს ბერლინში ტრაგიკულ ვითარებაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის “ტერორისტად” მოხსენიებაში და თვალსაჩინოებად მოიტანეს “ტვიტერზე” 10 დეკემბერს ინგლისურ ენაზე გაკეთებული ჩემეული კომენტარი. ჩემს მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტში” ბატონი ხანგოშვილი მოხსენიებულია როგორც "დადანაშაულებული" ტერორისტი. “ტვიტის” ინგლისურ ორიგინალში წერია alleged terrorist ანუ accused but not proven or convicted (მტკიცებულების ან მისჯის გარეშე დადანაშაულებული), რაც სწორად ასახავს ვითარებას. ბატონი ხანგოშვილი სწორედ დაუსაბუთებლად იყო შერაცხული ტერორისტად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. გასათვალისწინებელია, რომ "ტვიტერის" შეზღუდული ფორმატი არ იძლეოდა ვითარების უფრო დეტალური აღწერის საშუალებას.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემი დადანაშაულება ბატონი ხანგოშვილის "ტერორისტად" მოხსენიებაში არის უსინდისო პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ჩემი და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ევროპული საქართველოს” წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად.

ბოლო დღეებში ოპოზიციის მხრიდან მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების ფონზე, “ევროპული საქართველოს” იაფფასიანი გამოხტომა არის მცდელობა გადაფარონ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს უკვე აშკარად და დაუფარავად ემსახურება.

მოვუწოდებ წაგებულ ოპონენტებს, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს და შეწყვიტონ პოლარიზებული და დაუსაბუთებელი რიტორიკა, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, - აცხადებს ხელაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია