აჭარაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც პარტიული სიის განულებას ითვალისწინებს

აჭარაში ცხრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს პარტიული სიის განულებას და ერთობლივი პროტესტის გაგრძელებას. ისინი თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
მათივე განცხადებით, ოპოზიციის წევრები შემდგომ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავენ ამ მოთხოვნით და დეპუტატები უმაღლეს საბჭოს დატოვებენ.
ხელმოწერის ცერემონიალი აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა.
„აქციები მიმდინარეობს იმიტომ, რომ არჩევნები თავზე გადაგვახიეს. არ შეიძლება ამ გაყალბებული არჩევნების აღიარება. დღეს სიმბოლური დღეა და ამ გაყალბებული არჩევნების დაკანონებას უმაღლესი საბჭო ცდილობს",- აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
























