მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა

მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა. ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა გადასცა უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს, დავით თედორაძეს, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა სხდომას. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის წესრიგის შესაბამისად, აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც უსკოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკური სუბიექტიდან 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშია“. მათგან „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით - 11, ხოლო მაჟორიტარულით - 3 მანდატი აქვს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 7 (პროპორციული). დოკუმენტაცია უსკოს თავმჯდომარემ დავით თედორაძეს გადასცა.

შესვენების შემდეგ, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის თაობაზე დასკვნა წარმოადგინა. დადგენილების შესაბამისი პროექტი 14 ხმით დამტკიცდა. სხდომათა დარბაზში აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი და მორიგი შესვენებისას იმსჯელეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შექმნასა და მის პოლიტიკურ პლატფორმაზე. ფრაქციის თავმჯდომარედ დასახელდა გიორგი მანველიძე, მოადგილედ კი ირაკლი ჭეიშვილი. ამავე საკითხზე იმსჯელეს დროებით სამანდატო კომისიაშიც და უმაღლესი საბჭოს განახლებულ სხდომაზე, შესაბამისი მოხსენებით კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი წარსდგა.

კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით გაბაიძის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი მანველიძემ, ფრაქციის სახელით წარადგინა. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისათვის, ერთგვარად შეაჯამა 2016-2020 წლების მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომელთა შორის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად დარგობრივ კანონმდებლობაზე მუშაობა დაასახელა, ასევე დააანონსა უმაღლეს საბჭოში პეტიციის ფორმატის შემოღება და რიგი სხვა სიახლეები.

დავით გაბაიძის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით უმაღლესი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც მან დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა.

კანონმდებლებმა ასევე 14 ხმით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის მიერ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი ტიტე აროშიძე.

სხდომაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებაც იმსჯელეს. კომიტეტებში წევრთა რაოდენობა 6-ით განისაზღვრა, აქედან 4 კვოტა გადანაწილდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, 2 კი უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებზე.

დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეები: აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს - ფრიდონ ფუტკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს - ცოტნე ანანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს - დავით ბაციკაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - ვლადიმერ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს - მარინე გვიანიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - ილია ვერძაძე უხელმძღვანელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს