ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მწვავე გამოწვევის პირისპირ დგას და ამ გამოწვევას მეტ-ნაკლებად ვუმკვლავდებით

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვიდრე 2020 წლის ეკონომიკურ პრობლემების დაძლევისა და 2020 წლის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებზე დავიწყებდით საუბარს, გვერდს ვერ აუვლით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობაზე საუბარს.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. თუმცა, იმავე დამკვირვებელთა უმრავლესობა სხვადასხვაგვარად აფასებს არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის ხილულ თუ ჯერაც ბოლომდე უხილავ კონტურებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- მართალი ბრძანდებით, რეალობა შეცვლილია. ვწუხვარ, რომ ორი სიტყვით ამ რეალობას ვერ დავახასიათებ, რაზეც წინასწარ ბოდიშს გიხდით.

გეხსომებათ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მე სიტუაციის ექსკალაციას ვწინასწარმეტყველებდი, მაგრამ იმასაც დავძენდი, რომ ოპოზიცია, როგორი გაერთიანებულიც არ უნდა ყოფილიყო, ხალხის მობილიზებას რევოლუციური სიტუაციის ჩამოსაყალიბებლად ვერ მოახერხებდა. ამ სცენარის ფარგლებს გარეთ კი ოპოზიციას ძალაუფლების ხელში ჩაგდების არანაირი შანსი არ გააჩნდა. „ნაცმოძრაობის“ მეთაურობით ოპოზიციის ნაწილის ამჟამინდელი ქმედებანი მხოლოდ მის მარგინალიზაციას უწყობს ხელს.

„ნაცმოძრაობის“ მეთაურობით ოპოზიციის ნაწილის ამჟამინდელი ქმედებანი მხოლოდ მის მარგინალიზაციას უწყობს ხელს

ამ თვალსაზრისით, გასაანალიზებელია ჩვენი უცხოელი მეგობარი-პარტნიორების ქმედებანი და ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ მათი კრიტიკა. აქ სამ გარემოებაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო.

პირველი - ოპოზიციის რადიკალური ნაწილის თვალთახედვა ეფუძნება მაპატიონ, მაგრამ ნეობოლშევიკურ პრინციპს - „ვინც ჩვენთან ერთად არ არის, ჩვენი მტერია“. აღსანიშნავია, რომ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ეს პრინციპი ამართლებდა ლენინ-ტროცკი-სტალინისეულ რეპრესიებსა და დახვრეტებს.

ისიც საგულისხმოა, რომ ეს პრინციპი პირველად 1862 წელს პეტრე ზაიჩნევსკიმ მანიფესტში „ახალგაზრდა რუსეთი“ ჩამოაყალიბა, რომელიც უმალვე გახდა რევოლუციური ტერორის იდეოლოგიური დასაბუთება.

მეორე. ხორციელდება რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მასთან ერთად ევროკავშირის ვიტყოდი, ინფანტილური კრიტიკა, სრულიად დავიწყებულია რამდენიმე გარემოება.

მაგალითად, რატომ სდუმს კონგრესმენი ადამ კინსინგერი, რომლის გამოსვლებსა და პოსტებს „ნაცმოძრაობა“ ზეცის მანანასავით ელოდა ხოლმე. შემდეგ, არ არსებობენ აშშ-ს კეთილი თუ ავად განწყობილი ელჩები, ისინი ყოველთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ანუ ამერიკის, როგორც ასეთის, პოზიციას გამოხატავენ.

აშშ-ს პოლიტიკა კი ეფუძნება ჯერ კიდევ ნიკოლო მაკიაველის მიერ ჩამოყალიბებულ პრონციპს, რომელიც პოლიტიკურ ფილოსოფიაში Realpolitik-ის, რეალური პოლიტიკის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს პრინციპი ჰენრი კისინჯერმა რამდენიმე სიტყვით ხატოვნად გამოხატა: „America has no permanent friends or enemies, only interests“ - ამერიკას არ ყავს მუდმივი მეგობრები და მტრები, მხოლოდ ინტერესები.

და მართლაც, ჩვენდა საბედნიეროდ, განსაკუთრებით ეხლა, როცა ამერიკისა და ნატოს გავლენა თურქეთზე, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში საყრდენ ბურჯზე, სულ უფრო მცირდება, აუცილებელია ახალი სტრატეგიული პარტნიორის გამონახვა და ეს საქართველოა.

ჩვენდა საბედნიეროდ, განსაკუთრებით ეხლა, როცა ამერიკისა და ნატოს გავლენა თურქეთზე, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში საყრდენ ბურჯზე, სულ უფრო მცირდება, აუცილებელია ახალი სტრატეგიული პარტნიორის გამონახვა და ეს საქართველოა

თანამშრომლობის გასაღრმავებლად და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად კი აუცილებელია ქვეყანაში სტაბილურობა და ქვეყნის პოლიტიკის სამომავლო მიმართულებების სწორი პროგნოზი. მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, მაგრამ ასეთი ხედვის შესაძლებლობას ძლიერი პარტიებიდან მხოლოდ „ქართული ოცნება“ იძლევა. იგი აშშ-ს თითქმის ყველა მოთხოვნას უპირობოდ ასრულებს.

მესამე. მე გულწრფელად არ მჯერა, რომ არჩევნები ტოტალურად იყო გაყალბებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას გაიძახიან ისეთი პარტიების ლიდერები, რომლებმაც ან ხმათა 3-4% დააგროვეს, ან საერთოდ ვერ გადალახეს 1%-იანი ბარიერი. ამაზე თუნდაც „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო მონაცემები მიუთითებს.

თანამშრომლობის გასაღრმავებლად და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად კი აუცილებელია ქვეყანაში სტაბილურობა და ქვეყნის პოლიტიკის სამომავლო მიმართულებების სწორი პროგნოზი. მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, მაგრამ ასეთი ხედვის შესაძლებლობას ძლიერი პარტიებიდან მხოლოდ „ქართული ოცნება“ იძლევა. იგი აშშ-ს თითქმის ყველა მოთხოვნას უპირობოდ ასრულებს

დაბოლოს, მართალია, ბატონი ლადო პაპავა, რომელიც დასძენს, რომ შექმნილი ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ასეთი ვითარების შესაქმნელად, გავიმეორებ, ზოგიერთი, თქვენთვის ცნობილი პარტია გაზაფხულიდან ემზადებოდა.

- თუ ოპოზიციის პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით არ შეიცვალა, იმ გარე თუ შიგა გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც დღეისთვის არსებობს ქვეყნის წინაშე, თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება?

- არჩევნების შემდეგ სიტუაცია დემოკრატიული ქვეყნისთვის აშკარად არასახარბიელოა, მაგრამ ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიცია, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესებზე და მხოლოდ შემდეგ თავის ვიწროპარტიულ სტრატეგიაზე ზრუნავს. ჩვენთან კი მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

არჩევნების შემდეგ სიტუაცია დემოკრატიული ქვეყნისთვის აშკარად არასახარბიელოა, მაგრამ ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიცია, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესებზე და მხოლოდ შემდეგ თავის ვიწროპარტიულ სტრატეგიაზე ზრუნავს. ჩვენთან კი მოვლენები სხვაგვარად ვითარდება

გთხოვთ დაფიქრდეთ - რა აზრის ხართ იმ სოციალურ ჯგუფებსა თუ პარტიებზე, რომლებსაც ერთმენეთთად მოლაპარაკება უცხოელი შუამავლების გარეშე არ შეუძლიათ? რომელ ერში გინახავთ ასეთი ვითარება? სად გაქრა ქართული ეროვნული თვისებები, ვაჟკაცობა, სიტყვის გაუტეხლობა, სიმამაცე, თავმოყვარეობა?

ერთი მხრივ, როგორც ბევრს სჯერა, ღვთისაგან გამორჩეული ერი ვართ და მეორე მხრივ, მეორეკლასელი ბავშვებივით ვიქცევით? თუ „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ მართლაც ვუბრუნდებით იმ საშინელ პერიოდს, როცა ერმა თავისი იდენტურობა თითქმის დაკარგა?

მესმის, რომ ქართველებს კრიტიკა არ გვიყვარს, გვჯერა, რომ ჩვენი საქციელი ერთედერთი სწორია, მაგრამ მაინც უმორჩილესად ვთხოვ უკვე შედარებით გამოცდილ და ახლადგამოჩეკილ პოლიტიკოსებს გაიაზრონ ეს გარემოებები.

ეხლა უშუალოდ თქვენ კითხვას ვუბრუნდები. სიტუაცია, რასაკვირველია, იდეალური არ იქნება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მშვენიერი დისკურსის შესაძლებლობა აქვს - ხომ ვამბობდით, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებას უპირობოდ დავეთანხმებოდით? ასეც მოვიქეცით.

ხომ დავიწყეთ რადიკალურ ოპოზიციასთან მოლაპარაკება? ხომ თავიდან ვიძახდით, რომ მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება, გარდა არჩევნების შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენებისა? სად არის გაყალბებული არჩევნების დამადასტურებელი მტკიცებულებანი? ტრამპიც ხომ იგივეს იძახდა მაგრამ ვერანაირი დასაბუთაება ვერ მოიყვანა და რა ქნა ამომრჩეველთა კოლეგიამ? სად გადავუხვიეთ არსებულ სტანდარტებს? ეხლა, რა ვქნათ, ქვეყანა პარლამენტის გარეშე დავტოვოთ?

მერწმუნეთ, ასეთი ნარატივი მსოფლიოსთვის მისაღები იქნება. იგი ხომ სამოცდაათი წელი დედამიწის ერთ მეექვსედზე ერთპარტიულ მმართველობას შესცქეროდა და ეხლაც იგივეს ეგუება, მაგალითად, ჩინეთში.

საქართველომ კი თავისი დემოკრატიულობა კი თუნდაც იმით დაამტკიცა, რომ ტელეარხის მიმართ, საიდანაც უცხო ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ დედის გინება გაისმა, არავითარი ზომები არ იქნა მიღებული. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მეგობარი თუ მტერი ქვეყნის პრეზიდენტს ეხებოდა ეს გინება.

მედიას აქვს თავისი სტანდარტი და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ტელეარხი დაიხურებოდა, ჟურნალისტი კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ აცდებოდა.

- ვხედავთ, რომ ოპოზიციაში გარკვეული ტიპის რყევებია. ვგულისხმობ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა, პარლამენტში გასულ რამოდენიმე დეპუტატს ოპოზიციიდან ჯერ არ უთქვამს უარი პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის მოლოდინში მყოფი ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი შეთანხმება არ მოხდა, პარლამენტში შესვლის საკითხზე ოპოზიციის პოზიცია არ შეიცვლება. როგორც ჩანს, ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, პარლამენტი დააკმაყოფილებს თუ არა პარლამენტში არშემსვლელ დეპუტატთა განცხადებას პარლამენტის უფლებამოსილებიდან გასვლაზე.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი ამ პროცედურას საგაზაფხულო სესიამდე გადადებს, ვიდრე საქართველოში ერთპარტიულ პარლამენტზე საბოლოოდ არ ჩამოუყალიბდება პოზიცია ბრიუსელსა და ვაშინგტონს.

თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა თქვენი დაკვირვებით რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია?

- არც ძალიან სახარბიელო ვითარებაში. ნებისმიერი გონივრული სტრატეგიის დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ბანქო ბოლომდე არასდროს უნდა გახსნა. ოპონენტის ნებისმიერ ქმედებაზე კონტრქმედება უნდა გქონდეს გააზრებული.

რადიკალურმა ოპოზიციამ კი თავიდანვე ჩამოაყალიბა თავისი სტრატეგია და ქედმოუხრელად, მაპატიონ, მაგრამ ტლუდ ამ სტრატეგიას მიყვება. ამას მშვენივრად ხედავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური მისიები, ხედავს ამას საქართველოს მოსახლეობაც. „ვარდების რევოლუციის“ ნოსტალგიამ მთლიანად გადაფარა რაციონალიზმი.

რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე ჩამოაყალიბა თავისი სტრატეგია და ქედმოუხრელად, მაპატიონ, მაგრამ ტლუდ ამ სტრატეგიას მიყვება. ამას მშვენივრად ხედავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური მისიები, ხედავს ამას საქართველოს მოსახლეობაც. „ვარდების რევოლუციის“ ნოსტალგიამ მთლიანად გადაფარა რაციონალიზმი

არ შეიძლება ზიზღი შენ პოლიტიკურ სტრატეგიას განაპირობდეს. ჩვენ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ.

ამიტომ ნებისმიერი მიუკერძოებელი, თუნდ უცხოელი, თუნდაც ქართველი ანალიტიკოსისა თუ დიპლომატის თვალში ერთპარტიული პარლამენტი უმრავლესობისთვის საყვედურის გამოხატვის საწინდარი ვერ გახდება.

ეხლა რამდენიმე სიტყვა ბატონი ვაშაძის დემარშზე. გეხსომებათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მე ბატონი ვაშაძე ხისტად გავაკრიტიკე. დღეს სიტუაცია ძირფესვიანად შეცვლილია. მინდა ბატონ გრიგოლს თანადგომა საჯაროდ გამოვუხატო და ხაზი გავუსვა იმას, რომ მისი ქმედება არა პარტიული კარიერიზმით, არამედ პირიქით, სამოქალაქო პოზიციით, ქვეყანაზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობათაა ნაკარნახევი.

მართალია ბატონი გრიგოლი, როცა დასძენს, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ ერთი პიროვნების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული, ის ვერ განვითარდება და არჩევნებს ვერ მოიგებს.

მართალია ბატონი გრიგოლი, როცა დასძენს, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ ერთი პიროვნების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული, ის ვერ განვითარდება და არჩევნებს ვერ მოიგებს

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პანდემიის მძვინვარების პირობებში ქვეყნის ხელისუფლება ისტორიული გამოწვევის წინაშეა. მას, ერთი მხრივ, აქვს პასუხიმგებლობა მოსახლეობის გადარჩენაზე, ხოლო მეორე მხრივ, იმაზე აქვს საზრუნავი, რომ გადაარჩინოს ეკონომიკა და მაქსიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქვეყანა სამშვიდობოს.

იმის ფონზე, რომ ახლა ხელისუფლების მისამართით ბევრი კრიტიკა ისმის იმაზე, რომ იგი სათანადოდ ვერ მოემზადა პანდემიის მეორე ტალღისთვის, თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით? ისე ეკონომიკის გადარჩენის თვალსაზრისით?

- ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ბატონმა ლადო პაპავამ გაგცათ. მხოლოდ რამდენიმე ნიუანსს დავამატებდი.

უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეკონომიკურად სუსტი ქვეყანაა და მას, შესაბამისად, სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვს. თანაც, ქვეყანა ტურიზმზე იყო ორიენტირებული და შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც პანდემიის ფონზე დაუსაქმებელი დარჩა.

ამ ვითარებაში სახელმწიფომ რამდენიმე ბრწყინვალე ინოვაციას მიმართა - მხედველობაში მაქვს სასტუმროებში განთავსებული საკარანტინო სივრცეები და კოვიდ-ცენტრები. მთავრობამ დაამტკიცა, რომ, თურმე, ორი კურდღლის დაჭერა სავსებით შესაძლებელია - ჯანდაცვის სისტემასაც ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა და ტურისტული სექტორიც სულის ღაპვას გადაურჩება.

მეორეც. ჩვენ იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ ბიზნესი ძალიან დიდი ხნით ჩავკეტოთ - ქვეყანა განადგურდება. ამიტომ, რბილი, როგორც მთავრობა იძახის, წერტილოვანი შეზღუდვების საშუალებით ხდება პანდემიისა და ბიზნესის მართვა, კარგია ეს თუ ცუდი, სხვა გამოსავალი არა გვაქვს და აქ მოსახლეობის თანადგომა და რეკომენდაციების უპირობო შესრულებაა საჭირო.

შექმნილ ვითარებაში მთავრობის ქმედებანი ხანძრის ჩასაქრობად იყო მიმართული - მთავრობის ქმედებებში დიდ შეცდომებს ვერ ვხედავ

როგორც ვხედავ, თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ატარებს პირბადეებს და ცდილობს, რომ გამვლელს დიდი მანძილით აცდეს. მაგრამ მაინც არიან პიროვნებები, რომლებიც ამ წესებს აბუჩად აგდებენ და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ისე, იცოდნენ, რომ პირველ რიგში თვითონ დაზარალდებიან.

მესამეც. არჩევნები გვქონდა ჩასატარებელი და სწორედ საარჩევნო კამპანიებმა ჩვენ ეპიდსიტუაციას წარმოუდგენლად მტკივნეული დარტყმა მიაყენა. ამ თვალსაზრისით, ზუსტად „ნაცმოძრაობის“ მიტინგები გამოირჩეოდა. იმედი მაქვს, რომ ეხლა სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდება.

- წლის დასაწყისში ექსპერტები საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ იმაზე, რომ პანდემია დიდი გამოწვევის გარდა, შესაძლებლობაც იყო ხელისუფლოებას წაეხალისებინა ადგილობრივი მწარმოებლები.

როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ადგილობრივი წარმოებებისა და ჩვენში რეალური ეკონომიკის გადარჩენისათვის?

- შეუძლებელია ადგილობრივი წარმოება ნახევარ წელიწადში განვითარდეს. ერთადერთი გამონაკლისი პირბადეების ადგილობრივი წარმოების რეკორდულ პერიოდში დაწყება იყო, თუმცა ეხლა აფთიაქებში რატომღაც თურქულ პირბადეებს მთავაზობენ.

თქვენი სააგენტოს ინფორმაციებიდან ვიგებ, რომ თხილის, ვაშლის სხვა ხილის მნიშვნელოვანი ექსპორტი განხორციელდა. მაგრამ ამას წინ უძღოდა ძირფესვიანი მომზადება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი მრავალი ასეული თანამედროვე საწარმოს დაფუძნება, პლანტაციების გაშენება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მრავალი სხვა.

ბევრჯერ მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ფსონის დადება შეცდომა იყო - საყოფაცხოვრებო საქონლის 80% საქართველოში უნდა იწარმოებოდეს, მაგრამ ამას მრავალწლიანი სამზადისი ჭირდება და მხოლოდ მომავალ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ვნახავთ ამის შედეგს.

შექმნილ ვითარებაში კი მთავრობის ქმედებანი ხანძრის ჩასაქრობად იყო მიმართული და აქაც ბატონ ლადო პაპავას დავეთანხმები - მთავრობის ქმედებებში დიდ შეცდომებს ვერ ვხედავ.

ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და მაქსიმალურად ცდილობს, რასაკვირველია, შესაძლებლობების ფარგლებში, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ და სამსახურდაკარგულ ჯგუფებს გაუწოდოს დახმარების ხელი და ბიზნესიც გადაარჩინოს

- ხელისუფლებამ კარგა ხანია გაასაჯაროვა თავისი გეგმები იმაზე თუ როგორ აპირებს იგი პანდემიის გამო შეზღუდვაში მყოფი ეკონომიკის გადარჩენას და პარალელურად მოსახლეობის მხარდაჭერას.

დიდი ალბათობით ახლადარჩეული პარლამენტი მიიღებს მის მიერვე კორექტირებულ ბიუჯეტს. არაა გამორიცხული მასში გარკვეული შესწორებები შევიდეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით კორექტირებული ბიუჯეტის პარამეტრებით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გეგმებს მოსახლეობისა და ეკონომიკის გადასარჩენად?

- პრინციპში, შესწორებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს უნდა დაველოდოთ. ეხლა კი მარტო იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და მაქსიმალურად ცდილობს, რასაკვირველია, შესაძლებლობების ფარგლებში, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ და სამსახურდაკარგულ ჯგუფებს გაუწოდოს დახმარების ხელი და ბიზნესიც გადაარჩინოს.

მეჩვენება, რომ მთავრობას პანდემიის პულსზე ეჭირება ხელი და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებები ეჭვგარეშედ განხორციელდება

ვნახოთ, კიდევ რა შესწორებები შევა ბიუჯეტში და მერე ვიმსჯელოთ.

- ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტზე განაცხადა, - „2021 წელი მომჭირნეობის წელია და მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები სახელფასო ფონდს მოაკლდება”.

მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, არა ერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში კერძოდ თბილისის მერიაში თანამშრომლებს სახელფასო ფონდი გაიზარდა.

ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინებით რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ 2021 წელი მომჭირნეობის წელი იქნება სახელისუფლებო რესურსისთვისაც?

- გთხოვთ, მკვეთრად განასხვავოთ მთავრობისა და თბილისის მერიის უფლებამოსილებანი. მთავრობის კომპეტენცია თბილისის მერიაზე არ ვრცელდება. თბილისს არჩეული მერი, საკრებულო და მთავრობა ჰყავს, რომელიც პასუხისმგებელია მერიის ბიუჯეტზე.

ამიტომ ქალბატონი ნათიას სიტყვები წინააღმდეგობაში არ შედის იმასთან, რომ თბილისის მერიაში, თუ ეს მართლაც ასეა, სახელფასო ფონდი გაიზრდება. თბილისის მერიის ბიუჯეტი საჯარო დოკუმენტია და თავის დროზე მას შევისწავლით.

- ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ შიდა რესურსები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი რესურსები რაციონალურად არ გამოიყენა, დროში სწორად არ იქნა გადანაწილებული რესურსები საჭიროებებზე.

რადგან ახლადარჩეულ პარლამენტს ბიუჯეტი ჯერ არ დაუმტკიცებია, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანას ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული კრიზიზის პირობებში ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებში კორექტივების შეტანა, რა კორექტივებს შეიტანდით სახელისუფლებო პროგრამას და ბიუჯეტში, რომელმაც ქვეყნა სამშვიდობოზე უნდა გაიყვანოს?

- ოპონენტების დისკურსი არაფრის მთქმელია. როცა ამბობ, რომ რესურსები არ იქნა რაციონალურად გამოყენებული, უნდა ახსნა - სად? როდის? რამდენი? რისთვის?

აქაც, ბატონ ლადო პაპავას მინდა დავესესხო: არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია და როგორ გითხრათ, ეფექტური იქნება თუ არა მთავრობის ქმედებები. მეჩვენება, რომ მთავრობას პანდემიის პულსზე ეჭირება ხელი და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებები ეჭვგარეშედ განხორციელდება.

მსოფლიოს 2019 წლის ეკონომიკური ვითარების აღსადგენად პანდემიის დასრულების შემდეგ სამი წელი დაჭირდება, საქართველოს კი წელიწადნახევარი

- კარგია, რომ მედიცინას კორონავირუსის წინააღმდეგ რამოდენიმე ვაქცინა უკვე აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის ჩვენამდე მოღწევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

ეს კი ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას, როგორც მინიმუმ, გაზაფხულამდე მოუწევს

თუ შეზღუდულ არა, საგანგებო რეჟიმში ცხოვრება. ამას კი, იმაზე მეტი რესურსები დასჭირდება, ვიდრე ახლა აქვს ქვეყანას.

ვითარებაში, როცა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის მასშტაბი წინასწარი შეფასებით საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე რამდენადმე მეტია, ხოლო სამთავრობო ვალი იზრდება, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ის სესხები, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში აიღო?

- შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით კარგია, რომ ვაქცინა საქართველოში მხოლოდ გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი. ამ რამდენიმე თვეში ვნახავთ, აქვს თუ არა ვაქცინას კრიტიკულად მავნე უკუჩვენებები.

არ გეთანხმებით, რომ ჩვენთან ეკონომიური ვარდნა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდია. მე პროფესიულად შევისწავლე ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ჩათლით ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, რომ იქ მშპ-ს ვარდნის ორნიშნა მაჩვენებელია მოსალოდნელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მწვავე გამოწვევის პირისპირ დგას და ამ გამოწვევას მეტ-ნაკლებად ვუმკვლავდებით.

ჩემი ვარაუდით, მსოფლიოს 2019 წლის ეკონომიკური ვითარების აღსადგენად პანდემიის დასრულების შემდეგ სამი წელი დაჭირდება, საქართველოს კი წელიწადნახევარი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის