„ვისოლ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის მირ გაჟღერდა სრული სიცრუე ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტის შესახებ.

ვინაიდან, საკითხი ეხება ბიზნეს საქმიანობის გამჭვირვალეობას და კანონიერებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას ვამცნოთ საქმის რეალური, ობიექტური მხარე.

ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ქ. თბილისის მერიის მიერ მოწყობილ აუქციონზე 2010 წლის 20 აპრილს სატრანსპორტო ზონის ფუნქციით (ტზ-2) შეიძინა 2 (ორი) მიწის ნაკვეთი (850 კვ.მ და 841 კვ.მ). კომპანიამ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთები გააერთიანა ერთ მიწის ნაკვეთად 2010 წლის 19 ოქტომბერს.

გაერთიანებულ მიწის ნაკვეთზე 2018 წლის 20 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა საწვავით გასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2019 წლის 18 სექტემბერს დასრულებული ობიექტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულ იქნა ექსპულატაციაში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა სატყეო ზონა, რაც, ვფიქრობთ, იყო არასწორი, ყოვლად გაუგებარი და წინააღმდეგობაში მოდიოდა თავად საკრებულოს დადგენილების 58-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც: სატყეო ზონა მოიცავს თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს, ხოლო ჩვენი ობიექტი კი წარმოადგენს მულტიფუნქციურ კომერციულ ობიექტს და არ შეიძლებოდა მისთვის სატყეო ზონის მინიჭება.

ამასთან, 2020 წლის 29 ოქტომბერს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და ითხოვა მიწის ნაკვეთისთვის პირვანდელი ფუნქციური ზონის (სატრანსპორტო ზონა _ ტზ-2) აღდგენა.

გასულ კვირას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელდა დაშვებული უზუსტობის გამოსწორება და კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს აღუდგა პირვანდელი ფუნქციური ზონა.

ჩვენ მოვუწოდებთ და უმორჩილესად ვთხოვთ ნებისმიერ პოლიტიკოსს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თავი შეიკაონ ბიზნეს კომპანიებზე და ზოგადად ბიზნესზე გადაუმოწმებელი, არასამართლიანი ინფორმაციის გავრცელებისაგან. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ვერავინ ამ გზით ვერ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას და ეს უნდა ესმოდეს ყველას. მეორე, ნებისმიერი ქვეყნის წარმატება და საზოგადოებრივი კეთილდღეობა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე, ეკონომიკური წარმატების ქვაკუთხედი კი სწორედ რომ არის ბიზნესი. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ყველანი ერთად ხელს შევუწყობთ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, რაც, ვფიქრობთ, უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.

და ბოლოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, კანონიერი ბიზნესის წარმოება არის ძირითადი ღირებულება; ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობა კი არის მხოლოდ მოკლევადიანი ტყული, რომელსაც ჩვენ კიდევ მეტი ბიზნეს მიღწევებით, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების წარმოჩენით, მეტი ადამიანისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენით და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანით ვუპასუხებთ“, ნათქვამია „ვისოლ ჯგუფის“ განცხადებაში.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა