ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2020

ახალი პარლამენტის პირველი კანონები და ოპოზიციის რეაქცია

იაგო ხვიჩია - პატარა პარტიები “ქოცების” და “ნაცების” ომში გავიჭყლიტეთ

სრული გაურკვევლობა: კომერციული გაზის გაძვირებაზე ჭიდილი ისევ გრძელდება

* * *

ახალი პარლამენტის პირველი კანონები და ოპოზიციის რეაქცია

“პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება. გარდა ამისა, იმ პოლიტიკური პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ცნობით, ორივე ეს კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მათი დამტკიცება მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება. ოპოზიციაში ამას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი პარლამენტის პირველი კანონები და ოპოზიციის რეაქცია.

“კობახიძის ცნობით, პარლამენტში გასული პარტიები, რომლებიც თავის მანდატებზე უარს იტყვიან, მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროითაც ვერ ისარგებლებენ. “საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს”, - განაცხადა კობახიძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაბამისი ცენზის არმქონე პირის მონაწილეობის შემთხვევაში ამ პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითვალისწინებს, კობახიძის თქმით, მისი მიღება “წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი საარჩევნო კოდექსი საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსშ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად”, - განაცხადა კობახიძემ. ამ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა და მაშინ ოპოზიციის მხრიდან ეს ყველაფერი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად შეფასდა. დღეს ოპოზიციის წარმომადგენელთა პირველი რეაქციები კობახიძის მიერ უკვე ოფიციალურად ინიცირებულ კანონპროექტებზე ასევე მკვეთრად ნეგატიურია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ისტერიული რეაქცია აქვს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ვერ შეძლო და ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლმენტი მიიღო. “ესაა შანტაჟის ენით საუბარი. პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია. როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტში. რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისაკენ. რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი”, განაცხადა ნადირაშვილმა, რომლის თქმით, “ისინი არ შეცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გააგრძელება”, - დასძენს გამოცემა.

“გირჩის” ერთ-ერთი წევრის, სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, ამ კანონპროექტების პარლამენტში ინიცირების შედეგად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შანსების განადგურება ხდება. „ასეთი განწყობით მე მგონია, რომ მოლაპარკება აღარ გაიმართება. ყოველთვის არის შანსი უკან დავიხიოთ და შევთანხმდეთ, მაგრამ არაფერი არ ეტყობა „ქართულ ოცნებას”, რომ ისინი უკან დახევას აპირებენ. “განცხადება იყო გაკეთებული წინა კვირას და მაშინ ყველა პარტიამ განვაცხადეთ, რომ მიუღებელია ასეთი ქცევა და ასე იქცეოდეს მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარე და ახლა მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში. ამიტომ მე მგონი შანსები მცირდება, რომ საერთოდ მოლაპარაკებები შედგება. როგორც კი პარლამენტს 38 ადამიანი მიმართავს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენც დავწერთ განცხადებას და ამით დამთავრდება ეს ისტორია. “ქართული ოცნება” თუ ასე მოიქცევა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ორ კვირაში მივიღებთ აბსურდულ პარლამენტს, სამწუხაროა, მაგრამ აქამდე მივედით”, - განაცხადა რაქვიაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უკვე სცდება დღეს წარმოქმნილი კონფლიქტის შინაარსს, მან შეიძინა საგანგაშო სახე, ვინაიდან არ არის ერთჯერადი და ეს ნორმები იარსებებს მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს არის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა. როდესაც იზღუდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და როდესაც იზღუდება კონსტიტუციური უფლება თითოეული მოქალაქისა თუ პოლიტიკური გაერთიანებისა, გამოხატოს პროტესტი ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის პარლამენტის მუშაობაში ბოიკოტის სახითაც. აიძულო, ძალდატანებით შევიდნენ პარლამენტში პარტიები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას, ნიშნავს შეეგუონ და აღიარონ სიყალბე და დანაშაული. ამიტომ ამას მოყვება სერიოზული საერთაშორისო რეაგირება და შეიძლება ეს იყოს უპრეცედენტო კანონპროექტი და ეჭვი მეპარება, მსგავსი რამ არსებობდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფით - ევროკავშირში, სადაც გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სწორედ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების დაცვა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, დაფინანსების საკითხი პარტიების პარლამენტში მუშაობასთან მიბმული არაა. შესაბამისად, ეს არასწორია და არ შეესაბამება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მაგალითად, გერმანიაში 5%-იანი ბარიერია, მაგრამ დაფინანსებას ღებულობენ ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ანუ ღებულობენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ მუშაობენ. დაფინანსება არ არის მიბმული საპარლამენტო მუშაობასთან, დაფინანსების ერთ-ერთი ფორმულა არის მისი მიბმა ხმასთან. შესაძლებელია, სხვა ფორმულაც ყოფილიყო გამოყენებული. საქართველოშიც იყო ბარიერი 5%, თუმცა დაფინანსებას ღებულობდა პარტიები, ვისაც არ ჰქონდა 5% გადალახული და არ მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში და დაფინანსების მისაღებად 3%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იყო. ასე რომ, დაფინანსების და საპარლამენტო მუშაობის ერთმანეთთან მიბმა არასწორია და არ შეესაბამაება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას. საბოლოო ჯამში, ასეთი კანონპროექტებით პოლიტიკური პარტიები ხდებიან ბიზნესის და ოლიგარქების მძევლები, ვინაიდან დაფინანსებას მოკლებული პარტიების საკანონმდებლო შემკვეთი იქნებიან ფულიანი ადამიანები. გვახსოვს, შევარდნაძის პერიოდში ისეთი შემთხვევები, როდესაც კანონპროექტები იყიდებოდა და თითოეული მუხლის შესცვლას თავისი ე.წ. სტავკა ჰქონდა. ბიზნესი ყიდულობდა საკანონმდებლო ცვლილებებს, დღეს კი ფაქტობრივად მთელი ბიზნესის მესაკუთრეების ქონება ერთად აღებული ვერ შეედრება ივანიშვილის ქონებას და ბუნებრივია, პარტიების ერთადერთი დამფინანსებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა გოცირიძემ, რომლის აზრით, “ივანიშვილი ფაქტობრივად იყიდის პარტიებს, რაც სერიოზული დარტყმაა ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარების საქმეში და ძალიან სერიოზული უკუდახევა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

იაგო ხვიჩია - პატარა პარტიები “ქოცების” და “ნაცების” ომში გავიჭყლიტეთ

“გირჩის” თავმჯდომარე იაგი ხვიჩია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წავიდა და სხვა, ახალი “გირჩის” წევრია. მისი პარტიის პოზიცია და მათი მთავარი სტრატეგია კი ისაა, რომ არც ერთ სპექტაკლს არ აყვნენ, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ. მისი თქმით, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური კრიზისი ელის, რომლის მთავარი მიზეზიც იქნება ერთის მხრივ ხელისუფლების სიგიჟე და მეორეს მხრივ, ოპოზიციის არათანმიმდევრულობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პატარა პარტიები “ქოცების” და “ნაცების” ომში გავიჭყლიტეთ - იაგო ხვიჩია.

“მაინტერესებს ირაკლი კობახიძე პასუხს როგორ აგებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები მისი განცხადებების გამო ჩაიშალოს და ქვეყანაში საგიჟეთი მოეწყოს. ერთპარტიული პარლამენტი არ გვინდა და ამიტომაც ვცილობთ, რომ რაღაცნაირად მოლაპარაკება მოხდეს. მინდა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც კობახიძეზე პასუხს აგებს და მოლაპარაკების პროცესი მისი განცხადებების გამო ყოვნდება - გაგვაგებინეთ, როგორ აგებს ეს ადამიანი პოლიტიკურად პასუხს, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მის გამო იქნება. მე ვიცი რომ ჩვენ, მთელი ოპოზიცია, ფასილიტატორებიც კი, პატარა პარტიები ვართ გაჭყლეტილი “ქოცების” და “ნაცების” ომში, რომელიც წლებია ამ ქვეყანაში არ დამთავრდა და ქვეყანას აზიანებს. ამან ჩაიყოლა პატარა პარტიებიც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო ხვიჩია

“აშშ-ის წარმომადგენლის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობა ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მე არ მინდა ამ წარუმატებლობის მიზეზი ვიყო. ხალხი ჯერ აღტკინებულია და უარს აცხადებს აზროვნებაზე იმ ნაწილში, თუ რა ხდება მაშინ, თუ პარლამენტში არ შევდივართ. ცოტა ხანში ეს შეიცვლება და მე მინდა, რომ არსებობდეს “გირჩისგან” დადებული წინადადებები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რათა ის არ დამდგარიყო, რასაც მე ველოდები როგორც ხელისუფლების სიგიჟის, ასევე ოპოზიციის არათანმიმდევრულობის გამო. ეს იქნება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანას დაანგრევს”, - დაასკვნის იაგო ხვიჩია.

სრული გაურკვევლობა: კომერციული გაზის გაძვირებაზე ჭიდილი ისევ გრძელდება

“კომერციული გაზის ტარიფთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობაა. რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, რომ 2021 წლიდან კომერციული ფართებისთვის გაზის ძვირდებოდა, თუმცა ეკონომიკის მინისტრი გუშინ საპირისპირო რამ თქვა. ნათია თურნავამ ბიზნესმენებს ამცნო, რომ ტარიფი არ შეიცვლებოდა, რაც “თბილისი ენერჯიმ” ჯერ კატეგორიულად უარყო, შემდეგ კი პოზიცია შეცვალა, მაგრამ მისი საბოლოო გადაწყვეტილება მაინც გაუგებარი დარჩა. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან ბიზნესისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 24 თეთრით გაძვირდებოდა და ძალიან მაღალ ნიშნულს - 1.10 ლარს მიაღწევდა. “თბილისი ენერჯიმ” კომერციული ტარიფის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება დაასახელა. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სრული გაურკვევლობა: კომერციული გაზის გაძვირებაზე ჭიდილი ისევ გრძელდება / რა ხდება მაშინ, როცა მინისტრი ერთს ამბობს და კომპანია - მეორეს?

“გუშინ, საპირისპირო განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ “თბილისი ენერჯისთან” კონსულტაციის შედეგად, მომავალი წლიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი არ გაძვირდება და ისევ 86 თეთრი დარჩება. “ჩვენი კონსულტაციები დასრულდა. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი ნებისმიერი ბიზნესი ჩახედავს შიდა რესურებს, ალბათ შეუძლია ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე, ასეც მოხდა”, - განაცხადა თურნავამ. ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს გაზგამანაწილებელ კომპანიაში, სადაც “ბიზნეს მედიას” განუცხადეს, რომ არავითარი შეთანხმება არ შემდგარა და ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაზრდა ისევ ძალაშია. “თბილისი ენერჯის” მიერ გაზის გაძვირების დაანონსებამ, რის უფლებასაც კომპანიას კანონი აძლევს, კერძო სექტორის შეშფოთება და პროტესტი მოჰყვა. წინა კვირას ბიზნეს ასოციაციებმა “თბილისი ენერჯისთან” შეხვედრაც მოითხოვეს, რადგან მათთვის გაუგებარია აღმოჩნდა ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომაც პირობა დადო, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციებს გამართავდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბოლოოდ “თბილისი ენერჯიმ” თავისი მკვეთრი პოზიცია გუშინ გვიან საღამოს შეარბილა და დაადასტურა სამინისტროსთან მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი უნდა დარეგულირდეს. ამის მეტი კომენტარი კომპანიაში აღარ გაუკეთებიათ და ჯერჯერობით დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას თავი აარიდეს კონომიკის სამინისტროშიც. “რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნული უწყებისგან კომენტარის მოპოვებას, თუმცა სამინისტროში დამატებით განცხადების გაკეთების სურვილი აღარ გასჩენიათ. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია კი აცხადებს, რომ კომპანია “თბილისი ენერჯი” გაზრდის თუ არა კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფს, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის”, - განაგრძობს გამოცემა.

“საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დავადგინეთ და სახელმწიფოს მონაწილეობით და შეხიდებით დარჩა უცვლელი. შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციული გაზის ფასის ზრდას, მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას ეს არ განეკუთვნება. კომერციული გაზი განაკვეთი არის დერეგულირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაზე არ ვრცელდება. ჩვენ ვადგენთ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნარმანია.

“მართალია, ჯერ კიდევ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა კომერციული სექტორისთვის გადასახადის ძველ ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილებას შვიდი ბიზნეს ასოციაცია უკვე გამოეხმაურა. მათი აზრით, პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, ეს არის სოლიდარობის გამოვლენა იმ დარგებისადმი, რომელთა პროდუქციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაზის ტარიფი - “მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს, ქალბატონ ნათია თურნავას აქტიურ და ეფექტურ კომუნიკაციას და მოდერაციას “თბილისი ენერჯისთან”, ასევე ბიზნეს ასოციაციებთან, რათა მიღებული ყოფილიყო ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციები კვლავ მზად ვართ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს კოლეგებთან და კომპანიებთან, ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ქვეყნის წინაშე მდგარი ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად”, - ნათქვამია საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო”, “გადასახადის გადამხდელთა კავშირი”, “საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია”, “დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია”, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია”, “საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია”, “რესტორატორთა ასოციაცია”, - დასძენს გამოცემა.

“ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ “თბილისი ენერჯის” კანონით აქვს უფლება, რომ გაზის გადასახადი თავად არეგულიროს. სხვა საკითხია, რომ ქვეყნის ეკონომიკას ბიზნესს არ შეუძლია ამ ტვირთის ზიდვა. “კომერციული გაზის ფასს სემეკი არ არეგულირებს და “თბილისი ენერჯის” კანონიერი უფლება აქვს, რომ გადასახადი გაზრდოს. ასევე უფლება აქვს, სხვადასხვა კომპანიებს დიფერენცირებულად მიაწოდოს ბუნებრივი აირი. არც სახელმწიფო უწყებას და არც რომელიმე ჩინოვნიკს არ აქვს უფლება, ამ გადაწყვეტილების მიღებაში კომპანიას ხელი შეუშლოს”, - განმარტავს სიმონიშვილი, რომლის თქმით, “მაშინ არ უნდა დაეშვათ ის, რომ კომერციული ტარიფი რეგულაციის მიღმა დარჩენილიყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ორგანიზაციებს, რომლებიც გაზს მოიხმარენ მაღალი ფასის გადახდა გაუჭირდებათ, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს, როცა გაზი ძვირდება, ხოლო ლარი უფასურდება? პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერაფრით მივიყვანეთ ისეთ დონეზე, რომ ფეხი აუწყოს ფასების ცვლილებებს. სახელმწიფოს ეკონომიკა ვის ხელშიცაა და ვინც მის განვითარებას გეგმავს, იქნება ეს მმართველი პარტია, მთავრობა თუ პარლამენტი, არ აქვს შესაბამისი კვალფიკაცია. მათ ქვეყანა სრულიად მცდარი მიმართულებით მიჰყავთ. ჩვენი ეკონომიკა სხვა ქვეყნების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება. გაზიც და ზოგადად ენერგეტიკაც ამ ჭრილში შეიძლება დავინახოთ. დენიც, გაზიც და წყალიც მუდმივად გაძვირდება და ხალხს უფრო მეტად გაუჭირდება”, - დაასკვნის სოსო სიმონიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს