მიხეილ ჩხენკელი - გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით

გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს სამეცნიერო სივრცე წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანი“.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქმა მიიღო. ძირითადი ღონისძიებები საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში ონლაინ ფორმატში გაიმართა. ქვეყნის 8 უნივერსიტეტში კეთილმოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებმაც 2021 წლიდან უნდა შეასრულონ Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისია. მინისტრობის კანდიდატმა გამოყო ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში შემუშავებული 1.5 მლნ ევროს ბიუჯეტის მქონე პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს 60 ქართველი მკვლევრის მობილობის დაფინანსებას.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. გარდა ამისა, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრით მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდება თანამშრომლობა CERN-თან ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების შემდგომ განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევებისთვის და 2021 წელს საგრანტო კონკურსი განახლებული კონცეფციითა და მასშტაბით გამოცხადდება.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთან, მისივე თქმით, გაძლიერდება გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა