გლდანში დაკავებულ გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანის რაიონში დაკავებულ გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, განვითარებული მოვლენების ფონზე დიდი ალბათობა იყო, იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ, რაზეც მერაბიშვილთან წინასწარაც ჰქონდა საუბარი.

,,სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა. არ მქონია რაიმე ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება იქნებოდა, ან არაფერს არ შეუფარდებდნენ. განვითარებული მოვლენების ფონზე დიდი ალბათობა იყო, იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ. ამაზე გვქონდა საუბარი მე და გიორგი მერაბიშვილს და ველოდით ამას. ჩვენ კანონის გათვალისწინებული გზებით ვიდავებთ და შევეცდებით, რომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა იმ ინფორმაციამ, რომ მას ხელყუმბარა ეკავა ხელში. ამ ადამიანს ხელში ხელყუმბარა არ ეკავა, მცდარია ეს ინფორმაცია“, - განაცხადა თამარ აბესაძემ.

უფლებადამცველის თქმით, გიორგი მერაბიშვილს ბრალი მუქარასთან ერთად, ცივი იარაღის ტარებაზეც აქვს წარდგენილი.

„როდესაც დააკავეს გიორგი მერაბიშვილი, ის იყო ბიძამისის საცხოვრებელ სახლში, სახლში ცივი იარაღი რომ გქონდეს ჯიბეზე, ეს არ ისჯება. ვფიქრობ, ეს ბრალი თავიდან ბოლომდე არის აბსურდული. ცივი იარაღის ტარება ბრალად არ უნდა წარედგინათ, მაგრამ სასამართლო ალბათ მოხსნის შემდგომში. მუქარაზეც აქვს წაყენებული ბრალი, სასამართლოში დაიკითხებიან მოწმეები და იტყვიან იყო თუ არა იმის აღქმის საფუძველი, რომ მუქარა განხორციელდებოდა რეალურად“, - აღნიშნა თამარ აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს