ირაკლი ბერაია - აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისთვის მეტი რესურსის მობილიზებაზე

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისთვის მეტი რესურსების მობილიზებაზე ,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

ირაკლი ბერაიას შეფასებით, სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი თავდაცვას და უსაფრთხოებას ეთმობა და ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებია ასახული.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე, როდესაც „ქართული ოცნება" ზედიზედ მესამედ აყალიბებს მთავრობას. დღეს ყველა ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - მთავრობასაც, პარლამენტსაც იმდენად, რამდენადაც ჩვენ პანდემიასთან მოგვიწევს, მის მძიმე შედეგებთან, ისევე, როგორც აქამდე არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ერთობლიობაში გამკლავება და, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად, ჩვენი ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგის განხორციელება, ახალი შესაძლებლობების ფანჯრების გამოყენება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უპირატესობების გამოყენება, რამაც უნდა დააჩქაროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება, დეოკუპაციის პროცესები ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ეს პრიორიტეტები არის ასახული სამთავრობო პროგრამაში, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, კვლავ ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები, მიმდინარეობს მათი გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, შავ ზღვას, რომელიც დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონს, რუსეთი იყენებს დესტაბილიზაციისთვის, საკუთარი ინტერესების გაღრმავებისთვის და შესაბამისად, მისი გაზრდილი სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში ასევე ამძიმებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ამას ემატება საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კიბერ-შეტევები, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომლის მთავარი სამიზნე არის ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის მთავარი სამიზნე არის დაცული ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოება და მის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის დასუსტება, ისევე, როგორც ევროატლანტიკური კურსისთვის ხელშეშლა. პანდემია არათუ არ ამცირებს, არამედ, პირიქით, ამძაფრებს ამ საფრთხეებს, რაც კიდევ უფრო დაგვანახა ბოლო პერიოდში ამ ყველა ინსტრუმენტის ჰიბრიდულმა გამოვლინებებმა. ცვალებადი გამოწვევების პირობებში, უსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობა“ ,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამაში დიდი ნაწილი ეთმობა თავდაცვასა და უსაფრთხოებას, როგორც სამხედრო კომპონენტებს, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვან ნაწილს.

„რა თქმა უნდა, საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტულია თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება ნატო-სთან თავსებადობისა და ლეტალურობის ხარისხის გაზრდა და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით კვლავ პრიორიტეტული იქნება შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურა და სამხედრო მრეწველობა, სამხედრო განათლება და წვრთნები საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ღერძი არის და ყოველთვის იქნება ჯარისკაცი, იქნება სამხედრო მოსამსახურე, მისი აღჭურვა, მომზადება, მისთვის ღირსეული სამსახურისა და სოციალური პირობების უზრუნველყოფა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თავდაცვის სფეროში მინისტრის ინიციატივები, მისი ამბიციური წამოწყებები, გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის თავდაცვის მიზნებისთვის ალოკაცია და თავდაცვის ბიუჯეტის ოცი პროცენტი კვლავ შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. ის, რომ გაგრძელდება ტოტალური თავდაცვის პრინციპების დანერგვა და მშვიდობიანობის პერიოდში შეიქმნება ის შესაძლებლობები, რომელიც ომიანობის დროს, აგრესიის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას, ჯავშან-საწინააღმდეგო და საარტილერიო სპეციალური ოპერაციების, სადაზვერვო-ლოგისტიკური სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ისევე, როგორც ამერიკულ შეიარაღებაზე გადასვლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ავიაციის განვითარებით ქართული ცა იქნება უფრო ეფექტიანად კონტროლირებადი და ჩვენი საჰაერო სივრცე იქნება უფრო დაცული“ ,- განაცხადა ბერაიამ.

მისი განცხადებით, ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება არის პირდაპირ კავშირში საერთაშორისო თანამშრომლობასთან. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პარტნიორები, ვისთანაც გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ინტერესები და შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანისთვის, უმნიშვნელოვანესია ნატო-ს ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს, ვფლობთ გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მათი ეფექტიანი განხორციელება, ალიანსთან სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ალიანსის ხილვადობის გაზრდა. ჩვენ, რასაკვირველია, მივესალმებით ალიანსის გაძლიერებულ სამხედრო ყოფნას რეგიონში როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვასა და ასევე ჰაერში.

საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, როგორიც არის ის კომპონენტები, მათ შორს, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები არა მხოლოდ ზრდის ჩვენი ქვეყნის დაცულობას, არამედ აფართოებს რეგიონული უსაფრთხოების სივრცეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან-ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ორმხრივი პრიორიტეტები თავდაცვის სფეროში ეს არის ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის კომპონენტები, რომლებიც აძლიერებენ ჩვენი ბატალიონების ტერიტორიული თავდაცვისთვის მზადყოფნის ამოცანებს, ასევე, საქართველოს აყალიბებენ მაღალი მზადყოფნის სანდო და საიმედო საერთაშორისო პარტნიორად. ის ურთიერთობები, რაც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა 2012-2020 წლებში - გაორმაგებული სამხედრო დაფინანსება, უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-შეთანხმებების ხელმოწერა, უახლესი ანტისატანკო შეიარაღების მოწოდება, კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტულობაზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი - ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, ასევე, მნიშვნელოვნად არის თავდაცვის ძალების უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობის დამსახურება და თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შედეგი“ ,- აღნიშნა ბერაიამ.

მისი თქმით, მთავრობასაც და პარლამენტსაც მართებს მეტი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების.

„როდესაც ამის საშუალებას მოგვცემს პანდემიით გამოწვეული ვითარების დაძლევა, ის ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ შედეგების აღმოფხვრის კუთხით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისთვის მეტი რესურსის მობილიზებაზე. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხედრო აღმშენებლობის ამოცანები მოითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე არის ორპროცენტიანი ნიშნული და ბოლო პერიოდის სამხედრო ოპერაციებმა ჩვენ ძალიან კარგად დაგვანახა თანამედროვე ტექნოლოგიების აუცილებლობა და მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება მეტი და მაღალტექნოლოგიური იარაღი",- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა