მამუკა მდინარაძე - თუ კრიზისში შევძელით წარმოდგენილ სამთავრობო გუნდთან ერთად გამოწვევებთან გამკლავება, პოსტკრიზისულ პერიოდში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას

"ქართული ოცნების" წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, თუ კრიზისში წარმოდგენილ სამთავრობო გუნდთან ერთად გამოწვევებთან გამკლავება შეძლო, პოსტკრიზისულ პერიოდში გაცილებით სწრაფი ტემპით განვითარებას შეძლებს. ამის შესახებ მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რადგან მათი აბსოლუტურად არასწორი რაკურსის მქონე კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციის როლი მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მდინარაძემ ასევე, სხდომაზე მყოფებს ფრიდრიხ ებერტის (გერმანული) ფონდის დაკვეთით, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევიდან ამონარიდი გააცნო, რომელიც მთავრობის შემადგენლობის ანტიკრიზისულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.

„კვლევის ფარგლებში ფონდმა შეისწავლა ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში. ჩემი აზრით, აქ ობიექტურობაზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება. კრიზისის მართვის მენეჯმენტი ობიექტური შემფასებლების დასკვნებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კარგად შეძლო იმ შემადგენლობამ, რომელიც ხელახალი ნდობის მისაღებადაა ჩვენ წინაშე წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენვე უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ოკუპაცია და სიღარიბე, ზოგადად, ჩვენი მთავარი სატკივარია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეძლო სიღარიბე შეემცირებინა (10%-ზე მეტით), ამ მიმართულებით უსერიოზულესი პრობლემები კვლავაც რჩება. როდესაც 700 000 ადამიანი გყავს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა, აქ უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი წლების განმავლობაში და კმაყოფილებას ვერ მივეცემით", - განაცხადა მდინარაძემ

მისივე თქმით, ხარვეზები მენეჯმენტში არსებობს.

"უნდა შევეხო კორუფციასაც. ჩვენ თუ შევძელით ის, რომ 2012 წლის შემდეგ სისტემური დანაშაული - კორუფცია- ყოფილიყო გამონაკლისი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს ძალიან იშვიათი გამონაკლისი", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან ისაუბრა ასევე სხვადასხვა ბიუროკრატიულ პრობლემებზე, რომელიც მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ პროცედურები ყოველწლიურად იხვეწება და მარტივდება", - განაცხადა მდინარაძემ.

„არის ასევე სხვადასხვა პრობლემები კომუნიკაციაში. როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, პროექტები, რომლის შესახებაც ბევრ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, არადა ამ პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ესა თუ ის ადამიანი საკუთარ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებდა. არის შემთხვევები, სადაც უნდა ვებრძოლოთ არა შედეგებს, არამედ ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა სწორი, კონკრეტული დიაგნოზი და პრობლემის იდენტიფიკაცია.

"ისეთ რთულ პერიოდში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოს დაატყდა თავს პანდემიის სახით, ამ გუნდმა შეძლო პრობლემებთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ იგივე გუნდი შეძლებს პოსტკრიზისულ პერიოდში კარგად გაუმკლავდეს კრიზისის შედეგად მიღებულ ნეგატიურ შედეგებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმის პარალელური დათვლის მონაცემებია გაყალბებული; სადაც პასუხს გთხოვენ ისეთ რაღაცაზე, რომელიც არათუ დაგიშავებია, არამედ ყველაფერს აკეთებ ამ რაღაცის აღმოსაფხვრელად, თუმცა როცა სასწორის ორი პინიდან ერთზე დემოკრატიის მაღალი ხარისხი დევს და მეორე მხარეს ეს ყოველდღიური დაბრალებები, ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ", - განაცხადა მდინარაძემ.

მან მიმდინარე პერიოდის 3 ძირითადი გამოწვევა დაასახელა: პანდემია, პანდემიის გავლენით დასუსტებული ეკონომიკა და პოლიტიკური ვირუსი „ნაცმოძრაობის" სახით.

"განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა „ევროპულ საქართველოდ" წოდებული პოლიტიკური შტამი, რომელიც სწრაფად ცდილობს გავრცელებას ოპოზიციაში, თუმცა მგონია, რომ ამის შეკავებასაც დროულად შევძლებთ. თუ კრიზისში შევძელით, რომ სისტემამ, ხელისუფლებამ გაუძლო და თავი გაართვა პრობლემების ჯერ იდენტიფიცირებას, ხოლო შემდეგ გადაჭრას, ვფიქრობ, პოსტკრიზისულ პერიდოში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას. ჩვენ ეს პრობლემა ამავე დროს უნდა განვიხილოთ შესაძლებლობად. ეს ჩვენი ფრაქციის საერთო განწყობაა. ჩვენ ვენდობით მთავრობის წარმოდგენილ გუნდს", -განაცხადა მდინარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს