საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  მოსწავლეთა ახალი გამოგონება პანდემიის პირობებში ეფექტურ კონტროლს უზრუნველყოფს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის ბაზაზე მოქმედი ვირტუალური პროექტირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა ჯგუფმა სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის სპეციალური სისტემა გამოიგონეს, რომლის მეშვეობითაც შენობებსა და დახურულ სივრცეებში ადამიანთა რაოდენობის ეფექტური კონტროლია შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური პროექტირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გამოგონება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულია. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტმა - „რიგის კონტროლის სისტემა“ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო, 5 000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია დაიმსახურა.

მოსწავლე-გამომგონებელთა პროექტი კოვიდ 19-ის გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა და სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორის, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა.

„ჩვენი პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს შემდეგში: ინფრაწითელი კამერა აფიქსირებს ტემპერატურას, მაგრამ ჩვენ მას ფორმაშეცვლილი სახით წარმოგიდგენთ. ვინარჩუნებთ ამ ფუნქციას, რასაც ემატება ისიც, რომ მოწყობილობა არეგისტრირებს სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ ორგანიზაციაში - მოსწავლეებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, მათივე ინდივიდუალური მონაცემებით. გარდა ამისა, ახალს სისტემას აქვს ფუნქცია იმისა, რომ აღრიცხოს რამდენი ადამიანი იმყოფება მოცემულ მომენტში ამა თუ იმ დახურულ სივრცეში და გადაჭარბების შემთხვევაში, ჩართოს განგაშის სიგნალი. გამომდინარე აქედან, პროექტი მნიშვნელოვანია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის. პროექტი წარმოდგენილია დასრულებული სახით, სისტემა მუშა მდგომარეობაშია და სავსებით შესაძლებელია მისი წარმატებულად მართვა პრაქტიკაში, გაცილებით ფართო მასშტაბებისთვის“, - აცხადებს გამარჯვებული გუნდის მენტორი, პროფესორი დავით სონღულაშვილი.

პროექტის - „რიგის კონტროლის სისტემა“ ავტორები არიან სტუ-ის ვირტუალური პროექტირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეები: გიგი გუგუნავა - წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიიდან, ნია ნორაკიძე - სერვანტესის სახელობის გიმნაზიიდან „აია-GESS“ და დიმიტრი გულუა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლიდან.

როგორც გამოგონების ერთ-ერთი ავტორი ნია ნორაკიძე აღნიშნავს, ახალი სისტემის შესაქმნელად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების ეფექტური კონტროლი წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, გამომგონებელთა ჯგუფმა მიზანნად დაისახა ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც ერთდროულად შეძლებდა დახურულ სივრცეში მყოფი პირების რეგისტრირებას, რაოდენობის აღრიცხვას და თერმოსკრინინგს.

„ჩვენი პროექტი შედგება პროგრამული ნაწილისგან - შევქმენით მონაცემთა ბაზა და ბარათის ნომერს კონკრეტული პირის სახელი და გვარი ებმის. ასევე, მოცემულია გაკვეთილისა თუ ლექციის დაწყების დრო, დაწესებულია ტემპერატურული ზღვარი. თითოეულ მოსწავლეს, სტუდენტს თუ თანამშრომელს ექნება საკუთარი ბარათი, რომელიც დაწესებულებაში შესვლისთანავე საბარათო სისტემაზე უნდა გაატაროს. ბარათის რეგისტრაციის დროს, კონკრეტული პირის ხელისკენ მიმართულია ინფრაწითელი კამერა, რომელიც რეგისტრაციასთან ერთად, თერმოსკრინინგსაც ატარებს. თუ ტემპერატურა ზღვარს სცდება, ტურნიკეტი არ გაიღება და ადამიანი ვერ შეძლებს დაწესებულებაში შეღწევას. მისი მონაცემები შეინახება მონაცემთა ბაზაში და შემდგომ გაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში. ამასთან ერთად, სისტემა აფიქსირებს ნებისმიერი პირის შენობაში შესვლის დროსა და თარიღს. დაგვიანების შემთხვევაში, პირის მონაცემები ავტომატურად ფიქსირდება დაგვიანებულთა სიაში“, - განმარტავს ნია ნორაკიძე.

ცნობისათვის, სხვადასხვა დროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის ბაზაზე მოქმედი ვირტუალური პროექტირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა არაერთი ჯგუფი გახდა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული. ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კონკურსია 10-წლიანი ისტორიით.

კონკურსი ღია კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა