არჩილ მორჩილაძე - დოვლათის გადანაწილების კუთხით შექმნილი მდგომარეობა სავალალოა და  რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს, ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა კი  კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება

ინტერვიუ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელთან, არჩილ მორჩილაძესთან

- პირველ რიგში გვითხარით, როგორ დაასრულეთ 2020 წელი და რა მოლოდინები გაქვთ?

- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან და უკვე დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი. გვაქვს ყველა ტიპის სადაზღვევო პროდუქტი და ეტაპობრივად ყველა მიმართულებას ვანვითარებთ. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, აიჯიჯის მიერ გამოწერილი პოლისების რაოდენობამ 462 594 ცალი შეადგინა. მათ შორის კორპორაციული - 10248, საცალო- 323 852, სახელმწიფო- 128 494.

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი ჩვენი კომპანიისთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი 2020 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა თეთრ სიაში. შესყიდვების სააგენტო თეთრ სიაში არეგისტრირებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით შეასრულეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. 2018-2019 წლებში ჩვენმა კომპანიამ 30-ზე მეტ ორგანიზაციასთან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ჯანმრთელობის, ქონებისა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის სფეროში. ასევე სასიხარულოა, რომ საგზაო სატრანსპორტო დაზღვევის სახეობაში 2019 წლის No1 ოქროს ბრენდად ჩვენი კომპანია გამოვლინდა. ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, ეს კონკურსი საქართველოში 2006 წლიდან ტარდება და ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.

ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში ოპერირების დაწყების დღიდანვე ჩვენ ვსარგებლობდით რეიტინგული გადამზღვევლების მხარდაჭერით. 2020 წლის ოქტომბრიდან ჩვენი კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com), გადაზღვევით ისარგებლებს. მანამდე, ორი წლის მანძილზე ჩვენი კომპანიის გადამზღვეველი ასევე AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული კომპანია Hannover Re (www.hannover-re.com) იყო .

- 2019 წელს თორმეტმა სადაზღვევო კომპანიამ ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვა მოითხოვა. თუ გადაიდგა რაიმე ნაბიჯი სახელმწიფოსგან და რატომ არის ეს პრობლემა აქტუალური სადაზღვევო ინდუსტრიისთვის?

- არსებითად არაფერი შეცვლილა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა, რაც მცირე და არასაკმარისი ნაბიჯია ამ გზაზე. სადაზღვევო ინდუსტრია ბოლო 20 წელიწადია ელოდება სფეროს განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღებაა, რაც ერთ-ერთი ევროდირექტივაა და ქვეყანამ ეს უნდა შეასრულოს. მაგრამ სანამ ეს კანონი შემოვა, თუ დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს არ მიეცათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, ჩვენი მოსახლეობა ისევ აღმოჩნდება რამდენიმე ძირითადი ბანკის დაზღვევის ან მასთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიის მძევალი. (ვგულისხმობ, როგორც ფასის სიდიდეს, ასევე სერვისის ხარისხს).

- რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“?

- „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პოზიცია ბანკების სასარგებლოდ დაფიქსირდა. ისინი თვლიან, რომ კონკურენციის კანონი ბანკებზე არ უნდა გავრცელდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია მხოლოდ ბანკების და მათთან აფილირებული კომპანიების ვიწრო ფინანსურ ინტერესს იცავს. მინდა აღვნიშნო , რომ ჩვენ გვესმის საბანკო სფეროს მნიშვნელობა და მისი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ განცხადება რომ ბანკებზე კონკურენციის კანონი არ უნდა გავრცელდეს, არის უპრეცედენტო და მთლიანად ეწინააღმდეგება ყოველგვარ წარმოდგენას საბაზრო ეკონომიკაზე.

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, დოვლათის გადანაწილების კუთხით, სავალალოა (პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, ყველაზე ცუდი) და საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. მკვლევართა აზრით, სწორედ, დოვლათის გადანაწილების ე.წ. ჯინის ინდექსის მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია სოციალური მღელვარებასთან [social unrest]. ჯინის ინდექსი საქართველოში 0.4-ის ფარგლებშია და ეს მაჩვენებელი მიანიშნებს შემოსავლების ისეთ უთანასწორო გადანაწილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს. ეს პრობლემა ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშიც. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ და ხელს უნდა უწყობდნენ ასეთი მდგომარეობის გამოსწორებას.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- აქ ლიდერის როლი სახელმწიფომ უნდა იკისროს. აუცილებელია ქვეყნის განვითრების იმ ფორმით დაგეგმვა, რაც ქვეყანაში დოვლათის განაწილების კუთხით მდგომარეობას გააუმჯობესებს. დღეს სადაზღვევო სექტორისთვის უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა, რათა ბანკებთან აფილირებულ თუ არააფილირებულ ყველა კომპანიას მიეცეს თანაბარ პირობებში ოპერირების საშუალება.ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრეფერენციას.

ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი ბანკების დომინანტური მდგომარეობის კუთხით, გამოიყენოს წარმატებული ქვეყნების მაგალითები და რაც შეიძლება მალე შეცვალოს კანონმდებლობა და რაც მთავარია, შემდეგ ეფექტიანად აღასრულოს ის.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის