რუსთავის მერი - ქალაქში ახალი საწარმოს გახსნა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა

რუსთავში ახალი საწარმოს გახსნა, ქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში ,,ქართული ტექსტილის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ირაკლი ტაბაღუას თქმით, დასაქმებულების დიდი ნაწილი რუსთავის მაცხოვრებლები იქნებიან.
,,ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა რუსთავში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან დასაქმებულების დიდი ნაწილი იქნებიან რუსთავში მცხოვრებლები. რაც შეეხება დასაქმების პროგრამას, ამ პროცესში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების განყოფილება აქტიურად იყო ჩართული. საწყის ეტაპზე ხდებოდა ახალ საწარმოში სამსახურის დაწყების მსურველთა გადამზადება და შემდგომ თანამშრომლების შერჩევა. სამსახურის მაძიებელთა მიერ აპლიკაციების შევსება ხდებოდა როგორც ონლაინ, ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ინვესტიცია რომელიც თურქულმა კომპანიამ რუსთავში განახორციელა, ძალზედ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვემო ქართლისა და რუსთავისთვის, ეს არის ერთი კონკრეტული ბიზნესიდან განხორციელებული რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია და სამუშაო ადგილები. მე მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიზნესმენებს, აქ დასაქმებულ ადამიანებს, ხედავთ, რომ ძალიან კომფორტული სამუშაო გარემოა და 2021 წლის ბოლომდე აქ დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს 4000-ს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარისთვის და რუსთავისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გლობალური გამოწვევების პირობებში, პანდემიის პერიოდში ჩვენ ვინარჩუნებთ და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
კომპანია ,,აჭარა ტექსტილმა“ ,,ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა, რუსთავში მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და დეკემბერში დაასრულა. ოფიციალური გახსნის ღონისძიებას, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტარები ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ინვესტორები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კომპანია ,,აჭარა ტექსტილი“ წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან“ როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
























