გიორგი კოხრეიძე - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთ წელში პრობლემების მხოლოდ ნაწილი მოვაგვარეთ, აჭარის ტელევიზია გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც იყო

მომავალ წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელოევიზიისა და რადიოს საეთერო ბადეში ცვლილებები იგეგმება. ტელევიზია მაყურებელს განახლებულ გასართობ და შემეცნებით გადაცემებსა და საინტერესო პროექტებს პირდება. განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ესუბრა.

- ერთ წელზე მეტია რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორი ხართ. მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყავით და ამ პოსტზე უმაღლესმა საბჭომ წარგადგინათ, შესაბამისად, ოპონენტებში გაჩნდა ეჭვები თქვენს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა და რას უპასუხებდით მათ?

- დავიწყოთ იქედან, რომ აჭარის მაუწყებელში პროცესები იმპიჩმენტის გზით განვითარდა. ყოფილი დირექტორის გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, თუ მე ამ პროცესში მქონდა რაიმე სახით მონაწილეობა მიღებული, შემდეგ, დირექტორის არჩევნებში, ნულ ხმას მივიღებდი? ორ კონკურსში მე ვიღებდი ნულ ხმას. ზუსტად ეს ორი კონკურსი იყო იმის დასტური, რომ არც იმ პროცესში მიმიღია მონაწილეობა და არც შემდგომ პროცესებში ვყოფილვარ ვინმესთან გარიგებული. ორი კონკურსის შემდეგ მე დავინახე, რომ ვერანაირად ვერ ლაგდებოდა ინტერესები ისე, რომ რომელიმე კანდიდატს სამი ხმა მიეღო და ეს გამოვიყენე ჩემს სასარგებლოდ. ნებისმიერი გამოიყენებდა ასეთ სიტუაციას. შედეგად, მოხდა ისე, რომ შევძელი მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება. სხვანაირად ამ პოსტზე ვერავინ აგირჩევს. მე თავის მართლებას ვერ დავიწყებ, უბრალოდ თუ ვინმეს ლოგიკური აზროვნება აქვს და იცის, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, მიხვდება, რომ რასაც ჩემი ოპონენტები ამტკიცებენ, სიმართლესთან ახლოსაც კი არ არის.

- რა გამოწვევების წინაშე იდგა ერთი წლის წინ, თქვენი დირექტორად არჩევისას აჭარის ტელევიზია? იყო ეს მენეჯმენტის პრობლემა თუ ტექნიკური კუთხით არსებული პრობლემები?

- პრობლემა იყო პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. უმწვავესი პრობლემა იყო ის, რომ მაუწყებლის თანამშრომლები იყვნენ დაყოფილი ჯგუფებად. იყო სერიოზული შიდა დაპირისპირებები, რომელიც დღესაც შეიძლება არის, მაგრამ ისე აშკარა სახით - აღარ. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო იმით, რომ თანამშრომელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ უფლებამოსილებებს გადაამეტა. კერძოდ, მათ ჰქონდათ ეთერი და ამით ხდებოდა იმ თანამშრომლების დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია, რომლებიც მაუწყებელში არსებული კრიზისის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ამ ჯგუფის შეხედულებებს არ იზიარებდნენ. ეს ყველაფერი იყო მოსაწესრიგებელი, რადგან აღრმავებდა და კიდევ უფრო მეტად ამწვავებდა დაპირისპირებებს. ამასთან, ორგანიზაციაში იყო აბსოლუტურად ერთპიროვნული მმართველობა. დოკუმენტაცია რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ თითქმის ყველა საკითხი დირექტორის მიერ არის გადასაწყვეტი, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია, მითუმეტეს ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამავე დროს ვფიქრობ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში მაუწყებლის მენეჯმენტიდან არავინ უნდა ერეოდეს. არ შეიძლება ჩარევა არც ნიუსის მიმართულებით და არც შემოქმედებით ნაწილში. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ არც მე ჩავერევი, მაგრამ არც სხვას, არაუფლებამოსილს არ მივცემ ამის საშუალებას. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, მაგალითად, გეტყვით, რომ ტელევიზიაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც არ გადაწყვეტილა. კერძოდ, აჭარის მაუწყებლის სატელევიზიო სიგნალზე ხმა იყო ყოველთვის დაბალი. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია და ხმა არის დარეგულირებული. ასევე იყო პირდაპირი ჩართვების პრობლემა, კამერების პრობლემა. ჩვენ ამ ერთ წელიწადში, პანდემიის დროს, შეზღუდვების მიუხედავად, მაქსიმალურად გადავერთეთ ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე. შევიძინეთ კამერები, კომპიუტერები. მოეწყო ახალი სტუდია. ცენტრალური საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდში დგომით, თბილისის ბიურო გადავიდა ნორმალურ პირობებში. გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენი მწირი ბიუჯეტით გარკვეულ ურთიერთობებში შევიდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომ დაგვეზოგოს გარკვეული თანხები იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ. მთლიანი ეთერის გაკეთილშობილება ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ რესურსით და იმ დანატოვარით, რაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილი გვაქვს მოგვარებული, მაყურებელი მაინც გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც იყო. ეს მაძლევს იმედს, რომ საზოგადოების ინტერესი არის და თუ ჩვენ ნორმალურ პროდუქციას შევთავაზებთ, უკეთესი შედეგი გვექნება.

- თქვენს დირექტორად არჩევას ტელევიზიაში მთელი რიგი საკადრო ცვლილებები მოჰყვა. თანამშრომლების ნაწილთან დღემდე გაქვთ სამართლებრივი დავა. რა არის ამის მიზეზი და რეალურად რამდენი ადამიანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან?

- ეს საკითხი საჭიროებს დაზუსტებებს. მაუწყებლიდან გათავისუფლდა მხოლოდ 3 ადამიანი. სხვა შემთხვევებში ან კონტრაქტი ამოეწურათ ან სხვადასხვა მიზეზით სხვა თანამდებობებზე გადაინიშნენ, ანდაც მაუწყებელი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. იყო შემთხვევა თანამშრომელი თავისი სურვილით წავიდა, განცხადება დაწერა და არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. სხვა შემთხვევაში კონკრეტულმა თანამშრომელმა გათავისუფლებულ კოლეგას გამოუცხადა სოლიდარობა და წავიდა. მე ვეუბნებოდი ყველას, რომ არავისთან არ მექნებოდა პრობლემა, მთავარია სამართლებრივად სწორი ყოფილიყო მათი ყველა მოქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, იყო გადაცდომები, მათ შორის ფინანსურიც. ამის შემდგომ იყო კომუნიკაცია და მე მათგან ვერ მივიღე აღიარება. პირიქით, დავინახე უფრო მეტი აგრესია და შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ასევე, ერთ შემთხვევაში იყო, რომ ხელშეკრულება უბრალოდ აღარ გრძელდებოდა, წესი არ მაძლევდა ამის საშუალებას, რომ მისთვის გამეგრძელებინა ხელშეკრულება. იყო კიდევ შემთხვევა, როდესაც თანამშრომელმა მაუწყებლის შესახებ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რისი უარყოფაც, მე მას მოვთხოვე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მას ეს გაეცნობიერებინა, საპირისპირო გააკეთა და შესაბამისად, ამაზეც ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული. აჭარის მაუწყებლის არც ერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია, მითუმეტეს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აზიანებდეს მაუწყებელს და მის საზოგადოებრივ იმიჯს. ასევე არ აქვს უფლება დაარღვიოს შინაგანაწესი, კანონმდებლობის მოთხოვნები ან სხვა რეგულაციები, რადგან ამაზე მენეჯმენტს აუცილებლად ექნება რეაგირება და ორგანიზაციული წესრიგის შესანარჩუნებლად უნდა ჰქონდეს კიდეც. ამის შედეგი იყო ეს ყოველივე.

- კითხვები აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კიდევ არსებობს. რა ნაბიჯები გადადგით ამ ეჭვების გასაქარწყლებლად და ზოგადად, რა გაკეთდა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის კუთხით?

- დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ აჭარის მაუწყებელი აქამდე არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის ახლა. ჩემი პირველივე ნაბიჯი იყო ის, რომ ზუსტად ის ადმინისტრაციული ხარვეზები, რომელიც ზრდიდა მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის რისკებს, გამოვასწორე. სხვათაშორის, სწორედ ამას მოჰყვა ერთ-ერთი თანამშრომლის პროტესტი და მაუწყებლიდან მისი წასვლა. ამავე დროს აღვადგინეთ მაუწყებლის უმნიშვნელოვანესი კოლეგიური ორგანოს - სარედაქციო საბჭოს მუშაობა, რომელიც წინა მენეჯმენტს რატომღაც შეჩერებული ჰქონდა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი იყო ეუთო/ოდირის შემაჯამებელი დასკვნა აჭარის მაუწყებლის შესახებ. მათი დასკვნა არის მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების გუნდების დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი. ზუსტად ამის გამო, მე გადავწყვიტე წავახალისო მაუწყებლის თანამშრომლები. მათ დამანახეს, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ობიექტურები, მიუკერძოებლები და ისეთები, რომ არავის მათ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჰქონდეს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დასკვნაში წერია, რომ აჭარის მაუწყებელში ხალხის ხმა ისმის. ეუთო/ოდირის დასკვნა არის საუკეთესო დასკვნა ჩვენთან მიმართებაში და ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ბალანსი ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ახლა, გარდა რამდენიმე დაინტერესებული პირისა, აღარავინ საუბრობს, რომ მაუწყებელი ვინმესადმი მიკერძოებულია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ვუჩივლეთ სასამართლოში იმიტომ, რომ მან ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის შესახებ დაწერა ბევრი სიცრუე. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ იმ ადამიანებს, ვინც უჩივის საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოხატავს პრეტენზიას მის მუშაობასთან დაკავშირებით, ჰქონდათ საშუალება თავიანთი პრეტენზიები ამერიკის ელჩთან გამოეხატათ. როდესაც ელჩმა შეიტყო, რომ ისინი, ვინც მაუწყებელს უჩივის, მაუწყებელში მუშაობს ახლაც, ელჩის პასუხი იყო, რომ მსგავსი დემოკრატია ჩვენთანაც არ არისო. ეს არის ყველაფრის პასუხი. ყველამ დაინახა სიმართლე. გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები. გარკვეული ჯგუფი კარგავდა ძალაუფლებას ტელევიზიაზე და გადაწყვიტა ამ ფორმით მოეხდინა მისი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯის შელახვა. ჩემი პოზიცაა, რომ არც ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ძალაუფლების ქვეშ არ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. მე იმისთვის ვარ აქ, რომ ეს უზრუნველვყო და თუ ვინმე მოისურვებს, რომ გარკვეული ზეგავლენა ჰქონდეს მასზე, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგები. - აქვე გკითხავთ, რატომ არ ეთანხმება მაუწყებელი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და რატომ არ ასრულებს მათ?

- სახალხო დამცველს რაც შეეხება, აქ, საერთოდ, კომიკურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. სახალხო დამცველს აქვს ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ძალიან დიდი ხნის წინ გაგზავნილი წერილი. ამ ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოიგო, დაბრუნდა ტელევიზიაში და მაუწყებელს მისთვის განაცდურის ანაზღაურებაც მოუხდა. თუმცა, მისი გათავისუფლების ფაქტზე ომბუდსმენი დასკვნას, რატომღაც, დღემდე არ აქვეყნებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა ფაქტებთან დაკავშირებით დღეში ორი და სამი წერილი მოდიოდა. იმედია, არ მივალთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ სახალხო დამცველისთვის მოგვიწიოს სასამართლოში ჩივილი. ის არის მიკერძოებული. მაუწყებლიდან გაგზავნილი არცერთი იმ ადამიანის განცხადებაზე არ აქვს მას ამ დრომდე რეაგირება მოხდენილი, რომლებიც არ არიან იმ ჯგუფის წევრები, რომლის მიმართაც მას გარკვეული სიმპათიები გააჩნია. მისთვის მისაღები პირების შემთხვევაში კი, ადამიანებს განცხადებაც არ აქვთ დაწერილი ისე აქვს, საკუთარი ინიციატივით, ზოგიერთი პროცესი დაწყებული. მისი რეკომენდაცია ვნახე, წავიკითხე, არ ვეთანხმები. შესაბამისად, შეიძლება ეს ყველაფერი სასამართლოში დავის საგნად იქცეს.

- აჭარა ერთ-ერთი პირველი რეგიონი იყო, სადაც კორონავირუსის ეპიდაფეთქება დაიწყო და დღემდე საკმაოდ რთული სიტუაციაა. რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დააყენა პანდემიამ აჭარის ტელევიზია? და რა გააკეთეთ ამ სირთულეების დასაძლევად?

- როდესაც პირველი დაინფიცირებული აღმოჩნდა ჩვენს სამსახურში, ჩვენ გვქონდა გარკვეული კონსულტაცია ეპიდემიოლოგებთან. მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით და მოგვიწია ორი დღით ეთერის შეჩერება იმისთვის, რომ დაგვებალანსებინა სიტუაცია და შიგნით არ გვქონოდა გავრცელება. ამის შემდეგ, გადავეწყვეთ იმაზე, რომ პანდემიის ადეკვატურად, ადამიანების გარკვეული ნაწილი მუშაობდა, ნაწილი ისვენებდა, შემდეგ კი მეორე ჯგუფი ანაცვლებდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი კი დაავადდა კორონავირუსით, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ინფიცირება მაუწყებლიდან მომხდარიყო. ეს პროცესი ჩვენ საკმაოდ წარმატებით გავიარეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ უსაფრთხოების წესების მინიმალური დაცვა თუ მაინც იქნება, ჩვენ, ალბათ, ღირსეულად გავივლით ამ პერიოდს.

- როგორ შეიცვალა აჭარის ტელევიზია თქვენი ხელმძღვანელობის ერთ წელში და მომავალში რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მენეჯმენტი იმისთვის, რომ მაუწყებელმა შეძლოს მისი მთავარი ფუნქციის – საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის სრულფასოვნად რეალიზება? ასევე, თუ არის სიახლეები სამაუწყებლო ბადეში?

- აჭარის ტელევიზია და რადიო რომ არ ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი და ყოფილიყო კომერციული ტელევიზია და რადიო, შეიძლება, გაცილებით სწრაფად მომხდარიყო ბევრი რამ. უბრალოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეზღუდულია გარკვეულ ქმედებებში. აქედან გამომდინარე, ბევრი პროცესი ნელა მიმდინარეობდა. ადამიანები ძალიან ბევრი, სხვადასხვა იდეით მოდიან, ცდილობენ ინდივიდუალურად მოიტანონ საკუთარი პროექტები და საკუთარი წინადადებები. ჩვენ გვაქვს შიდა კომისია და თუ ჩათვლიან, რომ რაიმე საინტერესოა, ვცდილობთ გავაკეთოთ პილოტი და დავაკვირდეთ, გამოდგება თუ არა და რომელიც გამოდგება დავტოვოთ. ჩვენ ვართ მუდმივი ძიების პროცესში, ვის რისი შესაძლებლობა აქვს. ის პროექტები, რომლებიც საზოგადოებას მოსწონს, მომავალ წელს დარჩება და კიდევ უფრო დაიხვეწება. კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებებიც შევიდა, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, ოღონდ ეს უნდა ეხებოდეს განათლებას, კულტურას და პანდემიისას უსარფთხოებას. მიგვაჩნია, რომ განათლების და კულტურის მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანოთ იდეების რეალიზებაში. მაგალითად, პანდემიის პირობებში თეატრები დახურული იყო. ჩვენ დავიწყეთ თეატრის ვიზუალიზაცია და ეკრანზე გადმოცემა. ამოცანა არის ის, რომ ეს ყველაფერი ეკრანზე იყოს ისეთი, როგორსაც მაყურებელი მოითხოვს. გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმების მიმართულებით უფრო მეტად გავაქტიურდით იმიტომ, რომ აჭარის მაუწყებელი ცნობილია თავისი ოქროს ფონდით დოკუმენტური ფილმების მხრივ. ეს დოკუმენტური ფილმები ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო აჭარის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ფილმებში ისეთი მომენტებია წამოწეული, რომელიც ყველასთვის საჭიროა, თითოეული ქართველისთვის. ასევე, მომავალ წელს, გვინდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ნორმალურ ბიუჯეტს შევთავაზებთ მონაწილეებს და გვინდა, გაკეთდეს დოკუმენტური ფილმები, რომლებიც დარჩება მაუწყებელს, ისტორიას და საქართველოს. ასევე, საბავშვო შემეცნებითი და გასართობი მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი გარკვეული აქტივობები. გვინდა, შევცვალოთ ზოგიერთი არსებული ფორმატი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაყურებელზე იყოს მორგებული. ყველანაირად ვეცდებით იმას, რომ ქართულ მედიასივრცეში ღირსეული ადგილი დავიკავოთ. ეს წელიწადი იქნება ბევრი ცდის და იმედია, რომ ბოლოს მივიღებთ კარგ შედეგს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა